საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-531(კ-21) 1 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ვ. მ-ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 13 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ვ. მ-ის მიმართ და ზედმეტად ჩარიცხული ხელფასის - 709.27 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ვ. მ-ის დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ, ... წლის 24 ოქტომბრიდან ... წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უსაფუძვლოდ მიღებული თანხის (ხელფასის) ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომლებზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონით, მაშინ როცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ თანამშრომლებზე და თავდაცვის ძალებზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობა, კერძოდ ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა, სამსახურის გავლის წესების შესახებ'' საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ... წლის 23 ოქტომბრის N2874 ბრძანებით თანამდებობიდან განთავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ვ. ო.-ს ძე მ-ი ... წლის 18 ოქტომბრიდან, თუმცა მას მთლიანად დაერიცხა ოქტომბრის ხელფასი, შესაბამისად, ზედმეტად დარიცხული იქნა 18-31 ოქტომბრის ხელფასი საერთო ჯამში 14 დღე. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დაფუძნებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებზე, მაშინ, როცა აღნიშნული კანონი მოპასუხეზე არ ვრცელდება, შესაბამისად სასამართლოს მსჯელობები, რომლის მიხედვითაც 18-24 ოქტომბრის ხელფასი არ ჩათვალა უსაფუძვლო გამდიდრებად არის დაუსაბუთებელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის N3გ/2132-20 განჩინების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს სარჩელის უარყოფის ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებას, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ გასაჩივრებულა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარში მხარე კონდიქციური წესით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობებზე უთითებს, პალატამ კასატორის (მოსარჩელის) მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა შეამოწმა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებში ითვალისწინებს უსაფუძვლოდ გამდიდრებულის მიერ უფლებამოსილი პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართალში „ზიანი“ ჩვეულებრივი გაგებით არ არსებობს - მიყენებული ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას უსაფუძვლოდ მიღებულის ან დაზოგილის დაბრუნების ვალდებულება ცვლის. ეს კი შესაძლებელია, ზოგჯერ, არც იყოს დაკავშირებული პირდაპირ და უშუალო ქონებრივ დანაკლისთან.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრებული - მიმღები, გამდიდრების ფაქტის მიმართ შეიძლება იყოს კეთილსინდისიერი ან არაკეთილსინდისიერი. კეთილსინდისიერმა გამდიდრებულმა არ იცის და არც შეიძლება იცოდეს სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზი; არაკეთილსინდისიერისათვის კი პირიქით - ხარვეზი ან ცნობილია, ან ცნობილი უნდა ყოფილიყო, გონივრული წინდახედულება რომ გამოეჩინა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კეთილსინდისიერი გამდიდრებულის პასუხისმგებლობის ფარგლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლი, რომლის თანახმად, კეთილსინდისიერმა მიმღებმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს მხოლოდ უსაფუძვლოდ მიღებული. ამისგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლი ეხება არაკეთილსინდისიერ მიმღებს და აკისრებს მას უფლებამოსილი პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. პალატის მოსაზრებით, ამ ზიანში ნორმა გულისხმობს, მაგალითად იმ სარგებელს, რომელიც მიმღებს უნდა მიეღო მეურნეობის სათანადო გაძღოლის შედეგად ან ფულად ვალზე გადასახდელ პროცენტს.
ამრიგად, კანონის თანახმად, თუ უსაფუძვლოდ გამდიდრებული გამდიდრების ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ გადაცემულის უკან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო არაკეთილსინდისიერი გამდიდრებული კი ვალდებულია, გარდა ამისა, აანაზღაუროს მისი ქმედებით გამოწვეული ფაქტობრივი ან სავარაუდო ქონებრივი დანაკლისი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ... წლის 23 ოქტომბრის ბრძანებით, მოპასუხე ვ. მ-ი, რომელიც იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ..., ... წლის 18 ოქტომბრიდან პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან. აღნიშნულ ბრძანებას მოპასუხე გაეცნო ... წლის 24 ოქტომბერს. მოპასუხე ვ. მ-ის ... წლის ოქტომბრის ხელფასი ჩაერიცხა სრულად, საიდანაც მოსარჩელის მოსაზრებით, ზედმეტად ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 14 დღის (... წლის 18 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით) ხელფასი 709.27 ლარის ოდენობით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ... წლის 23 ოქტომბრის ბრძანებას ვ. მ-ი გაეცნო ... წლის 24 ოქტომბერს და სწორედ ამ დრომდე მოპასუხე რეალურად ცხადდებოდა სამსახურში, ვ. მ-ისათვის ჩარიცხული 18-24 ოქტომბრის ხელფასი უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებულ თანხას არ წარმოადგენს, შესაბამისად, არსებობდა მოთხოვნის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2006 წლის 14 ივნისის N-202კოლ განჩინებით დადგენილ პრაქტიკას.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ გამოუყენებლობისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების არარელევანტურობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ განსახილველი დავა შეეხება არა სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერებას, არამედ ზედმეტად ჩარიცხული ხელფასის ანაზღაურებას, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი გამოყენებულ იქნა მოპასუხის მიერ დაკავებული თანამდებობიდან პირადი პატაკით გათავისუფლების თარიღის განსასაზღვრად, ამდენად, საკანონმდებლო ნორმების არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით კასატორის მითითება უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა