Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე№ ბს-1033(2კ-21) 15 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - გ. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -სპეციალური პენიტენციური სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 11 დეკემბერს გ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციალური სამსახურის ...ის პოზიციაზე. 2009 წლიდან კი, ...ის ... პენიტენციურ დაწესებულებაში იმავე პოზიციაზე. მთელი პერიოდის განმავლობაში მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად და კეთილსინდისიერად. გათავისუფლებამდე სამი თვე სრულად იზოლირებულად გაატარა პენიტენციურ დაწესებულებაში.

სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 17 ნოემბრის №17440 ბრძანებით, მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 11 ნოემბრის N 01/306222 დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ბრძანება დისციპლინური სახდელის სახედ „სამსახურიდან გათავისუფლების" თაობაზე არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 11 ნოემბრის №17440 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელე - გ. ქ-ი აღდგება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... პენიტენციური დაწესებულების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე, ასევე მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 11 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 1100 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 11 ნოემბრის N17440 ბრძანება. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე გ. ქ-ი აღდგება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 პენიტენციური დაწესებულების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა მოსარჩელე - გ. ქ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 11 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 1100 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული ქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 11 ნოემბრის №17440 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში გ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და გ. ქ-მა.

კასატორის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სამსახურის ყველა მოსამსახურეს, განსაკუთრებით კი, სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეებს, რომლებიც თავიანთ უფლება-მოვალეობებს ასრულებენ პენიტენციურ დაწესებულებში, განსაკუთრებით მაღალი დისციპლინური პასუხისმგებლობა და მოვალეობა აკისრიათ. ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების თანახმად - სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე ვალდებულია: დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები. სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამსახურის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს. შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია ის ქმედებები, რომელთა ჩადენაც მოსამსახურეს ეკრძალება, მათგან ერთ-ერთ ქმედებას წარმოადგენს სწორედ სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება.

,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ ზომად გათვალისწინებულია სამსახურიდან დათხოვნა/ გათავისუფლება – მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ქ-ის მიერ 2020 წლის 6 სექტემბერს სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება და N2 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა შესწავლილ იქნა სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, რომელმაც სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 11 ნოემბრის N1/306222 დასკვნასა და წარმოების მასალებში დეტალურად არის აღწერილი მოსარჩელე გ. ქ-ის ქმედება. კასატორის განმარტებით, გ. ქ-მა ასევე სასამართლო პროცესზე დაადასტურა დაწესებულებაში არაფხიზელ მდგომარეობაში შესვლის ფაქტი. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, მათ შორის, არც დასკვნა და თავისივე ახსნა-განმარტება. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ აღიარა და მოინანია თავისი ქმედება, არ შეესაბამება რეალობას. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს ალკოჰოლი უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ მიუღია, არ ცვლის მისი ქმედების შეუსაბამობას კანონის მოთხოვნებთან, გ. ქ-მა განზრახ და უხეშად დაარღვია ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი აკრძალვა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორ - გ. ქ-ის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი დახასიათება, რომელიც გ. ქ-ს 2005 წლიდან 2020 წლის 6 სექტემბრამდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის მანძილზე ახასიათებს დადებით, კეთილსინდისიერ და შრომისმოყვარე მუშაკად, რომელიც თავისი ქმედებით არასდროს ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას. ამასთან, გათავისუფლების დროისათვის ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, დაწესებულება გადასული იყო ყაზარმულ რეჟიმზე, გ. ქ-ის ცვლა 2020 წლის 6 სექტემბერს უნდა შესულიყო დაწესებულებაში, თუმცა მორიგეობა უნდა დაეწყო მომდევნო დღეს, 7 სექტემბერს, დილით, შესაბამისად, ჰქონდა დრო და საშუალება იმისათვის, რომ დასვენების შემდეგ ფხიზელ მდგომარეობაში შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობა. ამასთან, ადმინისტრაციის შენობა, სადაც ინციდენტი მოხდა, გამოყოფილია მსჯავრდებულთა სივრცისგან, რაც გამორიცხავდა მის ურთიერთობას საპატიმროში მყოფ პირებთან. მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გ. ქ-ი დაწესებულებაში შესვლისთანავე უნდა შედგომოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მაშინ როდესაც 21 - დღიან პერიოდში არ შეიძლება პირი იმყოფებოდეს სამუშაო რეჟიმში.

კასატორის მოსაზრებით, მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არათანაზომიერი და არაპროპორციულია, რადგან დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომის გამოყენების შემთხვევაშიც შეიძლება მიზნის მიღწევა. შრომის უფლება გულისხმობს საჯარო დაწესებულების ვალდებულებას სათანადო კანონიერი საფუძვლის გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და გ. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; VandeHurk v. Netherlands, par.61, GarciaRuiz v. Spain [GC] par.26; JahnkeandLenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის ... პენიტენციური დაწესებულების ...ის, იუსტიციის ზემდეგი - გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება და გამოყენებული დისციპლინური ზომის ადეკვატურობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 11 ნოემბრის №17440 ბრძანებით, ამავე სამსახურის ... პენიტენციური დაწესებულების ...ს, იუსტიციის ზემდეგ - გ. ქ-ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი „სამსახურიდან დათხოვნა“. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 11 ნოემბრის №01/306222 დასკვნა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით შრომის თავისუფლება ნიშნავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, არამედ გულისხმობს აგრეთვე სახელმწიფოს ვალდებულებას იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საკონსტიტუციო სასამართლოს 26.10.2007წ. გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლის გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამასთანავე, შრომის უფლება არ არის აბსოლუტური, აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის შემთხვევაში გაათავისუფლოს დასაქმებული. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტა საჭიროებს გ. ქ-ის გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენას.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი განსაზღვრავს მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებსა და დისციპლინურ სახდელების სახეებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულად ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ; დ) უშუალო, ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა; ე) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებისათვის დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) დაკავება; ზ) თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; თ) ჩამოქვეითება; ი) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება − მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამსახურის რეპუტაციას ან სამსახურის სპეციალურ დანაყოფში/სამოქალაქო დანაყოფში მომუშავე მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა სამსახურს; დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა; ე) ეს არის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, თუ ეს ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“ (დანართი №1), რომლის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

საკასაციო სასამართლომ, საქმის მასალების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 11 ნოემბრის №01/306222 დასკვნის თანახმად, 2020 წლის 6 სექტემბერს გ. ქ-მა ... პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად №14 პენიტენციური დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში ახალ კორონავირუსზე ჩაიტარა „PCR ტესტი“, რათა უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შესულიყო დაწესებულებაში 21 დღით და შეესრულებინა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა. ... პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე, დაწესებულების მიმდებარედ არსებულ მაღაზიაში მიიღო ალკოჰოლური სასმელი და შევიდა დაწესებულების შემოწმება-დათვალიერების ოთახში. შემმოწმებელმა პირებმა შეამჩნიეს, რომ გ. ქ-ი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რის გამოც უარი უთხრეს შემოწმება-დათვალიერებასა და დაწესებულების შიდა სარეჟიმო ტერიტორიაზე შესვლაზე. აღნიშნულის გამო გ. ქ-ი გაღიზიანდა და თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გამოხატა აგრესია და დაჟინებით მოითხოვა დაწესებულების შიდა სარეჟიმო ტერიტორიაზე შესვლა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მის მიერ დარღვეულია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. ცხადია, რომ ნებისმიერი დარღვევა არ წარმოადგენს პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებში განხორციელების ვალდებულების შესახებ. მართებულია სასამართლოს მოსაზრება, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. უდავოა, რომ გ. ქ-მა ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, მაგრამ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული გ. ქ-ის დამოკიდებულება ჩადენილი ქმედების მიმართ, ასევე მისი დაწესებულებაში მუშაობის ხანგრძლივობა და სამსახურებრივი დახასიათებები. გასათვალისწინებელია, რომ გ. ქ-ის 2020 წლის 22 სექტემბრის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, იგი ნანობს და იაზრებს მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს. საქმეში ასევე წარმოდგენილია არა ერთი დახასიათება, რომლითაც გ. ქ-ი 2005 წლიდან 2020 წლის 6 სექტემბრამდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის მანძილზე ხასიათდება დადებით, კეთილსინდისიერ და შრომის მოყვარე მუშაკად, რომელიც თავისი ქმედებით არასდროს ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას. ამასთან, დადგენილია, რომ გ. ქ-ი სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში მუშაობის პერიოდში დისციპლინური წესით დასჯილი არ ყოფილა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და გ. ქ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე