Facebook Twitter

№ბს-47(კ-22) 23 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები - ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი

2020 წლის 27 აგვისტოს სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 ივლისის №... წერილის (სააგენტოში რეგისტრაციის თარიღი: 2020 წლის 27 ივლისი) თანახმად 2018 წლის 29 ოქტომბერს მოქალაქე თ. ს-მა (პ/ნ ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განცხადებით მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ჭიათურა, სოფელი ...ი 1964 კვადრატული მეტრი). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2020 წლის №... გადაწყვეტილებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: ..., 1964 კვ. მეტრი) დარეგისტრირდა თ. ს-ის საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაწილეობისა და ინფორმირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით, მდებარეობდა სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში. მოსარჩელის მითითებით მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოებისას არსებითად დაარღვია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, არასათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ისე გამოსცა გასაჩივრებული კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს სააგენტოს კანონიერ ინტერესებს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ა.ს.კ. მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ჩართული იქნა თ. ს-ი.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სადავო 2020 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილება მიღებულია თ. ს-ის 29.10.2018წ. N... განაცხადთან დაკავშირებით, რომლითაც ის ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას ჭიათურის სოფელ ...ში მდებარე 1964 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...). განცხადებას თ. ს-მა დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აქვე მიუთითა დოკუმენტების №... სარეგისტრაციო განცხადებაზე ხილვის შესახებ. ამავე განცხადებაში თ. ს-მა მიუთითა, რომ თუ მის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ნივთი მოხვდებოდა

სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, ამ შემთხვევაში თანახმა იყო, რომ მომხდარიყო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (ს.ფ. 12).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ნივთი საკადასტრო კოდი - ... (1964 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ. ს-ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 21.11.1997 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N466 აქტი და

12.02.2018 წლის N13/27046 საარქივო ცნობა (ს.ფ. 20-21).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1997 წლის 21 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №466 აქტით ირკვევა, რომ ვ. ს-ს მიწის რეფორმამდე არსებული აწერია სახლის მიმდებარე ტერიტორია სულ 2000 კვ.მ., საიდანაც ვენახი არის 1000 კვ.მ, ხოლო ეზო - 1000 კვ.მ.; ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - თ. ს-ი, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - ლე. ყანა და დასავლეთით - გზა; ვ. ს-ს დამატებით გამოეყო - ,,...ისა“ 2498 კვ.მ., ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - თავისუფალი ადგილი, სამხრეთით - ტყე, აღმოსავლეთით - ტყე და დასავლეთით - ლე. ყანა; (ს.ფ. 16,17).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 30.08.2017 წლის AA2017032117-03 საარქივო ცნობის მიხედვით ჭიათურის არქივში დაცული სოფელ ...ის საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად გატარებულია ვ. ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ვ. ს-ი - ოჯახის უფროსი; ნ. ა. ს-ი - ცოლი; თ. ს. (ასეა დოკუმენტებში) ს-ი. სოფელ ...ის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად გატარებულია ვ. ს-ი. გადახაზულია და გატარებულია ნ. ა. ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ვ. ს-ი - ოჯახის უფროსი გარდაიცვალა 14.05.1999წ.; ნ. ა. ს-ი - ცოლი; თ. ს. (ასეა დოკუმენტებში) ს-ი. სოფელ ...ის საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად გატარებულია ნ. ა. ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნ. ა. ს-ი - ოჯახის უფროსი; თ. ს. (ასეა დოკუმენტებში) ს-ი (ს.ფ. 74).

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლი ითვალისწინებს ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის წესს. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით (151.1 მუხლი). სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით (151.2 მუხლი). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე (151.3 მუხლი). საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე (151.4 მუხლი).

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-11 პუნქტზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებაზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტზე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 22.03.1996 წ. №66 დადგენილების მე-2 პუნქტზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 1992 წლის 6 თებერვლის №128, 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებერვლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129 დადგენილებებზე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტზე, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულებაზე, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულებაზე, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულებაზე და განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე, 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.

სასამართლომ მიუთითა სადაო რეგისტრაციის დროს მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, ამავე კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-9 ნაწილზე, ამავე კანონის 5.1. და 5.6 მუხლებზე, საქართველოს იუსტიციიის სამინისტროს 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 14.33 მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს კონფიგურაციასთან დაკავშირებით დავა არ გააჩნია. იგი დავობს მხოლოდ იმ საკითხზე, რომ იგი არ მიიწვიეს ადმინისტრაციულ წარმოებაზე. ეს მიწის ნაკვეთი, რომ ტყის ფონდის ფარგლებში იყო ადასტურებს და ამ გარემოებაზე არ დავობს.

სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 151-ე მუხლზე და განმარტა, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №2199 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით, სადაო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა მოსარჩელემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება კორექტირების თაობაზე და განაცხადა თანხმობა კიდეც კორექტირების შესახებ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, არის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №629 აქტი, რომელიც გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ დაცული იქნა კანონის მოთხოვნები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თ. ს-ის 2018 წლის 29 ოქტომბრის №... განცხადებების განხილვის დროს ვალდებული იყო გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულ იქნა, რადგან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნა სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული. რეგისტრაცია აგრეთვე წინააღმდეგობაშია ,,ტყის კოდექსთან’’, რამდენადაც კოდექსის 31-ე მუხლის (სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის განსაკუთრებული მოთხოვნები) თანახმად: ,,ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს’’. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის არაფერი იყო ცნობილი სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებით ამ ფართობის ამორიცხვის ფაქტის შესახებ. ,,ტყის კოდექსის’’ 31-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება ანუ, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვით სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტარდება სულ სხვა პროცედურით (და არა მხოლოდ, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის მიზნით ე.წ. ,,დაზუსტებული’’ საკადასტრო ნახაზების წარდგენის გზით), რომელშიც გარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსი (რომელიც დაკორექტირების, ანუ ამორიცხვის პროცედურების საბოლოო ეტაპზე არეგისტრირებს ამ ცვლილებას), ასევე მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სამთავრობო დაწესებულებები და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. „ტყის კოდექსის’’ 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კორექტირების შესაძლებლობა (შემთხვევა) გათვალისწინებულია ასევე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 15.1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზეც, რომლის თანახმადაც: საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები და სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო მონაცემები დადგენილია ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ამ დადგენილებით განსაზღვრულ კოორდინატებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს ცვლის, უკავშირდება თავად საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების განხორციელების აუცილებლობას, რაც ასევე არ განხორციელბულა და შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამითაც არის კანონთან შეუსაბამო.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატის მიერ, არასწორად არის გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი №466 წარმოშობდა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას სადაო მიწის ნაკვეთზე. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი №466 და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით უტყუარად არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, ამიტომ მოპასუხე ვალდებული იყო გამოეყენებინა მისთვის კანონით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა და საქმეზე გადაწყვეტილება მიეღო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ იდენტურობის დადგენის შესახებ ბრძანების მომზადების შემდგომ (მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი). აქედან გამომდინარე სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი სადავო მიწის ნაკვეთზე უტყუარად წარმოშობდა საკუთრების უფლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ოქტომბერს თ. ს-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე მდებარე: ჭიათურა, სოფელი ...ი, 1964 კვ. მეტრი (ს.ფ. 12-13).

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ს-ის განცხადება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ..., ფართით 1964 კვ. მეტრი, დარეგისტრირდა თ. ს-ის საკუთრების უფლებით. უფლების დამდგენი დოკუმენტებია: 1997 წლის 21 ნოემბერს გაცემული №466 მიღება ჩაბარების აქტი; 2018 წლის 12 თებერვალს სსიპ ,,საქართველოს ეროვნული არქივის’’ მიერ გაცემული №13/27046 საარქივო ცნობა (ს.ფ. 14, 20-21).

დადგენილია, რომ 2018 წლის 2 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოს, გადაუგზავნა თ. ს-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვა დადასტურდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (ს.ფ. 65).

დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ჭიათურის არქივმა 2017 წლის 30 აგვისტოს გასცა საარქივო ცნობა ნომერი AA2017032117-03, რომლის მიხედვით ჭიათურის არქივში დაცული სოფელ ...ის საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად გატარებულია ვ. ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ვ. ს-ი - ოჯახის უფროსი; ნ. ა. ს-ი - ცოლი; თ. ს. (ასეა დოკუმენტებში) ს-ი. სოფელ ...ის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად გატარებულია ვ. ს-ი. გადახაზულია და გატარებულია ნ. ა. ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ვ. ს-ი - ოჯახის უფროსი გარდაიცვალა 14.05.1999წ.; ნ. ა. ს-ი - ცოლი; თ. ს. (ასეა დოკუმენტებში) ს-ი. სოფელ ...ის საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად გატარებულია ნ. ა. ს-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნ. ა. ს-ი - ოჯახის უფროსი; თ. ს. (ასეა დოკუმენტებში) ს-ი (ს.ფ. 74).

დადგენილია, რომ 1997 წლის 21 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №466 აქტის თანახმად, ვ. ს-ს აწერია მიწის რეფორმამდე არსებული სახლის

მიმდებარე ტეროტორია სულ 2000 კვ.მ., საიდანაც ვენახი არის 1000 კვ.მ, ხოლო ეზო - 1000 კვ.მ.; ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - თ. ს-ი, სამხრეთით -გზა, აღმოსავლეთით - ლე. ყანა და დასავლეთით - გზა; ვ. ს-ს დამატებით გამოეყო - ,,...ისა“ 2498 კვ.მ., ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - თავისუფალი ადგილი, სამხრეთით - ტყე, აღმოსავლეთით - ტყე და დასავლეთით - ლე. ყანა; (ს.ფ. 16-17).

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 151 მუხლის (სადავო რეგისტრაციის დროს არსებული რედაქცია) პირველი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით.

ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, (2) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით; (3) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ1’’ პუნქტის შესაბამისად ქონების მმართველი არის სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისა), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ფორმით.

სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიმართვას წარუდგენს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებთან ერთად, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აჭარის სატყეო სააგენტოს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ორგანო(ები)ს მიერ საკითხის შეთანხმების შემდგომ, სამინისტრო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ და მიმართავს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებისათვის.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამინისტროს არის ის უფლებამოსილი სუბიექტი, რომელსაც შეუძლია მიმართოს სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობის გაზრდის ან შემცირების (კორექტირების) შესახებ, თუმცა, ტყის საზღვრის კორექტრებას ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტიც, რომლის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ტყის საზღვრის კორექტირების უფლებას აძლევს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსაც თუ ამ უკანასკნელს მიმართა მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია 2012 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტარდება სულ სხვა პროცედურით და სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვტილება ტყის საზღვრის კორექტირების თაობაზე.

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადებით, საკუთარი ინიციატივით ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების შეუსაბამობა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ს-ის განცხადება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ..., ფართით 1964 კვ. მეტრი, დარეგისტრირდა თ. ს-ის საკუთრების უფლებით. უფლების დამდგენი დოკუმენტებია: 1997 წლის 21 ნოემბერს გაცემული №466 მიღება ჩაბარების აქტი; 2018 წლის 12 თებერვალს სსიპ ,,საქართველოს ეროვნული არქივის’’ მიერ გაცემული №13/27046 საარქივო ცნობა (ს.ფ. 14, 20-21).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება, თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში მესამე პირის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერება სასამართლოს განსჯის საგანი არ გამხდარა. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის იდენტურობას, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიმართული იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელი ორგანოსათვის. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.04.2015წ. განჩინება საქმეზე №ბს-585-572(4კ-14), 10.10.2019წ. განჩინება საქმეზე №ბს-932(კ-19)).

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ1’’ პუნქტის შესაბამისად ქონების მმართველი არის სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისა), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ფორმით.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №50 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს ძირითადი ამოცანებია: ა) ტყის ფონდის მართვა წინამდებარე დებულების, საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში; ბ) ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; გ) ტყითსარგებლობის რეგულირება; დ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე კონტროლის (გარდა სალიცენზიო პირობებისა) განხორციელება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში; ე) ტყის აღრიცხვის განხორციელება. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თავისი მიზნების განსახორციელებლად სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხის შეთანხმებას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს ძირითადი ამოცანებია - ა) ტყის მართვა წინამდებარე დებულების, საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში; ბ) ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; გ) ტყითსარგებლობის რეგულირება; დ) ტყის კონტროლის (გარდა სალიცენზიო პირობებისა) განხორციელება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში; ე) ტყის აღრიცხვის განხორციელება. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თავისი მიზნების განსახორციელებლად სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირების საკითხის შეთანხმებას.

საქართველოს ტყის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ სამინისტრო, დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ – ეროვნული სატყეო სააგენტო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომ – დაცული ტერიტორიების სააგენტო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.

ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ტყის ფონდს (ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა) ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო.

დასახელებული საკნაონმდებლო ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო წარმოადგენს იმ უფლებამოსილ სუბიექტს, რომელიც ჩართული უნდა იყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს სააგენტო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას არ იღებდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აცნობოს დაინტერესებულ მხარეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, პირველ რიგში განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წარმოების დაწყების პირველ სტადიაზე უცნობია საბოლოო შედეგის შესახებ და ვინაიდან ამ შედეგით შესაძლოა გაუარესდეს დაინტერესებული პირის სამართლებრივი მდგომარეობა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და დაიცვას თავისი უფლება უკანონო ხელყოფისაგან. მისმა მონაწილეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შედეგზე და მიღებული იქნას განსხვავებული გადაწყვეტილება, ვიდრე ეს მიღებული იქნებოდა მისი დასწრების გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის ცნობილი იყო თ. ს-ის 2018 წლის 29 ოქტომბრის №... განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ ცხადია სააგენტოს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა გავლენას ვერ იქონიებდა საბოლოო შედეგზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის კანონის ისეთი დარღვევა რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 20.12.2021წ. №20527 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინება;

3. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.12.2021წ. N20527 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე