Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-764(კ-21) 22 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ნ. ბ-ა, მ. ბ-ა, ა. ფ-ე

მესამე პირი - ან. ფ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ბ-ამ, მ. ბ-ამ და ა. ფ-ემ 2020 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2347/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ნ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას, მ. ბ-ას და ა. ფ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეების მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას, მ. ბ-ას და ა. ფ-ეის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ას, მ. ბ-ას და ა. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2347/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2019 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესის“ მე-6 მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდებოდა ... წლიდან მოსარჩელეთა ქ. თბილისში ცხოვრების, სწავლებისა და მუშაობის ფაქტები, ხოლო ქ. წყალტუბოში მათი რეგისტრაციის ფაქტი ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, მიუხედავად ამისა აღნიშნული საკითხი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ ყოფილა სათანადოდ შეფასებული, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ამასთანავე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლების წყაროების შენარჩუნების პრინციპი უზრუნველყოფილი იყო მათ შორის იმ პირებისთვისაც, ვინც არ იყვნენ რეგისტრირებულნი ქ. თბილისში 2013 წლის 01 ივნისამდე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის ხელახლა განხილვის პროცესში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მხედველობაში უნდა მიეღო თბილისის სააპელაციო სამართლოს ზემოხსენებული განჩინებით მითითებული ფაქტები და ემსჯელა, მოსარჩელეთა ... წლიდან ქ. თბილისში ცხოვრების, სწავლებისა და მუშაობის საკითხზე, ქ. წყალტუბოში მათი რეგისტრაციის ფორმალურ ხასიათზე და ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაცული ყოფილიყო მოსარჩელეთა უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნება და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის უთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2019 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესზე“ და აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახების თბილისში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა თბილისში მათი საცხოვრებელ ადგილად რეგისტრაციის ფაქტსა და დროს; კერძოდ, ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართების გადაეცემოდათ მხოლოდ იმ დევნილებს, რომელთა საცხოვრებელი ადგილი სამინისტროში/სააგენტოში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში თბილისში 2013 წლის 01 ივნისამდე იყო რეგისტრირებული.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების, კერძოდ მოსარჩელეთა ქ. თბილისში 2016 წლის 17 ოქტომბერს რეგისტრაციის ფაქტის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელეთა 2013 წლის 01 ივნისამდე ქ. თბილისში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს, კასატორის მოსაზრებით, ეს უკანასკნელი ვერ ჩაანაცვლებდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნისათვის კანონმდებლის მიერ განსაზღვრულ ქ. თბილისში 2013 წლის 01 ივნისამდე რეგისტრაციის სავალდებულოობას.

კასატორი აღნიშნავს, რომ არ იკვეთებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით სხდომის ჩატარება, არ დგინდებოდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი (მოსარჩელე), ასევე ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა, რაც ადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლასა და გამოკვლევას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2019 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესის“ (ძალადაკარგულია 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემული ან სააგენტოს მიერ შესყიდული/რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის ფარგლებში დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, კომისიამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გაითვალისწინოს დევნილთა ადგილობრივი განსახლების აუცილებლობა, რათა მოხდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დევნილი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას.

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ. ბ-ა ... წლიდან - ... წლამდე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2000 წლის 02 ოქტომბრიდან მუშაობდა ქ. თბილისის არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიან საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „...ში“, 2008 წლის 10 სექტემბრიდან შპს „...“-ში, ხოლო 2014 წლიდან 16 სექტემბრიდან დასაქმებულია სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლაში. მ. ბ-ამ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა ... წელს, ხოლო 2008 წლის 30 ივლისიდან მუშაობს ...ში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პირის კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელეთა შემთხვევაში წარმოადგენს ქალაქ თბილისს.

ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. ადმინისტრაციული წარმოება არის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენების ანუ გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებული პროცესი, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ამოცანებს და აწესრიგებს სამართალურთიერთობის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, ინფორმაციის მოპოვებას, გადაწყვეტილების მომზადებას და გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული ემსახურება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დაკისრებული ძირითადი ფუნქციის შესრულებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები, მოსარჩელეთა განათლების მიღებისა და 2000 წლიდან სამსახურებრივი ადგილსამყოფელის ქ. თბილისში მდებარეობის ფაქტი, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და სარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები (გაითვალისწინოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, მოსარჩელეთა ქ.თბილისში წლების განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, გადაამოწმოს სააპელაციო სასამართლოში მოსარჩლეთა მიერ მიცემული განმარტება მათი ქ.თბილისში გადამისამართების მიზნით სამინისტროსთვის არაერთგზის მიმართვის შესახებ) და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის უკვე არსებული სოციალური კავშირების გათვალისწინებითა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებით. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა