საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-84(კ-22) 23 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 28 ოქტომბერს, ი. ც-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ მოპასუხის 2020 წლის 13 აგვისტოს N03-1431/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ი. ც-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 აგვისტოს N03-1431/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ (დანართი N1) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე. სასამართლომ ასევე მიუთითა საქათველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის Nბს-308-304 (2კ-14) გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკაზე და განმარტა, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით დაკავშირებულია თბილისთან. მარტვილის რაიონში მდებარე მამა-პაპისეულ სახლზე მოსარჩელის დედის შესაძლო გარკვეული უფლებები (რომლის რეალიზებაც საქმის მასალებიდან გამომდინარე ეჭვქვეშ დგას), არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს ქირით. სამინისტრომ ოჯახის მდგომარეობის შეფასება მოახდინა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და ოჯახს მიანიჭა 6,5 ქულა. ამდენად, მიიჩნია რომ არსებობდა ი. ც-ას ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენცაზე“ და აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი საუკეთესო ინტერესი, ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელეს ჰყავს 18 წლამდე ასაკის 3 შვილი - ს., დ. და ნ. ც-აები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, არასრულწლოვან დევნილთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების დასადგენად, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინსტერესების გათვალისწინებით მიეღო სადავო გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე ავალდებულებს გადაწყვეტილების მიღებას. კასატორის განმარტებით, სააგენტო პრიორიტეტს ანიჭებს იმ ოჯახს, რომლის განსახლებაც გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროებაა. ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთრება და ხელი არ მიუწვდებათ სათანადო საცხოვრებელზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლია ისარგებლოს ამ ქონებით, რაც არ არის მისი დაუყოვნებლივ განსახლების საფუძველი. პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას კომისია მხოლოდ მხარისთვის მინიჭებული ქულების ოდენობით არ ხელმძღვანელობს. მსგავსი მიდგომა აზრს უკარგავს კომისიის არსებობას. ადმინისტრაციული ორგანო ასევე ეყრდნობა მონიტორინგის სამმართველოს მიერ მოპოვებულ/დამუშავებულ ინფორმაციას. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილება, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის ოქმის მიხედვით, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3.0 და მეტი ქულა, ხოლო ი. ც-ას ოჯახს მინიჭებული აქვს 6.5 ქულა. ოჯახის მიერ საკმარისი ქულების დაგროვების მიუხედავად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ადგენს ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებებით არ იკვეთებოდა სასწრაფო განსახლების აუცილებლობა. მოსარჩელის ოჯახს შეუძლია შეუზღუდავად, ყოველგვარი დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე ისარგებლოს ალტერნატიული საცხოვრებლით. წარმოდგენილი ინფორმაციისა და საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე, საკითხის განმხილველმა კომისიამ დასაბუთებულად მიიჩნია, რომ ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო, მოსარჩელისათვის ამ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმა კანონიერი და დასაბუთებულია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხედველობაში მიეღო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაში შეტანილი ინფორმაცია და მის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. მოსარჩელეს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი და შეუძლია დაუბრკოლებლად იცხოვროს მასში. ამასთან, კასატორის განმარტებით, გარდა იმისა, რომ სააგენტოს არჩევანი ჰქონოდა გასაკეთებელი იდენტური ქულების მქონე განმცხადებლებს შორის, შესაძლოა ყოფილიყო განმცხადებელი ნაკლები ქულითაც, რომელიც რთული საცხოვრებელი პირობების გამო, უფრო საჭიროებდა სასწრაფო და აუცილებელ განსახლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას (ამავე დანაწესს შეიცავდა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ც-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობა. ი. ც-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 6,5 ქულა.
საქმეში არსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ი. ც-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს სამი შვილი. განაცხადი გააკეთა მათთან, სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ მეუღლესთან - მ. კ-ასთან და მშობლებთან ერთად. განმცხადებლის დედას - ნ. ჩ-ას გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო ორი მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ერთი - შენობა-ნაგებობით (მარტვილის რაიონი, ...).
2018 წლის 26 სექტემბერს, ნ. ჩ-ამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება), მარტვილში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე. საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 19 აგვისტოს განმცხადებლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ოქმით დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები გამოცხადდნენ მარტვილის რაიონის სოფელ ...ში. აღნიშნულ მისამართზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს დახვდათ ა. ც-ა (მოსარჩელის მამა), რომელმაც განმარტა, რომ მისამართზე ცხოვრობს მხოლოდ ზაფხულობით, სხვის საკუთრებაში, უვლის ეზოს და სარგებლობს გარკვეული წილი მოსავლით, აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა ბ. ა-ი ( ბებიის ძმისშვილი).
2020 წლის 25 მაისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ოქმით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლები გამოცხადდნენ ქ. თბილისში, ...ის ... III-ში ...ის ქუჩა N...-ში. აღნიშნულ მისამართზე მონიტორინგის ჯგუფს დახვდა ი. ც-ა, ნ. ჩ-ა (მოსარჩელის დედა), ნ. ც-აა, დ. ც-ა, ს. ც-ა (მოსარჩელის შვილები) და კ. კ-ა (მოსარჩელის სიდედრი). მ. კ-ა იმყოფებოდა სამსახურში, ა. ც-ა კი, იმყოფებოდა მარტვილის რაიონის სოფელ ...ში. ოჯახი აღნიშნულ ბინაში 2016 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქირით, რომლის ოდენობაც შედგენს 300 დოლარს. ბინა ეკუთვნის სიძის - რ. კ-ეის დედას - ლ. გ-ას. ი. ც-ას განმარტებით, მარტვილის რაიონში მდებარე საკუთრება იყო დედის - ნ. ჩ-ას მშობლების მამა-პაპეული, რომელიც ამჟამად ეკუთვნის ბიძაშვილს - ნ. ა-ის. იგი ცხოვრობს მეზობლად და უვლიდა ნ. ჩ-ას მშობლებს, რის გამოც, დატოვეს საკარმიდამო ნაკვეთი და სახლი. იქ პერიოდულად ჩადის ა. ც-ა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 21 ივლისის საოქმო გადაწყვეტილებით იმსჯელა ი. ც-ას განცხადებაზე და მიზანშეუწონლად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ მარტვილში მამა-პაპისეული ალტერნატიული საცხოვრებლის გამო, ამ ეტაპზე ი. ც-ას განსახლება არ წარმოადგენს გადაუდებელ საჭიროებას. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 აგვისტოს N03-1431/ო ბრძანებით ი. ც-ას უარი ეთქვა თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ი. ც-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება ზოგადი მითითებებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ოჯახი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით დაკავშირებულია ქალაქ თბილისთან და არ დასტურდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა, რამაც უნდა გამორიცხოს მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამასთანავე, მარტვილის რაიონში მდებარე მამა-პაპისეულ სახლზე მოსარჩელის დედის შესაძლო გარკვეული უფლებები არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს ქირით. ამ პირობებში, სამინისტრომ ოჯახის მდგომარეობა შეაფასა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და ოჯახს მიანიჭა 6,5 ქულა. ამასთან, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის საოქმო გადაწყვეტილებით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6,0 და მეტი ქულა, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით - დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3,0 და მეტი ქულა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციაზე“, რომლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე. ბავშვის მიმართ ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში, საყურადღებოა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელეს ჰყავს 18 წლამდე ასაკის 3 შვილი, ამდენად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, არასრულწლოვან დევნილთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინსტერესების გათვალისწინებით მიეღო სადავო გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე