ბს-291(კ-21) 17 მარტი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ც-ამ 24.08.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილთა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის უარის თქმის თაობაზე მოპასუხის 07.08.2020წ. №03-931/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის და მისი ოჯახის (განცხადებით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.2020წ. გადაწყვეტილებით გ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 07.08.2020წ. №03-931/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ც-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2021წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.2020წ. გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ. ც-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოსარჩელემ, კანონით დადგენილი წესით, წარუდგინა სააგენტოს განცხადება და მოითხოვა მისი ოჯახის უზრუნველყოფა გრძელვადიანი საცხოვრებლით. განცხადების საფუძველზე შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 5 ქულა (1.5 ქულა იმისათვის, რომ მისი ოჯახი ცხოვრობდა ქირის გარეშე ნათესავის ბინაში, 2 ქულა იმისათვის, რომ მოსარჩელე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი, 1.5 ქულა იმისათვის, რომ მოსარჩელე არის ომის ვეტერანი). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. გადაწყვეტილებით, გ. ც-ას აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. იმავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ 3-ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. სადავო ბრძანებით, კომისიის აღნიშული გადაწყვეტილების საფუძველზე, გ. ც-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არც კომისიის 21.07.2020წ. სხდომის ოქმით და საქმეში არსებული არც სხვა მტკიცებულებით დგინდება, რომ 3-ოთახიანი ბინები განაწილდა იმგვარ ოჯახებზე, რომლებიც სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, ნგრევად ან/და საცხოვრებლად უვარგის ფართობში ცხოვრობდნენ. აღნიშნულ ოქმში უბრალოდ მითითებულია, რომ მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა ბინით დაკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. დანარჩენ ოჯახებთან დაკავშირებული მონაცემები დაფარულია. მოსარჩელესთან მიმართებით ჯერ კომისიამ და შემდეგ სააგენტომაც, სადავო ბრძანების გამოცემისას, უგულებელყვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით დადგენილი იმპერატიული წესი, კერძოდ, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების („საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და „სოციალური კრიტერიუმი“) შეფასების შედეგად მინიჭებული ქულების მიხედვით. გამონაკლისს ითვალისწინებს იმავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რაზეც სააგენტომ მიუთითა, თუმცა ვერ დაამტკიცა აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტი და სააგენტოს დაევალა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე 2012 წლიდან ცხროვრობს ნათესავის ბინაში და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს. მართალია, დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, მაგრამ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია პირველ რიგში ამოწმებს მათ საცხოვრებელ პირობებს, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრების და ფაქტიურად საცხოვრებლის გარეშე დარჩენის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში დევნილი ოჯახი არც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება. კასატორმა მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნა, რომ საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და შემდგომ საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მართალია აქვთ საკმარისი ქულათა რაოდენობა საცხოვრებლის მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპისთვის სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ, გააჩნიათ საცხოვრებელი. სასამართლომ პრიორიტეტულობის პრინციპი განმარტა მხოლოდ 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუმცა აღნიშნული პრინციპი უნდა განიმარტოს არა მხოლოდ ცალკეულ მუხლზე დაყრდნობით, არამედ აღნიშნული წესის მიზნის გათვალისწინებით. განმცხადებლის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ იგი ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრობს, რაც მანიშნებელი იყო იმისა, რომ მისი განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. სააგენტო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას საკითხის პრიორიტეტულობის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ დააგროვა 5 ქულა, ის ოჯახთან ერთად 2012 წლიდან ცხოვრობს ნათესავის ბინაში და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს, ამ ხნის მანძილზე შეუზღუდავად სარგებლობს საცხოვრებელი ფართით და უახლოეს მომავალში არ დგას მისი ოჯახის თავშესაფრის გარეშე დარჩენის საშიშროება. კომისიამ სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით განსაზღვრა ოჯახის განსახლების საჭიროება და პრიორიტეტულად არ მიიჩნია მისი მიმდინარე ეტაპზე სასწრაფო განსახლება. მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკითხს არ წარმოადგენდა იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობდნენ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ან/და საცხოვრებლად უვარგის ფართობში, ამდენად, სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ არც კომისიის 21.07.2020წ. სხდომის ოქმით და საქმეში არსებული არც სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ 3-ოთახიანი ბინები განაწილდა იმგვარ ოჯახებზე, რომლებიც სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ან/და საცხოვრებლად უვარგის ფართობში ცხოვრობდნენ, საქმეში არსებულ ფაქტობრივ მოცემულობას და სადავო საკითხს არ შეესაბამება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით გ. ც-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. №36 სხდომის ოქმის თანახმად, ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა გ. ც-ას ოჯახს, რომელიც შეფასებულია 5 ქულით. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 07.08.2020წ. №03-931/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36) გ. ც-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და არ დგას მისი ოჯახის თავშესაფრის გარეშე დარჩენის საშიშროება, უსაფუძვლოა, აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). კასატორი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ხოლო მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ნათესავის ბინაში, რაც სასწრაფო განსახლების საჭიროების არარსებობაზე მიუთითებს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. გადაწყვეტილებით 3-ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება რომ 3-ოთახიანი ბინები განაწილდა იმ ოჯახებზე, რომლებიც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ. ც-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა იმ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი საჭიროების არარსებობის დასაბუთება ვერ უზრუნველყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2021წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი