Facebook Twitter

№ბს-534(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 23 ოქტომბერს გ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გ. ხ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით გ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება და საქმე სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2019 წლის 4 აპრილს გ. ხ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისა და მასზე შესაბამისი დოკუმენტების გაცემის დავალება მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ სრულად იზიარებდა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებას. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტ გ. ხ-ის განმარტებით დადგენილი იყო, რომ სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა დროებითი რეგისტრაციის შესახებ და მას უკვე ჰქონდა დროებითი პირადობის მოწმობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ხ-ის მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მე-3, მე-6 და 22-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ 2010 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობს ...ის რაიონის სოფელ ...ში, სადაც მდებარე სახლი წარმოადგენს მის სამკვიდრო ქონებას და მისი რეგისტრაცია დამოკიდებულია მოსარჩელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობაზე. გ. ხ-ი რეგისტრაციას ითხოვს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით. კასატორის განმარტებით, მას შეზღუდული აქვს საკუთრების, სამედიცინო მომსახურების მიღებისა და სხვა უფლებები.

კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უბიძგებს ბათილი გარიგების დადებისაკენ, რადგან იძულებულია უცხო პიროვნებას შეუთანხმდეს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, რათა განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მოსარჩელის რეგისტრაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით გაიოზ ხარაიშვლს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს №681192/გ გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის" მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე გ. ხ-ი მოიხსნა რეგისტრაციიდან. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისა და მასზე შესაბამისი დოკუმენტების გაცემის მოთხოვნით. მოპასუხის მიერ განმცხადებელს განემარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების საფუძველზე მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრე არ არის, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, განცხადებას უნდა ერთვოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო მოიხსნა რეგისტრაციიდან და ზემოხსენებული ბრძანების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეუჩერდა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული საფუძვლით პირადობის მოწმობის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში მისი მოქმედება განახლდება პირის რეგისტრაციისთანავე. ამდენად, გ. ხ-ის პირადობის მოწმობის მოქმედების განახლება დამოკიდებული იყო მის მიერ საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაციის გავლაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებისმე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. ამავე ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.გ’’ პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას საქართველოს მოქალაქემ ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში უნდა წარადგინოს, საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის რეგისტრაციის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) ან საკუთრების ფაქტი გადამოწმდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საკუთრების ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობისას). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისათვის კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნით დადგენილი დოკუმენტები, რაც გამორიცხავდა მის რეგისტრაციას და შესაბამისად, მისი პირადობის მოწმობის მოქმედების განახლების შესაძლებლობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს მამაპაპისეულ უძრავ ქონებაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს პირის რეგისტრაციისათვის, საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა. ამასთან, დადგენილია ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა დააკმაყოფილა გ. ხ-ის მოთხოვნა დროებითი რეგისტრაციის შესახებ და მის სახელზე გაიცა დროებითი პირადობის მოწმობა, რაც მას აძლევს მისი უფლებების სათანადოდ და სრულად რეალიზების საშუალებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. ხ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. გ. ხ-ს (პ/ნ ...) დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი