Facebook Twitter

ბს-513(კ-20) 23 თებერვალი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ჯ-იმა 08.02.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 15.11.2018წ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, ასევე 09.01.2019წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 15.11.2018წ. №MOD 6 18 00006999 ბრძანებისა და მოსარჩელისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 09.01.2019წ. №MOD 4 19 00012647 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურების 10 წლითა და ორი თვის ვადით განსაზღვრის თაობაზე და დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 15 ნოემბრიდან მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოპასუხისათვის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.05.2019წ. გადაწყვეტილებით კ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 15.11.2018წ. №MOD 6 18 00006999 ბრძანება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 09.01.2019წ. №MOD 4 19 00012647 წერილობითი მიმართვა მოსარჩელე კ. ჯ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება მოსარჩელე კ. ჯ-ის სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურება 10 წლითა და ორი თვის ვადით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე კ. ჯ-ის, 2018 წლის 15 ნოემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მხოლოდ პირადი სურვილით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2019წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება და მხარეთა წერილობითი შეთანხმება წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ორ დამოუკიდებელ საფუძველს. ერთ შემთხვევაში მხარე უარს აცხადებს ხელშეკრულების გაგრძელებაზე და წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს საკუთარი ნებას შეწყვიტოს და გავიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილს უთანხმებს მეორე მხარეს და სახელშეკრულებო ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების მონაწილეთა ნების თანხვედრის პირობებში. კ. ჯ-ის შეთავაზებას შეწყვეტილიყო დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობა დაეთანხმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოხატა შემხვედრი ნება და დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტას. მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა კანონის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, რაც გამორიცხავს იმავე თანამშრომლის სხვა საფუძვლით გათავისუფლების შესაძლებლობას, შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად კონტრაქტის პირობების დარღვევის მითითება არ შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმების პირობებს. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი. ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს აქვს უფლება პირადი სურვილით შეწყვიტოს სამხედრო სამსახური და დათხოვნილი იქნეს სამხედრო სამსახურიდან, თუ მას, სამხედრო სამსახურში აქვს ნამსახურები არანაკლებ 10 წელი, როგორც ოფიცერს. მართალია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და კ. ჯ-ის შორის 19.03.2017წ. გაფორმებული კონტრაქტის მოქმედების 5 წლიანი ვადა გათავისუფლების მომენტში ამოწურული არ იყო, თუმცა კ. ჯ-ის 10 წლიანი ნამსახურების ვადის ამოწურვა აძლევდა უფლებას ეთხოვა სამსახურიდან გათავისუფლება. კ. ჯ-ის წარმოეშვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, რითიც მან ისარგებლა და რაც ქმნის დამატებით საფუძველს გამოირიცხოს მისი მხრიდან არამართლზომიერი ქმედების ჩადენის ფაქტი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის, კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ დოკუმენტს ამ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინება. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და ითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას ქმედება შეფასდეს - არამართლზომიერად და მოსარჩელეს მოესპოს კანონით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე. სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონები. სამხედრო მოსამსახურე წარმოადგენს საჯარო მოხელეს და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის რეგულაციები იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით არ რეგულირდება საკითხი. კ. ჯ-იმა საკუთარი ინიციატივით ცალმხრივად მოითხოვა კონტრაქტის შეწყვეტა და „სამხედრო მოსამსახურის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნა. ამდენად, მოსარჩელის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა კანონის საფუძველზე, მან დაარღვია ნაკისრი ვალდებულება 5 წლით სამხედრო სამსახურში მსახურის თაობაზე, ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება და ამის ობიექტური მიზეზი არ ჰქონდა, შესაბამისად, სასამართლოს დასაბუთება იმის თაობაზე, რომ კ. ჯ-ის კონტრაქტით ნასკირი ვალდებულება არ დაურღვევია, მოკლებულია საფუძველს. კ. ჯ-ი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძველზე, რაც წარმოადგენს არამართლზომიერ ქმედებას. „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო, შესაბამისად, გენერალური შტაბის 09.01.2019წ. წერილობითი პასუხი კანონიერია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ კ. ჯ-ი 1998 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 15 ნოემბრამდე მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა სამხედრო თანამდებობაზე. 19.03.2017წ. მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება (კონტრაქტი) 5 წლის ვადით. 07.11.2018წ. კ. ჯ-იმა პატაკით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის უფროსს და ითხოვა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა 15.11.2018წ. გამოსცა ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა პირადი სურვილი და კონტრაქტის პირობების დარღვევა. 24.12.2018წ. კ. ჯ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ითხოვა სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 09.01.2019წ. წერილობითი მიმართვით კ. ჯ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და კ. ჯ-ის შორის გაფორმებულ ოფიცერთა მიერ სამხედრო სამასხურის გავლის შესახებ 19.03.2017წ. კონტრაქტის მე-7 მუხლზე, რომლითაც დარეგულირებულია კონტრაქტის შეწყვეტის პირობები და პასუხისმგებლობა. კონტრაქტის 7.1.1 მუხლის თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს, თუ მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი. ამდენად, სამხედრო მოსამსახურეს აქვს უფლება პირადი სურვილით შეწყვიტოს სამხედრო სამსახური და დათხოვნილი იქნეს სამხედრო სამსახურიდან, თუ მას სამხედრო სამსახურში აქვს ნამსახურები არანაკლებ 10 წელი, როგორც ოფიცერს. სწორედ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 15.11.2018წ. ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველს. აღნიშნულ ნაწილში სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი სადავო არ არის. სადავოა ბრძანების გამოცემის მეორე საფუძველი - „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი რეგულაციის გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ კ. ჯ-ის წარმოეშვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, რითიც მან ისარგებლა. აღნიშნული ქმნის არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამორიცხვის საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კ. ჯ-ი მიეკუთვნება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის პირველ მუხლში მითითებულ პირთა კატეგორიას. ამავე კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 15.1 მუხლის დათქმიდან გამომდინარე სახელმწიფო კოპენსაციის დანიშვნისათვის კანონით გათვალისწინებულ აუცილებელი დოკუმენტია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინება. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1.2 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. განსახილველ შემთხვევაში კ. ჯ-იმა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და ითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება, რაც გამორიცხავს ქმედების არამართლზომიერებას და კანონით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების უფლების მოსპობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი