საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1208 (კ-21) 22 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 30 ივლისს დ. ჭ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, დ. ჭ-ამ მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის MES 7 18 00826904 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დ. ჭ-ას სახელზე გაცემული ... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, შპს „...ის“ მიერ 2011 წელს დ. ჭ-ას სახელზე გაცემული ... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს "...ი".
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჭ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“ და განმარტა, რომ 2005 წლის მდგომარეობით, აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის გადათვლა ფაკულტეტების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით და აბიტურიენტების გადანაწილება კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სახელმწიფო ცნობდა და აღიარებდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა განათლებას და კვალიფიკაციას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 7 თებერვალს შპს „...მა“ დ. ჭ-ას სახელზე გასცა ბაკალავრის დიპლომი ..., მასზედ, რომ შპს „...ის“ სამართლის ფაკულტეტის 2009 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, დ. ჭ-ას მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიაში და ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის დ. ჭ-ას შესახებ მონაცემები არ იძებნება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შპს „...ის“ საარქივო დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის - მ კ-ას მიერ 2018 წლის 15 აგვისტოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილ წერილზე, რომლის მიხედვით, დ. ჭ-ა უნივერსიტეტში ჩაირიცხა 2005 წელს. სასამართლომ ასევე მიუთითა ამავე წერილთან ერთად ცანტრისთვის გადაგზავნილ დ. ჭ-ას უნივერსიტეტში ჩარიცხვის დოკუმენტაციაზე (შპს ,,...ის“ 2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანების ასლი, რომლის საფუძველზეც, შპს ,,...ის“ სხვადასხვა ფაკულტეტის I კურსზე ჩაირიცხნენ აბიტურიენტები, მათ შორის, ჭ- დ.), მისი კურსიდან კურსზე გადაყვანის დამადასტურებელ საბუთებზე და შპს ,,...ის“ 2009 წლის 25 მაისის N112 ბრძანებაზე, რომლითაც დ. ჭ-ა დაშვებული იქნა სახელმწიფო გამოცდებზე. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მითითება იმ გარემოებაზე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი შპს ,,...ის“ 2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანების ასლი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, ვინაიდან არ შეიცავს უფლებამოსილი პირის ხელომოწერას, ამასთან, გაცემულია საარქივო დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის მ კ-ას მიერ და არა 2018 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით შპს ,,...ის“ დირექტორის რ. მ-ას მიერ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დ. ჭ-ას უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დროისთვის შპს ,,...ის“ რექტორი იყო სწორედ მ კ-ა, რომელიც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის წარდგენის დროისთვის იყო ამავე უნივერსიტეტის საარქივო დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირი. საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,...ის“ 2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანება დამოწმებულია სწორედ მისი ხელმოწერით და უნივერსიტეტის ბეჭდით. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში მესამე პირის შპს ,,...ის“ დირექტორის - რ. მ-ას მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ კ-ას განმარტებით, წარდგენილი ბრძანებები არ წარმოადგენს დოკუმენტის დედანს. გარდა ამისა, მითითებული 2004 წლის ბრძანებები არ არის ხელმოწერილი მ კ-ას მიერ, რომელიც იმ პერიოდში იყო უნივერსიტეტის რექტორი. თავის მხრივ, საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარდგენილი ბრძანებების ამონაწერებში ასახული მონაცემები არ არის თანხვედრაში და შეუსაბამობაშია 2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანებასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს „...ში“ დ. ჭ-ას 2004 წელს ჩარიცხვის ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილია შპს „...ის“ 2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანება დ. ჭ-ას პირველ კურსზე ჩარიცხვის თაობაზე, ამასთან ბრძანების ასლის დედანთან სისწორე დადასტურებულია ხელმოწერით და უნივერსიტეტის ბეჭდით, არსებობს საკმარისი საფუძველი იმ გარემოების დასადგენად, რომ დ. ჭ-ა შპს „...ში“ ჩაირიცხა 2005 წელს. შესაბამისად, მოსარჩელე უნივერსიტეტში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
კანონიერ ნდობასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას (სუსგ Nბს-1265(კ-19), 05.03.2020; Nბს-470(კ-19), 23.04.2019; Nბს-812(კ-18), 04.10.2018). სააპელაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ დიპლომის გაცემის მიმართ, ზოგადად, სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, რამეთუ ეს აქტი გამოცემულია დაინტერესებული პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. დ. ჭ-ას ვერ ექნება კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დიპლომის მიმართ. იგი შპს „...ში“ ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, რაც გამორიცხავდა მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჭ-ამ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გასცა პასუხი სააპელაციო საჩივრის თითოეულ არგუმენტს. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი შპს "...ის" ე.წ. "2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანების ასლი" არ შეიცავს უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელს და გვარს, იგი ხელმოუწერელია. ამავდროულად, ბრძანება გაცემულია წარმომადგენლობაზე არაუფლებამოსილი პირის - მ კ-ას მიერ. არ არსებობს ბრძანების დედანიც. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება აქვს დირექტორს. 2018 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით შპს "...ის" დირექტორი იყო რ. მ-ა. შესაბამისად, მხოლოდ მას (და არა მ კ-ას) ჰქონდა უფლებამოსილება, გაეცა უნივერსიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმე მ კ-ას მიერ გაკეთებული განმარტების მიხედვით, 2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანების ტექსტი შეადგინა უნივერსიტეტის თანამშრომელმა - ნუნუ სიხარულიძემ, ეს იყო სამუშაო ვარიანტი, რომელიც შემდეგ შესწორდა და სწორი ვარიანტი აისახა მეხსიერების ელექტრონულ ბარათზე (კომპიუტერში). ასევე, 2018 წლის 15 აგვისტოს წერილი ეყრდნობა სამუშაო ვარიანტს და არ იყო სწორი. მეხსიერების ელექტრონულ ბარათზე არსებული ჩანაწერით დადგენილია, რომ დ. ჭ-ა უნივერსიტეტში ჩაირიცხა არა 2005 წელს, არამედ 2004 წელს. უნივერსიტეტის დირექტორის - რ. მ-ას მიერ სასამართლოში წარმოდგენილი 2004 წლის 17 სექტემბრის N14 ბრძანებიდან გაკეთებული ამონაწერით დასტურდება, რომ დ. ჭ-ა შპს "...ში" ჩაირიცხა 2004 წელს. იგივე დადასტურებულია უნივერსიტეტის დირექტორის - რ. მ-ას მიერ სასამართლოში წარდგენილი 2004 წლის 17 სექტემბრის N14 ბრძანების ასლით და მის მიერ სასამართლოში მიცემული განმარტებით. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულზე არ უმსჯელია, თუმცა ამ ფაქტობრივ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე დაადგინა, რომ დ. ჭ-ა შპს „...ში" ჩაირიცხა 2005 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. უნივერსიტეტის ე.წ. "2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანების" ასლი, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, დაუშვებელი მტკიცებულებაა. გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
კასატორის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების განახლების გარეშე შეიტანა ცვლილებები 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში. დ. ჭ-ას არ აცნობეს ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ, მისთვის არ წარუდგენიათ მოძიებული დოკუმენტები, მხარეს არ მისცემია საშუალება, გამოეთქვა საკუთარი აზრი და წარედგინა საწინაღმდეგო მტკიცებულებები, არ იქნა უზრუნველყოფილი მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ პროცესში. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს აქტის ძალაში დატოვების ნაწილშიც.
კასატორი მიუთითებს, რომ შპს "...ი" დაფუძნებული, ლიცენზირებული და რეგისტრირებული იყო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, როგორც უმაღლესი არასახელმწიფო სასწავლებელი. დ. ჭ-ა 2004 წელს ჩაირიცხა აღნიშნულ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე. 2009 წელს მან დაამთავრა ფაკულტეტის სრული კურსი. 2009 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის ხარისხი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. დ. ჭ-ას სწავლის პერიოდში მოქმედებდა „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 66-ე მუხლი, რომლის თანახმად, შპს "...ი" ითვლებოდა ახლადდაფუძნებულ, ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად და მის მიმართ მოქმედებდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები. მასზე არ ვრცელდებოდა მითითებული კანონის 88-ე მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქცია, რადგან ამ მუხლში ცვლილებები განხორციელდა დ. ჭ-ას სწავლის დამთავრების შემდეგ - 2010 წლის 21 ივლისს. ამდენად, უნივერსიტეტი დ. ჭ-ას დიპლომის გაცემის მომენტში ვერ გაითვალისწინებდა კანონში მომავალში შესატანი ცვლილებების თანამდევ შედეგებს. დ. ჭ-ა ენდობოდა კანონის შესაბამისად განხორციელებული ქმედებების და მათი შედეგების სტაბილურობას.
კასატორის განმარტებით, დიპლომი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება - რეალაქტი, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობა არის ის გარემოება, რომ დიპლომი, რომლის ნამდვილობის აღიარებაზე დ. ჭ-ას უარი ეთქვა, იმ დროს მოქმედმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებულებამ გასცა სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზეა გაცემული. შესაბამისად, მისი ნამდვილობის დადასტურებაზე დ. ჭ-ას ასევე სახელმწიფოს მხრიდან ეთქვა უარი, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის. მოცემულ შეთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას (ბათილად ცნობას) და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტის მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერ ნდობის დამცველობითი ფუნქცია. კასატორის მოსაზრებით, პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც გულისხმობს მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას. დ. ჭ-ამ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, არის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონული სამმართველოს ხაიშის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორი-გამომძიებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი. 2022 წლის 16 მარტს, დ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის მიზნით, დაინიშნა სასამართლო სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დ. ჭ-ას და მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2003 წლის 3 აპრილს, საქართველოს განათლების სამინისტრომ შპს „...ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია N... (...). ამავე უნივერსიტეტს 2011 წლის 7 თებერვალს დ. ჭ-ას სახელზე გაცემული აქვს ბაკალავრის დიპლომი ..., რომლის თანახმად, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის 2009 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, დ. ჭ-ას მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2018 წლის 28 მაისს, დ. ჭ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს და შპს „...ის“ მიერ მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის
დადასტურება მოითხოვა.
დ. ჭ-ას განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის მიერ შედგენილი 2018 წლის 20 ივნისის MES 4 18 00766214 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს „...მა“ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია. აღნიშნული უნივერსიტეტი საქმიანობას ახორციელებს ლიცენზირებულ/ არაავტორიზებულ რეჟიმში.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის MES 7 18 00826904 გადაწყვეტილებით დ. ჭ-ას უარი ეთქვა ... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
2018 წლის 15 აგვისტოს მ კ-ამ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა საარქივო დოკუმენტაცია დ. ჭ-ას შპს „...ში“ სწავლის პერიოდის თაობაზე.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს MES 6 18 01034749 წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ეცნობა, რომ დ. ჭ-ა არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზაში, მონაწილეებს შორის.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 29 აგვისტოს MES 8 18 01052282 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიაში დ. ჭ-ას შესახებ მონაცემები არ იძებნება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს MES 3 18 01042567 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 2018 წლის 28 ივნისის MES 7 18 00826904 გადაწყვეტილებაში. ცენტრმა მიიჩნია, რომ შპს „...ში“ 2005-2009 წლებში (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის საფუძველზე) დ. ჭ-ას სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის ... დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრის მიზანს ემსახურება “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული მიზნებისათვის, კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, შეიქმნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. აღნიშნული კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
ზემოაღნიშნული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის თანახმად კი, საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
მითითებული „წესის“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე (2005 წელს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტირებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს. თავის მხრივ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ განსაზღვრული სიის მიხედვით.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემული სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად, დ. ჭ-ას უნივერსიტეტში ჩარიცხვის ფაქტის დადასტურება, ხოლო ამგვარი წინაპირობების არარსებობისას, მისი უნივერსიტეტში ჩარიცხვის პერიოდის განსაზღვრა. უდავოა, რომ 2005 წლის მდგომარეობით, აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის გადათვლა ფაკულტეტების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით და აბიტურიენტების გადანაწილება კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სახელმწიფო ცნობდა და აღიარებდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა განათლებას და კვალიფიკაციას.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს შპს „...ის“ საარქივო დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის - მ კ-ას 2018 წლის 15 აგვისტოს წერილს, რომლის თანახმად, დ. ჭ-ა უნივერსიტეტში ჩაირიცხა 2005 წელს. აღნიშნულ წერილთან ერთად, მ კ-ას მიერ ცენტრში წარდგენილი იყო შპს ,,...ის“ 2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანების ასლი, რომლის თანახმად, ამ ბრძანების საფუძველზე, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პირველ კურსზე ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის არის დ. ჭ-ა. წერილს ასევე ერთვოდა დ. ჭ-ას კურსიდან კურსზე გადაყვანის დამადასტურებელი საბუთები და შპს ,,...ის“ 2009 წლის 25 მაისის N112 ბრძანება, რომლითაც დ. ჭ-ა დაშვებულ იქნა სახელმწიფო გამოცდებზე. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,...ის“ 2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანება მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, მასზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის არარსებობისა და დოკუმენტის არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემის გამო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ. ჭ-ას უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დროის შპს ,,...ის“ რექტორი იყო მ კ-ა. ამასთან, აღნიშნული პირი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის წარდგენის დროისთვის იყო უნივერსიტეტის საარქივო დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი. 2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანება დამოწმებულია სწორედ მისი ხელმოწერით და უნივერსიტეტის ბეჭდით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, საქმის პირველი ინსტანციით განხილვის დროს, შპს ,,...ის“ დირექტორის - რ. მ-ას მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირის - მ კ-ას განმარტების მიხედვით, წარდგენილი დოკუმენტაცია (2004 წლის ბრძანებები) არ არსებობს დედნის სახით და არ არის ხელმოწერილი მ კ-ას მიერ, რომელიც იმ პერიოდში იყო უნივერსიტეტის რექტორი. თავის მხრივ, საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარდგენილი ბრძანებების ამონაწერებში ასახული მონაცემები შეუსაბამობაშია როგორც ამავე ბრძანებებით დაფიქსირებულ მონაცემებთან, ასევე 2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანებასთან. ამდენად, საქმეში არსებული სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს „...ში“ დ. ჭ-ას 2004 წელს ჩარიცხვის ფაქტი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოადგინა შპს „...ის“ 2005 წლის 30 სექტემბრის N32 ბრძანება დ. ჭ-ას პირველ კურსზე ჩარიცხვის თაობაზე. ბრძანების ასლის დედანთან სისწორე დადასტურებულია ხელმოწერით და უნივერსიტეტის ბეჭდით. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი იმ გარემოების დასადგენად, რომ დ. ჭ-ა შპს „...ში“ ჩაირიცხა 2005 წელს. მოსარჩელე უნივერსიტეტში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად აღნიშნა, რომ მართალია, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დიპლომის გაცემასთან მიმართებაში მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი, თუმცა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონიერი ნდობა გამოირიცხება, რამდენადაც შესაბამისი აქტი გამოცემულია დაინტერესებული პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. დ. ჭ-ა შპს „...ში“ ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, რაც გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინება;
3. დ. ჭ-ას (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 11 იანვარს N12377117457 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე