საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1262(კ-20) 22 თებერვალი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. მ-ე
მოპასუხეები - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, კ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 21 მარტს გ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 სექტემბრის №02/8049 წერილის/თანხმობის, ასევე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ. მ-ის შორის 2018 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით გ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 სექტემბრის №02/8049 წერილი/თანხმობა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ. მ-ის შორის 2018 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. მ-იმა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით კ. მ-ისა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, რომლის თანახმად, სააგენტო საძოვარს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე გასცემს იჯარით, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლის სტატუსის დადგენა, ასევე, ამა თუ იმ პრეტენდენტზე უპირატესობის მინიჭება-არ მინიჭების საკითხის გადაწყვეტა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ წარდგინების გაცემისას.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის სწორად განმარტების პირობებში, დადგინდებოდა, რომ სააგენტოს მხრიდან კანონმდებლობის სრული დაცვითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული მეორე წარდგინების საფუძველზე დაიდო იჯარის ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 26 სექტემბერს გაცემული №02/8049 წერილის/თანხმობის, ასევე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ. მ-ის შორის 2018 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების კანონიერება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის დაშვებული ფორმები განისაზღვრება მათი კატეგორიებისა და ტერიტორიულ- ფუნქციონალური ზონების მიხედვით. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული აღკვეთილის ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, იკრძალება დაცული ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული აღკვეთილის ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე გამონაკლისის სახით, სადავო პერიოდში მოქმედი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22 პუნქტის თანახმად, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არაუმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო, დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და 22 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ქონების გადაცემა ხდება აუქციონის გარეშე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან შეთანხმებით, ხოლო „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22 პუნქტის განსაზღვრულ შემთხვევაში - აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 ივნისის №02/4489 წერილით სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარედგინა იმ პოტენციურ მოიჯარეთა სია, რომელთაც სააგენტოს წინაშე უნდა გაწეოდათ შუამდგომლობა ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით აღებასთან დაკავშირებით. მოიჯარეთა აღნიშნულ სიაში ფიქსირდებოდა როგორც კ. მ-ი, ისე გ. მ-ე. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის №93 მიმართვით ირკვევა, რომ განცხადებებზე დართული დოკუმენტაცია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე იჯარით გასაცემი საძოვრების თაობაზე შეიცავდა მთელ რიგ ხარვეზებს. დაინტერესებულ პირებს ეცნობათ, რომ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო მხოლოდ სიაში მითითებული პირების მხრიდან ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში იმსჯელებდა აღკვეთილის საძოვრების იჯარით გაცემაზე. აღსანიშნავია, რომ გ. მ-ე აღნიშნულ სიაში არ ფიქსირდებოდა.
დადგენილია, რომ კ. მ-ის მიერ გამოსწორდა სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რის გამოც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას განმეორებით ეთხოვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად კ. მ-ის მიერ ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საძოვრის) იჯარის უფლებით აღებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 სექტემბრის №02/8049 მიმართვით სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეცნობა, რომ მუნიციპალიტეტი არ იყო წინააღმდეგი კ. მ-ისათვის ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საძოვრის) იჯარით გაცემა მომხდარიყო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 2018 წლის 9 ოქტომბრის საძოვრის საიჯარო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ. მ-ის შორის 5 წლის ვადით გაფორმდა საძოვრის საიჯარო ხელშეკრულება ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე, რომლის ფართობი, ხელშეკრულებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, შეადგენს 2 405 018 კვ.მ.-ს (24.5018ჰა). მეიჯარეს წარმოადგენს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო მოიჯარეს - კ. მ-ი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია N....
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კ. მ-ისა და გ. მ-ეის განაცხადები ეხებოდა ერთსა და იმავე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს. აღსანიშნავია, მაშინ, როცა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის №93 წერილით სხვა პრეტენდენტებთან ერთად შენიშვნა სწორედ კ. მ-ის მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით გამოითქვა, გ. მ-ეის მიერ წარდგენილ განაცხადს ხარვეზი არ დადგენია. ამასთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას გ. მ-ეის ნაწილში ხელშეკრულების გასაფორმებლად უარყოფითი პოზიციაც არ დაუფიქსირებია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის (საძოვრის) იჯარის უფლებით გადაცემისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა ერთ-ერთ განმცხადებელს - კ. მ-ის. ამდენად, მოცემული საკითხის გადაწყვეტისას, გაუგებარია რა გარემოებების გათვალისწინებით იქნა უპირატესობა მინიჭებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ერთ-ერთი მხარის განცხადებაზე და რა საფუძვლით უთხრეს უარი გ. მ-ეს იმ პირობებში, როცა მის მიერ წარდგენილი განაცხადის მიმართ შენიშვნა არ ყოფილა გამოთქმული. ხაზგასასმელია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისადმი სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გაგზავნილ სიაში სხვა პრეტენდენტებთან ერთად ასევე ფიქსირდება გ. მ-ე. ამგვარად, არ ჩანს რა ბედი ეწია ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარდგინებას გ. მ-ესთან მიმართებით.
ასევე საყურადღებოა, რომ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის გ. მ-ეის მიმართებით იჯარის ხელშეკრულების დადების შესახებ თანხმობა არ მოუთხოვია, სააგენტომ მერიის თანხმობა მხოლოდ კ. მ-ითან დაკავშირებით მოითხოვა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გ. მ-ეის მიმართ იჯარის ხელშეკრულების გაფორმების დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა, გაუგებარია სააგენტოს პოზიცია გ. მ-ეისათვის იჯარის ხელშეკრულების გაფორმებასთან და კ. მ-ისათვის უპირატესობის მინიჭებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სახეზეა გ. მ-ეის კანონით დაცული უფლებების დარღვევა, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისი განცხადება ქონების იჯარით აღებასთან დაკავშირებით ფაქტობრივად არ განუხილავს.
რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას კ. მ-ის ადგილობრივ მოსახლედ მიჩნევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მოიხმობს სადავო პერიოდში მოქმედი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22 პუნქტს, რომლის თანახმად, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არაუმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პირველი მუხლის თანახმად, „ტექნიკური რეგლამენტის - ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა“ შემუშავებულია ბორჯომის საელმწიფო ნაკრძალის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული და ნეძვის აღკვეთილისათვის. იმავე „გეგმის“ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების საზღვრებს შიგნით არსებული მიწები სახელმწიფო საკუთრებაა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ნეძვის აღკვეთილის გარკვეულ უბნებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხორციელდება განახლებადი ბუნებრივი რესურსებით ლიმიტირებული სარგებლობა, ხოლო „გეგმის“ 21-ე მუხლის შესაბამისად, დაცული ტერიტორიები ქმნის შემოსავლის ალტერნატიულ წყაროს ადგილობრივი მოსახლეობისათვის. „გეგმის“ 23-ე მუხლის თანახმად, დაცული ტერიტორიები ხელს უწყობს მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობას, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფას. დაცული ტერიტორიების არსებობა ქმნის შემოსავლის ალტერნატიულ წყაროს, რაც ამცირებს ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას ბუნებრივ რესურსებზე.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-9 ნაწილი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისათვის უშვებს გამონაკლისს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და 22 პუნქტის განსაზღვრულ შემთხვევებში ქონების აუქციონის გარეშე გადაცემასთან დაკავშირებით. ხოლო იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ კ. მ-ი არ წარმოადგენს ადგილობრივ მოსახლეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, იგი მხოლოდ დროებით, სამუშაო მიზნებისათვის იმყოფება ტაბაწყურის ტერიტორიაზე, გ. მ-ეის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი კი ბორჯომია, არ არის ცხადი რატომ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო აქტი სწორად იქნა ბათილად ცნობილი და ბორჯომის მუიციპალიეტეის მერიას მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 21.12.2020წ. №36279 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს (ს/კ 204911337) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება.
3. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს (ს/კ 204911337) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.12.2020წ. №36279 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე