Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 471 26 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი, ნ. გვენეტაძე

განიხილა დაზარალებულ მ. ხ-იას კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის განაჩენი მ. მანდარიას მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის განაჩენით მ. მ-იას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით მ. მ-იას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან 2001წ. 11 ივნისს, წყალტუბოს რაიონის სოფ. გუბისწყალში ურთიერთშელაპარაკების დროს, შურისძიების მოტივით, დანის დარტყმით განზრახ მოკლა თანასოფლელი დ. ხ-ია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინებით წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის განაჩენი მ. მ-იას მიმართ გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გაუქმებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ.მ-იას სისხლის სამართლის საქმე განიხილა საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნების არსებითი დარღვევით, რამაც შეზღუდა მსჯავრდებულის უფლებები, ხელი შეუშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინა კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე (სსსკ-ის 560-ე მუხლის “ა” პუნქტი, 563-ე მუხლის პირველი ნაწილი), კერძოდ:

მსჯავრდებული მ. მ-ია, მოკვლევიდან სასამართლო გამოძიების სტადიის ჩათვლით, თანმიმდევრულად აჩვენებდა, რომ მას დ. ხ-იას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, დანა ეკუთვნოდა გარდაცვლილს. იგი მას წაართვა და მიაყენა დაზიანება. მკვლელობის მოტივად მ.მანდარია უთითებდა ხან სულიერ აღელვებას, ხან მოგერიებას. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ მ.მ-იას ინტერესების დამცველმა მ.ჭ-ძემ დაცვით სიტყვაში მიუთითა, რომ მ.მ-იას ჩადენილი ჰქონდა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაშიც თითქოს ამ უკანასკნელმა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და იშუამდგომლა სასჯელის შემსუბუქება.

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით დაზარალებული მ.ხ-ია ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს პალატის სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას. საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო პალატას შეეძლო, გამოესწორებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა და საქმეზე მიეღო არსებითი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე და წარმოდგენილ განცხადებებში განსასჯელმა მ.მანდარიამ ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე.ქ-ამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ივნისის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის განჩინება მ.მ-იას ბრალდების საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო: საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის განჩინების მოტივებს იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ.მ-იას ბრალდების საქმე განიხილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით, რამაც შეზღუდა განსასჯელ მ.მ-იას უფლებები, ხელი შეუშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინა კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.

როგორც საქმიდან ირკვევა, მოკვლევიდან სასამართლო გამოძიების სტადიის ჩათვლით, მ.მ-ია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მიუხედავად ამისა, სასამართლო კამათში მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ.ჭ-ძემ დაცვით სიტყვაში მიუთითა, რომ მ.მ-იას ჩადენილი ჰქონდა ბრალად შერაცხული დანაშაული და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-11 მუხლის საწინაააღმდეგოდ, არ უზრუნველყო მ.მ-ია რეალური დაცვით, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილით გარანტირებული უფლება, რაც გახდა განაჩენის გაუქმების საფუძველი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ მ.მ-იას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე უნდა განიხილოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, სრულად, ობიექტურად და ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაზარალებულ მ.ხვიჩიას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინება, რომლითაც გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის განაჩენი მ. მ-იას მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, დარჩეს უცვლელად.