Facebook Twitter

№ბს-1003(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. პ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 14 დეკემბერს მ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ოქტომბრის №04-662/ო ბრძანების (მ. პ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მ. პ-ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე) გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ოქტომბრის №04-662/ო ბრძანება მ. პ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. პ-ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზირია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შეფსება, რომ მ. პ-ი 2008 წლის აგვისტომდე იყო ახალგორის რაიონის სოფ. ...ში მუდმივად მცხოვრები პირი. აღნიშნული კი გამორიცხავდა მისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2020 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემობა, რომ მოსარჩელის ოჯახი 2008 წლამდე რეგისტრირებული იყო თბილისში. სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მ. პ-ს 2008 წლამდე უფიქსირდებოდა მისამართი: ქ. თბილისი ...ა x ,,ა” კვ. კორ.39 ბ. 39, ხოლო 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ მისამართი: ახალგორი სოფ. ...ი, რაც იმით აიხსნება, რომ 2008 წლის მოვლენების შემდეგ ის პირები, ვისაც საცხოვრებელი სახლი გააჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან რაიმე სახით დაკავშირებული იყო ამ ტერიტორიასთან, დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად მასობრივად იცვლიდა მისამართს. ასევე, ის პირები, ვისაც ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. ბლოკ პოსტებს ვერ გადალახავდნენ თუ მათ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში რეგისტრირებული არ იყო ოკუპირებული ტერიტორია.

კასატორი აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მ. პ-ის და მისი მეუღლის - მ. მ-ის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, აპელანტების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2014 წლის 19 მარტს გაიგზავნა №05/01-14/6038 წერილი. 27.05.2014 წ. მიღებულ №24189/01 საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ მოქალაქე მ. პ-ი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში. მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ თვითონ მ. პ-ი. დამატებითი მოკვლევის მიზნით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის 12 თებერვალს გაიგზავნა №01/01/07/3610 წერილი. 23.03.2015 წ. მიღებულ №14066/01 საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ მაია გოდერძის ასული მარტიაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში. მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა მეუღლე მ. პ-ი. 2015 წლის 24 აპრილს სამინისტროს (დევნილთა) №18917/01 განცხადებით მომართა მ. პ-მა, რომელსაც თან დაურთო ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა და ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული დასკვნები. №26 და №957 დასკვნებში განმარტებულია, რომ მოქალაქეები: მ. პ-ი და მ. მ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფ. ...ში.

კასატორის მითითებით, საკითხის დამატებით მოკვლევის მიზნით, გაიგზავნა წერილები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მ. მ-ს საცხოვრებელ მისამართად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზაში უფიქსირდებოდა ქ. თბილისი, ...ის ქ. №19. მ. პ-ს 2008 წლის ოქტომბრამდე საცხოვრებელ მისამართად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზაში უფიქსირდებოდა ქ. თბილისი, ...ა x ,,ა” კვ. კორ.39 ბ. 39. ხოლო, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბერში შეცვლილი აქვს საცხოვრებელი მისამართი, ახალი მისამართით - ახალგორის რაიონის სოფ. ...ი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი წერილების საპასუხოდ, №69717 წერილით სააგენტოს გაეგზავნა მ. პ-ის და მ. მ-ის საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ რეაგირების ოქმი. ოქმში აღნიშნულია, რომ უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გამოცხადდა მისამართზე: ...ა, მე-10ა კვარტალი, კორპ. 39, ბ.39-ში. აღნიშნული ბინა დახვდა დაკეტილი. მეზობლის განმარტებით, აღნიშნული ბინა №39 ეკუთვნით მ. პ-ს და მ. მ-ს. ასევე, 2008 წლისთვისაც იყო მათ საკუთრებაში და ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე. რადგან აღნიშნული მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულია სხვადასხვა შინაარსის ცნობები, საკითხის დაზუსტების მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ მიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას. აღნიშნული უწყების №96127 წერილით სააგენტოს მიეწოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს 17.09.2018 წ. №172 წერილი. ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის წერილში ნათქვამია, რომ მოქალაქე მ. პ-ს და მის მეუღლეს მ. მ-ს ახალგორის რაიონის სოფ. ...ში გააჩნიათ საკუთარი სახლი და მიწის ნაკვეთები. სადაც 2008 წლის აგვისტომდე ხშირი კონტაქტი ჰქონდათ სოფელთან და ეწეოდნენ მეფუტკრეობას.

კასატორის პოზიციის თანახმად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, 2008 წლის ომამდე, წარმოადგენდა თბილისი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სასამართლოს მიერ შესაფასებელ გარემოებას 2008 წლის ომამდე, მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ახალგორის სოფელ ...ის მიჩნევის საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, მ. პ-ისა და მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 9 სექტემბრის №1489 და №1488 ბრძანებები და მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულმა, ორგანომ კვლავ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ოქტომბრის №04-662/ო ბრძანებით მ. პ-ის უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა მ. პ-ისა და მისი მეუღლის - მ. მ-ის 2008 წლამდე სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რის გამოც მათ უარი ეთქვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.

მ. პ-ი და მისი მეუღლე - მ. მ-ი დევნილად რეგისტრირებულნი არიან 2012 წლიდან და დევნილთა მონაცემთა ბაზაში. დევნილობამდე ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდებათ ახალგორი, სოფ. ...ი. მოსარჩელის შესახებ შედგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ მ. პ-ს, 2008 წლის ოქტომბრამდე საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდებოდა ქ. თბილისი, ...ა X ,,ა’’ კვ, კორპ. №39, ბინა №39, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბერში შეცვლილ მისამართად უფიქსირდება - ახალგორის რაიონის სოფ. ...ი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ რეაგირების ოქმის თანახმად, მოსარჩელე - მ. პ-ი და მისი მეუღლე - მ. მ-ი 2008 წლისთვის ცხოვრობდნენ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ა, X ,,ა’’ კვ, კორ. №39, ბინა №39, რომელიც წარმოადგენდა მათ საკუთრებას. ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს წერილით კი ირკვევა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მოსარჩელე - მ. პ-სა და მის მეუღლეს ხშირი კავშირი ჰქონდათ სოფელ ...თან და ეწეოდნენ მეფუტკრეობას.

ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 17 სექტემბრის №172 წერილის თანახმად, მოქალაქე - მ. პ-ს და მის მეუღლეს - მ. მ-ს ახალგორის რაიონის სოფ. ...ში გააჩნიათ საკუთარი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ხშირი კავშირი ჰქონდათ სოფელთან და ეწეოდნენ მეფუტკრეობას. ამავე წერილის თანახმად 2015 წლის 23 აპრილის №26 ცნობის გაცემის საფუძველს წარმოადგენს ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 1 აპრილის №957 დასკვნა. ახალგორის მუნიციპალიტეტის ხაროჩის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის - ლ. ბ-ის მიერ გაცემული 2015 წლის 23 აპრილის №26 ცნობაში აღნიშნულია, რომ მ. პ-ი და მ. მ-ი მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე. ცნობის გაცემის საფუძვლად მითითებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივი საცხოვრებლის დამდგენი კომისიის დასკვნა №957. ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 1 აპრილის დასკვნით კი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივი საცხოვრებლის დამდგენმა კომისიამ დაადგინა, რომ როგორც მ. პ-ი, ასევე მისი მეუღლე - მ. მ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფელ ...ში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საცხოვრებელი ადგილი ფართო მნიშვნელობის ცნებაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს “რეგისტრაციის ადგილი” და “მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.

მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის №ბს-1896-1849(კ-10) განჩინება).

ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) არ ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვინაიდან, იგი 2008 წლის ოქტომბრამდე რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, მუდმივი საცხოვრებლის დამდგენი კომისიის აქტით, დგინდება ის გარემოება, რომ 2008 წლის ომამდე, ახალგორი, სოფელი ...ი წარმოადგენდა მ. პ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი