Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 88-კოლ 15 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე,),

მ. ისაევი,

გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 28 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ვ. ბ-შვილი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის “ა" პუნქტით, 109-ე მუხლის “ა" პუნქტით, 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ერთობლივად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 28 ნოემბრიდან. დაზარალებულთა სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის გამო.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. ოქტომბრის თვეში, რიცხვი ზუსტად დაუდგენელია, გორის რაიონის სოფ. ... მცხოვრებმა ვ. ბ-შვილმა თავისი დის, მ. მ-ის სასარგებლოდ, ამავე სოფელში მცხოვრებ ტ. ბ-შვილისაგან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ერთი თვის ვადით, ოცი პროცენტის დანამატით ისესხა 1000 ამერიკული დოლარი. გარკვეული დროის გავლის შემდეგ ტ. ბ-შვილს მსესხებლებისაგან დაუბრუნდა 1000 ამერიკული დოლარი, ხოლო რაც შეეხება 20%-ს დანამატს _ 200 ამერიკულ დოლარს, მისთვის არ გადაუხდიათ, რასაც ტ. ბ-შვილი და მისი ოჯახის წევრები სისტემატურად ითხოვდნენ ვ. ბ-შვილისაგან, რადგან მ. მ-ლი ცხოვრობდა ქ. თბილისში.

2000წ. 27 ნოემბერს ტ. ბ-შვილის ვაჟი _ დ. ბ-შვილი, მათი სიძე _ გ. მ-ძე და ამ უკანასკნელის მეგობარი _ ბ. დ-შვილი იმყოფებოდნენ გორის რაიონის სოფ. ... მახლობლად არსებულ ხელოვნურ ტბასთან, სადაც მუშაობის შემდეგ მიიღეს გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი _ ღვინო. დაახლოებით 23 საათზე ისინი დ. ბ-შვილის კუთვნილი და მისივე მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “ვაზ-21"-ით, სახელმწიფო ნომერი მნმ-... ბრუნდებოდნენ რა სოფ. ..., გ. მ-ძის ინიციატივით მივიდნენ და გაჩერდნენ გზად ე.წ. “აზნეთის" დასახლებაში მდებარე ვ. ბ-შვილის საცხოვრებელი ბინის ჭიშკართან. დ. ბ-შვილი დარჩა ავტომანქანაში, ხოლო გ. მ-ძეს და ბ. დ-შვილს, რომლებსაც, როგორც ნაცნობებს და თანასოფლელებს, კარი ვ. ბ-შვილმა გაუღო, შევიდნენ ბინაში, სადაც მათ კვლავ 200 ამერიკული დოლარის დაბრუნების თაობაზე ურთიერთშორის მოუვიდათ ჩხუბი, რა დროსაც გ. მ-ძემ და ბ. დ-შვილმა სცემეს ვ. ბ-შვილს, რომელმაც აიღო თავისი საწოლის ლეიბის ქვეშ მოთავსებული მასზე განპიროვნებული, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, 9მმ კალიბრის “მაკაროვის" ¹... პისტოლეტი, მისთვის განკუთვნილი ცხრა ვაზნით და ფეხებში ესროლა ბ. დ-შვილს და გ. მ-ძეს, რითაც ამ უკანასკნელს მარცხენა ფეხის წვივზე გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის სახით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმაზე ოთახში შევიდა დ. ბ-შვილი და უკნიდან დაუჭირა ხელები ვ. ბ-შვილს, რომელსაც გ. მ-ძე და ბ. დ-შვილი ართმევდნენ პისტოლეტს.

მოქმედებდნენ რა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და ცდილობდნენ ვ. ბ-შვილისათვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას, რომელიც მათ წინააღმდეგობას უწევდა, გ. მ-ძემ, ბ. დ-შვილმა და დ. ბ-შვილმა სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავლობითი ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მისი მოშლის გარეშე, ხოლო ოთახში არსებული რკინის სკამის თავში დარტყმით _ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი მათ მიერ ვ. ბ-შვილისათვის პისტოლეტის წართმევა. აღნიშნულის შემდეგ გ. -ძე, დ. ბ-შვილი და ბ. დ-შვილი შეეცადნენ წასულიყვნენ შემთხვევის ადგილიდან, რათა დაჭრილი გ. მ-ძე მიეყვანათ საავადმყოფოში დახმარების აღმოსაჩენად. დ. ბ-შვილმა თან წაიღო ვ. ბ-შვილის ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი და ჩადო ავტომანქანის საბარგულში.

მომხდარის გამო განაწყენებულმა ვ. ბ-შვილმა, შურისძიების მოტივით, დამამძიმებელ გარემოებებში განიზრახა სამი პირის _ გ. მ-ძის, ბ. დ-შვილისა და დ. ბ-შვილის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ვ. ბ-შვილმა სეიფიდან გამოიღო მასზე გაპიროვნებული 12 კალიბრის სანადირო დანიშნულების თვითდამტენი “მც-21-12" მოდელის გლუვლულიანი თოფი, რომელშიც ჩადო ხუთი ვაზნა, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და გავიდა ქუაში, სადაც დაინახა რა ავტომანქანის საჭესთან მჯდომი დ. ბ-შვილი, განზრახ მოკვლის მიზნით, დამიზნებით მოახდინა მისი მიმართულებით გასროლა, რითაც მას გულმკეერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ _ ჭრილობის, ხოლო ყელისა და ნიკაპზე _ ნაჭდევების სახით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მისი მოშლის გარეშე.

ვ. ბ-შვილმა დ. ბ-შვილის მოკვლის განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისი ნების საწინააღმდეგოდ, რადგან გასროლილმა ჭურვმა (საფანტმა) ჯერ ავტომანქანის წინა მარცხენა კარები და მინა დააზიანა, რითაც დაკარგა ძალა და მხოლოდ შემდეგ მოხვდა დ. ბ-შვილს. ამავე მოქმედებით ვ. ბ-შვილმა, საყოველთაოდ საშიში საშუალებით განზრახ დააზიანა დ. ბ-შვილის ავტომანქანა, რამაც მნიშვნელოვანი _ 75 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.

ფიქრობდა რა, რომ დ. ბ-შვილის მკვლელობის განზრახვა მოიყვანა სისრულეში და ამასთან, მოქმედებდა გ. მ-ძისა და ბ. დ-შვილის მოკვლის განზრახვით, ვ. ბ-შვილმა ამჯერად დამიზნებით ესროლა ავტომანქანის მარჯვენა მხარეს მყოფ ბ. დ-შვილს, რითაც მას მარჯვენა მხრის ზემო მესამედში, გარეთა ზედაპირზე, იღლიის ფოსოს ზემოთ, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება _ 1,5 სმ დიამეტრის მრგვალი ფორმის, გულმკერდის ღრუში შემავალი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის სახით, მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, გამომავალი გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, პარავერტებრალურ ხაზზე, მერვე, მეცხრე ნეკნთა დონეზე. მიღებული სხეულის დაზიანების შედეგად ბ. დ-შვილი ძირს დავარდა.

დარწმუნდა რა, რომ ბ. დ-შვილის მკვლელობის განზრახვა მოიყვანა სისრულეში, ამასთან, მოქმედებდა რა სამი კაცის მოკვლის განზრახვით და შენიშნა ავტომანქანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გაქცეული გ. მ-ძე, რომელიც ცდილობდა თავის შველას, განზრახვის დასრულების მიზნით ვ. ბ-შვილმა კვლავ დამიზნებით ესროლა გ. მ-ძეს, რითაც გულმკერდის უკანა ზედაპირზე მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება _ 2სმ დიამეტრის მომრგვალო ფორმის, გულმკერდის ღრუში შემავალი არგამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის სახით, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოს ორივე ფილტვის დაზიანებით, რის შედეგადაც განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობის გამო იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ვ. ბ-შვილი დარწმუნდა, რომ გ. მ-ძის, ბ. დ-შვილისა და დ. ბ-შვილის მოკვლის განზრახვა მოიყვანა სისრულეში, შევიდა სახლში, ხოლო დ. ბ-შვილმა დაჭრილი ბ. დ-შვილი ჩასვა ავტომანქანაში, რათა მიეყვანა საავადმყოფოში, მაგრამ იგი სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოს _ ფილტვის ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობის გამო, გზაში გარდაიცვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ვ. ბ-შვილი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას, მის გამართლებას, მიუთითებს, რომ ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რაც სასამართლო კოლეგიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ამასთანავე, აღნიშნა, რომ მისთვის გაურკვეველია, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება და გარდაიცვალა ბ. დ-შვილი. მას არ ჰქონია არც ერთი პირის მოკვლის განზრახვა, უნდოდა მხოლოდ მისი კუთვნილი პისტოლეტის დაბრუნება, რის გამოც თოფიდან მოახდინა მხოლოდ ორი გასროლა.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. შ-შვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მსჯავრდებულ ვ. ბ-შვილთან შეთანხმებით შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ვ. ბ-შვილის ქმედება გადაკვალიფიცირებულ იქნეს საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლზე და ამის მიხედვით განესაზღვროს სასჯელი.

მსჯავრდებულმა ვ. ბ-შვილმა იშუამდგომლა მისი ქმედების სსკ-ის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ; ამასთან, აღნიშნა, რომ მისთვის გაურკვეველია, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ბ. დ-შვილი. რაც შეეხება დ. ბ-შვილისა და გ. მ-ძის მიმართ თოფიდან სროლას არ უარყოფს. ასევე მიუთითა, რომ მას მათი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, უნდოდა საკუთარი იარაღის დაბრუნება, რა დროსაც მან გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

დაზარალებულმა მ. მ-ძემ და მისმა ინტერესების წარმომადგენელმა, ადვკატმა გ. ტ-შვილმა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

დაზარალებულებმა _ ვ. დ-შვილმა და ხ. ა-შვილმა მხარი არ დაუჭირეს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორმა ე. ქ-ამ მიმოიხილა საქმის მასალები, აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულ ვ. ბ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული და მას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. პროკურორმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძვლები შემედგ გარემოებათა გამო:

საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას დეტალურად იქნა შემოწმებული მსჯავრდებულ ვ. ბ-შვილის ვერსია და მიეცა მას სამართლებრივი შეფასება. პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს დაზარალებულთა მხრიდან კვლავ გრძელდებოდა თავდასხმა _ საქმის მასალებით არ დასტურდება. ასევე უტყუარადაა დადგენილი ის გარემოება, რომ ვ. ბ-შვილის მიერ თოფიდან გასროლის შედეგად მოკლულ იქნა როგორც ბ. დ-შვილი, ასევე გ. მ-ძე, მანვე დაჭრა დ. ბ-შვილი. პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ სწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიეცა მას სწორი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს სსსკ-ის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები.

პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, თვით მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელი მონაცემები, დამდგარი მძიმე შედეგი და ამის მიხედვით განუსაზღვრა ვ. ბ-შვილს სასჯელის ზომა და არ მოიპოვება კანონიერი საფუძველი მისი შეცვლისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 568-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 28 ივნისის განაჩენი ვ. ბ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.