Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-11(კს-22) 16 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ლ. ხ-ა

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი - მ. ჩ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 20 ივლისს, ლ. ხ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის N159 საკუთრების უფლების მოწმობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 10 მარტის N487 ოქმის ბათილად ცნობა, მ. ჩ-ის ნაწილში (საკითხი 45).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა ლ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 63-ე 70-74-ე მუხლებზე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი, ლ. ხ-ას მიერ 2019 წლის 30 მაისს განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობით დადასტურებულად ჩათვალა, რომ ადვოკატი დ. ნ-ი არის ლ. ხ-ას წარმომადგენელი. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ლ. ხ-ას წარმომადგენელს - დ. ნ-ს, საქმეში მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი შესაბამის მისამართზე ჩაბარდა დ. ნ-ის ოჯახის სრულწლოვან წევრს - ზ. კ-ს (რძალს), 2021 წლის 17 აგვისტოს. შეტყობინების ბარათზე გზავნილის მიმღები პირის სახელი და გვარი მითითებულია როგორც გარკვევით, ისე შტრიხული ხელრთვის სახით. გარკვევით არის მითითებული გზავნილის ჩაბარების თარიღი, ჩამბარებელი პირის პირადი ნომერი და ადრესატრთან დამოკიდებულება. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, უდავოდ დადგენილია, რომ ლ. ხ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, აღნიშნული დადასტურებულია უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. სასამართლოს განმარტებით, განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსთვის, ისე მხარებისთვის. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა შუამდგომლობით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არამხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება, სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალებას - უფლებას რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა ლ. ხ-ამ საპროცესო უფლების რეალიზება არ მოახდინა კანონისმიერ ვადაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 17 აგვისტოს, გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი იმპერატიულად აწესებს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ შეიძლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე საჩივარი (თავისი შინაარსით კერძო საჩივარი) წარმოადგინა ლ. ხ-ას წარმომადგენელმა დ. ნ-მა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებაში მოყვანილი არგუმენტები არ შეესაბამება სინამდვილეს. დ. ნ-ი მიუთითებს, რომ მას ჰყავს ორი შვილი - ნ. ნ-ი და ს. ნ-ი. ზ. კ-ი არ არის მისი რძალი. აღნიშნულ პირს დაქირავებული აქვს სასტუმრო „...ა“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ...ის ქუჩა N9-ში. იმავე მისამართზე, გვერდით არის განთავსებული დ. ნ-ის საადვოკატო ბიურო. 2021 წლის 17 აგვისტოს კურიერის მიერ ზ. კ-ისათვის ჩაბარებული გზავნილი დ. ნ-ს არ გადასცემია, შესაბამისად, მან არ იცოდა გზავნილის არსებობის შესახებ. 2021 წლის 18 აგვისტოს დაუდგინდა კორონავირუსი, რის გამოც, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ხოლო 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე იმყოფებოდა საავადმყოფოში. ამდენად, იგი 2021 წლის 17 აგვისტოს არ იმყოფებოდა ოფისში, ამასთან, ზ. კ-ს გზავნილი მისთვის არ გადაუცია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის პირველი თებერვლის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ხ-ას კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისაგან განსხვავებით, საპროცესო კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს კანონისმიერი ვადის გაგრძელებას (აღდგენას), მათ შორის, დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი). კონკრეტულად სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების ან აღდგენის შეუძლებლობას შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი. კერძოდ, 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მისი ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის ინტერესს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, რომლის მიღების საფუძველიც გახდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენა კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კანონით დადგენილი წესით მოსარჩელის წარმომადგენლისათვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებისა და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობის პირობებში, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის გასაჩივრებას დაქვემდებარებული სასამართლო დოკუმენტის გაგზავნას შეეხება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლი. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ამასთანავე, მხარისათვის სასამართლო დოკუმენტის გაგზავნა-ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხების დეტალურ მოწესრიგებას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მითითებული კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 30 მაისს განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობით, მოსარჩელე ლ. ხ-ას ადვოკატ დ. ნ-ისათვის მინიჭებული აქვს ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების (მათ შორის - სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების) უფლებამოსილება. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გაეგზავნა მოსარჩელის წარმომადგენლისათვის. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ლ. ხ-ას წარმომადგენელს - დ. ნ-ს, საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე. გადაწყვეტილების ასლი 2021 წლის 17 აგვისტოს შესაბამის მისამართზე ჩაიბარა ზ. კ-მა, რომელიც ჩაბარების დამადასტურებელ შეტყობინების ბარათზე ფიქსირდება, როგორც დ. ნ-ის რძალი. შეტყობინების ბარათზე მითითებულია გზავნილის მიმღები პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ხელმოწერა. გარკვევით არის მითითებული გზავნილის ჩაბარების თარიღი და ადრესატრთან დამოკიდებულება. ამდენად, საფოსტო შეტყობინების ბარათზე მითითებულია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამ პირობებში, მოსარჩელე მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 18 აგვისტოდან და ამოიწურა 2021 წლის 31 აგვისტოს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2021 წლის 6 სექტემბერს, ანუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას გზავნილის მიმღებ პირთან - ზ. კ-თან კავშირის არარსებობასა და მისგან გზავნილის გადაცემის ფაქტის უარყოფის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. არ დგინდება, რომ კორესპონდენციის ჩამბარებელ პირს კავშირი არ ჰქონდა დ. ნ-ის მისამართთან. ამდენად, გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის შინაარსის გათვალისწინებით, მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ ადასტურებს გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ შეტყობინებაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების არქონას. საყურადღებოა, რომ საქმის მასალების მიხედვით, დ. ნ-ის მისამართზე, საქმის წარმოების მიმდინარეობისას, ზ. კ-ს ჩაბარებული აქვს სხვა გზავნილებიც და აღნიშნულზე ადრესატს პრეტენზია არ გამოუთქვამს (საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათებით დგინდება, რომ დ. ნ-ის მიერ მითითებულ ერთადერთ მისამართზე გაგზავნილი განჩინება სარჩელზე ხარვეზის დადგენის შესახებ, ასევე განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის შესახებ, ჩაბარებული აქვს ზ. კ-ს. (ს.ფ. 41, 66). ამდენად, უნდა ჩაითვალოს, რომ დ. ნ-ისათვის გაგზავნილი სასამართლო დოკუმენტი ჩაბარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

რაც შეეხება ვადის დარღვევით სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის მიზეზად კერძო საჩივრის ავტორის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის მითითებას: როგორც აღინიშნა, კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა. გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს ავალდებულებს, მიიღოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საყურადღებოა, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოში 2021 წლის 6 სექტემბერს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დ. ნ-ის მიერ ხელმოწერილია 2021 წლის 25 აგვისტოს. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტის უარყოფის მიუხედავად, უდავოა, რომ წარმომადგენელს კანონით დადგენილ ვადაში აქვს შედგენილი გასაჩივრების ამსახველი დოკუმენტი, თუმცა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი აქვს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რომლის აღდგენაც დაუშვებელია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ლ. ხ-ას წარმომადგენლის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ არის რეალიზებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება, ლ. ხ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 60-61-ე, 63-ე 70-74-ე, 284-285-ე, 369-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ხ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე