Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 89-კოლ 5 დეკემბერი 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 30 ივლისის განაჩენზე, რომლითაც: კ. შ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “თ” და “ლ” პუნქტებით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 24 დეკემბრიდან. იმავე განაჩენით მას მოეხსნა წინასწარ გამოძიებაში წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” “გ” და “დ” ქვეპუნქტებითა და 109-ე მუხლის “ვ” პუნქტით.

ამავე განაჩენით მსჯავრდებულია ასევე კ. მ-შვილი, რომელიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს. ამავე განაჩენით ი. მ-შვილს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებითა და 375-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებები და იქნა გამართლებული. Gგანაჩენი მის მიმართ არ გასაჩივრებულა.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით დადგენილად მიჩნეულ იქნა შემდეგი: ი. მ-შვილს ჰქონდა კ. მ-ის ვალი – 75 აშშ დოლარი. ვინაიდან აღნიშნულ თანხას ვერ უბრუნებდა, 2000წ. 24 ნოემბერს კ. შ-ძესთან ერთად შეთანხმდნენ, რომ გაძარცვავდნენ პიროვნებას და შემდეგ გაასწორებდნენ ანგარიშს. დალიეს ორი ბოთლი არაყი და იმავე დღეს, დაახლოებით 21 საათზე, მივიდნენ ქ. თბილისში, თ. ერისთავის ქუჩაზე მდებარე სასწრაფო დახმარების სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაელოდნენ შესაფერის პიროვნებას.

სულ მალე შენიშნეს კინოთეატრ “საქართველოს” მიმართულებით მომავალი, ა. ს-ნი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით თავდაპირველად მასთან კ. შ-ძე და ი. მ-შვილი მივიდნენ, რომლებმაც ძალით შეიყვანეს იგი ბენზინგასამართი სადგურის გვერდით მდებარე შესახვევში და გასტაცეს 30 ლარად ღირებული მაჯის საათი, 60 ლარად ღირებული საყურე, 50 ლარად ღირებული ხელჩანთა, 25 ლარად ღირებული პარფიუმერია, 50 ლარად ღირებული ძეწკვი, სულ 215 ლარად ღირებული ფასეულობა. როდესაც მათთან მისულ კ. მ-შვილს ა. ს-მა ფანარი მიანათა სახეზე და უთხრა, რომ იცნობდა, მას მძარცველებმა დაუბრუნეს ზემოთ ხსენებული ნივთები, შეიყვანეს იგი “კიკვიძის ბაღის” ტერიტორიაზე, ჩამოსხდნენ სკამზე და სთხოვდნენ, არ განეცხადებინა მომხდარის შესახებ. დამაჯერებელი პასუხის მოლოდინში მათ ა. ს-ნი ძალით შეიყვანეს იქვე მდებარე, მიტოვებული ფოტოატელიეს ჯიხურში და კვლავ შეეცადნენ სასურველი პასუხის მიღებას. როდესაც კ. მ-შვილი დარწმუნდა, რომ ა. ს-ნი არ იყო სანდო, რომ იგი ამხელდათ ნივთების გატაცებაში, განზრახ მკვლელობის მიზნით მივარდა, წააქცია ტახტზე და რამდენჯერმე ჩაარტყა დანა კისრის და ყელის მიდამოებში. აღნიშნულის დანახვაზე ი. მ-შვილმა მაშინვე მიატოვა იქაურობა. ვინაიდან დაჭრილი წინააღმდეგობას უწევდათ და გამოსცემდა სპეციფიკურ ხმებს, განზრახვის ბოლომდე სისრულეში მოყვანის მიზნით კ. შ-ძემ პირზე ხელი დააფარა, გაუკავა მარცხენა ხელი, მუხლით დააწვა მარჯვენა ხელზე, აიღო კ. მ-შვილის მიერ დაგდებული დანა და რამდენჯერმე გამოუსვა ყელში, რის შემდეგაც მიაძახა კ. მ-შვილს, რომ ქალს ყელი გამოსჭრა და ის ვეღარაფერს იტყოდა.

ჯიხურიდან გამოსვლის შემდეგ გაჩერებასთან ისინი შეხვდნენ ი. მ-შვილს.

კ. შ-ძემ იქვე, წყლის გუბეში, დაიბანა სისხლიანი ხელები და ი. მ-შვილთან ერთად წავიდა სახლში. შინ დაბრუნებულმა კ. მ-შვილმა დედამისის შეკითხვაზე, თუ რა შეემთხვა, უპასუხა, რომ კ. შ-ძესთან და ი. მ-შვილთან ერთად ვიღაცასთან იჩხუბა, რის შემდეგაც გააცხელებინა წყალი და სისხლიანი ხელები დაიბანა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ქ. ტ-ძე ითხოვს კ. შ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას, მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება ობიექტური დამამტკიცებელი საბუთი იმის შესახებ, რომ კ. შ-ძემ მონაწილეობა მიიღო ა. ს-ის მკვლელობაში. განაჩენი დამყარებულია მხოლოდ გამოძიების პირველ ეტაპზე თვით კ. შ-ძის აღიარებით ჩვენებაზე, რომელიც შემდგომ წინასწარ გამოძიებაში შეცვალა და აღიარებითი ჩვენების საფუძველიც ახსნა.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ქ. ტ-ძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული კ. შ-ძეც.

პროკურორმა გ. მ-ძემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე კ. შ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე კ. შ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგი გარემოებების გამო: პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს საქმეში არ მოიპოვება კ. შ-ძის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მსჯავრდებულ კ. შ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია როგორც თვით მსჯავრდებულის მიერ წინასწარი გამოძიების პირველ ეტაპზე მიცემული ჩვენებებით (ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკითხვა), ასევე ამავე საქმეზე მსჯავრდებულ კ. მ-შვილის მიერ მიცემული ჩვენებებით, მისი კ. შ-ძესთან დაპირისპირების ოქმით, ამავე საქმეზე გამართლებულ ი. მ-შვილის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.

სასამართლო კოლეგიამ საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას დეტალურად გამოიკვლია კ. შ-ძის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენებების შეცვლის მოტივი და მისცა მას შეფასება.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები.

მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული კ. შ-ძე მონაწილეობდა ა. საფარიანის განზრახ მკვლელობაში. ამ ფაქტის დადგენილად მიჩნევას საკასაციო პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ კ. შ-ძის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ტ-ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 30 ივლისის განაჩენი კ. შ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.