საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-910(2კ-20) 24 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- სს ...
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
სს ...-მა 2018 წლის 23 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №..., გადაწყვეტილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №572 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის სს ...-ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ...-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №..., გადაწყვეტილება, ასევე „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №572 ბრძანება; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ სს ...-მა 2017 წლის 19 ოქტომბერს №..., განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით, საპროექტო მონაკვეთზე მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა. კასატორის მითითებით, ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა. აღნიშნული წესის მე-4 მუხლი ითვალისწინებს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის შესაძლებლობას გარკვეული შეზღუდვით ან/და პირობით, კერძოდ „კ“ ქვეპუნქტის თანახმად - ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
მითითებული ნორმების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება თანხმობის შესახებ აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს დადგენილებაში ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეზღუდვა ან/და პირობა. ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვად/პირობად კი, №19-75 დადგენილება განსაზღვრავს განმცხადებლისთვის თხრილის ფარგლებში ტროტუარის აღდგენისა და ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობის დავალებას. ამასთან, კანონმდებლობა აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს ქონების მართვის სააგენტოს მიერ განმცხადებლისთვის ზემოაღნიშნულის გარდა სხვა შეზღუდვისა და პირობის დაწესებას, რა დროსაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქმის მასალების მიხედვით, სს ...ის“ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების №4940 პროექტის ელექტრო - ტექნიკური ნაწილის მიხედვით, რომლის შესწავლის საფუძველზე საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ადგენს, რომ ქალაქ თბილისში, ... ქ. №8 შენობის მიმდებარედ, №...,-№..., ს/ქ-ბის მაღალი ძაბვის შემაერთებელი საკაბელო ქსელის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, იგეგმება მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელება და ელექტროგადამცემი ხაზის (კაბელის) განთავსება. ამასთან, საპროექტო მონაკვეთის ამსახველი ფოტოსურათებით დგინდება, რომ მასზე (ტროტუარზე) ასფალტის საფარი კარგ მდგომარეობაშია/დაუზიანებელია. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების შემდეგ მიზანშეწონილი იყო ტროტუარის საფარის აღდგენა არამხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ მის მთლიან ფართზე. სწორედ აღნიშნული თვალსაზრისით დაუდგინდა ხარვეზი მოსარჩელეს და დაევალა ისეთი ალტერნატიული პროექტის წარდგენა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ზემოხსენებულ პირობასთან.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, კასატორის მოსაზრებით, 2017 წლის 26 ოქტომბრის №..., გადაწყვეტილების მიღებისას, ქონების მართვის სააგენტოს მიერ მისთვის კანონის საფუძველზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართლზომიერად იქნა განხორციელებული. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო თავის საკასაციო პრეტენზიას ამყარებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით, რაზეც მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპლიტეტის მერია და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, ვინაიდან არასწორად შეფასდა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 და 30 ოქტომბრის განჩინებებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, ელექტრომომარაგების მიზნით, გათხრითი სამუშაოების წარმოების შესახებ მოსარჩელისათვის თანხმობის გაცემაზე ხარვეზის დადგენისა და ამავდროულად უარის თქმის კანონიერების შეფასება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ...-მა 2017 წლის 19 ოქტომბერს ელექტრონული განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქალაქ თბილისში, ...-ს ქუჩა №8-ის მიმდებარედ, ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. სადავო აქტით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნებოდა ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. ამასთანავე, მასვე განემარტა, რომ დასახელებულ ტერიტორიაზე ახლადმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარის დაზიანებით ქსელის მოწყობა არ იყო მიზანშეწონილი მთლიან ფართზე მისი აღდგენის გაუთვალისწინებლად. ამავე გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს მიეცა 20 დღის ვადა და განემარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩებოდა განუხილველი. საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რაიმე სახის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია სს ...-ის მიერ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების ან/და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება წარმოადგენს საბოლოო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული სამართლებრივი საფუძვლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მართალია, კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა, თუმცა არა ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ სადავო აქტი არ შეიცავდა არანაირ დასაბუთებას, რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებისათვის - სს ...-ისთვის“კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა, რადგან ასეთ შემთხვევში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია და შესაბამისობაში არ არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მოთხოვნებთან, ხოლო მეორე მხრივ კი, აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის - სს ...-ის კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების შესახებ კასატორების მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ეფუძნება სუბიექტურ მოსაზრებებს და არ შეიცავს სათანადო მტკიცებულებებით გამყარებულ ობიექტურ მოსაზრებებს, რომლებიც შესაძლოა გამხდარიყო საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისა და მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი დადგენილი გარემოებების გამომრიცხავი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამასთან, კასატორების მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 18 მაისს №01400 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე