Facebook Twitter

№ბს-86(კ-22) 16 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ზ-ე, თ. ხ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ზ-ემ და თ. ხ-მა 2020 წლის 20 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 ოქტომბრის №03/15806 ადმინისტრაციული აქტი - წერილი, რომლითაც მ. ზ-ეს უარი ეთქვა 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში დამისამართებულ დევნილად ცნობის შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება მ. ზ-ის მოთხოვნა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 16 ოქტომბრის N03/15877 ადმინისტრაციული აქტი - წერილი, რომლითაც თ. ხ-ს უარი ეთქვა 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში დამისამართებულ დევნილად ცნობის შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება თ. ხ-ის მოთხოვნა;

სარჩელის თანახმად, 2020 წლის 24 სექტემბერს მ. ზ-ემ და თ. ხ-მა განცხადებებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვეს ისინი სააგენტოს მიეჩნია 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში დამისამართებულ დევნილებად, რაც მათ შემდგომში შეუქმნიდა თბილისში საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე მოთხოვნის დადგენილი წესით წარდგენის იურიდიულ საფუძველს. 2020 წლის 29 ოქტომბერს მ. ზ-ესა და თ. ხ-ს ჩაბარდათ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 ოქტომბრითა და 16 ოქტომბრით დათარიღებული №03/15806 და №03/15877 ადმინისტრაციული აქტები - წერილები, რომელთა თანახმადაც საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4 პუნქტზე მითითებით, მ. ზ-ეს და თ. ხ-ს უარი ეთქვათ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის და თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტოს 2020 წლის 15 ოქტომბრის №03/15806 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტოს, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ზ-ის განცხადებასთან დაკავშირებით; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტოს 2020 წლის 16 ოქტომბრის №03/15877 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. ხ-ის განცხადებასთან დაკავშირებით; გ) მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტოს დაეკისრა მოსარჩელეების - მ. ზ-ის და თ. ხ-ის სასარგებლოდ მათ მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებზე, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის 21-ე პუნქტზე, მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 24 სექტემბრის განცხადებების (№40371 და №40373) შინაარსით ირკვევა, მოსარჩელეები ითხოვდნენ ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევას 2013 წლის პირველ ივნისამდე, რათა შემდგომში განხორციელებულიყო მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და აღნიშნულ ეტაპზე, მათ მოთხოვნას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, როგორც სადავო აქტებით დგინდება, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა არსებობდა თუ არა მოსარჩელეების 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის საფუძველი და მიუთითა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, „ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის პირველ ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში“.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის №03-472/ო ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაზე“ და განმარტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენს დევნილთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებაზე, მასში დაცული მონაცემების ფორმირებაზე, დახვეწაზე, ცვლილებების შეტანაზე და დაცვაზე უფლებამოსილ ორგანოს და ამასთან, სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეების 2020 წლის 24 სექტემბრის განცხადებებში მითითებული მოთხოვნა (2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევა) მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს წარმოადგენდა, სადავო აქტები არ შეიცავს მსჯელობას მ. ზ-ის და თ. ხ-ის 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტში და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4 პუნქტში ასახული რეგულაციის მიღებისას კანონმდებლის მიზანს წარმოადგენდა დევნილი ოჯახის იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი; კანონმდებელმა განსაზღვრა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ისინი ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფითი პირობებით არიან ადაპტირებულნი და დაკავშირებულნი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობაში დროებითი საცხოვრებელი ადგილის გაიგივება რეგისტრაციის ადგილთან („დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის მე-18 პუნქტი). ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა, რამდენად არსებობდა მოსარჩელეების 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შესწავლილა და არ შეფასებულა, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა განიხილოს მ. ზ-ის და თ. ხ-ის 2020 წლის 24 სექტემბრის განცხადებები (№40371 და №40373) და აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით, საკითხის სათანადო შესწავლა-გამოკვლევის შემდეგ, მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მოსარჩელეების 2020 წლის 24 სექტემბრის №40371 და №40373 განცხადებებით დაყენებულ მოთხოვნებთან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა. ასევე, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

კასატორის მითითებით მოსარჩელეთა რეალურ მიზანს წარმოადგენს თბილისში საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რაშიც ხელს უშლის თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე დაურეგისტრირებლობა. მხარეებს აღნიშნული ეწერათ კიდეც თავიანთ განცხადებაში. რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით სასარჩელო წარმოების დაწყების საფუძველს სწორედ თბილისში საცხოვრებლით შემდეგი უზრუნველყოფა წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეებისთვის, 2013 წლის 1 ივნისამდე იქნებოდნენ თბილისში რეგისტრირებული თუ 2017 წლიდან, არსებითად არაფერს ცვლიდა. ამდენად, სააგენტოს პასუხი, რომ ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხორებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში სრულად შეესაბამებოდა და პასუხობდა მხარეთა მიერ განცხადებაში დასმულ საკითხებს. მხარეებს, ასევე განემარტათ და მიეთითათ ის სამართლებრივი ნორმები და ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მათ ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულად მიჩნევას.

ვინაიდან მ. ზ-ე და თ. ხ-ი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად თბილისში რეგისტრირებული არიან 2013 წლის 1 ივნისის შემდგომ სააგენტოს ზემოთ მითითებული აქტის საფუძველზე არ აქვს კანონიერი უფლება მ. ზ-ე და თ. ხ-ი ჩათვალოს 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში დამისამართებულად.

ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოების დაწყების საფუძველია მხარის განცხადება. სამინისტრო თავისი სურვილით, ბენეფიციარის მოთხოვნის გარეშე ვერ განახორციელებს რეგისტრაციის ცვლილებას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს ადმინისტრაციული საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარდგენა. შესაბამისად, როდესაც მხარეებმა მომართეს სააგენტოს განცხადებით ქ. თბილისში დამისამართების მოთხოვნით, სააგენტომ განახორციელა დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილება. მხარეთა მომართვა და შესაბამისად ცვლილება ბაზაში განხორციელდა 2017 წელს. ამდენად, ცალსახა და ნათელია რომ 2013 წლის 1 ივნისამდე მხარე თბილისში რეგისტრირებულად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს არ ატარებს, მითუმეტეს, რომ დევნილი ოჯახების განსახლება ხდება მათი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით მოსარჩელე მისი ოჯახის წევრებთან ერთად თბილისში დამისამრთებულია 2017 წლიდან. მ. ზ-ემ 2017 წლის 2 აგვისტოს მიმართა სამინისტროს №37164/01 განცხადებით მისი და მისი ოჯახის წევრების ქ. თბილისში რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დარეგისტრირდა კიდეც მოთხოვნილ მისამართზე და ბაზაში განხორციელდა ცვლილება. შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოცემულ აქტში ცალსახად ჩანს თუ რა გახდა მ. ზ-ის და თ. ხ-ის 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად არ მიჩნევის საფუძველი. თავად მხარის მიერ მხოლოდ და მხოლოდ 2017 წელს განცხადების წარდგენა ართმევს მას სამართლებრივ საფუძველს მიჩნეულ იქნეს 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულად. დევნილთა 2013-2014 წლის სავალდებულო რეგისტრაციის გავლის დროსაც მხარეებს არ მოუთხოვიათ მისამართის ცვლილება და მათთვის ცნობილი იყო, რომ რეგისტრაციის მისამართად ქ. თბილისი არ უფიქსირდებოდათ.

კასატორი არ ეთანხმება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს და მიაჩნია დაკისრებული თანხის ოდენობა არაგონივრულია იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი არ არის განსაკუთრებული სირთულის კატეგორიის. ამასთან, ჩატარდა მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომა, რომელიც იყო მოსამზადებელი და ამავე სხდომაზე პროცესი გადაიზარდა მთავარ სხდომაში, რომელიც გაგრძელდა მხოლოდ ერთი საათი. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ თანხის დაკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს აწვება ფინანსურ ტვირთად და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით 200 ლარს არ აღემატება დაკისრებული საადვოკატო მომსახურების ხარჯი, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაეკისრებინა საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება მოპასუხისათვის, რადგან სააგენტოს აქტი კანონიერია და მხარეს სააგენტოს მოქმედებით ზიანი არ მისდგომია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა მოსარჩელეთა მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ. ზ-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის - ცხინვალი, ...ის ქ. კორ. 19, ბ. 9, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - ქ. თბილისი, ..., ...ის გამზ. კორ. 7, ბ. 32.

დადგენილია, რომ 2020 წლის 24 სექტემბერს მ. ზ-ემ №40371 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში დამისამართებულ დევნილად ცნობა მოითხოვა, რათა განხორციელებულიყო მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ქ. თბილისში.

დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 ოქტომბრის №03/15806 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ. ზ-ეს ეცნობა, რომ სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით მ. ზ-ე ოჯახის წევრებთან ერთად 2017 წლის სექტემბრის თვიდან იყო დამისამართებული ქ. თბილისში, ...ის გამზ. კორ. №7, ბ. №32. ამავე წერილით სააგენტომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის პირველ ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში“.

დადგენილია, რომ მოსარჩელე - თ. ხ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის - ცხინვალი, ...ის ქ. კორ. 19, ბ. 9, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - ქ. თბილისი, ..., ...ის გამზ. კორ. 7, ბ. 32.

დადგენილია, რომ 2020 წლის 24 სექტემბერს თ. ხ-მა №40373 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში დამისამართებულ დევნილად ცნობა მოითხოვა, რათა განხორციელებულიყო მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ქ. თბილისში.

დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 16 ოქტომბრის №03/15877 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ. ხ-ს ეცნობა, რომ სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით თ. ხ-ი ოჯახის წევრებთან ერთად 2017 წლის სექტემბრის თვიდან იყო დამისამართებული ქ. თბილისში, ...ის გაზ. კორ. №7, ბ. №32. ამავე წერილით სააგენტომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის პირველ ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში“.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის №03-472/ო ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებიდან“ გამომდინარე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენს დევნილთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებაზე, მასში დაცული მონაცემების ფორმირებაზე, დახვეწაზე, ცვლილებების შეტანაზე და დაცვაზე უფლებამოსილ ორგანოს და სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცებულია დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი.

აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ წესის მიზნებისთვის სააგენტო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო;

ამავე მუხლის ,,თ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტების შესაბამისად (თ) დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სააგენტოში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; (ი) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

ამავე წესის მე-2 მუხლის 33-ე და 36-ე პუნქტების თანახმად, (33) დევნილი უფლებამოსილია მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია და წერილობითი ფორმით მოითხოვოს შესწორების შეტანა მის შესახებ არსებულ პერსონალური (საიდენტიფიკაციო) ხასიათის მონაცემებში; (36) მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება სააგენტოს დირექტორის თანხმობით დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-4 მუხლის მე-18, მე-19 და მე-20 პუნქტების შესაბამისად (18) დევნილის რეგისტრაციის ადგილი განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა. რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება როგორც დევნილის რეგისტრაციის ადგილი, ასევე მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. (19) მონაცემთა ბაზაში დევნილის დევნილის რეგისტრაციის ადგილი მიეთითება შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის მისამართით. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, რეგისტრაციის ადგილად მიეთითება აგრეთვე შესაბამისი ობიექტის სახელწოდება. მონაცემთა ბაზაში დევნილის დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მიეთითება შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის მისამართით. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მიეთითება აგრეთვე შესაბამისი ობიექტის სახელწოდება. (20) რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზაში, დევნილის განცხადების საფუძველზე დევნილის რეგისტრაციის ადგილის შეცვლა ხორციელდება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის საფუძველზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით ასევე დამტკიცებულია დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი, რომლის მე-3 მუხლის შესაბამისად მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის თანხმობით სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ზემოდასახელებული კანონქვემდებარე ნორამტიული აქტის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მ. ზ-ე და თ. ხ-ი უფლებამოსილნი იყვნენ განცხადებით მიემართათ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის და მოეთხოვათ შესწორების შეტანა მათ შესახებ არსებულ პერსონალური (საიდენტიფიკაციო) ხასიათის მონაცემებში, რომელიც მათ შორის მოიცავს მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას, რაც ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 24 სექტემბერს მ. ზ-ემ და თ. ხ-მა №40371 და №40373 განცხადებებით მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში დამისამართებულ დევნილად ცნობა მოითხოვეს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2. ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან), დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეთა საცხოვრებელი ადგილის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხემ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ეტაპზე, მოსარჩელეთა მოთხოვნას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ წარმოადგენდა, სწორედ ამ თვალსაზრისით იმსჯელა მ. ზ-ის და თ. ხ-ის №40371 და №40373 განცხადებებზე და მიუთითა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, „ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის პირველ ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში“.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია და დაედგინა არსებობდა თუ არა მოსარჩელეების 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის საფუძველი, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა განიხილოს მ. ზ-ისა და თ. ხ-ის განცხადებები და მითითებულ განცხადებებთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორი საკასაციო საჩივრით სადაოდ ხდის მოსარჩელეების სასარგებლოდ დაკისრებული საპროცესო ხარჯების ოდენობას, კერძოდ, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტოს დაეკისრა მოსარჩელეების - მ. ზ-ის და თ. ხ-ის სასარგებლოდ მათ მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია საპროცესო ხარჯებთან, კერძოდ, სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსსკ-ის 37.3 მუხ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მართალია, ზოგადი წესის მიხედვით ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია. იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ., №ბს-1330-1315(კ-11); 30.10.2015წ. №ას-444-423-2015; 25.03.2016წ. №ას-12-12-2016წ., 17.01.2019წ. №ბს-809-805(3კ-17); 07.02.2019წ. №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილებები).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარწმუნებელსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველი დავალების ხელშეკრულებაა (სსკ-ის 709-ე მუხ.). მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სსკ-ის 710-ე მუხ.). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რაც შესაძლოა განხორციელდეს წინასწარ, პერიოდულად ან შემდგომში, პრეზუმირებულია. იურიდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო დამტკიცებას საჭიროებს. ამასთან, ვინაიდან მინდობილობის შინაარსი და დავალების შინაარსი არ არის ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტი, არ გამოირიცხება მათი ერთ დოკუმენტში - მინდობილობაში მოქცევა (სუს 17.01.2019წ. №ბს-809-805(3კ-17); 07.02.2019წ. №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილებები).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით (იხ. ს.ფ. 48-49) დასტურდება, რომ ადვოკატის მომსახურების ხარჯი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.

საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მოთხოვნებით, აგრეთვე მხედველობაში იღებს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს. ამასთან, საპროცესო ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს საქმეზე დამდგარი საბოლოო შედეგის მიხედვით, სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი საქმიანობის შედეგის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამის ნაწილში არსებობდა ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების წინაპირობაც. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების, ასევე დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტოს მოსარჩელეების სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე