№ბს-1174(კ-21) 9 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებაზე (აპელანტი (მოსარჩელე) - ც. ზ-ე, აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი (16.2) - მ. ჭ-ე, მესამე პირი - გ. ზ-ე, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2017 წლის 5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ც. ზ-ემ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით ც. ზ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...-3-ის დასახლების ... მიკრორაიონში მდებარე №... კორპუსში არსებული ფართი, რომლის მოცულობა 92 კვ.მ-ია. აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენს პირველ სართულზე განლაგებულ და ერთ სისტემაში გაერთიანებულ ფართს, რომელიც შედგება რამდენიმე ოთახისა და შესაბამისი სველი წერტილებისგან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობი შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება. მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დასტურდება, რომ მასზე მოცემული და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ფართი სწორედ ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს წარმოადგენს, რაც ექვემდებარებოდა რეგისტრაციას, რადგან აღნიშნული ფართის 92 კვ.მ. მოცულობით რეგისტრაცია ეწინააღმდეგება ფაქტობრივ რეალობას და ამ მოცულობის ფართი გამოცალკევებადიც ვერ იქნება ფაქტობრივად არსებული 117 კვ.მ. ფართისგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ც. ზ-ეის 2017 წლის 10 ივლისის განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ზ-ე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. ჭ-ე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ც. ზ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და 2017 წლის 5 სექტემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და დაევალა სააგენტოს საკითხის ხელახლა გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ც. ზ-ეის 10.07.2017 წ. განცხადებასთან დაკავშირებით; ბ) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ-ემ, ც. ზ-ემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, მ. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, იმ საფუძვლით, რომ მ. ჭ-ე წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩასაბმელ მესამე პირს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, არ სარგებლობს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული მესამე პირის სახით საქმეში ჩაბმულ იქნა მ. ჭ-ე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით ც. ზ-ეისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 10 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ც. ზ-ეის განცხადება რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე. წარდგენილი განცხადებით, მოსარჩელე მოითხოვდა შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე კუთვნილი უძრავი ქონების ფართის ცვლილებას, მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ, კორპ. №..., ბინა №..., კერძოდ, 92 კვ.მეტრის ნაცვლად 117 კვ. მეტრის რეგისტრაციას. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებიდან გამომდინარე, განმცხადებელმა დამატებით წარადგინა სართულებრივ გეგმაზე მონიშნული სარეგისტრაციო ფართის ამსახველი დოკუმენტი, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილ იქნა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ზედმეტად დაკავებულ ფართზე (აზომვით ნახაზზე მითითებული ფართითა და კონფიგურაციით). აღნიშნულის წარუდგენლობის გათვალისწინებით კი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ც. ზ-ეის სარეგისტრაციო განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება თავდაპირველად გ. ზ-ეის, ხოლო შემდგომ ც. ზ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება 117 კვ.მ. ფართზე, სარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 2 ივლისის N01.19 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა გ. ზ-ეის საკუთრების უფლება სახელმწიფოს მიერ პრივატიზების წესით გადაცემულ ქონებაზე - ქ. თბილისი, დასახლება ...-3, მე-... მ/რ, კორპ. №..., 117 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (ს.კ. ...). გ. ზ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 117 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის №4/360 დადგენილებით ჩაირიცხა საცხოვრებელ ფართში და საბოლოოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 7 ივლისის №... გადაწყვეტილებით გ. ზ-ეის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება აღირიცხა საცხოვრებელ ფართად მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ, კორპ. №..., 117 კვ.მ. ბინა №.... საგულისხმოა, რომ რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება და 117 კვ.მ. ფართიდან 92 კვ.მ. ფართამდე შემცირება, რამაც განაპირობა მოსარჩელის მხრიდან მარეგისტრირებელი ორგანოსადმი განმეორებით მიმართვის აუცილებლობა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების მიზნით, გამოწვეულ იქნა 25 კვ.მ. ოდენობით სარდაფის რეგისტრაციით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელდა საცხოვრებელი ფართის შემცირება სხვა უძრავი ნივთის რეგისტრაციის ხარჯზე, მისი დანიშნულებისა და მდებარეობის გათვალისწინების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 117 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, №... ბინა რეგისტრირებულია პირველ სართულზე, ხოლო 25 კვ.მ. სარდაფი, რომლის რეგისტრაციაც გ. ზ-ემ მოითხოვა 2010 წლის 15 დეკემბრის განცხადებით, მდებარეობს №... ბინის ქვეშ. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მოპასუხის მოსაზრება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 117 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი - ბინა მოიცავდა 25 კვ.მ. სარდაფს, საფუძველს მოკლებულია. ამასთან, თუ №... საკადასტრო კოდით ც. ზ-ეის საკუთრებად რეგისტრირებული ბინის ფართი - 117 კვ.მ. არ შეესაბამებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულ მონაცემს, აღნიშნული უნდა გამხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტებისა და რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ სარდაფის პრივატიზების ფაქტს მოცემული დავისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან სარდაფი არ შედიოდა პირველ სართულზე არსებული ფართის შემადგენლობაში და იგი საპრივატიზაციო მასალაში ცალკე ობიექტად იყო დასახელებული.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო აქტების გამოცემის დროისთვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტზე, ასევე ამჟამად მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტზე და განმარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ზემოხსენებულ საკანონმდებლო ნორმათა უგულვებელყოფით ც. ზ-ეს მოსთხოვა ზედმეტად დაკავებულ ფართზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა მაშინ, როცა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ინვენტარიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია იძლეოდა შესაძლებლობას ც. ზ-ეის საკუთრების უფლება დადგენილიყო ტექნიკური აღრიცხვის მასალებში სართულებრივ გეგმაზე დატანილი პირველი სართულის მე-9, მე-10 ოთახებისა და მე-10 ოთახის გვერდით არსებულ ფართზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოპასუხე მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე გამოსცა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ
გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებითი ფართის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა არ გაუთვალისწინებია მთელი რიგი ის მტკიცებულებები, რაც მოსარჩელემ წარადგინა და დაცული იყო თავად მარეგისტრირებელ ორგანოში. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ც. ზ-ეის მიერ აღნიშნული ფართით ფაქტობრივ სარგებლობას, რაც ასევე დადასტურებულ იქნა საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვენით და უარის თქმას უკავშირებს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობასა და კანონიერ სარგებლობაში გადაცემული ფართობის ოდენობისა და კონფიგურაციის გაურკვევლობას, თუმცა ვერ მიუთითებს თუ როგორ გამორიცხა მოსარჩელის მიერ დაკავებული ფართის ოდენობისა და მდებარეობის დადგენის შესაძლებლობა, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილია როგორც საინვენტარიზაციო გეგმა სართულების მიხედვით, ასევე ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის №4/360 დადგენილება, რომლითაც გ. ზ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 117 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი ჩაირიცხა საცხოვრებელ ფართში. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ც. ზ-ეის მიერ 10.07.2018წ. სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზზე ასახული 117 კვ.მ. ფართი წარმოადგენს ერთ სივრცეში გაერთიანებულ, იზოლირებულ ფართს, რომელიც ემთხვევა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სართულებრივ გეგმაზე დატანილ მე-9, მე-10 ოთახებისა და მე-10 ოთახის გვერდით უნომრო იზოლირებული ფართის ჯამს, თუმცა პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ც. ზ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების შიდა აზომვითი ნახაზი ზედდებაში მოდის მ. ჭ-ეის კუთვნილ უძრავი ქონების ნაწილთან, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის მიერ 2017 წლის 17 მაისს მომზადებული №14 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტისათვის წარდგენილი მასალებისა და შიდა აზომვითი ნახაზების მიხედვით, მ. ჭ-ეის №... ბინის 21,81 კვ.მ. ფართის ოთახის მხრიდან 11,25 კვ.მ. ფართი მიერთებულია ც. ზ-ეის №... ბინის 17,89 კვ.მ. ოთახის ფართზე, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 მაისს გაცემული ექსპერტიზის №003663918 დასკვნის თანახმად, მ. ჭ-ეის საკუთრებაში არსებული ბინის ჯამური ფართი ამჟამინდელი მდგომარეობით შემცირებულია გეგმაზე (ლიტ ა I სართული) მითითებული ოთახების ჯამურ ფართებთან მიმართებაში და სხვაობა შეადგენს 11,43 კვ.მ, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ტიხრების ადგილმდებარეობის ცვლილებით და ახალი ტიხრების მოწყობით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო იმ ფართის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც წარმოადგენდა ერთ სივრცეში გაერთიანებულ, იზოლირებულ ფართს, რომელიც ემთხვეოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სართულებრივ გეგმაზე დატანილ მონაცემებს, არ ნიშნავს, რომ ასეთი უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას. საქმის განმხილველ ორგანოს უნდა შეეფასებინა მასთან წარდგენილი და დაცული დოკუმენტაცია და ემსჯელა ერთ სივრცეში არსებული თავისუფალი ფართის რეგისტრაციის შესაძლებლობაზე, უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში შეჭრისა და სხვის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფართის შემცირების გარეშე. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო ც. ზ-ეის მიერ 2017 წლის 25 ივლისს დამატებით წარდგენილ სართულებრივ გეგმაზე მონიშნული სარეგისტრაციო ფართის ამსახველი დოკუმენტის ტექნიკური აღრიცხვის მასალებში დაცულ სართულებრივ გეგმასა და მომიჯნავედ არსებული ფართის რეგისტრირებულ მონაცემებთან შედარების შედეგად, ასევე დაინტერესებულ პირთა მოსმენის გზით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ერთ სისტემაში გაერთიანებული, იზოლირებული ფართის მომიჯნავე ფართთან დაფიქსირებული ზედდების არსებობის პირობებში განესაზღვრა დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველეყო მისი რეალიზაცია.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მის სახელზე ქ. თბილისში, ...-3, ... მ/რ, №... კორპუსში ირიცხება №... სამოთახიანი ბინა, ფართით 86,66 კვ.მეტრი. მომიჯნავედ, №... ბინაში ცხოვრობენ მოსარჩელე ც. ზ-ე, მისი და - შ. ზ-ე ქმართან და შვილებთან ერთად. ც. ზ-ეს №... ბინა, ფართით 117 კვ.მ, მიღებული აქვს მამის - გ. ზ-ეისაგან 2008 წლის 9 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით. 117 კვ.მ. №... ბინიდან ც. ზ-ემ 2010 წლის 22 დეკემბრის განცხადების საფუძველზე 25 კვ.მ. ფართი ცალკე გამოყო, რომელიც მის სახელზე აღირიცხა, როგორც სარდაფი 2011 წლის 5 იანვარს და მიენიჭა დამოუკიდებელი კოდი. 25 კვ.მ. ფართის გამოყოფა 117 კვ.მ. ფართიდან და მოსარჩელის სახელზე მისი ცალკე აღრიცხვა ნაკლებად შესამჩნევი რომ ყოფილიყო, ც. ზ-ემ 25 კვ.მ. დაიკავა თვითნებურად და ამით №... ბინის ფართი ისევ 117 კვ.მეტრამდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ც. ზ-ეს მ. ჭ-ეის ბინის ფართიდან 11,25 კვ.მ. აქვს დაკავებული თვითნებურად და სარჩელით ცდილობს ამ ფართის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით ნაცვლად ასკ მე-16 მუხლის II ნაწილისა, საქმეში ჩართო იმავე მუხლის I ნაწილით. სააპელაციო პალატამაც, ნაცვლად ასკ მე-16 მუხლის II ნაწილით საქმეში სავალდებულო წესით მესამე პირად ჩართვისა და სააპელაციო საჩივრის განხილვისა, 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მ. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი ასკ მე-16 მუხლის I ნაწილზე მითითებით მიიჩნია დაუშვებლად. ამასთან, განჩინებაში არასწორად განმარტა, რომ დავაში მ. ჭ-ე თითქოს არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. ასკ მე-16 მუხლის II ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩართვა სასამართლოსთვის სავალდებულოა, მაგრამ კანონის ეს მოთხოვნა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობის მიერაც თავისი ინიციატივით შესრულებული არ ყოფილა, რის გამოც 2020 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს საქმეში მე-16 მუხლის II ნაწილით ჩართვის შესახებ, მაგრამ პალატამ შუამდგომლობის განხილვა სხვა დროისათვის გადადო და განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ მხოლოდ 9 თვის შემდეგ, 2021 წლის 6 ივლისის სხდომაზე გამოაცხადა. სააპელაციო პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებამ, რომლითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული მ. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი, ამასთან ამ განჩინების კანონსაწინააღმდეგო განმარტებამ, მნიშვნელოვნად განსაზღვრა საქმეზე 2021 წლის 13 ივლისის უსწორო განჩინების მიღება, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
კასატორის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად პალატის განჩინებაში დასახელებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ საკადასტო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობის ესა თუ ის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, რეგისტრაცია წარმოებს აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად, თუ ამხანაგობის წევრთა თანხმობა სახეზეა. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სივრცეში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხoვება. ამ ნორმის გამოყენება მოსარჩელე მხარის პოზიციაა, რაც როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ მთლიანადაა გაზიარებული. ეს მაშინ, როცა იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტის ეს ნორმა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მხოლოდ დაუზუსტებელ ფართობს ეხება. დაუზუსტებელი ფართობი კი ყოველთვის საჭიროებს დაზუსტებას ახალი საკადასტრო ნახაზით და ასეთი ფართობი ცხადია ან მეტი ან ნაკლები აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში ც. ზ-ეის საკუთრებაში არსებული №... ბინის ფართი (117 კვ.მეტრი) 25 კვ.მ. ფართის გამოყოფამდეც დაზუსტებული იყო და ამ ფართის გამოყოფის შემდეგაც (92.00 კვ.მ.). გარდა აღნიშნულისა, 117 კვ.მ. ბინის ფართი შეგნებულად თვითონ მოსარჩელემ შეამცირა 92.00 კვ. მეტრამდე. შესაბამისად, №... ბინის ფართი რაიმე დაზუსტებას არ საჭიროებდა.
რაც შეეხება მითითებას ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართზე, რომლის დროსაც რეგისტრაციისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება, ვინაიდან მოსარჩელე ც. ზ-ეის სახელზე რიცხული №... ბინის ფართი - 92.00 კვ.მ. დაზუსტებულია და იგი არ მოითხოვს ცვლილების რეგისტრაციას. 25 კვ.მ. ფართი კი მოსარჩელეს თვითნებურად აქვს მიერთებული, საიდანაც 11.25 კვ.მ. კასატორის საკუთრებაში არსებული ბინის ფართია, ხოლო 13.75 კვ.მ. - სახელმწიფოსი, რომლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის გამოყენებით სახეზეა სსსკ 393-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევა.
კასატორის განმარტებით, ფაქტობრივი უსწორობაა განჩინებაში იმაზე მითითება, რომ თითქოს მოსარჩელე ც. ზ-ეის საკუთრებაში არსებული №... ბინის ფართის 117 კვ.მეტრიდან 92.00 კვ.მეტრამდე შემცირება მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით განხორციელდა, ეს მაშინ, როცა 117 კვ.მ. ბინის ფართი შემცირდა ც. ზ-ეის განცხადებების საფუძველზე - 117 კვ.მეტრი ბინიდან 25 კვ.მ. ც. ზ-ემ ცალკე აღრიცხა მის სახელზე. ასეთ პირობებში 92.00 კვ.მეტრამდე შემცირებული №... ბინის ისევ 117 კვ.მეტრამდე შევსების ვალდებულება არც სახელმწიფოს ეკისრება და არც მ. ჭ-ეს. ასევე ფაქტობრივი შეცდომაა პალატის განჩინებაში იმაზე მითითება, რომ თითქოს სარდაფად აღრიცხული 25 კვ.მ. ფართი არ შედიოდა №... ბინის ფართის შემადგენლობაში, ეს მაშინ, როცა №... ბინის ფართი 117 კვ.მ. პრივატიზებული იყო 25 კვ.მ. ფართის გათვალისწინებით (92 კვ.მ. სასარგებლო ფართი + 25 კვ.მ.). ამ გარემოებას ისიც ადასტურებს, რომ 117 კვ.მეტრიდან 25 კვ.მ. ფართის გამოყოფის შემდეგ 92 კვ.მ. ფართის მქონე №... ბინას და სარდაფად აღრიცხულ 25 კვ.მ. ფართს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული აქვს ერთი და იგივე 2008 წლის 8 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე სარდაფად აღრიცხული 25 კვ.მ. დანარჩენ ფართთან ერთად (სულ 117 კვ.მ.) ც. ზ-ეის მამის - გ. ზ-ეის განცხადების საფუძველზე ისან-სამგორის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ჩარიცხულ იქნა საცხოვრებელ ფართში.
პალატის განჩინებაში მითითებულია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით ც. ზ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზი ზედდებაში მოდის მ. ჭ-ეის კუთვნილი უძრავი ქონების (№... ბინა) ნაწილთან, კერძოდ, №... ბინის 21,81 კვ.მ. ფართის მხრიდან 11,25 კვ.მ. ფართი მიერთებულია ც. ზ-ეის საკუთრებაში არსებული №... ბინის 17.89 კვ.მ. ოთახის ფართზე. მითითებულია რა აღნიშნულის შესახებ პალატის განჩინებაში, იქვე აღნიშნულია, რომ ლ. სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს დასკვნით მ. ჭანუყვაძის ბინის ჯამური ფართი შემცირებულია 11,43 კვ.მეტრით, რაც შესაძლებელია, გამოწვეული იყოს ტიხრების ადგილმდებარეობის ცვლილებით და ახალი ტიხრების მოწყობით. მიუთითა რა აღნიშნულზე პალატამ, ექსპერტიზის ეს დასკვნა შეფასების გარეშე ღიად დატოვა. ეს მაშინ, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით საექსპერტო ბიუროს დასკვნა გაზიარებული არ ყოფილა. ამით დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით მთლიანადაა გაზიარებული სააპელაციო პალატის ამ განჩინებით, ფაქტობრივად უარყოფილია. პალატის განჩინების ეს ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის სსსკ 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესსა და პალატის იმ მსჯელობასთან, რომელიც მოცემულია განჩინების მე-16 გვერდზე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 2 ივლისის N01.19 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა გ. ზ-ეის საკუთრების უფლება სახელმწიფოს მიერ პრივატიზების წესით გადაცემულ ქონებაზე. რეგისტრაციას საფუძველად დაედო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 27.10.1995 წ. გაცემული №23/27-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და საპრივატიზაციო მასალები.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 აგვისტოს №7/42206 წერილის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 1995 წლის 27 ოქტომბერს გაცემული №23/27-პ საკუთრების მოწმობით განიკარგა არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ, კორპ. №..., საერთო ფართით 117 კვ.მ, საიდანაც სასარგებლო ფართი შეადგენს 92 კვ. მეტრს. საპრივატიზებო მასალებში დაცული არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა კონფიგურაციით გასხვისდა აღნიშნული ფართი.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, გ. ზ-ეის საკუთრებად დარეგიტრირდა 117 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (ს.კ. ...) მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ...-3, მე-4 მ/რ, კორპ. №....
ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის №4/360 დადგენილებით დაკმაყოფილდა გ. ზ-ეის თხოვნა და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ...-3, მე-4 მ/რ, №... კორპუსში გ. ზედგინიძის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 117 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი ჩაირიცხა საცხოვრებელ ფართში.
ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 13 ივნისის №5-380 დადგენილებით დაკმაყოფილდა გ. ზ-ეის თხოვნა და თანახმად ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 20 ივლისის N15.05.402 დადგენილებისა, თბილისის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიანი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე, მის საკუთრებაში არსებულ ფართობს, მდებარე: ...-3, მე-4 მ/რ, №... კორპუსი, მიენიჭა ... ბინის ნომერი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 1 ივლისის N... გადაწყვეტილებით გ. ზ-ეის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ, კორპ. №..., ფართობი - 117 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართის მონაცემებში შევიდა ცვლილება, ბინას მიენიჭა №.... სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის №5-380 და №4/360 დადგენილებები.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 7 ივლისის №... გადაწყვეტილებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, გ. ზ-ეის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ, კორპ. №..., ფართობი - 117 კვ.მ, ბინა №... აღირიცხა საცხოვრებელ ფართად.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ, კორპ. №..., ფართობი - 117 კვ.მ, №... ბინა, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ც. ზ-ეის საკუთრებად.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 იანვრის N... გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ, კორპ. №..., ბინა №...-ს ქვეშ მდებარე 25 კვ.მ. სარდაფი აღირიცხა ც. ზ-ეის საკუთრებად.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 იანვრის საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ N... გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადებული ამონაწერის თანახმად, ც. ზ-ეის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ. კორპ. №...-ში მდებარე ბინა, №...-ის ფართი განისაზღვრა 92 კვ. მეტრით.
2017 წლის 10 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ც. ზ-ეის განცხადება რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე. განმცხადებელმა წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზი, რომლითაც ც. ზ-ეის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ. კორპ. №..., ბინა №...-ს ფართობი შეადგენს 117 კვ. მეტრს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. დამატებით მოთხოვნილ იქნა ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულებრივი გეგმა, რომელზეც მითითებული იქნებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ფართის მდებარეობა და კონფიგურაცია. ც. ზ-ემ 2017 წლის 25 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარუდგინა სართულებრივ გეგმაზე მონიშნული სარეგისტრაციო ფართის ამსახველი დოკუმენტი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. გადაწყვეტილებით მოთხოვნილ იქნა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ზედმეტად დაკავებულ ფართზე (აზომვით ნახაზზე მითითებული ფართითა და კონფიგურაციით). აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა საკუთრების დამადასტურებელი №23/27-პ მოწმობის, გაფორმების თარიღი 21.10.1995 წ., ასევე ... სარეგისტრაციო წარმოებისას წარდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N7/422206 მიმართვის შინაარსს. მიმართვით დგინდებოდა, რომ სააგენტოში არ არის დაცული ინფორმაცია, რა ფორმით გასხვისდა №23/27-პ საკუთრების მოწმობით განკარგული ფართი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ც. ზ-ეის სარეგისტრაციო განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ც. ზ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი, 2017 წლის 31 ივლისის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2017 წლის 5 სექტემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
ქ. თბილისში, ... 3, მე-4 მ/რ, კორპ. №...-ში არსებული ლიტ „ა“-ში მდებარე უძრავი ქონების პირველ სართულზე მდებარე 86,66 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართისა და 35,28 კვ.მ. ფართის სარდაფის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, აღნიშნული ქონება სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული იყო 25.06.2003 წლიდან, ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2003 წლის 28 მარტს გადაცემული ტექნიკური პასპორტისა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2003 წლის 24 აპრილის N2-22/44 წერილის საფუძველზე.
საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკუთრების დამადასტურებელი №23/38-პ მოწმობით უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ, კორპ. ..., ლიტ „ა“, 124,94 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (მათ შორის 35,28 კვ.მ. ფართის სარდაფი) გადაეცა ფიზიკურ პირს პეტრე ჩხიტუნიძეს.
2016 წლის 15 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, დასახლება ...-3, მ/რ. მე-4, კორპ. №..., 86,66 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (ს.კ. ...), 2016 წლის 17 თებერვალს მიღებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებით აღირიცხა მ. ჭ-ეის საკუთრებად.
12. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს იმ გარემოებაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა მ. ჭ-ე მოცემულ საქმეზე სავალდებულო წესით მისაწვევ მესამე პირს და ასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში მონაწილეობამ, რამდენად იქონია გავლენა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ჩვეულებრივი (მარტივი) მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი), იგი შესაბამისი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ და განსახილველ დავაზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა უნდა იყოს შესაძლებელი. სწორედ ასეთი სავალდებულო მოწვევის მესამე პირი სასკ-ის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სარგებლობს მოსარჩელის ყველა უფლებით და მოვალეობით, მათ შორის, გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების უფლებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინება №ბს-145-138(კ-13).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, დასახლება ...-3, მ/რ. მე-4, კორპ. №..., სართული - 1, არასაცხოვრებელი ფართი №..., 86,66 კვ.მ. (ს.კ. ...) 2016 წლის 17 თებერვალს მიღებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ. ჭ-ეის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის მიერ 2017 წლის 17 მაისს მომზადებული №14 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტისათვის წარდგენილი მასალებისა და შიდა აზომვითი ნახაზების მიხედვით, მ. ჭ-ეის №... ბინის 21,81 კვ.მ. ფართის ოთახის მხრიდან 11,25 კვ.მ. ფართი მიერთებულია ც. ზ-ეის №... ბინის 17,89 კვ.მ. ოთახის ფართზე.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 31 მაისს გაცემული ექსპერტიზის №003663918 დასკვნა, რომლის თანახმად: 1. ქ. თბილისში, ...-3-ის დასახლება ... მიკრორაიონში მდებარე №... კორპუსში, ექსპერტიზაზე წარდგენილი მ. ჭ-ეის საკუთრებაში არსებული ბინის (ს.კ. .......) საცხოვრებელი და დამხმარე ოთახების ჯამური ფართი შეადგენს 75,33 კვ.მ-ს, მათ შორის: N1 ოთახი ფართით 17,97 კვ.მ., N2 ოთახი ფართით 12,82 კვ.მ., N3 ჰოლი ფართით 8,21 კვ.მ., N4 სამზარეულო ფართით 9,66 კვ.მ., N5 საპირფარეშო ფართით 2,09 კვ.მ., N6 სააბაზანო ფართით 3,35 კვ.მ., N7 ოთახი ფართით 21,23 კვ.მ.; 2. ქ. თბილისში, ...-3-ის დასახლება ... მიკრორაიონში მდებარე N... კორპუსში, ექსპერტიზაზე წარდგენილ გენ-გეგმაზე დატანილი სართულებრივი გეგმის მიხედვით (ლიტ ა I სართული) მ. ჭ-ეის საკუთრებაში არსებული ბინის (ს.კ. .......) საცხოვრებელი და დამხმარე ოთახების ჯამური ფართი შეადგენს 86,76 კვ.მ-ს, მათ შორის, N1 ოთახი ფართით 12,74 კვ.მ. (4.90მX2.6მ), N2 ოთახი ფართით 10,56 კვ.მ. (3.20X3.3მ), N3 ოთახი ფართით 5,54 კვ.მ. (3.20მX1.70მ), N4 ოთახი ფართით 8.64 კვ.მ. (3.20მX2.70მ), N5 ოთახი ფართით 12.80 კვ.მ. (3.20მX4მ), N6 ოთახი ფართით 36,48 კვ.მ. (6.4მX5,7მ); 4. ქ. თბილისში, ...-3-ის დასახლება ... მიკრორაიონში მდებარე N... კორპუსში, ექსპერტიზაზე წარდგენილი მ. ჭ-ეის საკუთრებაში არსებული ფართის შიდა სტრუქტურული მდგომარეობა (ტიხრები, კედლები და სხვა) არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ გენ-გეგმაზე და სართულებრივ გეგმაზე (ლიტ ა I სართული) დატანილ იმავე ფართის შიდა სტრუქტურულ მდგომარეობას, კერძოდ: შეცვლილია ტიხრების ადგილმდებარეობა, სართულებრივ გეგმაზე (ლიტ ა I სართული) N6 ოთახში გაუქმებულია კიბე, მოწყობილია ორი ოთახი და დამაკავშირებელი ჰოლი (იხ. დანართი N1 და დანართი N2), ასევე ნაწილობრივ გაერთიანებულია სართულებრივ გეგმაზე (ლიტ ა I სართული) N1 N2 და N3 ოთახები და შეცვლილია ოთახის კონფიგურაცია. მ. ჭ-ეის საკუთრებაში არსებული ბინის ჯამური ფართი ამჟამინდელი მდგომარეობით შემცირებულია გეგმაზე (ლიტ ა I სართული) მითითებული ოთახების ჯამურ ფართებთან მიმართებაში და სხვაობა შეადგენს 11,43 კვ.მ-ს, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ტიხრების ადგილმდებარეობის ცვლილებით და ახალი ტიხრების მოწყობით.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ც. ზ-ეის 2017 წლის 10 ივლისის განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე.
ასევე დადგენილია, რომ ც. ზ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების შიდა აზომვითი ნახაზი ზედდებაშია მ. ჭ-ეის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას და მიიჩნევს, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეეხება მ. ჭ-ეის პირდაპირ და უშუალო ინტერეს, რაც განსახილველ საქმეში მისი სავალდებულო წესით მესამე პირად მოწვევის საფუძველს ქმნიდა. თუმცა აქვე შესაფასებელია ის გარემოება, რამდენად არსებობს ამ საფუძვლით საქმის ხელახლა განსახილველად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების აუცილებლობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად მოიწვიოს და საქმეში სათანადო წესით ჩააბას სავალდებულო მიწვევის მესამე პირი და რაიმე შეზღუდვა მესამე პირის სააპელაციო ინსტანციაში ჩაბმასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში არ მოიპოვება. უფრო მეტიც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულო მიწვევის მესამე პირის საქმეში ჩაბმა დასაშვებია საკასაციო სასამართლოშიც, მათივე თანხმობით (თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. ჭ-ე, რომელსაც გაეგზავნა საქმის მასალები და სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონის დაგენილი წესით. 2018 წლის 5 მარტს მ. ჭ-ემ სასამართლოს წარუდგინა შესაგებელი, რომლითაც იგი არ დაეთანხმა სარჩელს. მ. ჭ-ეის წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა სასამართლო სხდომებში და სასამართლოს მიერ განხილულ იქნა, როგორც მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები, ასევე მოსმენილ იქნა მესამე პირის ახსნა-განმარტება სადავო საკითხთან დაკავშირებით. მართალია, მესამე პირის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (რომელიც 2019 წლის 26 თებერვალს ჩაბარდა მ. ჭ-ეს და იგი მის მიერ არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით), თუმცა საყურადღებოა, რომ მ. ჭ-ეის წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა საქმის სააპელაციო წესით განხილვაში და ამჟამად საკასაციო სასამართლო სწორედ მის საკასაციო საჩივარს განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განჩინებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკსაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ შეზღუდულა მესამე პირის შესაძლებლობა, განეკარგა თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები, შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი (საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი).
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 14.9 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად (დღეისათვის მოქმედი რედაქცია), თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ც. ზ-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ. კორპ. №..., ბინა №..., იყო 92 კვ. მეტრი მაშინ, როცა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, 2003 წლის ინვენტარიზაციის შედეგად გ. ზ-ეის სახელზე აღრიცხული ქონება შედგებოდა სამი ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახისაგან. მათგან, ორი ოთახის (მე-9 და მე-10) ფართი (რომელიც მოპასუხის მიერ მიჩნეულია პრივატიზებულ ფართად) შეადგენს 99.68 კვ. მეტრს (35.84+63.84). ამასთან, როგორც საქმის განხილვისას დადგინდა, აღნიშნულ ორ ოთახთან კარით დაკავშირებულია მე-10 ოთახის გვერდით არსებული უნომრო ოთახი, რომელშიც სხვა მხრიდან შესასვლელი ტექნიკური აღრიცხვის მასალების მიხედვით არ ფიქსირდება.
საქმეზე სპეციალისტის სახით დაკითხული ტექნიკური აღრიცხვის არქივის თანამშრომლის - თ. ბ-ეის განმარტებით დგინდება, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ქ. თბილისში, ...-3-ის დასახლება ... მიკრორაიონში მდებარე №... კორპუსის პირველი სართულისა და სარდაფის გეგმის თანახმად, გ. ზ-ეის მიერ პრივატიზებული ორი ოთახის საერთო ფართი ნახაზის მიხედვით შეადგენს 99 კვ. მეტრს. ამასთან, პირველ სართულზე მდებარე მე-10 ოთახის გვერდით არსებულ ჩაკეტილ სივრცესთან დამაკავშირებელი კარი ნახაზზე დატანილია 2003 წლიდან. სპეციალისტმა ასევე განმარტა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მასალა არ შეიცავს იმ ფაქტზე მითითებას, თუ რა კონფიგურაციით იქნა პრივატიზებული გ. ზ-ეის სახელზე ფართი (ტ. 1, ს.ფ. 199, სპეციალისტის განმარტება, იხ. 03.08.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში დაცული ორივე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...-3-ის დასახლება ... მიკრორაიონში მდებარე №... კორპუსში არსებული მ. ჭ-ეის კუთვნილი ბინის (ს.კ. .......) ამჟამინდელი ფართი, 2003 წელს განხორციელებული რეგისტრაციის ფარგლებში მომზადებული გენ-გეგმის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია 11.43/11.25 კვ. მეტრით. ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით შემცირებული ფართის ცდომილება შეადგენს 0.18 კვ.მ-ს. საყურადღებოა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, ...-3-ის დასახლება ... მიკრორაიონში მდებარე №... კორპუსში, ექსპერტიზაზე წარდგენილი მ. ჭ-ეის საკუთრებაში არსებული ფართის შიდა სტრუქტურული მდგომარეობა (ტიხრები, კედლები და სხვა) არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ გენ-გეგმაზე და სართულებრივ გეგმაზე (ლიტ ა I სართული) დატანილ იმავე ფართის შიდა სტრუქტურულ მდგომარეობას, კერძოდ: შეცვლილია ტიხრების ადგილმდებარეობა, სართულებრივ გეგმაზე (ლიტ ა I სართული) №6 ოთახში გაუქმებულია კიბე, მოწყობილია ორი ოთახი და დამაკავშირებელი ჰოლი (იხ. დანართი №1 და დანართი №2), ასევე ნაწილობრივ გაერთიანებულია სართულებრივ გეგმაზე (ლიტ ა I სართული) №1 №2 და №3 ოთახები და შეცვლილია ოთახის კონფიგურაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ ც. ზ-ეის მიერ 10.07.2018 წ. სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზზე ასახული 117 კვ.მ. ფართი წარმოადგენს ერთ სივრცეში გაერთიანებულ, იზოლირებულ ფართს, რომლის გარშემოწერილობა, 17,89 კვ.მ. ოთახის კვადრატული ნაწილის ჩათვლით, ემთხვევა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სართულებრივ გეგმაზე დატანილ მე-9, მე-10 ოთახებსა და მე-10 ოთახის გვერდით უნომრო იზოლირებული ფართის გარშემოწერილობას. ამასთან, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სართულებრივ გეგმაზე ასახული 2 ოთახის (მე-9 და მე-10) საერთო ფართი აღემატება პრივატიზების მასალაში დაფიქსირებულ არასაცხოვრებელი ფართის (გარდა სარდაფისა) კვადრატულობას.
საყურადღებოა, რომ გ. ზ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 117 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 მაისის N4/360 დადგენილებით ჩაირიცხა საცხოვრებელ ფართში და საბოლოოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 7 ივლისის N... გადაწყვეტილებით, გ. ზ-ეის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...-3, მე-4 მ/რ, კორპ. №..., ფართობი - 117 კვ.მ, ბინა №..., აღირიცხა საცხოვრებელ ფართად.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაუსაბუთებელია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ივლისის №... გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ ც. ზ-ეის წინამორბედი მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების პრივატიზებისას, 92 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართთან ერთად 25 კვ.მ. ფართის სარდაფის პრივატიზება გამორიცხავს დღევანდელი მდგომარეობით წარდგენილ შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ 117 კვ.მ. ფართის რეგისტრაციის შესაძლებლობას, ნამეტ 25 კვ. მეტრ ფართზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის გამო. აღნიშნული ფაქტის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ზ-ეის მიერ პრივატიზებული 25 კვ.მ. სარდაფი მდებარეობდა ამავე პრივატიზების მასალებში არასაცხოვრებელ ფართად აღწერილ, პირველ სართულზე მდებარე ფართის ქვემოთ. შესაბამისად, სწორი შეფასება მისცა სასამართლომ იმ ფაქტს, რომ სარდაფის პრივატიზებას მოცემული დავისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სარდაფი არ შედიოდა პირველ სართულზე არსებული ფართის შემადგენლობაში და იგი საპრივატიზაციო მასალაში ცალკე ობიექტად არის დასახელებული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 117 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, №... ბინა რეგისტრირებულია პირველ სართულზე, ხოლო 25 კვ.მ. სარდაფი, რომლის რეგისტრაციაც გ. ზ-ემ მოითხოვა 2010 წლის 15 დეკემბრის განცხადებით, მდებარეობს №... ბინის ქვეშ. საყურადღებოა, რომ არც პრივატიზების მასალები და არც შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული რაიმე დოკუმენტი არ შეიცავს გ. ზ-ეის მიერ ფართის პრივატიზებისას სახელმწიფოს მიერ გასხვისებული უძრავი ნივთის აღწერის დამადასტურებელ სხვა რაიმე მონაცემს, გარდა ფართის კვადრატულობისა და დანიშნულების აღმნიშვნელი მონაცემებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად არ გაიზიარეს მოსაზრება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 117 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი - ბინა მოიცავდა 25 კვ.მ. სარდაფს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
14. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჭ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება;
3. მ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. გ-ის (პ/ნ ...) მიერ 25.11.2021წ. №12056709507 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე