Facebook Twitter

საქმე №ბს-9(კ-22) 23 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 4 მარტს ო.ძ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ო.ძ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს ზუგდიდიში, ...ის ქუჩა №8-ში მდებარე ყოფილი ...ის შენობაში. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ...ის შენობა არის ავარიული და მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მიუხედავად აღნიშნულისა, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებითა (ოქმი №77) და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 27 იანვრის ბრძანებით ო.ძ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

მოსარჩელის განმარტებით, ზუგდიდში, ...ის ქუჩა №8-ში მდებარე ყოფილი ...ის შენობაში მის ფაქტობრივად ცხოვრებას ადასტურებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, ქალაქ ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომამდგენლის ცნობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ქუჩა №8-ში მდებარე ყოფილი ...ის შენობაში. ამავე ფაქტს ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ნოტარიულად არის დამოწმებული და ...ა მიერ გაცემული ცნობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-86/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ო.ძ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ა) ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-86/ო ბრძანება; ბ) დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ო.ძ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო.ძ-ას (იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი) ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დაუყოვნებლად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იგი ფაქტობრივად არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №., „... №., “. აპელანტი იმ გარემოებას, რომ ო.ძ-ა ფაქტობრივად არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონშესაბამისია, ასაბუთებს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მისამართზე (ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №., „... №.,“) ორჯერ განხორციელებული ვიზიტისას ო.ძ-ა ადგილზე არ იმყოფებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მისამართზე (ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №., „... №“) ორჯერ განხორციელებული ვიზიტისას, ორივე შემთხვევაში ო.ძ-ას ობიექტზე სატელეფონო საუბრის შემდგომ (ერთ შემთხვევაში სატელეფონო ზარის განხორციელებიდან 15 წუთში გამოცხადდა ობიექტში, ხოლო მეორე შემთხვევაში - 2 წუთში) გამოცხადების ფაქტი არ გამორიცხავს აღნიშნულ მისამართზე ო.ძ-ას ფაქტობრივად ცხოვრებას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ ო.ძ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს ნგრევადი ობიექტი, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №., „... №.“, კერძოდ, ქალაქ ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2020 წლის 10 თებერვლის ცნობის თანახმად, ო.ძა ნამდვილად ცხოვრობს 1993 წლიდან დღემდე (2021 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით) ქ. ზუგდიდში, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ის ქ. №.,-ში. ამასთან, ნოტარიული წესით დამოწმებული 2021 წლის 18 თებერვლის განცხადებით, მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №., „... №.,“-ში მცხოვრები მეზობლები, ბ.ც გ.ხ ი.ჯ ადასტურებენ, რომ 1993 წლიდან ო.ძა ნამდვილად ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №.,-ში მდებარე ... №.,-ში. ასევე, წარმოდგენილია სს ,,...ას“ მიერ მომზადებული აბონენტის ბარათიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ო.ძ-ას სახელზე რეგისტრირებულ აბონენტის ნომერზე 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლამდე ფიქსირდება ენერგიის მოხმარება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და სასამართლოზე გამოკვლეული გარემოებები იძლეოდა საფუძველს, არ ყოფილიყო გაზიარებული აპელანტის არგუმენტი სადავო აქტის კანონიერების თაობაზე.

შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც ო.ძ-ას ცხოვრების ფაქტს ადასტურებს მუნიციპალიტეტი, ასევე „...ას“ მიერ მომზადებული აბონენტის ბარათიდან ამონაწერი საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ ო.ძა წარმოადგენს ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებელ პირს. ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტის დასადგენად ადმინისტრაციულ ორგანოს ჰყავს მონიტორინგის სამმართველო, რომლის უფლება-მოვალეობასაც წარმოადგენს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა და სწორედ მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი აღწერის ოქმი იყო ის მტკიცებულება, რასაც სააგენტო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას. საპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში სრულიად უსაფუძვლოდ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებითაც ვერ/არ შეიძლება დადასტურდეს მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - ესენია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც ვერ ირკვევა, თუ რის საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრებას. ასევე „...ას“ ქვითარი, სადაც ფიქსირდება ელექტროენერგიის ხარჯვა, მაგარმ სასამართლო არ ითვალისწინებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქუჩა №., ...ი №., შეიძლება ცხოვრობდეს არა ო.ძ-ა, არამედ - მისი ძმა შ.ძ-ა ვინც იმყოფებოდა კიდეც მონიტორინგის ობიექტის აღწერის დროს ზემოაღნიშნულ მისამართზე.

კასატორის განმარტებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული სართხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. მოსარჩელის საკითხის განხილვისას კომისიას წარედგინა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და მონიტორინგის სამსახურის მიერ აღნიშნულ ობიექტში ჩატარებული გადამოწმების შედეგად შედგენილი მონიტორინგის მასალა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ... ის ქუჩა №.,-ში მდებარე ...ი №.,-ში, რომელიც 2020 წელს დაიხურა, როგორც ნგრევადი ობიექტი და მოხდა იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება. სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას. თუმცა მონიტორინგის მასალებით მოპოვებული ინფორმაცია არის იმ ტიპის მტკიცებულება, რაც საკმარისი საფუძველია მოსარჩელის ნგრევად ობიექტში არცხოვრების ფაქტის დასადგენად. შესაბამისად, თუ მოსარჩელე არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში, ლოგიკურია, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვერ მიადგება ზიანი. თავის მხრივ, მართალია, სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ სახელმწიფოს მატერიალური და ფინანსური რესურსის მოცულობიდან და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სასწრაფო განსახლებას ექვემდებარებოდა, მიუხედავად საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებისა, რომ მას ჰქონდა საშუალება ეცხოვრა არა ნგრევად ობიექტში, არამედ, ქ. ზუგდიდში მდებარე მისი ძმის საკუთრებაში, რომელიც ზუსტად 15-20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს ზემოაღნიშნული ნგრევადი ობიექტიდან.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების დროს სადავო საკითხი გამოკვლეულ იქნა სრულყოფილად და გამოყენებული იყო ყველა საშუალება, რაც გააჩნია სააგენტოს, კერძოდ, მონიტორინგი, რომელსაც სააგენტო იყენებს მსგავსი საკითხების შესწავლისას. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იკვეთება განსხვავებული მიდგომა და მოსარჩელის საკითხი იმ მეთოდითაა გამოკვლეული, რა მეთოდიც დადგენილია ნორმატიული აქტით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-86/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე - ო.ძ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №77 ოქმის თანახმად, კომისიამ ზუგდიდში, ...ის ქ. №8-ში მდებარე ობიექტი - „... №7“ განიხილა, როგორც ნგრევადი და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე.

დადგენილია, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2020 წლის 27 ივნისს, 21:30 საათზე, მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე: ზუგდიდი, ...ის ქ. №., „... №.“, ადგილზე არ დახვდათ ო.ძ-ა, რომელიც სატელეფონო საუბრის შემდეგ, 15-20 წუთში გამოცხადდა. ო.ძ-ამ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს განუმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1993 წლიდან.

დადგენილია, რომ 2020 წლის 16 სექტემბრის მონიტორინგის ჯგუფი კვლავ იმყოფებოდა მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №8, „... №7“, ო.ძა იმყოფებოდა მეზობელთან და ადგილზე გამოცხადდა სატელეფონო საუბრიდან 2 წუთში.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №77 ოქმის თანახმად, მოსარჩელე ო.ძ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 27 იანვარს გამოსცა №03-86/ო ბრძანება მოსარჩელე ო.ძ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილია ქალაქ ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 10 თებერვლის ცნობა, რომლის თანახმად, ო.ძა ნამდვილად ცხოვრობს 1993 წლიდან დღემდე (2021 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით), ქ. ზუგდიდში, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ის ქ. №.-ში.

საქმეში წარმოდგენილია ნოტარიული წესით დამოწმებული 2021 წლის 18 თებერვლის განცხადება, რომლითაც ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №.-ში მდებარე ... №.,-ში მცხოვრები ბ.ც-ა, გ.ხ-ა ი.ჯ-ა ადასტურებენ, რომ 1993 წლიდან ო.ძ-ა ნამდვილად ცხოვრობს მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №., ... №.,.

საქმეში წარმოდგენილი სს „...ას“ მიერ მომზადებული აბონენტის ბარათიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ო.ძ-ას სახელზე რეგისტრირებულ აბონენტის ნომერზე 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლამდე ფიქსირდება ენერგიის მოხმარება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ ორჯერ განხორციელებული ვიზიტისას ადგილზე არც ერთხელ არ დახვდა მოსარჩელე მხარე, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ერთ შემთხვევაში, სატელეფონო ზარის განხორციელებიდან 15 წუთში გამოცხადდა მისამართზე, ხოლო მეორე შემთხვევაში - 2 წუთში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომის ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოპასუხე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს ორივე შემთხვევაში მოსარჩელე ობიექტზე გამოცხადდა მხოლოდ სატელეფონო საუბრის შემდგომ, არ გამორიცხავს მოსარჩელის მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, ო.ძა ცხოვრობს მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №., ... №., ვერ იქნა გაქარწყლებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა, რომ ო.ძ-ა არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა სწორად შეფასებული მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია და ო.ძ-ას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, ფართის გადაცემაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ქ. ცინცაძე