Facebook Twitter

ბს-1172(კ-21) 23 თებერვალი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-იმა 01.05.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.02.2020წ. №8 სხდომის ოქმის (გადაწყვეტილების) ნაწილობრივ, ასევე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 11.03.2020წ. №03-376/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მისი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. ო-ე.

საქალაქო სასამართლოში 13.04.2021წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 11.03.2020წ. №03-376/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მისი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.2021წ. გადაწყვეტილებით გ. გ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 11.03.2020წ. №03-376/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის გ. გ-იის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.2021წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული (დანართი №1, №6, №7) „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) მკაფიოდ არის დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა, დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №6-ის „დ“ პუნქტი ადგენს რომ დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე ფასდება 1,5 ქულით. დადგენილია, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად, ხოლო „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილების მიღებისას თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით ჯამდება მიღებულ ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ქ. გორში, ...ის ქ. კორპ. ...-ში მდებარე ..., რომელშიც გ. გ-იი (მისი ოჯახი) ფაქტობრივად ცხოვრობს, არ წარმოადგენს მის საკუთრებას, ხოლო საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ბინა ფაქტობრივად ეკუთვნის კ-იების ოჯახს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას გ. გ-ისთვის მინიჭებული ქულების 1.5 ქულით შემცირება (დააკლდა ახლობლის/ნათესავის ბინაში ცხოვრების გამო) უსაფუძვლოა. ადმინისტრაციულმა ორგანომ „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში“ გ. გ-იის დევნილი ოჯახისათვის მინიჭებული ქულის (1.5 ქულა) შემცირებით შეფასების გარეშე დატოვა აღნიშნული ოჯახის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის კრიტერიუმი. მოსარჩელესთან მიმართებით არ იქნა გათვალისწინებული ოჯახის წევრის - დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, იგი საჭიროებს შესაბამისი საცხოვრებელი პირობების არსებობას. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი არ შეიძლება გახდეს მხოლოდ ის გარემოება, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს 1992 წლიდან ქ. გორში, გრიბოედოვის ქ. №...-ში მდებარე ...-ში ქირის გარეშე ცხოვრების გამო, ასევე არ იკვეთება იმ ბინის მესაკუთრე, რომლის ბინითაც მოსარჩელე და ე. ო-ე სარგებლობს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ დადგინდა იმ ბინის მესაკუთრის ვინაობა, სადაც მოსარჩელე დედასთან ერთად ცხოვრობს. აღნიშნული ბინის კ-იების საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობა გახდა 1,5 ქულების დაკლების საფუძველი, ამასთან, არქივში დაცული მშრომელთა დეპუტატების გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1961-1975 წლების საარქივო დოკუმენტებში მ. კ-იის, ფ. კ-იის, ნ. კ-იის და თ. კ-იის სახელზე გაცემული ორდერი მისამართზე ქ. გორი, ...ის ქ. №.../... ჩანაწერი არ აღმოჩნდა. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დგინდება კანონით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე, რაც წარმოდგენილი არ ყოფილა. დევნილთა საკითხების განმხილველმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ გ. გ-იისთვის ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იგი 1992 წლიდან ცხოვრობს ქირის გარეშე, შესაბამისად, ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. მოსარჩელეს აქვს ფაქტობრივი საცხოვრებელი და დაუბრკოლებლად აგრძელებს მასში ცხოვრებას. მის მიერ მესაკუთრედ მითითებული პირების საკუთრების უფლებაც არ დასტურდება, ამდენად, ის ფაქტი, რომ კ-იების ოჯახმა მოსარჩელის ოჯახი შესაძლოა გამოასახლოს და თავშესაფრის გარეშე დატოვოს არ დასტურდებოდა. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, მისი მომზადებისა და გამოცემის დროს კანონი არ დარღვეულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). საქმის მასალებში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.02.2020წ. №8 სხდომის ოქმის თანახმად, ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა გ. გ-იის ოჯახს, რომელიც შეფასებულია 3 ქულით. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა 1992 წლიდან ქ. გორში, ...ის ქ. №..., ...-ში ქირის გარეშე ცხოვრების გამო, ასევე არ იკვეთება ბინის მესაკუთრე, რის გამოც დააკლდა 1,5 ქულა (ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრება). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 11.03.2020წ. №03-376/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.02.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №8) გ. გ-ის (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. გორში და ქ. ხაშურში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმეზე დადგენილია, რომ გ. გ-იი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ...-ში, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან 1992 წლიდან ცხოვრობს ქირის გარეშე, ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ არ დასტურდება დევნილის ოჯახის გამოსახლების საშიშროება, უსაფუძვლოა, აღნიშნული მითითებები არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ. გ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი საჭიროების არარსებობის დასაბუთება ვერ უზრუნველყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი