Facebook Twitter

№ბს-8(კ-22) 23 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 5 ნოემბერს თ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 ოქტომბრის №03/15476 წერილობითი მიმართვა საგრანტო კონკურსში მოსარჩელე თ. ა-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელე თ. ა-ას მიერ საგრანტო კონკურსში წარდგენილი განცხადება.

სარჩელის თანახმად, თ. ა-ა იძულებით გადაადგილებული პირია. მან მონაწილეობა მიიღო „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსში“. მოსარჩელის მიერ კონკურსში წარდგენილი განაცხადი განხილულ იქნა 2020 წლის 8 სექტემბერს და შეფასდა 2.28 ქულით, რასაც იგი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მის მიერ დაცული იყო კონკურსის ყველა მოთხოვნა და პროცედურა, თუმცა მასალები არ გამოკვლეულა სრულყოფილად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით თ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით თ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1 მუხლზე და განმარტა, რომ საგრანტო თანხების კონკრეტული სუბიექტისათვის გადაცემით ხორციელდება გრანტის მიმღების წინასწარ განსაზღვრულ მიზანზე დაფუძნებული ფინანსური მხარდაჭერა და არა აღნიშნული სუბიექტის დაუსაბუთებელი დაფინანსება. შესაბამისად, გრანტის გაცემის დროს გადამწყვეტია საგრანტო თანხების მიზნობრივი გამოყენების დასაბუთება, გრანტის მიმღების გამოცდილება, ცოდნა და უნარი იმ საქმიანობაში, რომელსაც გეგმავს გრანტის მიღებისას, საქმიანობის განხორციელებადობისა და მდგრადობის, საქმიანობის რისკების, შესაძენად მოთხოვნილი ტექნიკა-დანადგარების საჭიროების დასაბუთება.

პალატამ განმარტა, რომ საგრანტო განაცხადის შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საგრანტო პროგრამით განისაზღვრება ინდივიდუალურად. მოცემულ შემთხვევაში, საგრანტო პროგრამის თანახმად, განაცხადის შეფასება ხორციელდებოდა ქულათა სისტემით, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. პროგრამის აღწერაში დეტალურადაა განმარტებული, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული პუნქტი. ჩამოთვლილი კრიტერიუმების უმრავლესობა არის შეფასებითი კატეგორია, ხოლო საგრანტო განაცხადის თითოეული კრიტერიუმის შეფასება საგრანტო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საგრანტო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასება კი, სცდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რამდენადაც იგი მიღებულია კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიის საქმიანობაში არ გამოვლენილა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია მითითებული წესით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, გამოცემულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის თ. ა-ას საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მისი განაცხადის წარმატებულობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა ქულას დააგროვებდა 6 სხვადასხვა კომპონენტში. დადგენილი კრიტერიუმების უმრავლესობა არ არის შეფასებითი კატეგორიის, რიგ კრიტერიუმში ქულის განსაზღვრა კომისიის წევრის დისკრეციას კი არ წარმოადგენდა, არამედ მოცემულ კრიტერიუმებში კომისიის წევრის ფუნქცია იყო წარგდენილი განაცხადისა და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შეემოწმებინა ფაქტი და ქულა განესაზღვრა ავტომატურ რეჟიმში. მაგალითად, პირველ კრიტერიუმში - გამოცდილება, ცოდნა და უნარი, კომისიის წევრს სუბიექტური შეხედულებით მოქმედების დისკრეცია კი არ ჰქონდა მინიჭებული, არამედ თავად ამ კრიტერიუმის ბუნება ისეთია, რომ კომისიის წევრის ფუნქცია მხოლოდ იმის შემოწმებით შემოიფარგლებოდა, ჰქონდა თუ არა განმცხადებელს გამოცდილება, ცოდნა და უნარი. მეორე კრიტერიუმშიც კომისიის წევრებს არ ჰქონდათ სუბიექტური შეფასების განხორციელების შესაძლებლობა და მათი ფუნქცია შემოწმების განხორციელებით შემოიფარგლებოდა. კომისიის წევრებს უნდა შეემოწმებინათ მოთხოვნილი ინვენტარის საჭიროება განაცხადში მითითებული იდეის განსახორციელებლად. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის იდეა გულისხმობდა ვიზუალური მასალის, რუკების, სქემების, ნახაზების, ტექსტების შედგენასა და გადაცემას დამკვეთისათვის, ბუნებრივია, მის მიერ მოთხოვნილი ინვენტარი მისი საქმიანობისთვის წარმოადგენდა აუცილებელობას, ვინაიდან მოცემული ინვენტარის გარეშე არ ხდება იმ საქმიანობის განხორციელება, რომელსაც იგი ისახავდა მიზნად. მესამე კომპონენტთან მიმართებით კომისიას არ მიუთითებია, რა რისკი აქვს მხედველობაში, არ იდენტიფიცირდება, რომ მოსარჩელის იდეას თან ახლდა ისეთი რისკი, რომელსაც იგი ვერ აცნობიერებდა. კომისია არ ასახელებს, რა რისკი აქვს მხედველობაში, რომლის არგათვალისწინებაც შეიძლება ნაკლად ჩაეთვალოს განმცხადებელს. კასატორმა განცხადებაში მიუთითა გლობალურ პრობლემაზე, რომელიც არის პანდემია, ხოლო სხვა რაიმე რელევანტური რისკი, რაც დააბრკოლებდა მისი იდეის განხორციელებას, არ ფიქსირდება. მე-4 კრიტერიუმთან მიმართებით, განაცხადში არაბუნებრივი და შეუძლებელი არაფერი იყო. თავად ადმინისტრაციული ორგანოც უთითებს, რომ მსგავსი მომსახურების გამწევს წარმოადგენს გარემოს ეროვნული სააგენტო, ანუ ის გარემოება, რომ მსგავსი საქმიანობა ხორციელდება ბაზარზე, დადგენილია და ასეთ პირობებში რატომ არის განუხორციელებადი მოსარჩელის იდეა, არ არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. რაც შეეხება მე-5 კრიტერიუმს, ვინაიდან მის მიერ მითითებული საქმიანობის სპეციფიკა დამკვეთის არსებობისას მომსახურების გაწევას გულისხმობს, აღნიშნული საქმიანობა დაბალრისკიანია და აკმაყოფილებს მდგრადობის კრიტერიუმს. მისი განხორციელება არ არის დამოკიდებული ბევრ ფაქტორზე, საკმარისია დამკვეთის არსებობა და განმცხადებელი თავისი ცოდნით, კვალიფიკაციითა და შესაძენად მოთხოვნილი ინვენტარით შეძლებს დამკვეთს გაუწიოს მომსახურება. მე-6 კრიტერიუმთან მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი იყო სააგენტოს პროფესიული განათლების ხელშეწყობის ბენეფიციარი და ისარგებლა ტრანსპორტირების ხარჯის სუბსიდირებით, შესაბამისად, მას კომისიის წევრებმა არასწორად ჩამოაკლეს თითო ქულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ა-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საგრანტო კონკურსში, მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის საგრანტო კონკურსში მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 29 ივნისის №03-764/ო ბრძანებით დამტკიცდა დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა და შეიქმნა საგრანტო კომისია 7 წევრის შემადგენლობით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ა-ამ, 2020 წლის 8 ივლისს, საგრანტო კომისიას წარუდგინა საგრანტო განაცხადი და განმარტა, რომ აპირებდა წყალმომარაგების პროექტების, ანგარიშების, ჰიდროგეოლოგიური დასკვნების შედგენას და შესაბამის კვლევებს, რისთვისაც ესაჭიროებოდა პერსონალური, პორტატული კომპიუტერი და დასაბეჭდი აპარატი.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №01-11/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრანტი არის ამ წესის მიზნებისთვის, სააგენტოს მიერ დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ასევე, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად, უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით

ზემოაღნიშნული წესის 15.1 მუხლის თანახმად, საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები დადგენილია თითოეული საგრანტო პროგრამით. ამავე წესის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კომისია იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო განაცხადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება ხორციელდება საგრანტო პროგრამით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. საგრანტო განაცხადის შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი დგინდება თითოეული საგრანტო პროგრამით. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობება განმცხადებელს.

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის მიხედვით (დანართი №1), საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმებია: 1. განმცხადებლის გამოცდილება იმ საქმიანობაში, რასაც გეგმავს გრანტის მიღების შემთხვევაში, ცოდნა და უნარი გრანტის მიზნობრივად გამოყენებისა და საქმიანობის წარმატებით წარმართვისათვის; 2. შესაძენად მოთხოვნილი ტექნიკა/დანადგარების საჭიროება საქმიანობის განსახორციელებლად; 3. საქმიანობის რისკები; 4. საქმიანობის განხორციელებადობა; 5. საქმიანობის მდგრადობა; 6. სააგენტოს პროგრამ(ებ)ის ფარგლებში მიღებული გრანტი/სუბსიდია.

ამასთან, დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის აღწერაში დეტალურადაა განმარტებული, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული ზემოაღნიშნული პუნქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 3 სექტემბერს მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელის საკითხი 2020 წლის 8 სექტემბერს წარდგენილ იქნა „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში საგრანტო კომისიის სხდომაზე (ოქმის №2), სადაც განიხილებოდა „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში საგრანტო განაცხადების განხილვა და შეფასება. კომისიას წარედგინა განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მოკვლეული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თ. ა-ა არის ჰიდრო გეოლოგი და თვითდასაქმების მიზნით ითხოვდა ნოუთბუქისა და პრინტერის შეძენას. განმცხადებელს ჰქონდა გეოლოგად მუშაობის გამოცდილება, მაგრამ მის მიერ თვითდასაქმებისთვის წარდგენილი იდეა შეფასდა ბუნდოვნად. განმცხადებელი გეგმავდა პროექტების გაკეთებას და ამ მომსახურებიდან შემოსავლის მიღებას. განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა, თუ ვინ იქნებოდა მისი პოტენციური დამკვეთი ან რამდენად მოთხოვნადი იყო აღნიშნული სერვისი, გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესებულ პირებს ანალოგიურ მომსახურებას სთავაზობდა გარემოს ეროვნული სააგენტო. განმცხადებლის თქმით, მას არ გააჩნდა ლიცენზია გეოლოგიური დასკვნის და ექსპერტიზის მოსამზადებლად. კომისიამ იმსჯელა განმცხადებლის მიერ წარდგენილი იდეის შესახებ და მისი განხორციელებადობა საეჭვოდ მიიჩნია.

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ა-ას მიერ წარდგენილი საგრანტო განაცხადი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, საგრანტო პროგრამაში მითითებული კრიტერიუმების საფუძველზე, შეაფასა საგრანტო კომისიის ყველა წევრმა, რის შედეგადაც, მის მიერ მიღებულმა ქულათა საერთო რაოდენობამ შეადგინა 2.285714286. საგრანტო კომისიის 2020 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე, კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება გამარჯვებულად იმ განმცხადებლების გამოვლენის თაობაზე, რომლებმაც მიიღეს 3 ან 3-ზე მეტი ქულა. შესაბამისად, მოსარჩელე თ. ა-ას, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 ოქტომბრის №03/15476 წერილით ეცნობა, რომ საგრანტო კონკურსში მის მიერ წარდგენილი განაცხადი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თ. ა-ას საკასაციო საჩივარში მითითებულ განმარტებას, რომ დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამით დადგენილი საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომისიის წევრების ფუნქცია იყო განაცხადისა და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შეემოწმებინათ ფაქტი და ქულა განესაზღვრათ ავტომატურ რეჟიმში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების უმრავლესობა არის შეფასებითი კატეგორია, ხოლო საგრანტო განაცხადის თითოეული კრიტერიუმის შეფასება საგრანტო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ პროგრამით დადგენილი საგრანტო განაცხადის შეფასების მე-6 კრიტერიუმი ითვალისწინებდა 0 ქულით შეფასებას იმ ვითარებაში, როდესაც განმცხადებელს ან/და მის ოჯახის წევრს მიღებული აქვს გრანტი/სუბსიდია სააგენტოსგან, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე (კასატორი) თავადვე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ იყო სააგენტოს „პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარი და ისარგებლა ტრანსპორტის ხარჯის სუბსიდირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისიის საქმიანობაში არ გამოვლენილა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია დადგენილი წესით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, არ მომხდარა მოსარჩელის აშკარად თვითნებური შეფასება, რომლის არსებობის პირობებშიც შესაძლებელია მიჩნეულიყო, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძვლები და მიზნები. გარდა ამისა, არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას დისკრეციულ უფლებამოსილებაში, ან სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმის გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე