ბს-538(კ-20) 23 თებერვალი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ. წ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2020წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. წ-ემ 07.06.2019წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის - მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 2005 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 01 ნოემბრამდე მის სასარგებლოდ 54 432 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება, ასევე შსს სისტემაში მოსარჩელის მუშაობის დაწყების დროდ 24.03.1986წ. განსაზღვრა ნაცვლად 1986 წლის 29 აპრილისა. საქალაქო სასამართლოში 16.09.2019წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ნაცვლად მიეთითა შსს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.10.2019წ. გადაწყვეტილებით დ. წ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. წ-ეის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2020წ. გადაწყვეტილებით დ. წ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.10.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. წ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის სასამართლოს სტაჟის დადგენის ნაწილში გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დ. წ-ეეს აჭარის მთავარმა სამმართველომ 13.09.2005წ. დაუანგარშა ნამსახურების წლები, რაზედაც შედგა ანგარიში, რომლის მიხედვითაც წელთა ნამსახურობამ შეადგინა 17 წელი, 04 თვე და 10 დღე. მოსარჩელემ ნამსახურების წლების დაანგარიშების თაობაზე სამსახურს განმეორებით მიმართა 2013 წლის მაისში, რაზედაც ანალოგიური დაანგარიშება შედგა. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სზაკ-ის 180-ე მუხლით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ გასაჩივრებულა. დ. წ-ეეს არ მიუმართავს ზემდგომი ორგანოსთვის ადმინისტრაციული საჩივრით, არ აღუძრავს სარჩელი სასამართლოში 13.09.2005წ. და 15.05.2013წ. აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მითითებული აქტები კანონიერი ძალის მქონეა. ამდენად, 2005 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 01 ნოემბრამდე კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სზაკ-ის 77.1 მუხლით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დ. წ-ეის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის დაწყების დროის ათვლის საკითხზე (ნაცვლად 1986 წლის 29 აპრილისა მიეთითოს 1986 წლის 24 მარტი) არ უმსჯელია კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან ამგვარი მოთხოვნა არ ექვემდეარება დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. წ-ეის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ 13.09.2005წ. და 15.05.2013წ. წერილობით პასუხებში - ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მითითებული არ არის გასაჩივრების უფლება და გასაჩივრების ვადა, რითაც დაირღვა სზაკ-ის 52-ე მუხლის მოთხოვნები, ამასთან, იმ დროისათვის მოსარჩელეს აღნიშნული აქტების მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნდა. კასატორმა არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა, რომ სამხედრო სამსახურის და სწავლის პერიოდი სტაჟში უნდა ჩათვლილიყო. 07.07.2008წ. ცნობის მიხედვით დ. წ-ეე შსს სისტემაში მუშაობდა 1986 წლის 24 მარტიდან 2004 წლის 17 აგვისტომდე. 15.05.2013წ. ცნობაში პოლიციის ორგანოებში მუშაობის დაწყების თარიღად მითითებულია 24.03.1986წ., ხოლო დათხოვნის თარიღად - 17.08.2004წ.. კასატორის მითითებით 24 მარტი არის მუშაობის დაწყების თარიღი, ხოლო 29 აპრილი - პირველი სპეციალური წოდების მინიჭების თარიღი. პენსიის დანიშვნის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ 13.09.2005წ. და 30.04.2013წ. წერილობითი პასუხები იყო არასწორი, შრომით სტაჟში არ ჩათვალეს სწავლისა და სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი. ადმინისტრაციულმა ორგანომ შემდეგში ჩათვალა, რომ კასატორს გააჩნდა 20 წელზე მეტი სამუშაო სტაჟი, რითაც ფაქტობრივად დაადგინა 13.09.2005წ. და 30.04.2013წ. აქტების უკანონობა, აღნიშნული ქმედებით ზემდგომმა ორგანომ გააუქმა ქვემდგომი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი პასუხები, მიიჩნია არარა აქტებად, რაზეც ხანდაზმულობა საერთოდ არ ვრცელდება, შესაბამისად, სახეზეა დელიქტური ვალდებულება. პენსიის დასანიშნად მასალების მომზადება და სოციალურ სამსახურში გადაგზავნა მოპასუხეებს ევალებოდათ. 2018 წლის 01 ნოემბრიდან დ. წ-ეისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოპასუხეთა უკანონო ქმედებით დამდგარ ზიანზე მიუთითებს, რის გამო მოსარჩელემ 2005 წლის 22 აპრილიდან ვერ მიიღო კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაცია. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გასაჩივრების ვადის გაშვებაზე იმსჯელებდა, ამ ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2018 წლის 01 ნოემბრიდან ე.ი. პენსიის დანიშვნის დროიდან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 13.09.2005წ. და 30.04.2013წ. წერილობითი პასუხების სავალდებულო ხასიათზე, ამდენად, ეს წერილები შეეხება 2013 წლის 30 აპრილამდე და არა შემდგომ პერიოდს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის დარღვეული უფლების შესახებ ცნობილი გახდა 01.11.2018წ.. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს 10.04.2008წ. (საქმე №ბს-1146-1097(კ-07)) და 20.02.2008წ. (საქმე №ბს-907-869(კ-07)) განჩინებებზე და აღნიშნა, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა. კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ პენსია საკუთრებას წარმოადგენს და საკუთრებაზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება, ასევე სუსგ 19.06.2007წ. (საქმე №206-196(კ-06)) მითითებით კასატორმა აღნიშნა, რომ სარჩელის მატერიალური ხანდაზმულობის ვადაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე, 1008-ე მუხლებზე აღნიშნა, რომ პალატამ არასწორად მოახდინა ხანდაზმულობის ვადის დაწყების ათვლა, არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრა პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი პასუხები. კასატორი თვლის, რომ უმართებულოა პოლიციაში მუშაობის დაწყების თარიღად 24.03.1986წ. განსაზღვრაზე უარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. წ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობებია ბრალი, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი, ამდენად, ზიანის ანაზღაურების აუცილებელი წინაპირობაა მართლასწინააღმდეგო ქმედების/უმოქმედობის დადასტურება. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 13.09.2005წ. და 30.04.2013წ. წერილები უკანონოა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წერილები, რომელთა არამართლზომიერებაზეც დ. წ-ეე უთითებს, საქმის მასალების მიხედვით სათანადო წესით სადავოდ არ ყოფილა გამხდარი და ძალაშია. განსახილველ შემთხვევაში აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 13.09.2005წ. და შსს აჭარის ა.რ. მთავარი სამმართველოს 30.04.2013წ. წერილები არ გასაჩივრებულა, მათი უზუსტობა სათნადო წესით არ დადგენილა. მართალია საქმეში დაცულია რიგი მტკიცებულებები, მათ შორის 2018 წელს გაცემული კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში, რომლებიც ზემო მითითებული წერილების მართლზომიერებასთან დაკავშირებით მსჯელობის საშუალებას იძლევა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დავას იხილავს წარდგენილი სარჩელის ფარგლებში, სასამართლოს უფლება არა აქვს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სსკ-ის 248-ე მუხ.). მოსარჩელე იღებს გადაწყვეტილებას არა მხოლოდ სარჩელის აღძვრის შესახებ, არამედ თავადვე განსაზღვრავს დავის საგანს (სსკ-ის მე-3 მუხ.). სარჩელის მიხედვით, დ. წ-ეის სასარჩელო მოთხოვნაა მხოლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება და შსს სისტემაში მუშაობის დაწყების დროის განსაზღვრა, საპენსიო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე უარის თქმის შესახებ წერილების ბათილად ცნობა არ შეადგენს განსახილველი დავის საგანს. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონკრეტული წერილების გაცემისას თავისი ნორმატიული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების და ამ წერილების მართლზომიერების შესახებ.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საპენსიო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე უარის თქმის შესახებ წერილობით პასუხებში გასაჩივრების წესის მიუთითებლობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული არ არის ამავე კოდექსის 52.2 მუხლით დადგენილი წესის დარღვევის სამართლებრივი შედეგი. საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 13.09.2005წ. და შსს აჭარის ა.რ. მთავარი სამმართველოს 30.04.2013წ. წერილების მართლზომიერების შეფასება შესაძლებელია ცალკე ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, რომლის წარმატებით დასრულების, აღნიშნული წერილების არამართლზომიერების სათანადო წესით დადასტურების შემთხვევაში, დ. წ-ეს შესაძლოა მიეცეს მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია.
განსახილველ დავის საგანთან შეუსაბამოა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები, ვინაიდან საქმეზე №ბს-1146-1097(კ-07) მოსარჩელე მოითხოვდა, როგორც მიუღებელ პენსიაზე კუთვნილი დანამატის ანაზღაურებას, ასევე საპენსიო დანამატის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, ხოლო საქმეზე №ბს-907-869(კ-07) დავის საგანს შეადგენდა ერთჯერადი დახმარების თანხის ანაზღაურება და არა პენსიის გაცემა, რაც პერიოდულად გასაცემ ფულად სარგებელს წარმოადგენს. გარდა ამისა, ხანდაზმულობასთან დაკავშირებული კასატორის არგუმენტები შეუსაბამოა, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ხანდაზმულობის ვადის გასვლას.
რაც შეეხება მოთხოვნას შსს სისტემაში მუშაობის დაწყების დროის ათვლის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა სახელმწიფო კომპენსაციებით უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება, კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კანონის 26.3 მუხლის თანახმად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. განსახილველ შემთხვევაში კასატორი არ მიუთითებს ასეთი მოთხოვნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსადმი მიმართვაზე და შემდგომ ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარზე, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ამ ეტაპზე ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. წ-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. წ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2020წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი