საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-649(კ-21) 15 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ღ-ა
მესამე პირები - ქ. ღ-ა, გ. ღ-ა, ხ. ღ-ა, ი. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 6 იანვარს თ. ღ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი ოჯახი შედგება 4 პირისგან: თვითონ, მეუღლე - ქ. ღ-ა, შვილები - ხ. და გ. ღ-ები და შვილიშვილი - ი. დ-ე. იგი არის აფხაზეთის ომის ვეტერანი მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი. აფხაზეთის ომის შემდეგ მისი ოჯახი ცხოვრობს დევნილთა ...აში ქ. თბილისში, ...ის ქ.37, კორპ. 5 ბინა 25-ში. ჩართულნი არიან დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში და აქვს 5.5 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 საოქმო დადგენილებით თ. ღ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო. აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის ბრძანება N03-116/ო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, კორპუსი სადაც ის ცხოვრობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უვარგისია შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N03-116/ო ბრძანების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. ღ-ა, გ. ღ-ა, ხ. ღ-ა და ი. დ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის ბრძანება N03-116/ო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ შევსებულ იქნა განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა წინასწარი შეფასებით 5.5 ქულა. მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით არ დადგინდა, რომ მოსარჩელე განაცხადში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ი. ...ის გამზ. N37, კორპ. 5, ბ.25) ფაქტობრივად ცხოვრობდა. 2013 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე 2019 წლის 31 ივლისს განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. განმცხადებელი ადგილზე მივიდა მეზობლის სატელეფონო ზარის შემდეგ, დანარჩენი ოჯახის წევრები კი იმყოფებოდნენ ზღვაზე დასასვენებლად. თ. ღ-ამ განმარტა, რომ აღნიშნული ფართი დაკავებული ჰქონდა 1993 წლიდან. სააგენტოს თანამშრომლებმა მოიძიეს ინფორმაცია თ. ღ-ას მიერ გასხვისებული უძრავი ქონების შესახებაც. იგი 2010 წლიდან 2014 წლამდე ფლობდა თბილისში ბინას შემდეგ მისამართზე, ...ი, მე-8 მ/რ, კორპუსი 27, ბ. 29. 2014 წელს აღნიშნული ქონება გაასხვისა დეიდაშვილზე დ. შ-აზე. გასხვისებულ ბინასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბინის მეპატრონე ამჟამად არის დ. შ-ა (დეიდაშვილი). 2019 წლის 16 აგვისტოს ...ის მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი, სადაც სააგენტოს თანამშრომლებს დახვდათ თ. ღ-ას შვილი-გ. ღ-ა. მისი განმარტებით ის მარტო ცხოვრობდა ამ ბინაში, ხოლო მშობლები, დასთან ერთად, ცხოვრობენ ...ის ქუჩაზე სამინისტროს მიერ გამოთავისუფლებულ ნგრევად ობიექტში. რაც შეეხებოდა ბინის მესაკუთრის ვინაობას განაცხადა, რომ ბინა ეკუთვნოდა დ. შ-ას, რომელიც არის განმცხადებლის დეიდაშვილი და ცხოვრობს ზუგდიდში. გ. ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ქონება მართალია საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია დ. შ-ას სახელზე, თუმცა ბინა რეალურად ეკუთვნის მოსკოვში მცხოვრებ ე. შ-ას, რომელიც არის დ. ძმა. მონიტორინგის სამსახურის ოქმების თანახმად ცალსახად დასტურდებოდა, რომ ...ში, მე-8 მ/რ, კორპუსი 27, ბ. 29-ში ცხოვრობს მოსარჩელის შვილი - გ. ღ-ა, რომლის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად განაცხადში ასევე მთითებული იყო თბილისი, ...ის გამზ. N37, კორპ. 5, ბ. 25. იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ თ. ღ-ამ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ქ. თბილისი, ...ი, მე-8 მ/რ, კორპუსი 27, ბ. 29) გაასხვისა ნათესავზე, დეიდაშვილ - დ. შ-აზე და ამ ბინაში დღეის მდგომარეობით ცხოვრობს განმცხადებლის შვილი -გ. ღ-ა, სააგენტოს გაუჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ბინის გასხვისება მოხდა მხოლოდ ფორმალურად და აღნიშნულ ბინას ფაქტობრივად და რეალურად ფლობდნენ განმცხადებელი ან/და მისი ოჯახის წევრები.
ამასთან, კასატორის განმარტებით, ქ. თბილისში, ი. ...ის გამზ. N37, ...ი, კორპ. 5, 2018 წლის იანვარში კომისიამ განიხილა როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე, ხოლო 2018 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმის საფუძველზე დახურა აღნიშნული ობიექტი. საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ როდესაც მოხდა აღნიშნული ფართის დახურვა და იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილების განსახლება, განმცხადებელი ამ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა, შესაბამისად არ მოხდა მისი განსახლება კრიტერიუმების გარეშე. სამინისტროს მიერ ობიექტის დახურვის შემდგომ იქ თვითნებურად შესვლა და ფართის დაკავება ვერ ჩაითვლება თ. ღ-ას მართლზომიერ მფლობელობად. ასეთი პირების მიმართ არ განხორციელდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები. აღნიშნული გამომდინარეობს 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტიდან, კერძოდ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ.
სააგენტოს მიერ ობიექტის დახურვის შემდეგ ყველა იქ შესული დევნილი ოჯახი ითვლება თვითებურად შესახლებულად, მიუხედავად იმისა იყო თუ არა იგი იქ რეგისტრირებული. ნგრევადი კომპაქტური ობიქტის დახურვის დროს სააგენტოს გამოჰყას იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. დევნილი ოჯახისთვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე მისი განსახლება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. ამდენად, ობიექტის დახურვის შედგომ ყველა იქ შესული ადამიანი ითვლება არამართლზომიერად შესულად მიუხედავად ორდერისა და რეგისტრაციის ფაქტისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ღ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. თ. ღ-ას ჰყავს მეუღლე - ქ. ღ-ა და 2 შვილი: ხ. ღ-ა და გ. ღ-ა, შვილიშვილი ი. დ-ე. 2014 წლის 23 იანვარს თ. ღ-ას სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის თანახმად, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) არის ქ. თბილისი, ...ის გამზირი N37, ...ი კორპუსი N5. 2014 წლის 23 იანვარს ქ. ღ-ას სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის თანახმად, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) არის ქ. თბილისი, ...ის გამზირი N37, ...ი კორპუსი N5. 2014 წლის 23 იანვარს ხ. ღ-ას სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის თანახმად, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) არის ქ. თბილისი, ...ის გამზირი N37, ...ი კორპუსი N5. 2014 წლის 23 იანვარს, გ. ღ-ას სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის თანახმად, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) არის ქ. თბილისი, ...ის გამზირი N37, ...ი კორპუსი N5. 2018 წლის 07 მაისს ი. დ-ის სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის თანახმად, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) არის ქ. თბილისი, ...ის გამზირი N37, ...ი კორპუსი N5.
მოსარჩელეებმა განაცხადში და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში მიუთითეს, რომ ცხოვრობენ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში, ავარიულ კორპუსში, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზირი N37, კორპუსი N5, ბინა N25. 1996 წლის 2 აპრილს თბილისის ...ის სამმართველოს მიერ გაცემულია ორდერი N115 თ. ღ-ას სახელზე კორპუსი N5, სართული მე-2, ოთახი N25. მოსარჩელე თ. ღ-ას მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა 5.5 ქულა.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი 2019 წლის 13 დეკემბრის N03-116/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N39) თ. ღ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი სამინისტროს მიერ გამონთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმით დგინდება, რომ სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მოსარჩელის - თ. ღ-ას დეიდაშვილის საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობაზე და ამ საკუთრების თვალთმაქცურ გასხვისებაზე და აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის რაიმე საკუთრება მოსარჩელის სახელზე არ ირიცხებოდა. ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სხვისი საკუთრებით დროებით სარგებლობა არ შეიძლება გახდეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, 2016 წლის 17 თებერვლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ქ. თბილისში, ...ის გამზ. N37-ში მდებარე, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მოსარჩელე არის ქ. თბილისში, ი. ...ის გამზ. N37, ...ი კორპ. 5, ბინა 25-ის არამართლზომიერი/თვითნებური დამკავებელი და მისი ოჯახი ზემოაღნიშნულ მისამართზე შესახლდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული შენობა გამოთავისუფლდა. აღნიშნულთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ თ. ღ-ა 1996 წლიდან დღემდე ცხოვრობს და რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ...ის გამზირი N37, ...ი, კორპუსი 5, ბინა N 25. ამასთანავე, 1996 წელს თ. ღ-ას ოჯახზე გაცემულია ორდერი და რეგისტრირებულია დევნილად აღნიშნულ მისამართზე, რაც გამორიცხავს თ. ღ-ას თვითნებურად აღნიშნული ფართის დაკავებას.
ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე