საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-962(კ-21) 29 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. ქ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. ქ-მა 2021 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 3 დეკემბრის №03/19165 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოპასუხის დავალება მოსარჩელე ნ. ქ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 3 დეკემბრის №03/19165 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ნ. ქ-თან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 28 კოლეგიის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ არ იქნა სრულფასოვნად გამოკვლეული და შესწვლილი, თუ რა კონკრეტული მიზნით და გარემოებებზე დაყრდნობით გადაეცა მოსარჩელეს სახელმწიფოსგან სოფელ ...ის ...აში არსებული უძრავი ქონება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის N10/03/03 განკარგულების საფუძველზე მოსარჩელე ნ. ქ-ს და საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ. ქ-ს საკუთრებაში გადაეცა ქარელის რაიონში, სოფელ ...ის ...აში მდებარე უძრავი ქონება 86 კვ.მ. ფართი, რაც მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. აქვე ამის საპირისპიროდ სასამართლო უთითებს, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება, ცალსახად არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ ფაქტს საფუძვლად დაედო მოსარჩელის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე გადაეცა მას ქარელის რაიონში, სოფელ ...ში არსებული უძრავი ქონება, რა მოსაზრებასაც კასატორი არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული განკარგულების და შემდეგ უკვე აღნიშნული განკარგულების საფუძველზე ეკონომიკის სამინისტროს და მოსარჩელეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით იქნა დადებული, რომ დევნილი ოჯახი ყოფილიყო დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სხვა მიზანს გაკარგულება და ხელშეკურება არ ემსახურებოდა. აღნიშნული ქმედება სამთავრობო პროგრამის ნაწილს წარმოადგენდა და აიხსნებოდა იმ გარემოებით, რომ სახემწიფოს მიზანი გახლდათ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება და საცხოვრებელი ფართის გადაცემის პროცედურების გამარტივება.
გარდა ამისა, ფართის საკუთრებაში გადაცემის პერიოდისათვის და დღეის მდგომარეობითაც მოსარჩელე მის შვილებთან ერთად იმავე მისამართზე ფიქსირდება დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, კერძოდ ნ. ქ-ის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს მონაცემთა ბაზის თანახმად წარმოადგენს ქარელი, ს. ...ის ...ა, კორპN14, ბინა N6 (იხ. საოჯახო ანკეტა).
კასატორის მითითებით, 2021 წლის 26 თებერვალს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იურიდიულმა დეპარტამენტმა N03/3141 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ. ქ-ის საკუთრებასთან დაკავშირებით. 2021 წლის 12 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N105227 წერილით გვეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით ნ. ქ-ს 2012 წლიდან საკუთრებაში უფიქსირდება სოფელ ...ის ...აში მდებარე ქონება ს.კ. ..., რომელიც მას საკუთრებაში გადაეცა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. 2014 წლის 31 დეკემბერს ნ. ქ-მა სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემული ქონება, რომელიც მას გადაეცა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ბ. ს-ს. დღეის მდგომარეობით ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება უფიქსირდება შალვა ბერიძეს.
სააგენტოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, როგორც პირველმა ინსტაციამ, ასევე მეორე ინსტანციამ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს. საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით) და მხოლოდ მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ყველა ოჯახს სურს რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, რაც ასევე სახელმწიფოს ინტერესიცაა, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას.
კასატორის მითითებით, დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით ნ. ქ-ი ითვლება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსენება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების დანართი N1-ით განსაზღვრულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი. აღნიშნული წესის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განცხადებები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2566 განკარგულების 2.1.9 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიერ ის უნდა გაუქმდეს, საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის ოქტომბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს იმის შეფასება, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის N10/03/03 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ნ. ქ-ზე ნასყიდობის ხელშეკრულებით საცხოვრებელი ფართის გადაცემა ჩაითვლება თუ არა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფად.
ამ მიმართებით პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის N10/09/03 განკარგულებაზე, რომლის თანახმად, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს, მათ შორის ნ. ქ-ს.
2012 წელს მოსარჩელე ნ. ქ-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N1-1/1537 ბრძანებისა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის N10/09/03 განკარგულების საფუძველზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ქ-ს საკუთრებაში გადაეცა მიწის (უძრავი ქონების) ს/კ ...-ზე რეგისტრირებული 86 კვ.მ. ფართი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება განხორციელდა პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე ერთ ლარად. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პრივატიზებას მხოლოდ კონკრეტული მიზნით ითვალისწინებს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის N10/09/03 განკარგულება და მის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება ამ სახის მითითებას არ შეიცავს.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების დადების მიზანს უკავშირებს ქარელის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მისი ბაბუის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის სახელმწიფოსგან გადაცემის ფაქტს, რა მიამრთებით სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი აქვს საარქივო დოკუმენტები. აღნიშნული გარემოება კი ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული ან სასამართლო დავის პროცესში გაქარწყლებული არ ყოფილა.
ამდენად იმის გასარკვევად, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მხართა შორის ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, საჭიროებდა საქმის გარემოებების დამატებით დადგენასა და შეფასებას, რაც უზრუნველყოფდა ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების, ე.წ. ხარვეზების (ხელშეკრულების დადების მიზანი) შევსებას, რა მიმართებით ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის N10/09/03 განკარგულების დანართში მითითებული მონაცემების შემოწმება (ყველა პირი წარმოადგენდა თუ არა დევნილის სტატუსის მქონეს), უძრავი ქონების პრივატიზების ინიცირების მასალების შეფასება, მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტების გაანალიზება მათ შორის მოწმეთა დაკითხვის და ქონების იდენტიფიცირების გზით და სხვა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა მოსარჩელის, როგორც დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. ამდენად მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტება მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა