გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹82-კოლ 12 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე,
მ. ისაევი
განიხილა გ. მ-სა და ნ. ო-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ.ჭ-შვილის, საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორ ა.წ-სა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ნ.უ-ძის კერძო საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 17 ივლისის განჩინებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 17 ივლისის განჩინებით გ. მ-ნი და ნ. ო-შვილი რეაბილიტირებულნი იქნენ (რის თაობაზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდა პუბლიკაცია) და სისხლის სამართალწარმოების ორგანოს უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი აუნაზღაურდათ ნაწილობრივ, კერძოდ, გ. მ-ს _ 5 000 ლარის, ხოლო ნ. ო-შვილს _ 2 000 ლარის ოდენობით.
აღწერილობითი ნაწილი:
1997წ. 7 ოქტომბერს, საღამოს, გ. და გ. მ-ები, ნ. ო-შვილი და დ. ფ-ია ამ უკანასკნელის დედის საფლავის მოსანახულებლად თბილისიდან სოფ. ოქროყანაში ავტომანქანით წავიდნენ. მათ მეორე მანქანით გაყვნენ დ.ფ-იას მეგობრები – ბ. ძ-ია, ლ. ფ-ია და ნ. ხ-ა. სასმელის დალევის შემდეგ გ. მ-მა თქვა, რომ მას და დ. ფ-იას აწ გარდაცვლილ დედას 12წ. განმავლობაში ცოლქმრული ურთიერთობა ჰქონდათ.
სასაფლაოდან უკან დაბრუნების დროს, თბილისში, ... ქუჩაზე, დაახლოებით 22 საათზე დ. ფ-იამ მანქანაში უსაყვედურა გ. მ-ნს, თუ რატომ თქვა მისი მეგობრების თანდასწრებით დედამისთან თავისი ურთიერთობის შესახებ, რის გამოც ისინი შეკამათდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ. მ-ნმა დანით განზრახ მოკლა ლ. ფ-ია და ჩაიდინა დ.ფ-იას განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო ნ. ო-შვილმა კი ბ. ძ-იას დანით მიაყენა სხეულის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1997წ. 8 ოქტომბერს ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ლ. ფ-იას განზრახ მკვლელობისა და დ. ფ-იასა და ბ. ძ-იას სხეულის დაზიანების ფაქტზე – საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით.
საბოლოოდ ბრალდებები წარედგინათ: გ.მ-ნს _ საქართველოს სსკ-ის მე-17 და 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 105-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო ნ.ო-შვილს _ საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლის I ნაწილით (სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება).
1998წ. 26 ივნისს საქმე წარიმართა ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში, მაგრამ გამოძიების არასრულყოფილების გამო, სასამართლომ 1999წ. 10 თებერვალს საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიებისათვის. იმავეწ. 6 ნოემბერს გამოძიებამ საქმის წარმოება შეაჩერა, რადგან დაზარალებულები დ.ფ-ია და ზ.ძ-ია ვერ დააპირისპირა ბრალდებულებთან, დაზარალებულთა ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო.
საქმის წარმოება განახლდა მხოლოდ 2001წ. 25 ივლისს, როცა საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 24 თვიანი ვადა გასული იყო.
2001 წ. 20 აგვისტოს ამ ვადის გასვლის გამო, გამოძიებამ სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ჟ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეზე სამართალწარმოება შეწყვიტა.
საქმის წარმოების შეწყვეტის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გ.მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 105-ე მუხლით, ხოლო ნ.ო-ის მიმართ სსკ-ის 112-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალი დადასტურებულია.
ნ.-შვილი პატიმრობაში იმყოფებოდა 3 თვე და 28 დღე, ხოლო გ.მ-ნი _ 13 თვე და 29 დღე.
ბრალდებულებმა გ.მ-ნმა და ნ.ო-შვილმა 2001წ. 6 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანეს საჩივარი და ითხოვეს რეაბილიტაციისა და წინასწარი გამოძიების ორგანოს უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 17 ივლისის განჩინებით, რომლითაც მოხდა გ. მ-ნისა და ნ. ო-შვილის რეაბილიტაცია და ამის თაობაზე პუბლიკაციის გამოქვეყნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.
გ. მ-ნს მორალური ზიანის სახით აუნაზღაურდა 5000 ლარი, ხოლო ნ. ო-შვილს _ 2000 ლარი, რომლის გადახდაც დაევალა ფინანსთა სამინისტროს. რაც შეეხება საჩივრის მოთხოვნას ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, დარჩა ღიად, ადვოკატისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის გადაუხდელობის გამო.
გ.მ-სა და ნ.ო-შვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ.ჭ-შვილი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 17 ივლისის განჩინებაში ცვლილებების შეტანას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს გ.მ-სათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 50000 ლარის ოდენობით, ხოლო ნ.ო-შვილის სასარგებლოდ _ 30000 ლარის ოდენობით; გ.მ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 10000 აშშ დოლარისა და 7500 ლარის ოდენობით, ხოლო ნ.ო-შვილის სასარგებლოდ _ 7500 ლარის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ნ.უ-ძე კერძო საკასაციო საჩივარში თვლის, რომ მათთვის გ.მ-ის და ნ.ო-შვილის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ანაზღაურება (სულ 7000 ლარი) უნდა შემცირდეს, რადგან მორალური ზიანის კომპენსაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის ოდენობა შედაგენს 50000, რომელიც უნდა განაწილდეს რამდენიმე ათეულ რეაბილიტირებულ პირზე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორი ა.წ-ნი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს, მოსამართლის წარდგინებით შესვლას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის მითითება ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ჟ” ქვეპუნქტით საქმის შეწყვეტისას ბრალდებულის რეაბილიტაციის საფუძვლის შესახებ და საქმის წარმოების შეჩერებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრების მოტივები და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრებს უნდა ეთქვათ უარი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ საქმის მასალების გაანალიზებით შეაფასა გ.მანველიანისა და ნ.ო-შვილის მიმართ სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედება, რაც უკავშირდება მათი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებასა (30 თვე და 18 დღე) და პატიმრობაში (ნ.ო-შვილი პატიმრობაში იმყოფებოდა 3 თვე და 28 დღე, ხოლო გ.მ-ნი – 13 თვე და 29 დღე) ყოფნას, მძიმე სულიერ განცდებს, მორალურ ტანჯვას, ცნო ისინი რეაბილიტირებულებად და განსაზღვრა მორალური ზიანის ოდენობა: გ.მ-სათვის – 5 000, ხოლო ნ.ო-შვილისათვის – 2 000 ლარი.
სსსკ-ს 225-ე მუხლის თანახმად, გ.მ-სა და ნ.ო-შვილის რეაბილიტირებულად ცნობის თაობაზე პუბლიკაცია, ოფიციალურ გამოცემაში გამოსაქვეყნებლად, სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს.
სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ რეაბილიტირებულ პირთათვის განკუთვნილი თანხისა და საშუალო თვიური ხელფასის ოდენობა. ამდენად, როგორც მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნა _ მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის გაზრდის, ისე ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარი _ გ.მ-სა ნ.ო-შვილის მორალური ზიანისათვის დაკისრებული თანხის შემცირების ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ უარი უთხრა პროკურორის შუამდგომლობას საჩივრის განხილვის შეჩერებასა და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის თაობაზე სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. პალატა ეთანხმება სასამართლოს პოზიციას პროკურორის ანალოგიური კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის შეწყვეტის საფუძველი – ერთი და იმავე შემთხვევის გამო, პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყოფნის არაუმეტეს 24 თვიანი ვადის გასვლა – როგორც მარეაბილიტირებელი გარემოება და პირის უფლებებში აღდგენა, არ არღვევს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს და მოსამართლის მიერ წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 17 ივლისის განჩინება გ. მ-სა და ნ. ო-შვილის რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოს უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დარჩეს უცვლელად.