გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 461 10 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
მ. გოგელია
განიხილა იმერეთის საოლქო პროკურორის უფროსი თანაშემწე მ.კ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაიცო პალატის 2002წ. 5 ივლისის განაჩენზე, რომლითაც გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 იანვრის განაჩენი შ. მ-ძის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს. აღკვეთის ღონისძიება – შინაპატიმრობა დატოვებული იქნა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 იანვრის განაჩენით შ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154 მუხლის მეორე ნაწილით (1960წ.) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და 6 თვის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით შ. მ-ძეს მსჯავრი დაედო გამოძალვისათვის, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, განმეორებით, მოქალაქეთა პირადი ქონების გადაცემის მოთხოვნისათვის, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის და მისი ახლობლების მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მათი ქონების საყოველთაოდ საშიში საშუალებით განადგურების მუქარა.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგი: ქ. ქუთაისში მცხოვრებ შ. მ-ძეს 1998წ. იანვარში, რიცხვი დაუდგენელია, დაუკავშირდნენ ამავე ქალაქში მცხოვრები ლ. დ-ძე და კ. ფ-ძე, რომლებმაც წინასწარი შეთანხმებით შექმნეს რა დანაშაულებრივი ჯგუფი, განიზრახეს ქ.ქუთაისში მცხოვრები შპს “ავერსი-ქუთაისის” დირექტორისათვის, მ. კ-ძისათვის გამოეძალათ პირადი ქონება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ლ.დ-ძე, 1998წ. 10 იანვარს ტელეფონით დაუკავშირდა მ.კ-ძეს და უთხრა, რომ მასთან მივიდოდა მის მიერ გამოგზავნილი პირი და ამ უკანასკნელისათვის მოესმინა. იმავე დღეს, დაახლოებით 17-18 საათზე შ.მ-ძე მივიდა “ავერსი-ქუთაისის” ოფისში, მისი მართვის ქვეშ მყოფი, თეთრი ფერის “ვაზ-21011” მარკის, ავტომანქანით, რომლითაც მ.კ-ძე და მისი მოადგილე ზ. ც-ნი წაიყვანა თავის საცხოვრებელ ბინაში – ქ.ქუთაისში. ზ.ც-ნი დარჩა ავტომანქანაში, ხოლო მ.კ-ძე მ.მ-ძემ შეიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ უკანასკნელს, მისი და მისი ახლობლების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით იქ მყოფმა შ.მ-ძემ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღივ შეიარაღებულმა კ.ფ-ძემ და რევოლვერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღივ შეიარაღებულმა ლ.დ-ძემ, იარაღების მუქარით მოსთხოვეს პირადი ქონების, 5000 აშშ დოლარის გადაცემა, რის შემდეგაც შ.მ-ძემ მ.კ-ძე და ზ.ც-ნი თავისი ავტომანქანით მიიყვანა “ავერსი-ქუთაისის” ოფისში. 1998წ. 11 იანვარს, დაახლოებით 14-15 საათზე. შ.მ-ძე ისევ მივიდა მ.კ-ძესთან “ავერსი-ქუთაისის” ოფისში, საიდანაც იმავე ავტომანქანით გადაიყვანა იგი და ზ.ც-ნი ქ.ქუთაისში, ... მდებარე ც.ტ-ძის საცხოვრებელ სახლში, სადაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით შ.მ-ძემ და ავტომატური იარაღით, რევოლვერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ლ.დ-ძემ და კ.ფ-ძემ, იმავე იარაღის დემონსტრირებით მ.კ-ძის და ზ.ც-ნის, ასევე მათი ახლობლების მიმართ მუქარით მოსთხოვეს მათ, იმავე საღამოს გადაეცათ მათთვის პირადი ქონება, 5000 აშშ დოლარი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მ.კ-ძემ და ზ.ც-მა, იმავე დღეს, ქ.ქუთაისში მცხოვრებ რ. კ-საგან ისესხეს 3000 ლარი, ასევე ქ.სამტრედიაში სპს “გეგიას” მომმარაგებელისაგან – დ. ბ-შვილისაგან ისესხეს 3000 ლარი, ხოლო 500 ლარი მ.კ-ძემ აიღო შპს “ავერსი-ქუთაისის” სალაროდან და იმავე დღეს, დაახლოებით 19 საათზე, “ავერსი-ქუთაისის” ოფისში გადასცეს 6500 ლარი შ.მ-ძეს, რომელმაც ეს თანხა თავის მხრივ გადასცა ლ.დ-ძეს და კ.ფ-ძეს, რითაც მ.კ-ძეს მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი 6500 ლარის ოდენობით, ხოლო ზ.ც-ნს კი მორალური ზიანი.
1998წ. ივლისში, რიცხვი დაუდგენელია, საღამოს საათებში, ქ.ქუთაისში, “ავერსი-ქუთაისის” ოფისში, მ.კ-ძისათვის პირადი ქონების განმეორებით გამოძალვის მიზნით და ლ.დ-ძესთან წინასწარი შეთანხმებით მივიდა შ.მ-ძე, რომელმაც შპს “ავერსი-ქუთაისის” თანამშრომელს ზ.ც-ს მ.კ-ძისათვის გადასაცემად მიუტანა ლ.დ-ძის წერილი, რომლითაც ეს უკანასკნელი მ.კ-ძისაგან ითხოვდა 5500 აშშ დოლარის გადაცემას. აღნიშნული წერილი მეორე დღეს, დილით, ზ.ც-მა გადასცა მ.კ-ძეს. იმავე დღეს, დაახლოებით 18 საათზე, “ავერსი-ქუთაისის” ოფისში მივიდა ლ.დ-ძე, რომელმაც მ.კ-ძესა და ზ.ც-ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და მ.კ-ძის ქონების, კერძოდ, “ავერსი-ქუთაისის” ოფისის აფეთქების, ესე იგი საყოველთაოდ საშიში საშუალებით განადგურების მუქარით მოითხოვდა მათგან, განმეორებით, პირადი ქონების – 5500 აშშ დოლარის გადმოცემა. ლ.დ-ძის მუქარის გავლენის ქვეშ მ.კ-ძე და ზ.ც-ნი, მეორე დღეს, გაემგზავრნენ ქ.ოზურგეთში, სადაც შპს “ფაზისის” დირექტორისაგან, ნ.ჯ-ძისაგან ისესხეს 6030 ლარი, 4500 აშშ დოლარის ექვივალენტი, რაც ჩამოიტანეს ქ.ქუთაისში. აღნიშნულ თანხას დაამატეს შპს “ავერსი-ქუთაისის” სალაროდან აღებული 1340 ლარი. შემდეგ აღნიშნული – 7370 ლარი მ.კ-ძემ და ზ.ც-მა გადაახურდავეს 5500 აშშ დოლარად და მეორე დღეს გადასცეს ლ.დ-ძეს თავისივე სახლში, ქ.ქუთაისში, რითაც მ.კ-ძეს მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი 7370 ლარის ოდენობით, ხოლო ზ.ც-ნს კი მორალური ზიანი.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის შ. მ-ძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 იანვრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის (1960წ.) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და 6 თვით საერთო რეჟიმის სასჯელის აღმასრულებელ დაწესებულებაში მოხდით.
სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა მსჯავრდებულ შ.მ-ძის მიერ, რომლითაც იგი ითხოვდა განაჩენის გაუქმებას და მის გამართლებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა რა მსჯავრდებულ შ.მ-ძის საჩივარი, თავისი 2002წ. 5 ივლისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადასცა იმავე სასამართლოს სხვა მოსამარჩლეს. განჩინებაში მითითებულია შემდეგზე: განაჩენი არ შეიცავს მითითებას მოცემული სასამართლოს შემადგენლობის შესახებ. განაჩენში არაა მითითებული შ.მ-ძე მიცემული იქნა თუ არა სამართალში და, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ც.ბ-ძე, დაზარალებული ზ.ც-ნი, ასევე მ.კ-ძის წარმომადგენელი ადვოკატი ნ.ფ-შვილი, განაჩენის გამოტანის შემდეგ შ.მ-ძეს არ გადასცემია განაჩენის ასლი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმე გადაგზავნილი იქნა განაჩენის გამოტანიდან 4 თვის შემდეგ. აღნიშნული დარღვევები წარმოადგენს საპროცესო ნორმების არსებით დარღვევებს და იწვევს განაჩენის აუცილებელ გაუქმებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი მ.კ-ძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას.
წარმოდგენილია ასევე დაზარალებულ მ. კ-ძის შესაგებელი, რომლითაც ის ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობას, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე.ქ-ამ მხარი დაუირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული დარღვევები და შეცდომები საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის თანახმად არ წარმოადგენს საპროცესო კანონის არსებით დარღვევას. ამასთან საქალაქო სასამართლოს მიერ დაშვებული დარღვევები შეიძლება გამოესწორებინა სააპელაციო სასამართლოს, მითუმეტეს სსსკ-ის 535-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩევნი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.
პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი ჰქონდა მსჯავრდებულ შ.მ-ძეს, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებას და გამართლებას. აღნიშნული საჩივარი გახდა საქმის სააპელაციო წესით განხილვის საგანი. სააპელაციო სასამართლოს კი არ უმსჯელია საჩივრის საფუძვლიანობის თაობაზე. რაც ხელახალი სააპელაციო წესით განხილვის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული.
პალატა ასევე აღნშნავს, რომ მსჯავრდებულ შ.მ-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ შინაპატიმრობა უნდა შეიცვალოს მისი პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით, რადგან არ არსებობს შინაპატიმრობაში ყოფნის არავითარი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560, 561, 562, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინება შ. მ-ძის ბრალდების საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.
შ. მ-ძემ აღკვეთის ღონისძიება-შინაპატიმრობა შეეცვაოს პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.