№ბს-79(კ-22) 16 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. შ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. შ-ამ 2020 წლის 6 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2219/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის თანახმად, ნ. შ-ასა და მისი ოჯახის წევრებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.11.2019 წლის №04-2219/ო ბრძანებით უარი ეთქვათ ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, მოსარჩელის ოჯახი ექვემდებარებოდა განსახლების გადაუდებელ საჭიროებას და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, რადგან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა სამ მცირეწლოვან შვილსა და მეუღლესთან ერთად.
2020 წლის 13 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე მხარე, კერძოდ, მოპასუხედ მიეთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2219/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებზე, სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე, მე-6 მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 პუნქტებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე - ნ. შ-ა, არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი ამჟამად არის ქ. თბილისი, ...ის გამზირი №82, სადაც ცხოვრობს მეუღლესა და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმით დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. შ-ას უარი ეთქვა სასწრაფო განსახლებასა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის მეუღლეს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი და ამ ეტაპზე არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 („საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“) და დანართი №7 („სოციალური კრიტერიუმი“) ადგენს კრიტერიუმებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე (1.5 ქულა), ხოლო №7 დანართის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების კომპონენტების თანახმად: ა) თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით ენიჭება 2,5 ქულა; ბ) თუ ოჯახში არის 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი ენიჭება 2 ქულა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. შ-ას ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, ამასთან, ოჯახი ცხოვრობს ქირით ...ის გამზირ №82-ში. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ფ. გ-ის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 6 ქულით, კერძოდ, საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები 3 არასრულწლოვანი - 2,00 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 2,5 ქულა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული აქტის მიღების საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად მოსარჩელე მოცემულ ეტაპზე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, რადგან მეუღლეს ლენტეხში ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი და მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით ნ. შ-ა და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ უძრავ ქონებას. ამასთან, ოჯახს მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნდა და საჭიროებიდან გამომდინარე ცხოვრობდა ქირით სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, საკადასტრო კოდი ..., თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ბ. გ-ის სახელზე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 6 ნოემბრის №1789/08 ცნობის შესაბამისად კი, ფ. გ-ი 2007 წლიდან არ ცხოვრობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ში, საცხოვრებლად გადასულია ქალაქ თბილისში, ის არის მრავალშვილიანი ოჯახიდან, მის მშობლებთან ცხოვრობს მისი ძმა - ბი. გ-ი, ამასთანავე მას არ გააჩნია არანაირი საცხოვრებელი ფართი ან რაიმე ქონება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე, შესაბამისი ქულების განსაზღვრის გზით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 6 ქულით, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, რამეთუ დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის მიხედვით სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3,0 და მეტი ქულა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2219/ო ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, უკანონო იყო, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უკანონო იყო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არსებობდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, კერძოდ, მოპასუხეს მართებულად დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ. შ-ას ოჯახი (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის განსახლების გადაუდებლობის დადგენისას დაეყრდნო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილ მონიტორინგის ფორმას. სასამართლო სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ მოკვლეულ მასალებს, რომლებსაც ფუნქციურად ევალებათ დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური პირობების, საცხოვრებელი პირობების კვლევა არ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად და აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოკვლეული მასალები არ არის სათანადო მტკიცებულება.
კასატორის განმარტებით, მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელის მეუღლის - ფ. გ-ის მამას აქვს საკუთრება ლენტეხის რაიონში, სოფ. ...ი, ფართით 2812 კვ.მ, შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი მამამთილის უძრავი ქონების სახით, რომლის მემკვიდრეც მომავალში გახდება მოსარჩელე ნ. შ-ას მეუღლე - ფ. გ-ი და შემდეგ უკვე, მათი სამი არასრულწლოვანი შვილი. სახელმწიფოს ათასობით დევნილი ოჯახი ჰყავს საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი. ამ ოჯახების უმეტესობას არა აქვს საკუთრება. ყველა ოჯახს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, ეს ასევე სახელმწიფოს ინტერესიცაა, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. სწორედ ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და პრიორიტეტულად მიიჩნევს მათ.
კასატორის განმარტებით, მართალია, დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, მაგრამ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ამოწმებს მათ საცხოვრებელ პირობებს, ცხოვრობენ თუ არა ისინი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, გააჩნიათ თუ არა მათ საცხოვრებელი, საიდანაც ისინი უნდა გავიდნენ და ფაქტობრივად რჩებიან საცხოვრებლის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში დევნილი ოჯახი არც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება უახლოეს მომავალში. პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, ის ოჯახები, რომლებიც თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები და სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, შემდგომ, ის ოჯახები, რომელთაც, მართალია, აქვთ საკმარისი ქულათა რაოდენობა საცხოვრებლის მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპისათვის სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ და გააჩნიათ საცხოვრებელი.
კასატორის მოსაზრებით, 320-ე ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. სასამართლო არასწორად განმარტავს პრიორიტეტულობის პრინციპს. სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ასევე ოჯახის ნათესავების) და მხოლოდ მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. შ-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2219/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 6,0 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 3 არასრულწლოვანი - 2.0 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.50 ქულა), ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმით დგინდება, რომ სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3,0 და მეტი ქულა.
მიუხედავად ამისა, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №39 სხდომის ოქმით ნ. შ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძველზე მითითებით, რომ ლენტეხში მეუღლეს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და შესაბამისად, ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული ოქმის საფუძველზე მიიღო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2219/ო ბრძანება და ნ. შ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს, რომ მოსარჩელე ნ. შ-ას ოჯახის წევრების არიან: ფ. გ-ი; ლ. შ-ა, დაბადებული ... წლის ... ...ს; გ. გ-ი, დაბადებული ... წლის ... ...ს და ბ. გ-ი, დაბადებული ... წლის ... ...ს. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში და მათ ოჯახს 2021 წლის 7 ივნისის მდგომარეობით მინიჭებული აქვს 44360 სარეიტინგო ქულა. ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ადგილი არის ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის გამზირი №82, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 6 ნოემბრის №1789/08 ცნობის შესაბამისად, ფ. გ-ი 2007 წლიდან არ ცხოვრობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ში, საცხოვრებლად გადასულია ქალაქ თბილისში. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე 2015 წლის 30 აპრილს შევსებულ განცხადებაში ოჯახს საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის გამზირი №82. იგივე მისამართია მითითებული 2018 წლის 13 დეკემბერს და 2021 წლის 7 ივნისს მომზადებულ ამონაწერებში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 15 ივლისს შევსებული ფორმა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის შესახებ, რომლის თანახმად, მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ვიზიტი განმცხადებლის მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის №82, სადაც მონიტორინგის ჯგუფს დახვდა ნ. შ-ა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 ივნისის №... და №... წერილების თანახმად, ნ. შ-ას და ფ. გ-ის სახელზე უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 6 ნოემბრის №1789/08 ცნობის შესაბამისად, ფ. გ-ი არ ფლობს საცხოვრებელ ფართს და რაიმე სახის ქონებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოთხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. შ-ას და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება გასაჩივრებული აქტის მიღების საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის განსახლება არ წარმოადგენს ამ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას, რადგან ნ. შ-ას მეუღლეს ლენტეხში აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის თეორიული თუ პრაქტიკული შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე