Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 81-კოლ 22 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულ ბ. ა-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 1 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ბ. ა-რი ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 109-ე მუხლის “ო” ქვეპუნქტით და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად სასჯელების მთლიანად შეკრების საფუძველზე, სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამ სასჯელს მთლიანად დაემატა 1996წ. განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (6 წელი, 9 თვე და 14 დღე) და მსჯავრდებულ ბ. ა-ს საბოლოოდ განესაზღვრა 26 წლით, 9 თვით და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. დანიშნული სასჯელიდან 5 წლის მოხდა მას განესაზღვრა მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში.

განაჩენით ბ.ა-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: იხდიდა რა სასჯელს ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის, 1998წ. 16 ივნისს იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა სხვა პირს და ჯგუფურად, ამკრძალავი კედლის გადალახვით, მოახდინა გაქცევა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან. მიმალვაში მყოფმა ბ.ა-მა, რომელიც იძებნებოდა, 2001წ. 6 მაისს კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ: იმყოფებოდა რა გიორგობის დღესასწაულზე, დათვრა და ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ასევე მთვრალ მდგომარეობაში მყოფ თანასოფლელებთან ბე. ა-თან და ა. მ-სთან. ბე. ა-მა დაჟინებით მოსთხოვა ბე. ა-რს, მიეცა მისთვის აკორდეონი. ბე. ა-მა უარი უთხრა, შეაგინა მას და ხელი ჰკრა. ბე. ა-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მათ შორის დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც ბ. ა-რმა განიზრახა მოეკლა ბე. ა-რი. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ამოიღო ჯიბიდან დანა და განზრახ მოკვლის მიზნით ბე. ა-ს სამჯერ დაარტყა გულმკერდის არეში, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად ბე. ა-რი ადგილზევე გარდაიცვალა.

საკასაციო საჩივარში ბ. ა-რი უთითებს, რომ იგი არასწორადაა მსჯავრდებული სსკ-ის 109-ე მუხლის “ო” პუნქტით, მისი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირებულიყო სსკ-ის 111-ე მუხლით, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ დაავადებულია ტუბერკულოზით და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებული ბ. ა-რი და მისი ადვოკატი შ. კ-ძე საკასაციო საჩივარს მხარს უჭერენ.

პროკურორი ე. ქ-ვა ითხოვს აფციაურის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

გამოიკვლია რა საქმის მასალები, მსჯავრდებულ ბ. ა-ის საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი ბ. ა-ის მიმართ უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბ, ა-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაული ჩაიდინა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

დაზარალებულ გ. ა-ის, მოწმეების _ ლ. ხ-ვილის, ა. მ-ძის ჩვენებებით, რაც მათ დაადასტურეს მსჯავრდებულთან დაპირისპირების დროს, დადგენილია, რომ დანაშაული ჩადენილია სწორედ იმ ვითარებაში, რაც მითითებულია განაჩენში. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისა, ბ. ა-ის მიერ მისთვის ინკრიმინირებულ გარემოებებში დანაშაულის ჩადენა დასტურდება სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით და საქმის სხვა მასალებით. სასამართლომ ყველა ეს მტკიცებულება ერთობლიობაში გაანალიზა და შეაფასა, მათ მიცემული აქვთ სწორი იურიდიული შეფასება. ამის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განაჩენით დადგენილ ბაქარ აფციაურის ქმედების კვალიფიკაციას მიიჩნევს სწორად, კანონიერად და განაჩენს ამ ნაწილში ტოვებს უცვლელად.

რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა შესაძლებლად მიიჩნევს ამ მიმართებით განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ბ. ა-ს დანიშნულ სასჯელზე დაუმატოს ადრე მოუხდელი სასჯელის ნაწილი _ 3 წელი და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი ბ. ა-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 1 მაისის განაჩენი შეეცვალოს იმ მიმართებით, რომ ბ. ა-ს სასჯელის ზომად განსაზღვრულ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს კასპის რაიონის სასამართლოს 1999წ. 24 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.