Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 103-კოლ 26 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),

მ. გოგელია,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 12 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით კ. მ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ" ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ამავე კოდექსის 109-ე მუხლის “ვ" და “დ" პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 18 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და კ. მ-ს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით, აქედან პირველი 5 წლის საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი 15 თხუთმეტი წლის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მასვე დაეკისრა ს. ბ-ის სასარგებლოდ 150 ლარის, ხოლო ე. ა-ის სასარგებლოდ 2500 ლარის გადახდა.

განაჩენით კ. მ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

კ. მ-მა, რომელიც 2001წ. 19 აპრილს გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, შეიძინა “იჟ-58მ" მარკის 16 კალიბრიანი, ორლულიანი გადაჭრილი თოფი ¹38658, რომელიც განეკუთვნება ატიპიურ კრიმინალურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნულ თოფს კ. მ-ვი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, სოფ. ძველ ქვეშში.

2001წ. 29 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, კ. მ-ვი და მისი თანასოფლელი ვ. ი-ვი ვირებით წავიდნენ ტყეში შეშის მოსატანად. ბოლნისის რაიონის სოფლების აკაურთასა და სენებს შორის მდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. “კრუნჩხიანი წყაროდან" 200 მეტრის დაშორებით, ისინი დასხდნენ მინდორზე, ისადილეს და დალიეს ღვინო. ამის შემდეგ, დაახლოებით 14.00 საათზე. კ. ი-მა დაიწყო შეშის შეგროვება, ხოლო კ. მ-ვი წავიდა სოფელ სენების მხარეს, სადაც მიეპარა ცხვრის ფარას და ფარულად გაიტაცა ს. ბ-ის კუთვნილი ერთი ცხვარი, რომლის ღირებულება 150 ლარია. კ. მ-მა ცხვარი დაკლა იქვე ტყეში, რა დროსაც იგი დაინახა, სოფ. ბექთაქარის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, მცირეწლოვანმა ფ. ა-მა, რომელიც მწყემსავდა ცხვრებს. ფ. ა-მა უთხრა კ. მ-ს, რომ მთელ სოფელს გააგებინებდა მის მიერ ჩადენილ ქურდობას. ამით შეშინებულმა კ. მ-მა განსაკუთრებული სისასტიკით, მის მიერ ჩადენილი ქურდობის დაფარვის მიზნით, წინასწარი შეცნობით, მცირეწლოვან ფ. ა-ვს დანით დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულზე მიაყენა მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, ასევე, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, რომელთაგან ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია. ფ. ა-ვი გარდაიცვალა მარჯვენა საძილე არტერიის გადაკვეთით გამოწვეული მწვავე სისხლდენისაგან.

მსჯავრდებული კ. მ-ვი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, აწ გარდაცვლილი მცირეწლოვანი ფ. ა-ვი შემთხვევის დღეს საერთოდ არ უნახავს, ასევე უარყოფს მ-ვი ბრალდებას ცხვრის მოპარვისა და გადაჭრილი თოფის ნაწილშიც, უთითებს, რომ წინასწარი გამოძიება და სასამართლო ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ. მ-ვი ითხოვს მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ფ. ვ-მა მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ კ. მ-ვის საკასაციო საჩივარს.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე. ა-მა და მისმა წარმომადგენელმა ა. კ-ძემ ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ა. ს-შვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო: პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კ. მ-ის ქმედებებს.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული მამედოვი სხვადასხვა ჩვენებას იძლევა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბრალდებულად დაკითხვისას მან აღიარა, რომ 2001წ. 28 ოქტომბერს მოიპარა ცხვარი და დაკლა, რა დროსაც თავზე წაადგა მწყემსი ფ. ა-ვი, რომელიც დაემუქრა, რომ მას ქურდობაში ამხელდა. ამით შეშინებულმა რამდენჯერმე ჩაარტყა დანა ახმედოვს კისრის, ყელის და ბეჭის არეში. როცა დარწმუნდა, რომ მოკლა იგი, თავი ჩაადებინა რკინის წყლიან ავზში.

ასეთივე შინაარსის ჩვენება მისცა მ-მა ბრალდებულად დამატებითი დაკითხვისას. წინასწარი გამოძიების პროცესში საბოლოოდ წარდგენილ ბრალდებებში მ-მა თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, მან უარყო ბრალდება გადაჭრილი თოფის ნაწილში და განაცხადა, რომ არ იცის, თუ საიდან გაჩნდა იგი მის სახლში; მან ასევე უარყო ა-ის დამამძიმებელ გარემოებებში მოკვლის განზრახვა და 2002წ. 31 იანვარს, ბრალდებულის სახით დაკითხვისას, აჩვენა, რომ ა-ვი მოკლა გაუფრთხილებლობით, მაშინ, როცა მისი შეშინების მიზნით იქნევდა დანას. ცხვრის მოპარვა მ-მა ისევ დაადასტურა.

სასამართლოში მ-მა შეცვალა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ, მართალია, იგი 2001წ. 28 ოქტომბერს ი-თან ერთად წავიდა ტყეში შეშის მოსაგროვებლად, მაგრამ არც ცხვარი მოუპარავს და არც ფ. ა-ვი უნახავს, მკვლელობა არ ჩაუდენია, ხოლო გადაჭრილი თოფი საიდან მოხვდა მის სახლში, არ იცის, იგი მას არ შეუძენია და არც ინახავდა.

პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სათანადოდ გააანალიზა მსჯავრდებულ მ-ის ზემოთ მითითებული ჩვენებები და საფუძვლიანად დაეყრდნო მის აღიარებით ჩვენებებს. მით უფრო, რომ ეს აღიარებითი ჩვენებები მიცემულია ადვოკატის თანდასწრებით და არ არის საფუძველი ეჭვი იქნეს შეტანილი მათ სისწორეში.

გარდა აღიარებითი ჩვენებებისა მ-ის მიერ დანაშაულის ჩადენას პალატა დადასტურებულად მიიჩნევს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, სახელდობრ, ის რომ ი-ვი და მ-ვი 2001წ. 28 ოქტომბერს, დილით, ერთად წავიდნენ ტყეში ვირით შეშის მოსატანად, დადგენილია მოწმეების ვ. ი-ვის და გ-ვას ჩვენებებით. ი-ვი აჩვენებს იმასაც, რომ ერთად სადილობის შემდეგ ნასვამი მ-ვი დაშორდა მას, სად წავიდა, მისთვის უცნობია.

მ-ის ცოლმა გ. გ-ამ აჩვენა, რომ დაახლოებით 18 საათზე კ. მ-ვი სახლში დაბრუნდა შეშის გარეშე, იგი იყო გაფითრებული და ნასვამი. ტანსაცმელი ჰქონდა სველი და სისხლიანი, მარჯვენა ხელის მტევანზე ეცხო სისხლი. მოწმე გ-ვა აჩვენებს იმასაც, რომ მ-ის მოთხოვნითE მან სასწრაფოდ გაურეცხა სისხლიანი ტანსაცმელი. მოწმე ა. გ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2001წ. 28 ოქტომბერს, დაახლოებით 16-17 საათზე, მან დაინახა ტყიდან ვირით, უშეშოდ მომავალი კ. მ-ვი, რომელიც იყო გაფითრებული, ტანსაცმელი ჰქონდა სველი და სხეულზე აღენიშნებოდა სისხლის ლაქები.

სასამართლო-სამედიცინო ექპსერტიზის დასკვნით ფ. ა-ვის გვამზე აღინიშნებოდა მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები. სიკვდილის უშუალო მიზეზი მარჯვენა საძილე არტერიის გადაკვეთით გამოწვეული სისხლნაკლებობაა. ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია და მიყენებულია ერთდროულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად მიიჩნია დადასტურებულად კ. მ-ის მიერ ა-ვის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

ამდენად, საკასაციო საჩივრის ვერსიას, რომ კ. მ-ვს მკვლელობა არ ჩაუდენია და შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, პალატა არ იზიარებს.

საკასაციო პალატამ მ-ის ბრალი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: წინასწარ გამოძიებაში თავად კ. მ-ის აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების _ გ. შ-ძის, ჯ. ლ-ძის სასამართლო კოლეგიისათვის მიცემული ჩვენებებით და ჩხრეკის ოქმით, საიდანაც ირკვევა, რომ კ. მ-ის სახლში ინახებოდა გადაჭრილი თოფი და ხელყუმბარა.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მამედოვის სახლიდან ამოღებული გადაჭრილი თოფი მიეკუთვნება კრიმინალურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და იგი ვარგისია სროლისათვის; რაც შეეხება ხელყუმბარას, მისი გარეგნული სახე მიუთითებს, რომ ვარგისი უნდა იყოს ხმარებისათვის, თუმცა ამის დადგენა შეუძლებელი გახდა ასაფეთქებელი პოლიგონის უქონლობის გამო.

ზემოაღნიშნულის გამო, სასამართლო კოლეგიამ კ. მ-ვი სწორად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში; ასევე სწორად გაამართლა იგი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებებში (ხელყუმბარის შეძენა, შენახვა). ამდენად, პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას ამ ნაწილშიც.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კ.მ-ვს სასჯელი შეეფარდა სწორად, ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და პიროვნების შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 12 სექტემბრის განაჩენი კ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.