Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-864(კ-21) 7 მარტი, 2022 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. ჟ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. ჟ-მა 2019 წლის 26 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ ... უნივერსიტეტ „...ას“ მიერ გ. ჟ-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის ... №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 9 აგვისტოს №MES 4 19 01031127 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ... უნივერსიტეტ „...ას“ მიერ გ. ჟ-ის სახელზე გაცემული ... №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჟ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით გ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჟ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტები, არასრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც მოსარჩელის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების უკანონოდ ხელყოფა განაპირობა.

კასატორის მითითებით, მან 2006 წელს მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და თითოეულ საგანში გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. სწორედ ამ ქულების საფუძველზე ჩაირიცხა კასატორი ... უნივერსიტეტის „...ის“ ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე. აქედან გამომდინარე, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, თითქოს მას არ მოუპოვებია სტუდენტის სტატუსი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ასევე არასწორია სასამართლოს მითითება კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით გ. ჟ-ის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შესახებ და მიუთითებს, რომ მან უნივერსიტეტში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად დაიწყო.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით კანონიერი ნდობის ნაწილში. სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ სასწავლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აუკრძალავს სასწავლო უნივერსიტეტ „...ასთვის“ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, რაც გ. ჟ-ის მხრიდან კანონიერი ნდობის საფუძველს წარმოშობდა. დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარი კი, გამორიცხავს მის გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საკასაციო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ... უნივერსიტეტ „...ას“ მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული ბაკალავრის ... №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებას, რომლებითაც განსაზღვრული იქნება კონკრეტული წინაპირობები პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნებისათვის, რაც პირდაპირ უკავშირდება ხარისხიანი განათლების მიღებას.

განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეიქმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ცენტრი, ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია ცენტრის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ცენტრი, ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ, ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას ან უარს ამბობს ასეთი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე („წესის“ 3.7 მუხლი). ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე („წესის“ 3.8 მუხლი).

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 28 იანვრის №MES 8 19 00076745 წერილით დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 16 ივლისს შპს ... უნივერსიტეტ „...აზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-07/1529 ლიცენზია. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 8 აგვისტოს №1-19/333 გადაწყვეტილებით შპს ... უნივერსიტეტ „...ას“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე, თუმცა შპს ... უნივერსიტეტ „...ის“ მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. უნივერსიტეტს რამდენჯერმე შეეცვალა სახელწოდება და საბოლოოდ ეწოდა შპს ... უნივერსიტეტი „...ა“ (ს/კ ...). საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 18 აგვისტოს №139 გადაწყვეტილებით შპს ... უნივერსიტეტ „...ას“ გაუუქმდა ავტორიზაცია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს ... უნივერსიტეტმა „...ამ“, ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და განმარტა, რომ საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში. 2015 წლის 31 მარტის №... კორესპონდენციით, ცენტრს ეცნობა ლიცენზირებულ რეჟიმში საგანმანათლებლო საქმიანობის დასრულების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ... უნივერსიტეტი „...ას“ მიერ 2012 წლის 22 ოქტომბერს გ. ჟ-ის სახელზე გაიცა ... №... ბაკალავრის დიპლომი, რომლის თანახმად, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჟ-ს მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით.

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ გ. ჟ-მა 2019 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ... უნივერსიტეტ „...ას“ მიერ მასზე გაცემული ... №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 9 აგვისტოს MES 4 19 01031127 სადავო გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ გ. ჟ-ს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით. შესაბამისად, მისი სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება, მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №MES 7 19 01146880 წერილზე, რომლის მიხედვით, გ. ჟ-მა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მის მიერ მიღებული შეფასებებია: ქართული ენა და ლიტერატურა- 45 ქულა (სკალირებული ქულა - 137,3), ზოგადი უნარები - 28 ქულა (სკალირებული ქულა - 131), ინგლისური ენა - 47 ქულა (სკალირებული ქულა - 146,9), მათემატიკა - 22 ქულა (სკალირებული ქულა - 136,4).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესზე, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უფლება მოიპოვეს, ისწავლონ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ აღნიშნული სიების მიხედვით (52.10 მუხ.).

საკასაციო პალატა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად აღნიშნავს, რომ გ. ჟ-ს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით. გარდა იმისა, რომ მოსარჩელე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მას შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება. ასევე გასათვალისწინებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესიც, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება გ. ჟ-ის შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამასთანავე, მას შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება - ჩაბარებული არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, გ. ჟ-ის, შპს ... უნივერსიტეტ „...აში“ სწავლების პერიოდი, მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რის გამოც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამასთან, გარდა იმისა, რომ მოსარჩელე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მას შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება.

ამგვარი მოცემულობის არსებობის პირობებში, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 9 აგვისტოს №MES 4 19 01031127 სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას კანონიერ ნდობასთან მიმართებაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას. შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ, №ბს-1265(კ-19), 05/03/2020); №ბს-470(კ-19), 23/04/2019; №ბს-812(კ-18), 04/10/2018). ამასთან, განათლების სფეროში, სახელმწიფოს მხრიდან ზემოხსენებული პრინციპის მოთხოვნების გათვალისწინების ვალდებულება ასევე გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან (მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ Mürsel Eren v. Turkey), თუმცა პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გ. ჟ-ს ვერ ექნება კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დიპლომის მიმართ, ვინაიდან მან სტუდენტის სტატუსის მოიპოვა, კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით, რაც გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. ჟ-ის საკასაციო საჩივარზე 25.10.2021წ. №0 საგადასახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ჟ-ს (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,




დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება.

3. გ. ჟ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.10.2021წ. №0 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. სტურუა



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



გ. აბუსერიძე