Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-952(კ-21) 7 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. მ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 12 ოქტომბერს ბ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ოზურგეთის მერიას დაევალა მისი აღდგენა ოზურგეთის მერიის ...ის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე და 2018 წლის თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სახელფასო განაცდურის ანაზღაურება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით აუნაზღაურდა განაცდური 2018 წლის თებერვლიდან 2020 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ზემოაღნიშნული თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, მერიამ საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი თანამდებობის შერჩევისთვის მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს. მოძიებული რამდენიმე ვაკანტური თანამდებობა, ძირითადად, იყო ქალაქ თბილისში, რის გამოც მიმართა ბიუროს და შემოთავაზებულ თანამდებობებზე განაცხადა უარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 15 სექტემბერს გამოსცა ბრძანება N4452, რომლის სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა მხოლოდ რეზერვში ჩარიცხვა და არ განსაზღვრა კანონით მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი სავალდებულო ფინანსური გადასახდელების ოდენობა და ვადები.

მოსარჩელის განმარტებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 სექტემბრის N4452 ბრძანება არის უკანონო და ლახავს მის უფლებებს, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, მოხელეს უნდა მიეცეს, ასევე, კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევაში რადგანაც ვერ მოხდა მისი აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე, აღნიშნული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იწვევდა დადგენილ სამართლებრივ შედეგს, კერძოდ მერიის სამართლებრივი აქტის თანახმად იგი უნდა ჩარიცხულიყო რეზერვში, მისცემოდა კომპენსაცია 6 თვის ვადით თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და ასევე იძულებითი სახელფასო განაცდური კონკრეტული ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელშიც განსაზღვრული იქნება კომპენსაციის ანაზღაურება 6 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. იძულებითი სახელფასო განაცდურის ანაზღაურება იმ კონკრეტული ვადით, რაც მოიცავს დროის იმ მონაკვეთს, რომელიც აკავშირებს 2020 წლის 11 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოცემულ საკითხზე კანონიერი სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდთან.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. მ-ამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის სასამართლო სხდომაზე ბ. მ-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება მოსარჩელე ბ. მ-ას მიმართ გასცეს კომპენსაცია 2020 წლის 11 აგვისტოდან ბოლო თანამდებობრივი სარგოს - 1500 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. მ-ას დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მოსარჩელე ბ. მ-ას მიმართ კომპენსაციის გაცემა 2020 წლის 11 აგვისტოდან ბოლო თანამდებობრივი სარგოს - 1500 ლარის ოდენობით, 6 თვის განმავლობაში. ბ. მ-ას დაუბრუნდა მის მიერ რაიონულ სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებაში და აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური არ იყო ბ. მ-ას მიერ მოთხოვნილი მერიის ...ის უფროსის თანამდებობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიებასთან დაკავშირებით. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2020 წლის 19 აგვისტოს №5574 წერილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის შემდგომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელე - ბ. მ-ას შესთავაზა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ტოლფასი ვაკანტური თანამდებობები, რაზედაც მან 2020 წლის 3 სექტემბერს წერილობით უარი განაცხადა.

კასატორის განმარტებით, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის პროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 11 აგვისტოს №3822 ბრძანებით იძულებითი განაცდურის სახით) ბ. მ-ას ჩაერიცხა 40 725 ლარი და შემდგომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 სექტემბრის №4452 ბრძანებით, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ბ. მ-ას მიმართ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეასრულა/გამოიყენა ტოლფას ვაკანტურ თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობები (აღსანიშნავია რომ ბ. მ-ამ განაცხადა უარი) და სრულად აღასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ვაკანტურ თანამდებობაზე უარი გამორიცხავს პირის მიმართ 118-ე მუხლის გავრცელების სამართლებრივ შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ მიჩნევის, მისი სამსახურში აღდგენის შეუძლებლობისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის გამო, კომპენსაციის, ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში ანაზღაურება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით (ბს-139(4კ-19)) ბ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №1136 წერილი და ბ. მ-ა ამოირიცხა მოხელეთა რეზერვიდან. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №209 ბრძანება და ბ. მ-ა აღდგენილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე. ბ. მ-ას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური - 2018 წლის თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

დადგენილია, რომ ბ. მ-ას აუნაზღაურდა განაცდური 40 725 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ვინაიდან 2020 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური არ იყო ბ. მ-ას მიერ მოთხოვნილი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.3 მუხლის შესაბამისად, მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს ბ. მ-ასათვის საჯარო სამსახურის სისტემაში ზემოთ აღნიშნული ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების მოთხოვნით.

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2020 წლის 19 აგვისტოს Nგ5574 წერილის თანახმად, მოძიებულ იქნა ინფორმაცია შესაბამისი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის შესახებ და თანდართული ფაილით გაეგზავნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბ. მ-ას გადაეგზავნა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ეთხოვა მითითებულ ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით წარედგინა მოსაზრება.

2020 წლის 3 სექტემბერს ბ. მ-ამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს აცნობა, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. ოზურგეთი და მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოზურგეთში დასაქმება, რის გამოც ბ. მ-ამ უარი განაცხადა შეთავაზებული ვაკანტური თანამდებობებიდან, რომელთა უმეტესობა თბილისში მდებარეობდა, რომელიმეს დაკავებაზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 სექტემბრის N4452 ბრძანებით ბ. მ-ა ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ. მ-ა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით იქნა აღდგენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე, რის გამოც მხარეებს შორის ურთიერთობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის რეგულირების სფეროში ექცევა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს და არ ავალდებულებს უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს დათანხმდეს სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. აღნიშნული უფლებით სარგებლობის შემთხვევაში (სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმა) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტით და უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის გადწყვეტილებასთან ერთად გასცეს ამავე პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია.

ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე უარი გამორიცხავდა პირის მიმართ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის გავრცელების შესაძლებლობას, რადგან დასახელებული კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტით იმპერატიულად არის დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება კომპენსაციის გზით 6 თვის განმავლობაში გასცეს ანაზღაურება ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით, როდესაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია და იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალდებულება შესასრულებლად სავალდებულო დანაწესია და არ არის დამოკიდებული ტოლფას ვაკანტურ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის კონკრეტულ მიზეზებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე