Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 92-კოლ 8 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი,

მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002წ. 29 ივლისის განაჩენით ა. კ-ს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 230-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით – საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2001წ. 19 დეკემბრიდან.

ა. კ-ს მსჯავრი დაედო რადიაქტიული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისათვის და მისი საქართველოს საბაჟო საზღვარზე უკანონოდ გადმოტანისათვის, რაც განაჩენის მიხედვით ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში: 2001წ. დეკემბრის მე-2 ნახევარში ა. კ-მა ქ.ერევანში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა 9 გრ. რადიაქტიული ნივთიერება ურანის შემცველი სამი ლითონის ფირფიტა, რომელიც მეორე დღეს საბაჟო წესების დარღვევით საგუშაგო “ნინოწმინდის” გავლით მალულად შემოიტანა საქართველოში, კერძოდ, ქ.ახალციხეში. 2001წ. 16 დეკემბერს იგი ახალციხეში დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და შეუთანხმდა, რომ ერთ ფირფიტას მისცემდა 8 ათას დოლარად. 17 დეკემბერს უცნობ პირზე გადასაცემად მსჯავრდებულმა ურანის შემცველი ფირფიტა გაატანა ახალციხეში გაცნობილ ვ. შ-ძეს, რომელმაც აღნიშნული ნივთი წარადგინა პოლიციის განყოფილებაში. 19 დეკემბერს ახალციხეში ა. კ-ნი დაკავებულ იქნა. პირადი ჩხრეკის დროს მას დამატებით აღმოაჩნდა რადიაქტიური ნივთიერების შემცველი ორი ფირფიტა.

წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში ა. კ-ნი მიუთითებს, რომ იგი უკანონოდ არის დასჯილი სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით. იგი არ უარყოფს რადიაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტების უკანონოდ შეძენას, შენახვას და მის ახალციხეში გასაღებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს ნივთიერება შეიძინა თბილისში და არა სომხეთში. ამდენად, მას არც საქართველოში საბაჟო წესების დარღვევით არ გადმოუტანია. სსკ-ის 230-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ის ცნობს თავს დამნაშავედ და ითხოვს სასჯელის შემსბუქებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა თ.რ-ძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ამასთან, ასევე მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 230-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილს, წარსული შებღალული არა აქვს, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილები.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა.ს-შვილმა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002წ. 29 ივლისის განაჩენი ა. კ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს: თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 ივლისის განაჩენი ა. კ-ის მიმართ სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში შეწყდეს. განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი ა. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში უნდა გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს, ვინაიდან საქმის მასალებით უტყუარად დადასტურებული არ არის მსჯავრდებულის მიერ საბაჟო წესების დარღვევით რადიაქტური ნივთიერების შემცველი ფირფიტების საქართველოში გადმოტანის ფაქტი.

წინასწარი გამოძიების საწყის ეტაპზე მსჯავრდებული ა. კ-ნი არ უარყოფდა სომხეთიდან საბაჟო წესების დარღვევით ხსენებული ფირფიტების შემოტანას, მაგრამ შემდგომ ჩვენებებში და სასამართლო გამოძიების დროს მან კატეგორიულად უარყო აღნიშნული ფაქტი. წინასწარი და სასამართლო გამოძიებით ვერ იქნა დადგენილი, რა ხერხით და საშუალებით შემოიტანა მსჯავრდებულმა რადიაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტები, ვერ იქნა დადგენილი ის პიროვნება, რომლისგანაც თითქოსდა ერევანში შეიძინა იგი.

მხოლოდ ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა თავდაპირველ ჩვენებებში აღიარა საბაჟო წესების დარღვევით საქართველოში რადიაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტების საქართველოში გადატანის შესახებ და პოლიციელების განმარტებები იმის თაობაზე, რომ დაკავებისას მსჯავრდებულმა აღიარა ეს ფაქტი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბრალდების საკმარის მტკიცებულებად.

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულებათა უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.

პალატა თვლის, რომ, ვინაიდან დანაშაულის ჩადენიდან გასულია დიდი დრო და ამჟამად აღარ არსებობს დამატებით მტკიცებულებათა მოპოვების რეალური შესაძლებლობა, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

რაც შეეხება ა. კ-ის მიმართ სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი დადასტურებულია მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეთა განმარტებებით, მსჯავრდებულის დაკავების, პირადი ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების ოქმებით. ა. კ-ს ამ მუხლით სასჯელი განსაზღვრული აქვს იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო. ამდენად, არ არსებობს სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002წ. 29 ივლისის განაჩენი ა. კ-ის მიმართ შეიცვალოს: საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში განაჩენი ა. კ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში შეწყდეს.

ა. კ-ს მოსახდელად დაეტოვოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.