საქმე №ბს-16(კ-21) 17 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – თელავის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 28 თებერვალს დ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
სარჩელის თანახმად, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №135 ბრძანებით დ. გ-ე დაინიშნა ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. 2017 წლის 29 ივნისის №610 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება დ. გ-ეის თანამდებობის დასახელებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: უფროსი სპეციალისტი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. იმ რეფორმის ფარგლებში, რომლის თანახმადაც მოხდა საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია/შერწყმა, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 ოქტომბრის №1167 ბრძანებით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა მოხელეს ეცნობა მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი იქნებოდა მათი მობილობა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №55 ბრძანებით დ. გ-ეს ეცნობა, რომ მობილობის შეუძლებლობის გამო იგი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგო.
სარჩელის თანახმად, მას შემდგომ რაც მოხდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შერწყმა, აღნიშნულ უწყებებში არსებული სამსახურები გაერთიანდა და ორივე ორგანოს საჯარო მოხელეებმა განაგრძეს მუშაობა უკვე თელავის მუიციპალიტეტის მერიაში. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 139 მოხელის მიმართ იქნა გამოყენებული მობილობა, 50 საჯარო მოხელე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში, ხოლო შტატით გათვალისწინებულ 43 პოზიციაზე გამოცხადდა ღია კონკურსი. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 14 საშტატო ერთეულით, თუმცა დ. გ-ეის მიმართ, მიუხედავად მისი მაღალი კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილებისა, არ იქნა გამოყენებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მობილობის წესი და მოხდა მისი ჩარიცხვა მოხელეთა რეზერვში. დ. გ-ეის გაწეულ საქმიანობას გამგეობის მიერ მიეცა „კარგი შეფასება“, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განიმარტება როგორც - „მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს“. დასაქმებულთა რეზერვში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მის მიმართ მობილობის გამოყენება, ანუ იმავე ან უფრო დაბალ პოზიციაზე გადაყვანა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ არ იქნა დასაბუთებული თუ რატომ არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო მობილობის წესი მოსარჩელის მიმართ, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა დ. გ-ეის რეზერვში ჩარიცხვით და იმავე სამსახურის სხვა თანამშრომლების მიმართ მობილობის გამოყენების დროს, თან იმ პირობებში, როდესაც დ. გ-ეს აქვს რამდენიმე წლიანი სამუშაო გამოცდილება და მიღებული ჰქონდა „კარგი“ შეფასება. მოპასუხეს შესაბამისი სახის, შინაარსის და მოცულობის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით უნდა ეხელმძღვანელა უკეთესის/საუკეთესოთა ამორჩევის პრინციპით და ისე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
მოსარჩელის მითითებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №55 ბრძანება წინააღმდეგობაშია როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესთან“.
ამდენად, მოსარჩელემ მობილობის შეუძლებლობის გამო დ. გ-ეის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №55 ბრძანების ბათილად ცნობა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და დ. გ-ეის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე დ. გ-ეის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №55 ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო დ. გ-ეის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დ. გ-ე აღდგენილ იქნეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის (ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის) თანამდებობაზე; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა დ. გ-ეის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №135 ბრძანებით დ. გ-ე დაინიშნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის პოზიციაზე. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 აპრილის №429 ბრძანებით დ. გ-ე გადაყვანილი იქნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის პოზიციაზე. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 29 ივნისის №610 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 აპრილის №429 ბრძანებაში და დ. გ-ეის თანამდებობის დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: უფროსი სპეციალისტი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგად დ. გ-ეს მიეცა შეფასება - კარგი. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის №476 და №231 ბრძანებების შესაბამისად, დაკისრებული სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის დ. გ-ე წახალისებული იქნა ფულადი პრემიებით.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №16 დადგენილებით დამტკიცდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობა. აღნიშნული დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად განისაზღვრა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები, მათ შორის - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - 560 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 560 ლარს. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №25 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №05 დადგენილებაში და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად განისაზღვრა 650 ლარით.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 ოქტომბრის №1167 ბრძანებით „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების გაფრთხილების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა პროფესიულ მოხელეს ეცნობა - თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლების შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მათი მობილობა.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №51 განკარგულებით დამტკიცდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის თანამდებობა განისაზღვრა - მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №13 განკარგულებით დამტკიცდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №28 განკარგულებით „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №13 განკარგულებაში შეტანილი იქნა ცვლილება დანართის შესაბამისად. აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური ჩამოყალიბდა სამი განყოფილებით: 1) ინფრასტრუქტურის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 6 საშტატო ერთეულით, მათ შორის - მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 2 საშტატო ერთეულით; 2) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება, რომელიც განისაზღრა 4 საშტატო ერთეულით, მათ შორის - მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულით; 3) ძეგლთა დაცვის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით, მათ შორის - მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულით.
2018 წლის 28 ნოემბრის აქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა გაუქმებული მუნიციპალიტეტების მერიის და გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მობილობის მიზნით განახორციელა გასაუბრება პროფესიულ საჯარო მოხელეებთან. აქტის თანახმად, მერის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მოქმედი საშტატო ნუსხის რაოდენობიდან გამომდინარე და შესაბამისი კომპეტენციების და უნარების არქონის გამო დ. გ-ეის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა პოზიციისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების და გამოცდილების არქონის გამო.
2017 წლის 19 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაუგზავნა მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა სია და ასევე, იმ საჯარო მოხელეების სია, რომელთა მობილობაც ვერ განხორციელდა შესაბამისი ტოლფასი თანამდებობის ან უფრო დაბალი თანამდებობების არარსებობის გამო. აღნიშნული წერილის დანართში რეორგანიზაციის დროს გათავისუფლებულ მოხელეთა სიაში, რომელთა მობილობაც ვერ იქნა განხორციელებული, ასევე მითითებულია დ. გ-ე რანგისა და თანამდებობის მითითებით.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 4 იანვრის წერილით თელავის მუნიციპალიტეტის მერს გადაეგზავნა ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან მოძიებული ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შესახებ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 8 იანვრის მიმართვების პასუხად თელავის მუნიციპალიტეტის მერს სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის მუნიციპალიტეტების მერიიდან და საკრებულოდან, ასევე, გურჯაანის რაიონული სასამართლოდან ეცნობა ვაკანტური ადგილების არარსებობის შესახებ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №55 ბრძანებით მობილობის შეუძლებლობის გამო გაუქმებული მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი დ. გ-ე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საშტატო ნუსხებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური ჩამოყალიბდა სამი განყოფილებით: მათ შორის - სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 4 საშტატო ერთეულით, მათ შორის - მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულით; აღნიშნული შტატის ფუნქციური დანიშნულება არის იგივე, რასაც მოსარჩელე იკავებდა რეზერვში ჩარიცხვამდე. შესაბამისად, მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი არ გაუქმებულა და შტატის ფუნქციური დანიშნულება არ შეცვლილა და მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არის მესამე რანგის მეორე კატეგორიის ტოლფასი. ასევე, ახსნა-განმარტებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გამოუთქვამს წერილობითი ან ზეპირი თანხმობა მის მობილობაზე და არც შეთავაზება არ ყოფილა მის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, არც ტოლფას და არც უფრო დაბალ თანამდებობაზე, ასევე, არ გამოუთქვამს წერილობითი ან ზეპირი თანხმობა მის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვასა და კომპენსაციის მიღებაზე. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის საბანკო ანგარიშზე დარიცხული თანხა მან მიიღო და აღიქვა როგორც სამი თვის ხელფასი, რომელიც მოპასუხეს არ ჰქონდა მისთვის ანაზღაურებული 2017 წლის ნოემბრის თვიდან. მოსარჩელის განმარტებით, რაც არ უარყო მოპასუხე მხარემ, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული იქნა ისეთი პირი, რომელიც არ ყოფილა შესაბამის სამსახურში მომუშავე პირი და მანამდე არქიტექტურის სამსახურთან შეხება არ ჰქონია. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელისათვის არ ყოფილა შეთავაზებული დაბალი ან ტოლფასი თანამდებობა. მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან გაუქმების შესახებ წერილობით გამოცემულ ბრძანებას, ასევე, მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის შტატის ფუნქციური დანიშნულების შეცვლას, ამჟამად შტატზე სამუშაო აღწერილობის ფორმას, როგორც იყო დამტკიცებული გამგეობაში მოსარჩელის მუშაობის პერიოდში, საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმების შემოღებას ანდა კრიტერიუმის ცვლილებას, მოსარჩელის მიერ გამოთქმულ თანხმობას მობილობაზე, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვასა და კომპენსაციის აღებაზე. მოპასუხე მხარის განმარტებით, ასეთი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანულ კანონზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში. 2. თვითმმართველი ქალაქი არის ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. 3. თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად; ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამოქმედდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს და შესაბამის მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგ არჩევნებთან ერთად. ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე და მუნიციპალიტეტის მერის არჩევამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება არჩევნებამდე არსებული საკრებულოს და მერის უფლებამოსილებანი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენისა და შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით იღებს საქართველოს პარლამენტი.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის №987-IIს დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი თელავი.
სასამართლომ აქვე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №416 დადგენილების პირველ მუხლზე, რომლითაც განიმარტა: ა) გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი; ბ) ახალი მუნიციპალიტეტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შესაქმნელი მუნიციპალიტეტი. ამავე დადგენილებით განმარტებულია, რომ ახალი მუნიციპალიტეტი არის უფლებამონაცვლე გაერთიანებული გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და განმარტა, რომ 2017 წლის ადგილობრივ თვითმმარველობაში განხორცილებელი ცვლილებების შედეგად, მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბება, რომლის თანახმად ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი და იგი არის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების უფლებამონაცვლე და არა სრულიად ახალი მუნიციპალიტეტი, როგორც ამას მოპასუხე მერია მიუთითებს წერილობით შესაგებელში. შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ახალი ორგანიზაციული წარმონაქმნი არ არის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, იგი კვლავ იმ ფუნქცია-მოვალეოებებისა და მიზნების გამახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, უფლებამონაცვლე - თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით იქნა ჩარიცხული მოხელეთა რეზერვში. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის, ლიკიდაციის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ არ მიღებულა და გამოცემულა წერილობითი სახის გადაწყვეტილება.
სასამართლომ მოხელის შეფასებასთან დაკავშირებით მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლზე, ასევე მიუთითა „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, 2017 წლის შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგად დ. გ-ეს მიეცა შეფასება - კარგი.
სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. 2. მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. 3. დაუშვებელია მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დაწყებულია ამ კანონის 34-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურები. 4. მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. 5. თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ამავე კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა.
ამავე კანონის 103-ე მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. 2. ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. 3. შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.
ამავე კანონის 104-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. 2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.
ამავე კანონის 105-ე მუხლის თანახმად, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2. მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე მოხელე, რომელიც პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით თავისუფლდება თანამდებობიდან. 3. მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება. 4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით გამოცხადებულ დახურულ კონკურსში. 5. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მიერ შრომითი საქმიანობის დაწყება არ იწვევს რეზერვიდან მის ვადაზე ადრე ამორიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის კონკურსის საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე დაინიშნება. 6. მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს ბიურო.
ამავე კანონის 108-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს: ა) პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; ამავე კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესზე“.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით ,,თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების გაფრთხილების შესახებ“ მოსარჩელეს ეცნობა - თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლების შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მათი მობილობა. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტი.
სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაუგზავნა რეორგანიზაციის დროს გათავისუფლებული დ. გ-ეის მონაცემი, რომლის მობილობაც ვერ იქნა განხორციელებული. ასევე, დადგენილია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 105-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები და პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი. ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა მოხდა გაუქმებული თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელის მობილობის შეუძლებლობის გამო. დადგენილია, რომ შტატი, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა, არ გაუქმებულა (არ შემცირებულა) და ფუნქციური დანიშნულება არ შეცვლილა.
მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დ. გ-ე არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს. სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველო კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაწესის თანახმად იმისათვის, რომ განხორციელდეს მობილობა, უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები ერთდროულად, კუმულაციურად: ა. უნდა არსებობდეს დაწესებულები რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა, ბ. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან უნდა სდევდეს შტატები შემცირება, გ. უნდა არსებობდეს შესაბამისი მოხელის თანხმობა.
განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არც ერთი კანონით დადგენილი კრიტერიუმი მოსარჩელის შემთხვევაში არ არსებობს. არ მომხდარა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია/გაუქმება, ასევე, არ მომხდარა საშტატო ერთეულის გაუქმება ან შემცირება, და არ არსებობს დ. გ-ეის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით. საშტატო ერთეული იგივე ფუნქციური დანიშნულებით ისევ არსებობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულს, სახელწოდება აქვს შეცვლილი, არ გულისხმობს, რომ საშტატო ერთეული იქნა გაუქმებული.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება მიაქცია შტატების შემცირებასა და მათ გაუქმებასთან დაკავშირებით არსებულ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლო №ბს-449-442(კ-15) გადაწყვეტილებასა და 2016 წლის 11 თებერვლის №ბს-683-675(2კ-15) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის თანამდებობა დღემდე არსებობს უწყებაში, თანამდებობაზე დანიშნული იქნა სხვა განყოფილებაში მომუშავე პირი, დაუსაბუთებელია, თუ რატომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული მოსარჩელის მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.
სასამართლომ აქვე ყურადღება მიაქცია აქტს, რომლის თანახმად, შესაბამისი კომპეტენციების და უნარების არქონის გამო დ. გ-ეის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა შესაბამისი კომპეტენციის და უნარ-ჩვევების არქონის გამო და აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის შტატი არსებობდა და არსებობს, არ შეცვლილა არც კრიტერიუმი, დაუსაბუთებელი და გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო და გამოსცა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 28 ნოემბრის აქტი, რომლის თანახმადაც მოსარჩელის მიმართ დადგენილი იქნა შესაბამისი კომპეტენციის და უნარ-ჩვევების არქონა დაკავებულ თანამდებობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთმითითებული მსჯელობის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №55 ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო დ. გ-ეის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ჩარიცხვა მოხელეთა რეზერვში ფაქტობრივად უტოლდება მის სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინაიდან მოსარჩელე ვერ ახორციელებდა მისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლების ფაქტობრივ რეალიზებას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაკმაყოფილდა მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №55 ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო დ. გ-ეის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულს შეეცვალა სახელწოდება - განსაზღვრულია როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი და დღეის მდგომარეობით იგი არ არის ვაკანტური, უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დ. გ-ე აღდგენილ იქნეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის (ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი) თანამდებობაზე.
სასამართლოს მითითებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ასევე უნდა დაევალოს დ. გ-ეის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, 2017 წლის ადგილობრივ თვითმმარველობაში განხორცილებელი ცვლილებების შედეგად, მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბება, რომლის თანახმად ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი და იგი არის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების უფლებამონაცვლე და არა სრულიად ახალი მუნიციპალიტეტი, როგორც ამას მოპასუხე მერია მიუთითებს. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ახალი ორგანიზაციული წარმონაქმნი არ არის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, იგი კვლავ იმ ფუნქცია-მოვალეოებებისა და მიზნების გამახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“. პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, უფლებამონაცვლე - თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით იქნა ჩარიცხული მოხელეთა რეზერვში. ასევე დადგენილია, რომ რეორგანიზაციის, ლიკიდაციის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ არ მიღებულა და გამოცემულა წერილობითი სახის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგად დ. გ-ეს მიეცა შეფასება - კარგი.
სააპელაციო პალატა ასევე თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შტატი, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა, არ გაუქმებულა (არ შემცირებულა) და ფუნქციური დანიშნულება არ შეცვლილა.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დ. გ-ე არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ არცერთი კანონით დადგენილი კრიტერიუმი მოსარჩელის შემთხვევაში არ არსებობს; არ მომხდარა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია/გაუქმება, ასევე არ მომხდარა საშტატო ერთეულის გაუქმება ან შემცირება, და არ არსებობს დ. გ-ეის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით. საშტატო ერთეული იგივე ფუნქციური დანიშნულებით ისევ არსებობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულს, სახელწოდება აქვს შეცვლილი, არ გულისხმობს, რომ საშტატო ერთეული იქნა გაუქმებული. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის თანამდებობა დღემდე არსებობს უწყებაში, თანამდებობაზე დანიშნული იქნა სხვა განყოფილებაში მომუშავე პირი, დაუსაბუთებელია, თუ რატომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული მოსარჩელის მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის შტატი არსებობდა და არსებობს, არ შეცვლილა არც კრიტერიუმი, შესაბამისად, დაუსაბუთებელი და გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო და გამოსცა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 28 ნოემბრის აქტი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ფაქტობრივი უსწორობაც.
კასატორის განმარტებით, 2018 წლის 30 იანვრის №55 ბრძანებით დ. გ-ე მობილობის შეუძლებლობის გამო ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მასზე გაიცა 3 თვის კომპენსაცია. მართალია, მოსარჩელეს არ გამოუთქვამს წერილობითი ან ზეპირი თანხმობა მის მობილობაზე და არც შეთავაზება არ ყოფილა მის მიმართ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არც ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, თუმცა აღსანიშნავია და დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე დარიცხული 3 თვის კომპენსაცია მან მიიღო. კასატორის მოსაზრებით, დ. გ-ე თანხის აღებით ფაქტობრივად დაეთანხმა კომპენსაციის მიღებისა და რეზერვში ჩარიცხვის საკითხს და არ შეიძლება ზემოთხსენებული აღქმული იქნეს როგორც 2017 წლის ნოემბრის თვიდან გაუცემელი ხელფასი. კომპენსაცია „გაუცემელ ხელფასს“ ორნახევარჯერ აღემატება. აღნიშნული კი სასამართლოს მიერ არ იქნა სწორად გამოკვლეული და შეფასებული.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე 2018 წლის 30 იანვარს ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში, მისთვის ცნობილი იყო, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების (შერწყმის) შედეგად ჩამოყალიბდა ერთი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი, ხოლო მერის უფლებამოსილების ცნობის დღიდან ახლად შექმნილ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაყვანილ იქნენ გაუქმებული მუნიციპალიტეტებიდან საჯარო მოხელეები. მისთვის არანაირი დავალების ან მითითების მიცემა არ ხდებოდა, ვინაიდან აღნიშნულ განყოფილებაში გადაყვანილ იქნენ სხვა თანამშრომლები შესაბამისი განყოფილებებიდან.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრულ მობილობის განხორციელების წესზე და განმარტავს, რომ სწორედ ხსენებული პროცედურების განხორციელება გახდა იმის მიზეზი, რომ რეზერვში ჩარიცხვის ბრძანების გამოცემას დასჭირდა დაახლოებით თვენახევარი, ამ დროისთვის ყველა ვაკანტური ადგილი უკვე შევსებული იყო და დ. გ-ეისთვის ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესახებაც გახლდათ ცნობილი, ამასთან, მობილობის პროცედურას თვენახევარი დასჭირდა, დ. გ-ეის ანგარიშზე კი 3 თვის კომპენსაცია იყო დარიცხული.
ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნულ განყოფილებაში თანამშრომელთა გადაყვანა მოხდა გაუქმებული მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებიდან. მოსარჩელის და სასამართლოს ყურადღება გამახვილდა 1 საშტატო ერთეულზე, რომელსაც დღეის მდგომარეობით იკავებს პროფესიული საჯარო მოხელე დ. ჯ-ე. სასამართლოს წინაშე, სასამართლოს დავალებით წარდგენილია თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 12 აგვისტოს №64 ბრძანება „დიანა ჯოხარიძის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურში ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის და სტატისტიკის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ“, რაც კასატორის მოსაზრებით, ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დ. ჯ-ეს გარკვეულწილად შეხება ჰქონდა ზემოაღნიშნულ სამსახურთან.
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის №987-II დადგენილებაზე, ასევე 2017 წლის 26 ივლისის №1251-რს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანების შესახებ შესაბამისს დოკუმენტზე, 2017 წლის 31 აგვისტოს №416 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რომ შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტი, ხოლო ძველი მუნიციპალიტეტი გაუქმდა, რაც გაზიარებულ არ იქნა სასამართლოს მიერ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-3 მუხლზე და აღნიშნავს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შემთხვევაში, სწორედ გაუქმებული მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებიდან მოხდა მობილობით ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში (აღნიშნული შეფასება ახალი მუნიციპალიტეტი - ნახსენებია ზემოთხსენებულ კანონსა და ნორმატიულ აქტებში) პროფესიულ საჯარო მოხელეთა გადაყვანა. „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №13 განკარგულების თანახმად მოხდა საშტატო ნუსხით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის შემცირება, რის გამოც გარკვეული ნაწილი პროფესიული საჯარო მოხელეების ჩარიცხულ იქნენ რეზერვში და მათზე გაიცა შესაბამისი კომპენსაცია, მათ შორის იყო დ. გ-ეც. კასატორისთვის აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მის პოზიციაზე კონკურსი არ გამოცხადებულება, ხოლო რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტის ვაკანტურ ადგილებს სხვადასხვა განყოფილებებში, გამოცხადებულ იქნა ღია კონკურსი და დ. გ-ეს თავისუფლად შეეძლო მონაწილეობა მიეღო და ნება დაეფიქსირებინა, რაც არ გაუკეთებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №135 ბრძანებით დ. გ-ე დაინიშნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის პოზიციაზე.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 აპრილის №429 ბრძანებით დ. გ-ე გადაყვანილი იქნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის პოზიციაზე.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 29 ივნისის №610 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 აპრილის №429 ბრძანებაში და დ. გ-ეის თანამდებობის დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: უფროსი სპეციალისტი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგად დ. გ-ეს მიეცა შეფასება - „კარგი“.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 13 მაისის №476 და 2016 წლის 21 იანვრის №231 ბრძანებების შესაბამისად, დაკისრებული სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის დ. გ-ე წახალისებული იქნა ფულადი პრემიებით.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №16 დადგენილებით დამტკიცდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობა. აღნიშნული დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად განისაზღვრა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები, მათ შორის - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა - 560 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 560 ლარს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №25 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №05 დადგენილებაში და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად განისაზღვრა 650 ლარით.
„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების გაფრთხილების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 10 ოქტომბრის №1167 ბრძანებით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა პროფესიულ საჯარო მოხელეს ეცნობა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლების შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მათი მობილობა.
2017 წლის 28 ნოემბრის აქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა გაუქმებული მუნიციპალიტეტების მერიის და გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მობილობის მიზნით განახორციელა გასაუბრება პროფესიულ საჯარო მოხელეებთან. აქტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის მოქმედი საშტატო ნუსხის რაოდენობიდან გამომდინარე და შესაბამისი კომპეტენციების და უნარების არქონის გამო, მერის გადაწყვეტილებით, დ. გ-ეის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა საჭირო გამოცდილებისა და უნარების არქონის გამო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 19 დეკემბერს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაუგზავნა მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა სია და ასევე, იმ საჯარო მოხელეების სია, რომელთა მობილობაც ვერ განხორციელდა შესაბამისი ტოლფასი თანამდებობის ან უფრო დაბალი თანამდებობების არარსებობის გამო. აღნიშნული წერილის დანართში რეორგანიზაციის დროს გათავისუფლებულ მოხელეთა სიაში, რომელთა მობილობაც ვერ იქნა განხორციელებული, ასევე მითითებულია დ. გ-ე რანგისა და თანამდებობის მითითებით.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 4 იანვრის წერილით თელავის მუნიციპალიტეტის მერს გადაეგზავნა ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან მოძიებული ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის შესახებ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 8 იანვრის მიმართვების პასუხად თელავის მუნიციპალიტეტის მერს სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის მუნიციპალიტეტების მერიიდან და საკრებულოდან, ასევე, გურჯაანის რაიონული სასამართლოდან ეცნობა ვაკანტური ადგილების არარსებობის შესახებ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №55 სადავო ბრძანებით მობილობის შეუძლებლობის გამო გაუქმებული მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ი დ. გ-ე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №55 სადავო ბრძანება წინააღმდეგობაშია როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესთან“. მისთვის შესაბამისი თანამდებობის შეთავაზების გარეშე მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვით დარღვეულია მობილობის წესი. ამდენად, განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებში სადავო გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მობილობის კანონიერება.
„გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის №987-IIს დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი თელავი. „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 26.07.2017წ. საქართველოს ორგანული კანონის 2.3 მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტების მერებმა/საკრებულოების თავმჯდომარეებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყონ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილ შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში. 2.4 მუხლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის დადგენილებით შექმნილი მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი თემების) საკრებულოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოქმედებს იმ თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გაერთიანების შედეგადაც შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.1 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად; ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103.3 მუხლის თანახმად, შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 7.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას იმ ნაწილში, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა. მითითება მასზედ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, არ შეესაბამება თავად ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ 2017 წლის ადგილობრივ თვითმმარველობაში განხორცილებელი ცვლილებების შედეგად მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბება, რომლის თანახმად ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად შემოიტანა მობილობის ინსტიტუტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 105.1 მუხლიც მოხელის რეზერვში ჩარიცხვას იმ შემთხვევაში ადგენს, როდესაც მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცდა „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, რომელმაც განსაზღვრა საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხები. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს (პირველი მუხ.). დასახელებულმა მობილობის წესმა მობილობის მიზნები დაუკავშირა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფას, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნებას (მე-2 მუხ.). მობილობის წესის მე-12 მუხლით გაწერილია მობილობის პროცედურები; ხოლო მე-13 მუხლი ეხება მოხელეთა რეზერვს, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.4 მუხლისა და 105.1 მუხლის მსგავსად, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას მობილობის შეუძლებლობას უკავშირებს. სადავო მობილობის განხორციელების დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-13 მუხლი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 105-ე მუხლები პირდაპირ და არაორაზროვნად მიუთითებს მობილობის პროცესში მოხელის რეზერვში ჩარიცხვის შესაძლებლობას მხოლოდ მის მიმართ მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ დახვეწისა და არსებული ბუნდოვანებების აღმოფხვრის მიზნით, მობილობის პროცედურების განსაზღვრულობისა და სიცხადის თვალსაზრისით, მობილობის წესში საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №315 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად დაზუსტდა და ნათლად განისაზღვრა რიგი საკითხები.
მობილობის წესში განხორციელებული ცვლილებებიდან აღსანიშნავია მე-12 მუხლის ახლად ჩამოყალიბებული რედაქცია, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო აღნიშნული წესის მე-13 მუხლი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას კვლავ მობილობის შეუძლებლობას უკავშირებს.
„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესში“ განხორციელებულმა ცვლილებებმა ცხადყო კანონმდებლის ნება მობილობის წესის განხორციელების პროცესში, დააზუსტა და ხაზი გაუსვა მობილობის მიზნებსა და არსს. თუმცა, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებამდე, ასევე ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული რედაქციით ცალსახაა მობილობის უმთავრესი პრინციპი - გასათავისუფლებელი მოხელისთვის ტოლფასი თანამდებობის მოძიება და შეთავაზება, დასახელებული „წესით“ განსაზღვრული მობილობის პროცედურის სათანადო განხორციელება და მოხელის რეზერვში ჩარიცხვა მხოლოდ მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამდენად, მობილობის მიზნებისა და არსის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, თავდაპირველად ხდება მოხელისთვის ტოლფასი თანამდებობის მოძიება და შეთავაზება, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლითა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლით დადგენილი წესით მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში ხდება მოხელის რეზერვში ჩარიცხვა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე დ. გ-ე იკავებდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თანამდებობას, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №51 განკარგულებით დამტკიცებული თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის მიხედვით კი, აღნიშნული თანამდებობისთვის განსაზღვრული იყო 4 საშტატო ერთეული, ხოლო საშტატო ერთეულთა სრული რაოდენობა - 134 ერთეულით. მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე კი მერიაში საშტატო ერთეულთა რაოდენობა განსაზღვრული იყო 80 ერთეულით.
ამასთან, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №13 განკარგულებით დამტკიცდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №28 განკარგულებით „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №13 განკარგულებაში შეტანილი იქნა ცვლილება დანართის შესაბამისად. აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური ჩამოყალიბდა სამი განყოფილებით: 1) ინფრასტრუქტურის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 6 საშტატო ერთეულით, მათ შორის - მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 2 საშტატო ერთეულით; 2) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება, რომელიც განისაზღრა 4 საშტატო ერთეულით, მათ შორის - მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულით; 3) ძეგლთა დაცვის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით, მათ შორის - მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულით. ახალშექმნილი მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხა კი განისაზღვრა 182 ერთეულით.
ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საშტატო ნუსხებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის საშტატო ერთეულის ფუნქციური დანიშნულება არის იგივე, რასაც მოსარჩელე იკავებდა რეზერვში ჩარიცხვამდე. იმ გარემოებას, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თანამდებობის ტოლფასს მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობა წარმოადგენდა, არ უარყოფს არც კასატორი.
აღსანიშნავია, რომ სადავო მობილობის განხორციელებისას კანონმდებლობა არ განსაზღვრავდა ტოლფასი თანამდებობის დეფინიციას. ტოლფასი თანამდებობის შეფასებას ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები განსაზღვრავდა. ტოლფასი ყოველთვის იდენტურს არ გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში გართულდებოდა ტოლფასი თანამდებობის რეალური მოძიება ახლად შექმნილ, რეორგანიზაციას დაქვემდებარებულ დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესში“ განხორციელებული ცვლილებებით ერთიანი მიდგომების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა ტოლფასი თანამდებობის დეფინიცია, რომლის თანახმად, ტოლფასი თანამდებობა წარმოადგენს იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობას, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია (მობილობის წესის 3.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ კასატორი არ უთითებს მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული შტატის ახალ, განსხვავებულ ფუნქციებზე, მის დასაკავებლად დადგენილ განსხვავებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე ან რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა დ. გ-ეისთვის აღნიშნული თანამდებობის შეთავაზებას.
ამდენად, საქმის მასალების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქი თელავისა და თელავის მუნიციპალიტეტის ერთ თვითმმართველ ერთეულად - თელავის მუნიციპალიტეტად გაერთიანების შემდეგ დამტკიცდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა, რომლითაც შემცირდა როგორც თანამშრომელთა საერთო რაოდენობა, ასევე შემცირება შეეხო მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობასაც - მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის განსაზღვრული იყო 4 საშტატო ერთეული, ხოლო ახალშექმნილ მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებაში გათვალისწინებულია მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიუთითეს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის თანამდებობა არ შემცირებულა. თუმცა, საქმეზე არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასების მიუხედავად, სადავო ბრძანების კანონიერების შეფასების ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების მიხედვით ადასტურებს დ. გ-ეის მიერ დაკავებული თანამდებობის შემცირების ფაქტს, რის შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანოს დღის წესრიგში დადგა მობილობის წესის განხორციელება, რისი სათანადოობა და კანონთან შესაბამისობაც მოსარჩელის მიერ სადავოდ არის ქცეული მოცემული სამართალურთიერთობის ფარგლებში, რამდენადაც დ. გ-ე წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ პირს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც მოსარჩელე დ. გ-ეს მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე ეკავა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თანამდებობა, რომლის ტოლფას თანამდებობას ახლად ჩამოყალიბებულ მუნიციპალიტეტში ...ის თანამდებობა წარმოადგენდა, აღნიშნული ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა მობილობის პროცესი განეხორციელებინა კანონის დაცვით, მისი არსისა და მიზნების გათვალისწინებით და ტოლფასი თანამდებობის არსებობისას, მობილობის წესის დარღვევით, მობილობის პროცედურა არ დაეწყო პირდაპირ გარე მობილობის წესების ამოქმედებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე ვერ დაადასტურა, რომ დ. გ-ეისთვის შეთავაზებულ იქნა მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, უფრო მეტიც, საკასაციო საჩივარში თავად ადასტურებს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელისთვის არც ტოლფას და არც უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა არ შეუთავაზებია, რითაც დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალშექმნილ მუნიციპალიტეტში ...ის თანამდებობაზე დანიშნულ იქნა სხვა განყოფილებაში მომუშავე პირი. იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ მოხელეს გარკვეულწილად შეხება ჰქონდა ზემოაღნიშნულ სამსახურთან, კასატორი ასაბუთებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 12 აგვისტოს №64 ბრძანებაზე მითითებით, რომლითაც იგი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურში ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის და სტატისტიკის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მობილობის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირველესყოვლისა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შექმნილი თანამდებობის გამოყენება მობილობის მიზნებისათვის, რა დროსაც მობილობის განხორციელების პროცესში კონკრეტულ თანამდებობაზე სათანადო კანდიდატურის შერჩევისას თავდაპირველად ის მოხელეები ერთვებიან მობილობის პროცესში, რომელთა შემცირებული შტატების ტოლფას თანამდებობას წარმოადგენს დასაკავებელი პოზიცია.
ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში დ. გ-ეის მობილობის შეუძლებლობას საფუძვლად დაედო პროფესიულ საჯარო მოხელეებთან გასაუბრების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დ. გ-ეის საჭირო გამოცდილებისა და უნარების არქონის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილებით დამტკიცდა „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი“, რომელიც ადგენს 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების ორგანოებში პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების ზოგად პრინციპებსა და შეფასების პროცედურებს. ამ წესის მიზანია 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტის მოხელეთა ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან და 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში მათი მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესითა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების გარდა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით გაიწერა მობილობის განხორციელებისას მუნიციპალიტეტების მიერ სახელმძღვანელო სპეციალური წესი, რომლის მიხედვით, შეფასება წარმოებს კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობის პრინციპების დაცვით (მე-2 მუხ.). მოხელის შეფასებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოში შექმნილი მოხელის შეფასების კომისია (3.1 მუხლი). დასახელებული წესით დადგენილია კომისიის ფორმირების წესი (მე-3 მუხლი) და უფლება-მოვალეობები (მე-5 მუხლი). თავის მხრივ, დასახელებული წესით უზრუნველყოფილია მოხელის უფლება გაეცნოს მის მიმართ შედგენილ უშუალო ხელმძღვანელის დახასიათებას, ხოლო უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში - ზემდგომი თანამდებობის პირის დახასიათებას და, სურვილის შემთხვევაში, გასაუბრებამდე წერილობით წარუდგინოს კომისიას თვითშეფასება. ამასთან, შესაფასებელი მოხელე ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგინოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან. შესაფასებელმა მოხელემ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელს შეუშლის შეფასების პროცესის ობიექტურად განხორციელებას (მე-4 მუხლი). შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო. შეფასება ხდება კომისიის მიერ მოხელესთან გასაუბრებით, რომლის დროსაც ფასდება მოხელის ფუნქციები, კომპეტენციები, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. მოხელის კომპეტენციები ფასდება, ამ წესის დანართით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შევსებული მოხელის დახასიათების ან უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ შევსებული დახასიათების შინაარსის გათვალისწინებით. შესაფასებელი მოხელის უშუალო ხელმძღვანელის ან უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ მოხელის კომპეტენციების დახასიათება კომისიას წარედგინება გასაუბრებამდე. მოხელის გასაუბრების პროცესს ესწრება მოხელის უშუალო ხელმძღვანელი (მე-6 მუხლი). შეფასებისას კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საუკეთესო შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები; ბ) კარგი შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა ან გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა კომისიის მიერ ფასდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. ოქმი უნდა შეიცავდეს თითოეული კანდიდატის შეფასების შესახებ კომისიის წევრთა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას (მე-7 მუხლი). დასახელებული წესის 8.3 მუხლი ადგენს, რომ 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.
ამდენად, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილებით დამტკიცებული წესი მობილობის პროცესში წარმოადგენს სპეციალურ სამართლებრივ აქტს 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასებისას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილებით დამტკიცებული „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის“ საფუძველზე განხორციელებული შეფასების მიხედვით, მოსარჩელის - დ. გ-ეის შეფასების შედეგს წარმოადგენდა „კარგი“, რაც მითითებული წესის მე-7 მუხლის თანახმად, შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. დასახელებული წესის 8.3 მუხლი კი ადგენს, რომ მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები. მობილობის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის გამოსარიცხად, ამგვარი შესაბამისობის დადგენა არა მერის შინაგან რწმენას და პირად მოსაზრებებს, არამედ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის №417 დადგენილებით დამტკიცებული „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის“ მიხედვით მოხელის შეფასებით უნდა განისაზღვროს, რაც დ. გ-ეის შემთხვევაში „კარგ“ შეფასებას წარმოადგენდა, ხსენებული წესის 8.3 მუხლის მიხედვით კი, მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სწორედ აღნიშნული შეფასებები. შესაბამისად, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება დ. გ-ეის საჭირო გამოცდილებისა და უნარების არქონასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგად დ. გ-ეს მიეცა შეფასება - „კარგი“, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 13 მაისის №476 და 2016 წლის 21 იანვრის №231 ბრძანებების მიხედვით, დაკისრებული სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის დ. გ-ე წახალისებული იქნა ფულადი პრემიებით. ამასთან, არ დგინდება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომის გამოყენება.
ამდენად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დაარღვია მობილობის წესი, როდესაც დ. გ-ე ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებისა და მობილობის პროცედურის სათანადოდ განხორციელების გარეშე ჩარიცხა მოხელეთა რეზერვში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ტოლფასი თანამდებობის მოსაძიებლად მიმართა ბიუროს, არ ადასტურებს მობილობის კანონით დადგენილი წესით განხორციელებას. მობილობის პროცედურები უნდა განხორციელდეს არა ფორმალურად, არამედ მობილობის წესით დასახული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ დ. გ-ეის რეზერვში ჩარიცხვა განხორციელდა კანონით განსაზღვრული მობილობის წესის დარღვევით. მოხელის რეზერვში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ მობილობის პროცედურის წარუმატებლად დასრულების შემდგომ („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.4, 105.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში კი მობილობის პროცედურა კანონით დადგენილი წესით არ განხორციელებულა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ძირითადად ეფუძნება დ. გ-ეისთვის კომპენსაციის ჩარიცხვის ფაქტს, რაზე დაყრდნობითაც კასატორი გამორიცხავს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დ. გ-ეის მიმართ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია მობილობის პროცედურა, მობილობის წესის დაცვით არ განხორციელებულა მისთვის ტოლფასი თანამდებოის მოძიება და შეთავაზება, რის გამოც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელისთვის კომპენსაციის ჩარიცხვა/არ ჩარიცხვის ფაქტი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დ. გ-ემ კანონით დადგენილი წესით სადავოდ გახადა მობილობის შეუძლებლობის გამო დ. გ-ეის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ ბრძანება.
ამასთან, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დ. გ-ე აღდგენილ იქნეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის (ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის) თანამდებობაზე.
საქმეზე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაყვანილ იქნა სხვა პირი და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნული პოზიცია ვაკანტური არ იყო. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიუხედავად, აღნიშნულზე მიუთითებს თავად რაიონული სასამართლოც და განმარტავს, რომ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური არ იყო.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა განსხვავებით მანამდე მოქმედი კანონისგან, გამორიცხა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენისას სადავო თანამდებობაზე დანიშნული პირის გათავისუფლება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობაზე. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ამგვარი საფუძველი გათვალისწინებული არ არის ამჟამად მოქმედი კანონით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლი ადგენს და განსაზღვრავს უკანონოდ გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენის პროცედურას და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს სადავო თანამდებობის ვაკანტურობის ფაქტს. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს სასამართლოს მიერ იმავე თანამდებობაზე პირის აღდგენას. მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ამჟამად მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლზე მითითებით სამსახურში აღდგენის საკითხის შეფასება მართებულად მოახდინა სათანადო ნორმის საფუძველზე, სამოტივაციო ნაწილში მართებულად მიუთითა 118-ე მუხლით გათვალისწინებულ სამსახურში აღდგენის პროცედურაზე, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით საქმის რეალური, იმჟამად არსებული გარემოებების გაუთვალისწინებლად, 118-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველად დ. გ-ე აღდგენილ იქნა არავაკანტურ თანამდებობაზე, რის გამოც ერთგვარი წინააღმდეგობა შეიქმნა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილსა და სარეზოლუციო ნაწილს შორის. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლი გამორიცხავს სასამართლოს მიერ პირდაპირ თანამდებობაზე აღდგენას ასეთი თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების დროს. იმ შემთხვევაში თუ სადავო თანამდებობა დაკავებული იყო სხვა მოხელის მიერ, 118-ე მუხლის მიხედვით დ. გ-ე ექვემდებარებოდა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. მოცემული საქმის განხილვის ყველა ეტაპზე კი დგინდებოდა, რომ სადავო პოზიცია ვაკანტური არ იყო.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს დ. გ-ეის აღდგენას არავაკანტურ თანამდებობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც საქმის განხილვისას დადასტურებულია, რომ ვაკანტური არ არის ის თანამდებობა, რაზეც აღდგენილ იქნა დ. გ-ე, შესაბამისად, მოსარჩელე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მიხედვით ექვემდებარება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამასთანავე, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევებს (თანამდებობის არარსებობის ან ამ თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების გამო). იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო საჯარო დაწესებულებამ უნდა მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში პირი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და მას ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო და კომპენსაცია თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება გადაწყვეტილებას არავაკანტურ თანამდებობაზე დ. გ-ეის აღდგენის ნაწილში და იზიარებს მოსარჩელის აღდგენის პროცედურას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით დადგენილი წესით.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მიხედვით ასევე მართებულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა დ. გ-ეისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის (ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის) თანამდებობაზე დ. გ-ეის აღდგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დ. გ-ეის სარჩელი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და დ. გ-ე აღდგენილ იქნეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე; დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის (ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის) თანამდებობაზე დ. გ-ეის აღდგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. გ-ეის სარჩელი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდეს და დ. გ-ე აღდგენილ იქნეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა