Facebook Twitter

№ბს-1077(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებისგაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ჯ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 23 თებერვალს ზ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-64/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ზ. ჯ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-64/ო ბრძანება და მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოსარჩელე ზ. ჯ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ზ. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა (...ის ქუჩა) №17-ში მდებარე ...ი წარმოადგენს ნგრევად ობიექტს. 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე განხილული იქნა ზ. ჯ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი კრიტერიუმების გარეშე, ნგრევად შენობაში (ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა (...ის ქუჩა) №17) დევნილი ოჯახის ცხოვრების საფუძვლით, თუმცა მას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ შენობაში.

ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ზ. ჯ-ას გრძელვადიანი ფართის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ მონიტორინგის ჯგუფმა ორჯერ განახორციელა ვიზიტი მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე, თუმცა იგი არცერთხელ არ დახვდათ ადგილზე, საქმეში წარმოდგენილი გასაუბრების ოქმისა და აღწერის ფორმის თანახმად, მოსარჩელე იმყოფებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე დაღუპული შვილების საფლავზე, თუმცა ქვეყანაში არსებული პანდემიისა და რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საზღვრები დაიკეტა, რის გამოც მისი ზუგდიდში დროულად დაბრუნება ვერ მოხდა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ზ. ჯ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს წარმოადგენს ქ. ზუგდიდი, ...ი (...ასთან), ხოლო მოქმედი სარეიტინგო ქულა არის 20810. საქმეში წარმოდგენილი „...ას“ აბონენტის ბარათის თანახმად, ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა №17, ბინა №7-ზე - 2017 წლიდან 2020 წლის 28 დეკემბრამდე ფიქსირდება ელექტროენერგიის ხარჯი სხვადასხვა ოდენობით, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ასევე ადასტურებს მისამართზე ცხოვრების ფაქტს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვალდებული იყო სადავო საკითხი გამოეკვლია ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებებზე დაყრდნობით. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა ზ. ჯ-ას ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი, თუ სად შეიძლება ეცხოვრა მოსარჩელეს, თუ არა აღნიშნულ მისამართზე.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია მონიტორინგის ჯგუფს მისამართზე არ დახვდათ მოსარჩელე მხარე, თუმცა იქ მყოფი ბიძაშვილისა და მეზობლის განმარტებით, იგი დროებით არ იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, მაგრამ დევნილობის მთელი პერიოდის მანძილზე იგი მარტო ცხოვრობდა ...ში, რაც შემდგომში სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ხელწერილებითაც იქნა დადასტურებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ზ. ჯ-ა პანდემიის დაწყებამდე ბევრად ადრეა წასული აფხაზეთში და ახლა შექმნილ ვითარებას თავის სასარგებლოდ იყენებს. მათ შორის ყველასათვის ცნობილ ინციდენტს რომელიც საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთის დროს მოხდა. ასევე, მითითებულ ნგრევად ობიექტში „...ას“ აბონენტად რეგისტრაცია არ გულისხმობს ცალსახად იმას, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებელს. შესაბამისად, მითითებულ მისამართზე მცირე ოდენობით ელექტროენერგიის ხარჯვის ფაქტის დაფიქსირება არ ნიშნავს, რომ იქ ცხოვრობს ზ. ჯ-ა და სწორედ მის მიერ მოხდა ელექტრო ენერგიის გახარჯვა.

კასატორი მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მონიტორინგის აღწერის ოქმზე, რომელიც შედგენილია ნგრევად ობიექტში, კერძოდ იმ მისამართზე და იმ ოთახში, სადაც წესით მონიტორინგის სამსახურს უნდა დახვედროდა ზ. ჯ-ა. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს ზ. ჯ-ას ნაცვლად დახვდათ მოსარჩელის ბიძაშვილი რ. ჯ-ა, რომელმაც განმარტა, რომ ზ. ჯ-ა იმყოფება აფხაზეთში, წავიდა პანდემიამდე და აღარ დაბრუნდა. აქვე რ. ჯ-ამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში ცხოვრობს ზ. ჯ-ას ძმა - დ. ჯ-ა.

შესაბამისად, კასატორი უთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე და სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე და აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან სააგენტოს ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება, სხვა მის ხელთ არსებული საშუალება არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ზ. ჯ-ა არის იძლებით გადაადგილებული პირი - დევნილი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ზ. ჯ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს წარმოადგენს ქ. ზუგდიდი, ...ი (...ასთან), ხოლო მოქმედი სარეიტინგო ქულა არის - 20810. ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა (...ის ქუჩა) №17-ში მდებარე ...ი, სადაც ზ. ჯ-ა ცხოვრობს წარმოადგენს ნგრევად ობიექტს.

2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე განხილული იქნა ზ. ჯ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი კრიტერიუმების გარეშე, ნგრევად შენობაში (ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა (...ის ქუჩა) №17) დევნილი ოჯახი ცხოვრების საფუძვლით, თუმცა მას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ შენობაში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მოსარჩელის - ზ. ჯ-ას ნგრევად შენობაში ფაქობრივად არ ცხოვრების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი გასაუბრების ოქმისა და აღწერის ფორმის თანახმად, იმ დროისათვის, როდესაც მონიტორინგის ჯგუფმა ორჯერ განახორციელა ვიზიტი ზ. ჯ-ას საცხოვრებელ ადგილზე, იგი იმყოფებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე დაღუპული შვილების საფლავზე, თუმცა ქვეყანაში არსებული პანდემიისა და რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საზღვრები დაიკეტა, რის გამოც მისი ზუგდიდში დროულად დაბრუნება ვერ მოხდა. ასევე, საქმეში წარმოდგენილი „...ას“ აბონენტის ბარათის თანახმად, ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა №17, ბინა №7-ზე - 2017 წლიდან 2020 წლის 28 დეკემბრამდე ფიქსირდება ელექტროენერგიის ხარჯი სხვადასხვა ოდენობით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის რაიმე საკუთრება მოსარჩელის - ზ. ჯ-ს სახელზე არ ირიცხებოდა. საკასაციო სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი