Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-338(კ-20) 22 თებერვალი, 2022 წელი
ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი/მ ლ. ჟ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო (სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მესამე პირი - მ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება




ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 22 მარტს ი/მ ლ. ჟ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 სექტემბრის №795 ბრძანების სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ, ამავე ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულ №2 ობიექტზე ელექტრონული აუქციონის ჩატარებაზე, აუქციონის გამოცხადების ნაწილში მ. მ-იზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 ოქტომბრის №1133 ბრძანებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1002012 ლიცენზიის ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თერმული წყლის ჭაბურღილზე, სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გაცემის მიზნით, ხელახალი ელექტრონული აუქციონის გამოცხადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ ლ. ჟ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ლ. ჟ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ი/მ ლ. ჟ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ლ. ჟ-ამ.

კასატორის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ არ დარღვეულა ,,ლიცენზირებისა და ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნები. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემს წარუდგენს: განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების შესახებ, თუმცა სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ მიაქცია ყურადღება და არ მისცა სამართლებრივი შეფასება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს ფიზიკურმა პირმა, მ. მ-იმა განცხადებით მიმართა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს და მოითხოვა ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ს მიმდებარედ სასარგებლო წიაღისეულის-მიწისქვეშა თერმული წყლის მოპოვების ლიცენზიის გაცემა 25 წლის ვადით ანუ ლიცენზიის მაძიებელმა სასარგებლო წიაღისეულის ადგილმდებარეობად ნაცვლად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ისა, განზრახ მიუთითა სოფელი ..., მაშინ როდესაც სასარგებლო წიაღისეულის ადგილმდებარეობა არის სოფელი ...ი, რის გამოც ი/მ ლ. ჟ-ამ ვერ მიიღო მონაწილეობა გამოცხადებულ აუქციონში. განცხადების წარდგენის შემდეგ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ამასთან, არ დაუდგენია მ. მ-ის განცხადებაში მითითებული სასარგებლო წიაღისეულის ტერიტორიული ადგილმდებარეობა და სააგენტოს უფროსის N795 ბრძანებით გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, სადაც ლიცენზიის N2 ობიექტად მითითებულია ხობის სოფელ ...ს ტერიტორიაზე მდებარე N1 ჭაბურღილი - თერმული წყალი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ ლ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში (№ბს-338(კ-20) სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაერთო სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ლ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 სექტემბრის №795 ბრძანების სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ, ამავე ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულ №2 ობიექტზე ელექტრონული აუქციონის ჩატარებაზე, აუქციონის გამოცხადების ნაწილში, მ. მ-იზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 ოქტომბრის №1133 ბრძანებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1002012 ლიცენზიის კანონიერების შემოწმება და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თერმული წყლის ჭაბურღილზე, სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გაცემის მიზნით, ხელახალი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების დავალება.

მოსარჩელე სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნას ასაბუთებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს პრივატიზაციის წესით სახელმწიფოსგან შეძენილი ჰქონდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 21088 კვმ ოდენობით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს.კ. ...), ასევე ფლობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (ს.კ. ...). მოსარჩელის ინტერესებში იყო მის მომიჯნავედ არსებულ ჭაბურღილზე, მიწისქვეშა თერმული წყლის (თბოენერგეტიკული დანიშნულებით) მოპოვების მიზნით, ლიცენზიის მოპოვება, მაგრამ, ვინაიდან ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში სასარგებლო წიაღისეულის მდებარეობად ნაცვლად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ისა მითითებული იყო ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ..., არასწორად მითითებული ინფორმაციის გამო, არ მიიღო მონაწილეობა აუქციონში, რითაც დაირღვა მისი უფლებები და მიადგა ზიანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავის არსებითად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად სწორად იქნა მითითებული, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სალიცენზიო ობიექტის ადგილმდებარეობა გეოგრაფიულ ტოპონიმთან მიმართებით (სოფ. ...ს მიმდებარე ტერიტორია) და შესაძლებელი იყო თუ არა ამ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით ობიექტის იდენტიფიცირება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების წესებს, ასევე ლიცენზიისა და ნებართვების სახეების ამომწურავ ჩამონათვალს ადგენს და განსაზღვრავს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის IV თავით რეგლამენტირებულია სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები. სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (მუხლი 17). სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას, ლიცენზიის გამცემი, აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებისათვის დამატებით გამოყენებული იქნეს სხვა საშუალებებიც, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას; ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს; გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს; დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის; ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; ზ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ლიცენზიის მაძიებელმა მ. მ-იმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით აუქციონის გამოცხადების მოთხოვნით. განცხადებაში მითითებული იყო მოსაპოვებელი რესურსის სახეობა: წყალი - მიწისქვეშა თერმული (თბოენერგეტიკული დანიშნულების) წყლები; ადგილმდებარეობა - ხობი, სამეგრელო, ზემო სვანეთი/სოფელი ...; ასევე ლიცენზიის მოქმედების ვადა და სავარაუდო ოდენობა. განცხადებით წარდგენილი იქნა ტოპოგრაფიული რუკა სალიცენზიო ობიექტის ზუსტი კოორდინატების მითითებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს. ამ წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა ან/და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით ან/და ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულების 3.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით, ხოლო თუ აღნიშნული აუქციონის შედეგად არ მოხდა შესაბამისი ლიცენზიის გაცემა, მაშინ დასაშვებია მისი გამოცხადება ელექტრონული ფორმის გარეშე. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდ www.eauction.ge-ის მეშვეობით. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემს ავტომატური მართვის საშუალებით – ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარუდგენს: ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში: ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებითა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ; ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – http://www.matsne.gov.ge 380.050.000.10.003.000.270 სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლებს; ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას – კერძო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტსა და მესაკუთრის თანხმობას ლიცენზიის გაცემის თაობაზე. თანხმობა წარდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ფორმით (მუხლი 3.6). ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ, ლიცენზიის გამცემი უზრუნველყოფს გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებას (მუხლი 3. 71).

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადებაში, ასევე სააუქციონო პირობებში მითითებული უნდა იყოს მოსაპოვებელი რესურსის სახეობა, ოდენობა, სასარგებლო წიაღისეულის ადგილმდებარეობა, სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით, ლიცენზიის სავარაუდო მოქმედების ვადა. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადებაში, ისე სააუქციონო პირობებში, ობიექტის ადგილმდებარეობად მითითებულია არა უშუალოდ სოფელ ...ს ტერიტორია, არამედ - სოფელ ...ს მიმდებარე ტერიტორია, ხოლო გეოსაინფორმაციო პაკეტში, წიაღთსარგებლობის ობიექტის ადგილმდებარეობა განსაზღვრულია უახლოეს დასახლებულ პუნქტთან სიახლოვით. ორივე შემთხვევაში სალიცენზიო ობიექტის ადგილმდებარეობა განსაზღვრულია არა სიზუსტით, არამედ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან სიახლოვით. ამასთან, ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით დგინდება, რომ სალიცენზიო ობიექტი გაცილებით უფრო ახლოს მდებარეობს სოფელ ... ...სთან, ვიდრე სოფელ ...თან. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ხობის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს არა სოფელი ..., არამედ პირველი ..., შუა ... და გამოღმა პირველი .... მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დადგენილ იქნა, რომ არც აღნიშნული სოფლების და არც სოფ. ...ის ტერიტორიაზე სხვა თერმული წყლის ჭაბურღილი არ არსებობს. ამასთან, (ტოპოგრაფიული რუკებით, საკადასტრო მონაცემებით) დადგენილია, რომ მითითებულ კოორდინატებზე განთავსებული სასარგებლო წიაღისეულის ჭაბურღილი და მოსარჩელის მიერ დასახელებული ობიექტი არის ერთი და იგივე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ განაცხადში და შესაბამისად, სააუქციონო პირობებში მითითებული უზუსტობის მიუხედავად, ადგილმდებარეობის მთავარი მახასიათებელი, გეოგრაფიული კოორდინატები, სწორად იქნა მითითებული, რაც დაინტერესებული პირს აძლევდა საშუალებას, ობიექტის ადგილმდებარეობა ზუსტად განესაზღვრა და მონაწილეობა მიეღო აუქციონში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი/მ ლ. ჟ-ას“ 25.12.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი/მ ლ. ჟ-ას“ (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,


დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი/მ ლ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინება.

3. ი/მ ლ. ჟ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 25.12.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე