№ბს-1165(კ-21) 23 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისი; მესამე პირები - გ. ვ-ი, მ. ჯ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. მ-იმა 2018 წლის 20 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის „სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“ 2018 წლის 18 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 19 თებერვლის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება ქალაქ გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ი. მ-ი არის კოოპერატივ „...ს“ დამფუძნებელი, რომელმაც ხელახალი რეგისტრაცია არ გაიარა და შესაბამისად, გაუქმდა. კოოპერატივის კუთვნილი ქონებაც წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც დამფუძნებლის საკუთრებას. 2017 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში კოოპერატივ „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ტერიტორიული სამსახურის მიერ გამოთხოვილ იქნა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში 1991 წლის 4 აპრილს გახსნილი სააღრიცხვო ბარათის თანახმად, სარეგისტრაციო ობიექტი აღრიცხულია კოოპერატივ „...ს“ სახელზე. მოსარჩელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელიც ამყარებდა სარეგისტრაციო მოთხოვნის საფუძვლიანობას, თუმცა ტერიტორიულმა სამსახურმა 2018 წლის 18 იანვარს მიღებული №... გადაწყვეტილებით აღნიშნული გარემოება საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია, შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გადააგზავნა გორის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. 2018 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოითხოვა „სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“ 2018 წლის 18 იანვარს მიღებული №... გადაწყვეტილების გაუქმება და ტერიტორიული სამსახურისათვის დავალება, რომ განეხორციელებინა №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ სარეგისტრაციო ობიექტზე კოოპერატივ „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელემ საჩივარში აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული იყო სააღრიცხვო ბარათი, ტერიტორიული სამსახურის მხრიდან აღნიშნული ფაქტის იგნორირებითა და კოოპერატივ „...ს“ საკუთრების უფლების ეჭვქვეშ დაყენებით ირღვეოდა მოსარჩელის კანონიერი უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ. ვ-ი და ბ. ჯ-ი. 2020 წლის 22 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მ. ჯ-ი ცნობილ იქნა მესამე პირის - ბ. ჯ-ის უფლებამონაცვლედ.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. მ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. მ-ის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ლიკვიდირებული სუბიექტის - კოოპერატივ ,,...ს’’ საკუთრებაში ლიკვიდაციამდე ფიქსირებული ქ. გორში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე მისი, როგორც ამ კოოპერატივის ერთ-ერთი დამფუძნებლის, საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან აპელანტი ითხოვდა კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ქონების მის სახელზე თანასაკუთრების უფლებით აღრიცხვას, ასევე პრეტენზიას გამოთქვამდა ამ ქონების მის მიერ გამოსყიდვასთან დაკავშირებით, თავდაპირველად უნდა გაირკვეს სადავო ქონების როგორც კოოპერატივის, ასევე ი. მ-ის, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებლისადმი მისი კუთვნილების საკითხი. ამ მხრივ საინტერესოა აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად რა მტკიცებულებები იქნა წარდგენილი ი. მ-ის მიერ როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლო წარმოების მიმდინარეობისას, ასევე მნიშვნელოვანია თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რა ინფორმაციისა თუ დოკუმენტების მოძიება გახდა შესაძლებელი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-ის წარმომადგენლის, ზ. მ-ის მიერ წარდგენილი 2017 წლის 27 ნოემბრის №... სარეგისტრაციო განცხადების თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის გასამყარებლად განმცხადებელმა წარადგინა შემდეგი დოკუმენტაცია: №... (24.11.2017) მინდობილობის ასლი, ფიზიკური პირის შ. მ-ის 11.10.2017წ. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 1749 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ერთსართულიან არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი 267 კვ.მ) და შენობის გეგმა (ლიტ. ,,ა“, I სართული).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოებაზე 2017 წლის 4 დეკემბერს დამატებით წარდგენილი ,,1.XII.1990“ წლით დათარიღებული აქტის ასლის თანახმად, ,,სა...ის“ რ.ს.გ. შეთანხმების საფუძველზე, ,,...ის“ გორის ქარხნის მიღება-ჩაბარების მუდმივმოქმედმა კომისიამ ერთი მხრივ და მეორე მხრივ კოოპერატივ ,,...ს“ თავმჯდომარემ ი. მ-იმა, შეადგინეს აქტი მასზედ, რომ გორის ,,...ას“ ქარხანა გადასცა და კოოპერატივმა ,,...მ“ ჩაიბარა გორის №... ...ოს ძირითადი კორპუსი, ძველი შენობის ნაწილი რიცხული სხვადასხვა პროფილის ლითონის მასალა და ღობე. ასევე, წარდგენილ იქნა ქვითრის ასლი, რომელზეც მითითებული იყო უძრავი ნივთი შენობით ...ის ქუჩაზე, 1990 წლის 26 ნოემბერს შენობის მასალების, ღობის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, გადამხდელად მითითებული იყო კოოპერატივი ,,...“, ხოლო მიმღებად ,,...ის“ გორის ქარხანა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 იანვრის №6/483 პასუხით მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის პრივატიზების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამავე კორესპონდენციის დანართით მოწოდებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მიხედვით, სააგენტოს არქივში ვერ იქნა მოძიებული. ასევე №... (10.01.2018) სამსახურებრივ ბარათზე მომზადებულ სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის №... (12.01.2018) სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული იყო, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე 28.11.2017 წლის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო. სააგენტოში არსებული საარქივო მასალების (ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმები) მიხედვით, ამ ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტზე, ამავე კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ცნობა-დახასიათება თავისი არსით ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც ეყრდნობა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია, რომ იგი შეიცავს კონკრეტულ უძრავ ნივთზე აღრიცხული უფლების, ვალდებულების, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის და საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შესახებ არსებულ მონაცემებს. ცნობა-დახასიათების მომზადების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც პირს სურს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გაცემული ცნობა-დახასიათება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიიჩნევა უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად. შესაბამისად, ცნობა-დახასიათება საბოლოოდ მიიღება არქივში დაცული მასალების საფუძველზე და სხვადასხვა მონაცემებთან ერთად იძლევა კონკრეტულ უძრავ ნივთზე აღრიცხული უფლების შესახებ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მომზადებულ №... (01.12.2017წ) პასუხით დგინდება, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ ცნობა-დახასიათება არ მომზადდა იმ მიზეზით, რომ არქივის მონაცემებით ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა, რომლის მფლობელად მითითებულია კოოპერატივი ,,...“, არასრულყოფილია, არ იყო წარდგენილი უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები, ინახებოდა მხოლოდ შავი სამუშაო ფურცელი (აბრისი). ასევე აღნიშნულია, რომ ტექნიკურ პასპორტზე არ იყო მითითებული ინფორმაცია უძრავი ნივთის აღრიცხვის თაობაზე. აქედან გამომდინარე, სადავო უძრავ ქონებასა და კოოპერატივ ,,...ს" შორის კავშირი შემოიფარგლება მხოლოდ შავი სამუშაო ჩანაწერებით, რომელსაც მისი შინაარსისა თუ დანიშნულების გათვალისწინებით ვერ მიენიჭება იმ სახის მტკიცებულებითი ძალა, რომელზე დაყრდნობითაც უპირობოდ დადასტურდება ხსენებულ უძრავ ქონებაზე კოოპერატივ ,,...ს'' მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცული სააღრიცხვო მასალა სრულყოფილად არ შეიცავდა სავალდებულო რეკვიზიტებს, იგი იყო მხოლოდ და მხოლოდ მონახაზი და შემდეგ საჭიროებდა დამატებით სათანადო წესით დამტკიცებას, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, აპელანტის მიერ მითითებული, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ იმ სახის მტკიცებულებებს, რომელიც უძრავ ნივთზე წარმოშობს საკუთრების უფლებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 1995 წლის 1 მარტიდან ამოქმედებულ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონზე, საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის (N578-1ს) დადგენილებაზე, საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 21 დეკემბრის (N80-1ს) დადგენილებაზე და განმარტა, რომ კოოპერატივ ,,...ს’’ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შინაარსისა და საქმიანობის სახის გათვალისწინებით კომპანიის, როგორც მეწარმე სუბიექტის გაუქმება ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების იმპერატიული მოთხოვნის შეუსრულებლობით იქნა განპირობებული და შესაბამისად, არამართებულია როგორც აპელანტის, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება კოოპერატივის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1511-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რამეთუ ხსენებული სამართლებრივი ნორმა ეხებოდა სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის საფუძველზე შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირების ხელახალი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ამ პირთა რეგისტრაციის სავალდებულო წესით გაუქმების საკითხებს. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ კოოპერატივ ,,...ს’’ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, რითაც მისი რეგისტრაცია გაუქმდა და მან, როგორც მეწარმე სუბიექტმა შეწყვიტა არსებობა. ამდენად, დღეისათვის კანონით გათვალისწინებული სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ლიკვიდირებული საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებლის მოთხოვნა, მის სახელზე უძრავი ნივთის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში აღრიცხვასთან დაკავშირებით მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას, რამეთუ საქმის მასალებით ცალსახად არ დასტურდება კოოპერატივ ,,...ს" სახელზე სადავო უძრავი ნივთის კუთვნილების ფაქტი და ამასთან, ხსენებული საწარმოს ლიკვიდაციამ თავისთავად გამორიცხა მის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, როგორც მის სამართლმემკვიდრეზე, ამ უფლების ავტომატურად გადასვლის შესაძლებლობა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტი ასევე უთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 1999 წელს გამოისყიდა კოოპერატივისგან და ამ ფაქტის დადასტურების მიზნით საქმეში წარმოდგენილ იქნა მიწის შესყიდვის დამადასტურებელი 1999 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ქვითრები, რომელშიც შენატანის დანიშნულებაში მითითებულია მიწის შესყიდვა, ერთ ქვითარში მიმღებად ფიქსირდება ცენტრალური ბიუჯეტი, მეორეში - ადგილობრივი ბიუჯეტი, გადამხდელი ორივე ქვითრის მიხედვით არის ი. მ-ი. თუმცა წარმოდგენილი ქვითრებით არ არის იდენტიფიცირებული თუ კონკრეტულად რა მიწის ნაკვეთი იქნა ი. მ-ის მიერ შეძენილი, შესაბამისად, ამ სახის გადასახადის ქვითრები ვერ იქნება მიჩნეული იმის მტკიცებულებად, რომ სწორედ სადავო მიწის ნაკვეთი იქნა მოსარჩელის მიერ გამოსყიდული.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-იმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული იყო სარეგისტრაციო ობიექტის - ქალაქ გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათი, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის პერიოდში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია, ტერიტორიულ სამსახურს უფლება არ ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტები არ ჩაეთვალა უფლების დამდგენ დოკუმენტებად და სარეგისტრაციო ობიექტი მიეჩნია თვითნებურად დაკავებულად. სსიპ საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში. განსახილველ შემთხვევაში 1991 წლის 4 აპრილს გაიხსნა სააღრიცხვო ბარათი, რომლის თანახმადაც ქალაქ გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ფართი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად, რასაც თავად სსიპ საჯარო რეესტრიც ადასტურებს. რადგან უდავო იყო მისი საკუთრების უფლება ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ფართზე, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში (საჯარო რეესტრში) რეგისტრირებულია 1991 წლის 4 აპრილიდან და ამ დროიდან მოყოლებული დღესაც ფლობს მას, შესაბამისად, უდავო იყო ის გარემოებაც, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე საკუთრება შეძენილი აქვს ხანდაზმულობით და თუნდაც ამ კუთხით სსიპ საჯარო რეესტრს უფლება არ ჰქონდა უარი ეთქვა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
კასატორის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში 1991 წლიდან აღრიცხულია კოოპერატივ „...ს“ სახელზე (ტექნიკური პასპორტის შემადგენელი ნაწილი ე.წ „აბრისი“ შეიცავდა მითითებას მისი შედგენის თარიღის შესახებ 4.IV.1991 წ.). ტექინვენტარიზაციის არქივში დაცულია ის დოკუმენტები, რომლებიც შეიქმნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს - ქ. გორის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს საქმიანობის პროცესში და შესაბამისად, თუკი აღნიშნული დოკუმენტაცია იურიდიული შედეგების მომტან დოკუმენტაციას არ წარმოადგენდა, მაშინ ისინი ვერც და არც შეიძლება გამხდარიყვნენ საარქივო დოკუმენტაციის ნაწილი. როგორც 1999 წელს, ისე დღეს მოქმედი სამეწარმეო კანონმდებლობის თანახმად, ქონება, რომელიც ირიცხებოდა იურიდიული პირის სახელზე, მისი გაუქმების ან/და ლიკვიდაციის შემდეგ წარმოადგენდა იმ პირთა საკუთრებას, რომლებიც ამ ლიკვიდირებული იურიდიული პირის დამფუძნებლები იყვნენ. 1999 წლის 1 იანვრიდან ანუ იმ დროიდან, როცა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კოოპერატივი „...“ გაუქმებულად/ლიკვიდირებულად იქნა ცნობილი, ამ უკანასკნელის კუთვნილი ქონების მესაკუთრეებად ითვლებოდნენ მისი დამფუძნებლები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი არის მოსარჩელე. მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე წარმოიშვა 1999 წლის 1 იანვრიდან და ამ უფლების ტექბიუროში, თუ სსიპ საჯარო რეესტრში აღურიცხაობა, სრულიად არ ნიშნავდა იმას, რომ ამ ქონებაზე მოსარჩელემ დაკარგა საკუთრების უფლება. ის გარემოება, რომ სადავო ქონება 1999 წლიდან წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და დღემდე ფლობდა მას, დაადასტურეს საქმეში მონაწილე მესამე პირებმა. საქმეში წარმოდგენილი ქვითრები მესამე პირების ახსნა-განმარტებასთან ერთობლიობაში მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ფართის გამოსყიდვა მოხდა.
კასატორის მითითებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე დაყრდნობით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძველს, რადგან კოოპერატივი „...“ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მისი 1999 წლის 1 იანვარს გაუქმების/ლიკვიდაციის გათვალისწინებით, უკვე აღარ წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს/მფლობელს. სრულიად სხვაგვარი გარემოება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კოოპერატივი „...“ გაუქმდებოდა ან/და ლიკვიდირებული იქნებოდა 2012 წლის 1 იანვრის ანუ ზემოთ აღნიშნული კანონის იმ ნორმის ამოქმედების შემდეგ, რომლის დანაწესითაც იურიდიულ პირებს აეკრძალათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, სახეზე იქნებოდა სამოქალაქო კოდექსის 167-ე, 1507-ე და 1514-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოება - უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით. სსიპ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე, რეესტრისთავის მიკუთვნებული უფლებამოსილების ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები, ანუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხვა მიჩნეული იქნა სსიპ საჯარო რეესტრში რეგისტრაციად. იმ შემთხვევაში კი, როცა პირი სსიპ საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მასზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა 1993 წლის 23 ივლისიდან, თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მას, როგორც საკუთარს. თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ სადავო ქონებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა კოოპერატივი „...“, იგი ვალდებული იყო გაექარწყლებინა ეს მოტივი მით უმეტეს, რომ ამის შესახებ სასარჩელო განცხადებაშიც იყო მითითებული.
კასატორის მოსაზრებით პირის საცხოვრებლად რაიმე მისამართზე მდებარე ურავ ქონებაზე რეგისტრაცია, სრულიად არ გამორიცხავდა ამავე უძრავი ქონების სხვის საკუთრებაში არსებობის ფაქტს. საგადასახადო ინსპექციისა და ტექაღრიცხვის ცნობები ამყარებდა არგუმენტს, რომ ქალაქ გორში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ნივთი 1999 წლიდან მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა. იმ მოცემულობაში, როდესაც დადგენილი იყო, რომ ქალაქ გორში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ნივთი ტექინვენტარიზაციის ბიუროში 1991 წლიდან აღრიცხული იყო კოოპერატივ „...ს“ სახელზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ი. მ-ი, მაშინ, როცა დადგენილი იყო, რომ კოოპერატივი „...“ 1999 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა/ლიკვიდრებული იქნა, მაშინ, როცა დადგენილი იყო, რომ კოოპერატივ „...ს“ სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხული შენობა-ნაგებობა გამოსყიდული იყო კოოპერატივის მიერ 1990 წელს, ხოლო მიწა - უშუალოდ მოსარჩელის მიერ 1999 წელს, მაშინ, როცა დადგენილი იყო, რომ ქალაქ გორში, ...ის ქუჩა № ...-ში მდებარე სადავო უძრავ ნივთს 1999 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს ი. მ-ი, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია საქმის გარემოებათა არასწორი შეფასება და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ნოემბრის №... სარეგისტრაციო განცხადებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ი. მ-ის მიერ წარდგენილი იყო შემდეგი დოკუმენტაცია: №... (24.11.2017) მინდობილობის ასლი, ფიზიკური პირის, შ. მ-ის 11.10.2017წ. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 1749 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ერთსართულიან არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი 267 კვ.მ) და შენობის გეგმა (ლიტ. ,,ა“, I სართული).
2017 წლის 4 დეკემბერს ი. მ-იმა განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და დამატებით წარადგინა ,,1.XII.1990“ წლით დათარიღებული აქტის ასლი, რომლის თანახმად, ,,სა...ის“ რ.ს.გ. შეთანხმების საფუძველზე, ,,...ის“ გორის ქარხნის მიღება-ჩაბარების მუდმივმოქმედმა კომისიამ, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ კოოპერატივ ,,...ს“ თავმჯდომარე ი. მ-იმა, შეადგინეს აქტი მასზედ, რომ გორის ,,...ას“ ქარხანამ გადასცა და კოოპერატივმა ,,...მ“ ჩაიბარა გორის №... ...ოს ძირითადი კორპუსი, ძველი შენობის ნაწილი რიცხული სხვადასხვა პროფილის ლითონის მასალა და ღობე.
ამავე განცხადებით ი. მ-იმა ასევე წარადგინა შენობის, მასალების, ღობის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი, რომელზეც გადამხდელად მითითებული იყო კოოპერატივი ,,...“, ხოლო მიმღებად - ,,...ის“ გორის ქარხანა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი...“
ამავე პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცნობა-დახასიათება არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს, უძრავი ნივთის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღრიცხვას ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები (სკ-ის 1514-ე-1515-ე მუხ.). შესაბამისად, ცნობა-დახასიათება ასახავს ინფორმაციას უძრავ ნივთზე, მათ შორის, ინფორმაციას უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც დაცულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. მ-ი მოითხოვს გაუქმებული სამეწარმეო სუბიექტის - კოოპერატივ ,,...ს’’ საკუთრებაში ლიკვიდაციამდე ფიქსირებული ქ. გორში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონება დარეგისტრირდეს მის სახელზე, როგორც ამ კოოპერატივის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა, რომლის მფლობელად მითითებულია კოოპერატივი ,,...“, არასრულყოფილია, არ არის წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები, ინახება მხოლოდ შავი სამუშაო ფურცელი (აბრისი). შესაბამისად, ცნობა-დახასიათება არ მომზადებულა, ვინაიდან ტექნიკურ პასპორტზე არ არის მითითებული ინფორმაცია უძრავი ნივთის აღრიცხვის თაობაზე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოთა მიმართ გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ პერიოდში მოქმედი რედაქციის 5.8 პუნქტის მიხედვით, თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამეწარმეო ურთიერთობების სტაბილურობის მიზნით, კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვრა ვადა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იყო საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია. აღნიშნული ვადის დაწესების სამართლებრივი შედეგი იმაში მდგომარეობდა, რომ ვადის გასვლის შემდეგ საწარმოებს ერთმეოდათ ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა და დგებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი – რეგისტრაციის გაუქმება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია უთანაბრდებოდა საწარმოს რეორგანიზაციას – გარდაქმნას მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მოყვანის გზით. აღნიშნული ნიშნავდა არა სამართლებრივი ურთიერთობების ახალი სუბიექტის შექმნას, არამედ უკვე არსებული სუბიექტის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის გაგრძელებას. ამ მოვლენას, როგორც რეორგანიზაციას, თან სდევდა უფლებამონაცვლეობა – იმ საწარმოს უფლებები და მოვალეობები, რომლის ხელახალი რეგისტრაციაც მოხდა, გადაეცემოდა მის უფლებამონაცვლეს – ხელახალი რეგისტრაციის გზით შექმნილ საწარმოს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ კოოპერატივ „...ს“ რეგისტრაცია გაუქმებულია. ამასთან დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 იანვრის №... პასუხით მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის პრივატიზების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამავე კორესპონდენციის დანართით მოწოდებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მიხედვით, სააგენტოს არქივში მოძიებულ ვერ იქნა. ასევე №... (10.01.2018) სამსახურებრივ ბარათზე მომზადებულ, სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის №... (12.01.2018) სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული იყო, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე 28.11.2017 წლის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო. სააგენტოში არსებული საარქივო მასალების (ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმები) მიხედვით, ამ ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ტექბიუროში დაცული სააღრიცხვო მასალა არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული იმ სახის მტკიცებულებებს, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე კოოპერატივ „...ს“ მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის შესაძლებლობა, მოსარჩელემ, როგორც კოოპერატივი „...ს“ უფლებამონაცვლემ, საკუთრების უფლება მოიპოვოს სადავო მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, გადახდის ქვითრებით არ დასტურდება რომელი მიწის ნაკვეთი იქნა შეძენილი მოსარჩელე ი. მ-ის მიერ, რის გამოც სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა დადგენილად მიჩნეული კონკრეტულად სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის მიერ გამოსყიდვის ფაქტი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება;
3. ი. მ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 14/01/2022 წ. №0 საგადასახადო დავალებით საკასაციო საჩივარზე ლ. მ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე