№ბს-570(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (სასკ 16.2) - ტ. ო-ი; (სასკ 16.1) - სს „...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 31 ივლისს ნ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მაისის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 ივლისის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ნ. ო-ის და ტ. ო-ის 2018 წლის 16 მაისის განცხადების საფუძველზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ნ. ო-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ტ. ო-ი, ხოლო 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - სს „...ი“ .
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მაისის №... და 2018 წლის 03 ივლისის №... გადაწყვეტილებები და მოპასუხე მხარეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება; ნ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული, რეგისტრირებული მონაცემები არ ასახავს მხარეთა რეალურ ნებას. უძრავი ნივთი, რომელიც ტ. ო-ისგან გადავიდა ნ. ო-ის საკუთრებაში, ღირს 1 ლარზე, ხელშეკრულებაში მითითებულ ნასყიდობის საგნის ფასზე, გაცილებით მეტი. ამდნეად, ცხადია, რომ მხარეთა ნამდვილი ნება გულისხმობდა არა უძრავი ნივთის ნასყიდობას, არამედ ჩუქებას.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლები მხარეთა ნების თავისუფლებაზე, თუმცა როგორც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, ასევე სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მხარეთა რეალური ნება - ნივთის ჩუქების და არა ნასყიდობის შესახებ. კასატორის პოზიციის თანახმად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს და ზღუდავს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2015 წლის 17 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა ნ. ო-მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე. ნ. ო-ის მიერ წარდგენილ იქნა 2015 წლის 17 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა ერთ ლარად. 2015 წლის 21 აგვისტოს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რის საფუძველზეც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ნ. ო-ი.
2017 წლის 02 მაისს №... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა ნ. ო-მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილ იქნა 2017 წლის 21 აპრილის სს „...ის“ დამფუძნებელთა კრების ოქმი, რომლის თანახმადაც კაპიტალში შევიდა უძრავი ქონებები, მათ შორის გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება.
2017 წლის 04 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №...-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა სს „...ი“.
2018 წლის 16 მაისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ნ. ო-მა (პირადი ნომერი: ...) და მოითხოვა ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. №... სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად მოსარჩელემ წარადგინა 2015 წლის 17 აგვისტოს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, პირადი განცხადება და პირადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის ასლი.
2018 წლის 22 მაისს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავდა უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას.
2018 წლის 20 ივნისს №350526/17 ადმინისტრაციული საჩივრით მოსარჩელემ გაასაჩივრა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. 2018 წლის 03 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ხოლო, 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელი წინაპირობაა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობა. საკუთრების უფლების გადასვლას და შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის საფუძველი შესაძლოა იყოს ნასყიდობაც და ჩუქებაც. განსახილველ საქმეში არ იკვეთება, ნასყიდობითა და ჩუქებით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის თავისებურებების გამიჯვნის საჭიროება, თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებები წარმოადგენენ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენისა და რეგისტრაციის განსხვავებულ საფუძვლებს, რაც გამოიხატება, მათ შორის, მხარეთა განსხვავებულ უფლება-მოვალეობებში. შესაბამისად, აუცილებელია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი იყოს ცხადი და კონკრეტული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ №... გადაწყვეტილებას ნ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო დოკუმენტი - ტ. და ნ. ო-ებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც თავის მხრივ სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებაა, ხოლო, აღნიშნული სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განსხვავებით სამოქალაქო სამართალურთიერთობიდან, ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია პრინციპით - აკრძალულია ის, რაც დაშვებული არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შეფასებისა და გადაკვალიფიცირების უფლებამოსილება და ნ. ო-ის საკუთრების უფლებას საფუძვლად დაედო ნასყიდობის ხელშრულება, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო შემდგომში, ნ. ო-ის მიერ, 2018 წლის 16 მაისს სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენისა და რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების მოთხოვნის ეტაპზე, უძრავი ქონება უკვე განკარგული იყო და წარმოადგენდა - სს „...ის“ საკუთრებას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია გამორიცხავდა იმავე მიწის ნაკვეთზე წარსულში რეგისტრირებული უფლების სარეგისტრაციო საფუძვლების, ახალი სამოქალაქოსამართლებრივი გარიგებით შეცვლას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. ღ-ეს საკასაციო საჩივარზე 12.08.2020 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. გ. ღ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.08.2020 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა