Facebook Twitter

ბს-745(2კ-19) 27 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - ს. ტ-ი, ე. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს პარლამენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2019წ. განჩინება

განსახილველი საგანი - სარჩელის გამოხმობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

19.05.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელი მიმართა ს. ტ-მა მოპასუხის საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეროვნულ ბანკში შექმნილი ...ოს საბჭოს წევრად არჩევიდან (...წ.) სააგენტოს გაუქმებამდე (...წ.) კუთვნილი ანაზღაურება ... ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2017წ. განჩინებით ს. ტ-ის სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.2017წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს პარლამენტი.

09.08.2017წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად მოპასუხედ მიუთითა საქართველოს პარლამენტი.

25.07.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელი მიმართა ე. გ-ამ მოპასუხის საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეროვნულ ბანკში შექმნილი ...ოს საბჭოს წევრად არჩევიდან (...წ.) სააგენტოს გაუქმებამდე (...წ.) კუთვნილი ანაზღაურება ... ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.08.2017წ. განჩინებით ე. გ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2017წ. განჩინებით ერთად წარმოებად, ერთად განხილვისათვის გაერთიანდა საქმეები: №3-3817/17წ. (მოსარჩელე - ს. ტ-ი, მოპასუხეები - საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს პარლამენტი) და №3-5706/17წ. (მოსარჩელე - ე. გ-ა, მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილებით ს. ტ-ის და ე. გ-ას სარჩელები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ტ-ის და ე. გ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2019წ. განჩინებით ს. ტ-ის და ე. გ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ტ-ის და ე. გ-ას მიერ.

20.07.2021წ. ე. გ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსსკ-ის 831 მუხლის შესაბამისად მოითხოვა სარჩელის გამოხმობა. 17.09.2021წ. უზენაეს სასამართლოში შემოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა ე. გ-ას განცხადებას სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ე. გ-ას განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ე. გ-ას სარჩელი დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში ე. გ-ამ განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკი წერილობით დაეთანხმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის გამოხმობის თაობაზე ე. გ-ას განცხადება აკმაყოფილებს სსკ-ის 831 მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, ე. გ-ას სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ე. გ-ას სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) გამოტანილი გადაწყვეტილებები გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. გ-ას განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2019წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ე. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

3. ე. გ-ას სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ დარჩეს განუხილველი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე