Facebook Twitter

ბს-1324(კ-20) 17 თებერვალი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2020წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 10.07.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 24.03.2017წ. N7706 ბრძანების ბათილად ცნობა და 29.05.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.06.2017წ. N16083 ბრძანების ბათილად ცნობა. 18.08.2017წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახური და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი. საქალაქო სასამართლოში 16.11.2017წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დაასახელა სსიპ შემოსავლების სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.2019წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 24.03.2017წ. N7706 ბრძანება, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.06.2017წ. N16083 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „...ს“ უარი ეთქვა 29.05.2017წ. წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელე შპს ,,...ის“ მიერ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის შეტანის გამო იმპორტის გადასახდელების შემცირება 16 168 ლარით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მართებულად განხორციელდა იმპორტირებული პროდუქციის შესაბამისი სუბპოზიციისთვის მიკუთვნება, რომლებიც დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადახდისაგან. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2020წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება და არ იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას სასამართლოს მიერ შპს „...ის“ მიერ იმპორტირებული მარლის 3005 სასაქონლო ჯგუფისთვის მიკუთვნების თაობაზე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა განესაზღვრა და წარედგინა ის მტკიცებულებები, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ან გააბათილებდა საქმეზე დადგენილ ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო პალატა დაეყრდნო ,,საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისიტრის 11.07.2012წ. N241 ბრძანების 1.1. მუხლს, რომლის თანახმად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) მომზადებულია ,,საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2012 წლის რედაქციის საფუძველზე. აღნიშნული ნომენკლატურა დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) გამოიყენება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ღონისძიებათა განსახორციელებლად, სტატისტიკური აღრიცხვის წარმართვის და სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის სრულყოფისათვის. აღნიშნული ბრძანების დანართით განისაზღვრა: 1) ჯგუფი 30 ფარმაცევტული პროდუქცია. სეს ესნ კოდი 3005; პოზიციის დასახელება: ბამბა, მარლა, ბინტები და ანალოგიური ნაწარმი (მაგალითად, გადასახვევი მასალა, ლეიკოსალბუნები, ცხელსაფენები), გაჟღენთილი ან დაფარული ფარმაცევტული ნივთიერებებით ან საცალო ვაჭრობისათვის ფორმებში ან საფუთავებში დაფასოებული, განკუთვნილი მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებლად.: სეს ესნ კოდი 3005 90 310 00; პოზიციის დასახელება -- მარლა და მარლის ნაწარმი --- დანარჩენი; 2) ჯგუფი 52 ბამბა. სეს ესნ კოდი 5208 21 100 00; პოზიციის დასახელება: – – – ქსოვილები ბინტების, შესახვევი მასალებისა და სამედიცინო მარლის დასამზადებლად. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს ,,...ის“ 02.03.2017წ. ექსპერტის N4/3 დასკვნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 17.03.2017წ. დადგენილებით, შპს ,,ნ...ის“ დეკლარირების წერილითა და პროდუქტის ფაილის ძირითადი მახასიათებლებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ იმპორტირებული იქნა სამედიცინო დანიშნულების საქონელი - სამედიცინო ბინტის რულონები ზომით 90სმX50მ და 90სმX100მ., რომელიც საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, განეკუთვნება 3005 ჯგუფს (ბამბა, მარლა, ბინტები და ანალოგიური ნაწარმი (მაგალითად, გადასახვევი მასალა, ლეიკოსალბუნები, ცხელსაფენები), გაჟღენთილი ან დაფარული ფარმაცევტული ნივთიერებებით ან საცალო ვაჭრობისათვის ფორმებში ან საფუთავებში დაფასოებული, განკუთვნილი მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებლად) და კლასიფიცირდება 3005 90 310 00 (მარლის ნაწარმი), შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზისა და სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესწავლის შედეგად არ იქნა გაზიარებული აპელანტის შეფასება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შპს „...ის“ მიერ იმპორტირებული მარლის 3005 სასაქონლო ჯგუფისთვის მიკუთვნების არამართებული ინტერპრეტაციის თაობაზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საგადასახადო კოდექსის 289.4. მუხლზე, რომლის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ – იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ამავე ნორმის 27-ე ნაწილის მიხედვით, ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება საგადასახადო კოდექსის 289.4. მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, კერძოდ მოსარჩელე შპს ,,...ის“ მიერ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის შეტანის გამო იმპორტის გადასახდელების 16 168 ლარით შემცირება, ხოლო აპელანტმა ვერ უზრუნველყო მისივე სასარგებლო პოზიციის ან ისეთი გარემოებების დამტკიცება და მტკიცებულებების წარდგენა, რაც შეცვლიდა დადგენილ გარემოებებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2020წ. განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამო უნდა გაუქმდეს. შპს „...ის“ მიერ შედგენილი დეკლარაციით იმპორტირებული ტვირთის სეს ესნ-ის 3005 90 31 სასაქონლო ქვესუბპოზიციით განსაზღვრა და 168.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გადასახადისგან გათავისუფლება ეწინააღმდეგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 11.07.2012წ. N241 ბრძანებით დამტკიცებულ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შინაარსს, კერძოდ 3005 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულია - ბამბა, მარლა, ბინტები და ანალოგიური ნაწარმი (მაგალითად გადასახვევი მასალა, ლეიკოსალბუნები, ცხელსაფენები), გაჟღენთილი ან დაფარული ფარმაცევტული ნივთიერებით ან საცალო ვაჭრობისთვის ფორმებში ან საფუთავებში, იმპორტირებული ტვირთის რეალური სუბპოზიცია მიეკუთვნება 5208 21 100 00 მდგომარეობას, რამეთუ იმპორტირებული ტვირთი არ აკმაყოფილებს 3005 პოზიციის არცერთ ელემენტს, კერძოდ, მისი ზომებია სიგანე - 90 სმ, ხოლო სიგრძე ერთ შემთხვევაში 50 მეტრი, ხოლო მეორე შემთხვევაში 100 მეტრი, შესაბამისად, არ არის საცალო ვაჭრობის ფორმაში ან საფუთავში დაფასოებული, ამდენად, სასამართლოების მიერ არასწორად განხორციელდა საქონლის 3005 ჯგუფისთვის მიკუთვნება და შესაბამისად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციად მიჩნევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 5.2 მუხლზე, რომელიც კრძალავს საგადასახადო კოდექსით გაუთვალისწინებელი ვალდებულების ვინმესთვის დაკისრებას, აგრეთვე გადასახადის გადახდევინებას საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე, ამდენად, საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ საგადასახადო კოდექსით დადგენილ კონკრეტულ საფუძვლებს და დაუშვებელია კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ გადამხდელის ვალდებულების განსაზღვრა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2017წ.) 168.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-გან გათავისუფლებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისთვის განკუთვილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, შპს „...მა“ 02.01.2017წ. გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ განახორციელა ჩინეთიდან შემოტანილი საქონლის იმპორტი, კერძოდ, ბინტი რულონებად - 4300 ერთეული, აგრეთვე ბინტის არასტერილური ტამპონი - 4400 ერთეულით, ხოლო ბინტის სტერილური ტამპონი - 45000 ერთეულის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის მიკუთვნება და დეკლარირება განხორციელდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 11.07.2012წ. N241 ბრძანებით (სადავო პერიოდში მოქმედი) დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 30-ე ჯგუფის შესაბამისად, რომელიც მოიცავს ფარმაცევტულ პროდუქციას. იმპორტიორის მიერ შემოტანილ საქონელს დეკლარაციაში მიენიჭა 3005 90 310 00 კოდი, რომელიც მოიცავს მარლასა და მარლის ნაწარმს, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებული პროდუქცია ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული იქნა დღგ-ის დარიცხვისაგან. შემოსავლების სამსახურის კამერალური საგადასახადო შემოწმებისა და ადგილზე დათვალიერების შემდეგ შპს „...ის“ მიმართ გამოიცა საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 24.03.2017წ. საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება, რომლის თანახმად, იმპორტირებული საქონლის კონკრეტული სახეობის, კერძოდ ბინტი რულონებად, გათვალისწინებული იქნა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 5208 21 200 00 ქვესუბპოზიციაში, რომლის თანახმად, შპს „...ი“ იმპორტირებული საქონელზე დამატებული ღირებულების გადასახადის დაურიცხავობის საფუძვლით დაჯარიმებული იქნა საგადასახადო კოდექსის 289.4 მუხლის შესაბამისად და დაეკისრა საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელების თანხის 100%, რამაც შეადგენდა 16168 ლარი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 11.07.2012წ. N241 ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 30-ე ჯგუფზე, რომლის თანახმად 3005 სუბპოზიციაში მოქცეული საქონელი არის ბამბა, მარლა, ბინტები და ანალოგიური ნაწარმი (მაგალითად, გადასახვევი მასალა, ლეიკოსალბუნები, ცხელსაფენები), გაჟღენთილი ან დაფარული ფარმაცევტული ნივთიერებებით ან საცალო ვაჭრობისათვის ფორმებში ან საფუთავებში დაფასოებული, განკუთვნილი მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებლად. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს ,,...ის“ 02.03.2017 წლის ექსპერტის N4/3 დასკვნით, შპს ,,ნ...ის“ დეკლარირების წერილითა და პროდუქტის ფაილის ძირითადი მახასიათებლებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ იმპორტირებული იქნა სამედიცინო დანიშნულების საქონელი - სამედიცინო ბინტის რულონები ზომით 90სმX50მ და 90სმX100მ., რომელიც საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით, განეკუთვნება 3005 ჯგუფს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 3005 სუბპოზიციაში განთავსებული საქონელი, კერძოდ ბამბა, მარლა, ბინტები და ანალოგიური ნაწარმი (მაგალითად, გადასახვევი მასალა, ლეიკოსალბუნები, ცხელსაფენები), გაჟღენთილი ან დაფარული ფარმაცევტული ნივთიერებებით ან საცალო ვაჭრობისათვის ფორმებში ან საფუთავებში დაფასოებული, განკუთვნილი მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებლად, ამომწურავად განსაზღვრავს საკუთარი სუბპოზიციის განსაზღვრის მახასიათებლებს, კერძოდ სამედიცინო დანიშნულებისათვის გამოყენებად ჩამოთვლილ მზა პროდუქციას, რომელიც არ საჭიროებს შემდგომ გადამუშავებას გამოყენებისათვის ვარგისი სამედიცინო პროდუქტის მისაღებად. ამდენად, შპს „...ის“ მიერ იმპორტირებული საქონელი (ბინტი რულონებად) მიეკუთვნება დასრულებულ სამრეწველო პროდუქტს, რომელიც ვარგისია ფარმაცევტული დანიშნულებისათვის. საკასაციო პალატა არ იზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრებას მასზედ, რომ იმპორტირებული ტვირთის ზომები, კერძოდ - 90სმX50მ და 90სმX100 არ არის საცალო ვაჭრობის ფორმაში ან საფუთავში დაფასოებული და სასამართლოების მიერ არასწორად განხორციელდა საქონლის 3005 ჯგუფისთვის მიკუთვნება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმპორტირებული პროდუქციის რეალური დანიშნულებისა და ფარმაცევტული სახის განსაზღვრისათვის სარეალიზაციო ფორმა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მასზე არ დაიყვანება, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შპს „...ის“ მიერ იმპორტირებულ საქონელს (ბინტი რულონებად) საცალო-სარეალიზაციო და სააფთიაქო ვაჭრობისათვის დამახასიათებელი ფორმა არ გააჩნია, იგი სრულად ექცევა 3005 სუბპოზიციაში მითითებულ საფუთავებში დაფასოებული პროდუქციის შინაარსში, რამეთუ იგი არის სამედიცინო დანიშნულებისათვის დამზადებული საბოლოო პროდუქტი, რომელსაც გარს აკრავს შეფუთვის ორი ფენა და გააჩნია კონკრეტული სარეალიზაციო მოცულობა, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, 90სმX50მ, ხოლო მეორე შემთხვევაში, 90სმX100მ, ამდენად, იგი განიხილება საბოლოო გადამუშავების პროდუქტად, მიუხედავად სარეალიზაციო ფორმის შესაძლო ცვლილებისა და არა ბინტის, შესახვევი მასალებისა და სამედიცინო მარლის დასამზადებელ ქსოვილად. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. კასატორის მიერ წარდგენილი არ იქნა ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ან გააბათილებდა საქმეზე დადგენილ ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს და გამოკვეთდა საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი