საქმე №ბს-383(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ო. ო. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 9 იანვარს ო. ო. ფ-იმ (...; დაბ. ...წ. პასპორტის ნომერი: ...; ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 ნოემბრის №01/340650/გ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №01/386277/გ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ო. ო. ფ-ის საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ო. ო. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოლუვაგმებიგა ოლუვაფემი ფაჯიმიმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით ო. ო. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ო. ფ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 30 იანვარს 17:30 საათზე ჩანიშნული სხდომა განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე, რითაც მხარეს წაართვა უფლება მიეღო მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, რადგანაც საჩივრის ავტორს თავად სურდა მიეღო მონაწილეობა საქმის სასამართლო განხილვაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ო. ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი გადაწყვეტილების გაუქმების მიუთითებს აბსოლუტურ საფუძველზე და თვლის, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მისი დასწრების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული საპროცესო დარღვევა თავად კანონმდებლობის მიერ შეფასებულია ისეთი ტიპის დარღვევად, რომელიც უცილობლად იწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნული დამოკიდებული არ არის სასამართლოს შეხედულებაზე, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს ზემოაღნიშნული გარემოების გამოკვლევა-დადგენას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ შემდეგ მტკიცებულებებზე:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით ო. ო. ფ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად (იხ. ს.ფ. 173-174).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ო. ო. ფ-ის სააპელაციო საჩივარზე საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2020 წლის 30 იანვარს 14:30 საათზე, თბილისის სააპელაცო სასამართლოს №8 სხდომის დარბაზში (იხ. ს.ფ. 184-185).
საქმეში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო თბილისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილები (უწყება), რომლითაც აპელანტის - ო. ო. ფ-ის წარმომადგენელს - ნ. რ-ს და მოწინააღმდეგე მხარეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობათ საქმის ზეპირი განხილვის დრო - 2020 წლის 30 იანვარი 17:30 საათი (იხ. ს.ფ. 187-190).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომა გაიხსნა 14:43:42 საათზე, დაფიქსირდა მხარეთა გამოუცხადებლობა და მომხსენებელი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეზე მოხსენების გაკეთების შემდგომ, სასამართლომ სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადა მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, გასაჩივრების წესი და ვადა. სასამართლო სხდომა დახურულად გამოცხადდა 14:50:57 საათზე.
საგულისხმოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომა ისე ჩატარდა და სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეუმოწმებია და არ გამოუკვლევია საქმეში მონაწილე მხარეებისათვის გზავნილის ჩაბარების ფაქტი და მათი გამოუცხადებლობის მიზეზი.
კასატორი - ო. ო. ფ-ი მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ 17:30 საათზე ჩანიშნული სხდომა განიხილა მის გარეშე, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მოთხოვნა მიიჩნიოს დასაბუთებულად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შესაბამისი ნორმის შინაარსზე და განმარტავს, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
როგორც საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, უწყება, რომელიც ჩაბარდათ მხარეებს შეიცავდა სასამართლო სხდომის ჩატარების არასწორ დროს, რაც უდავოდ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული მუხლის დარღვევას და საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა საქართველოს ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას, რომელიც შეიცავს ინკვიზიციურობის გარკვეულ ელემენტებს, აღნიშნავს, რომ ამავე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე მკაცრადაა დაცული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოდავე მხარეები სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებით, განკარგონ პროცესუალური საშუალებები, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადგენა-დადასტურების მიზნით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ მითითებული პრინციპის დაცვას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „გ" პუნქტი, რომლის დარღვევის ფაქტიც უდავოდ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და რომლის გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო ვალდებულია გააუქმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი