Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1345(კ-20) 28 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ვ. ვ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ვ. ვ-ემ 2017 წლის 4 ივლისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდეგში - აღიარების კომისია) მიმართ და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №9 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ვ. ვ-ეის ნაწილში) და მოპასუხის მიერ ახალი აქტის გამოცემა, ვ. ვ-ეის სარგებლობაში არსებულ 58,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ვ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №9 საოქმო გადაწყვეტილება ვ. ვ-ეის ნაწილში; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა ვ. ვ-ეის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ის მე-... ჩიხი, №...-ის მიმდებარე 58,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვ. ვ-ე ვერ აკმაყოფილებდა აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, რადგან მის განცხადებაზე წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, ამასთან, მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა განმცხადებლის ინდივიდუალურ საკუთრებაში და არც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე, ასევე, მის მიერ არ ყოფილა წარდგენილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი საკმარისი დოკუმენტაცია, ამდენად, განმცხადებელმა ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მიწას ფლობდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კომისიას უნდა შეეფასებინა თენგიზ ნეგერვაძისგან სადავო მიწის ნაკვეთის ვ. ვ-ეის საკუთრებაში გადასვლამ გამოიწვია თუ არა წინა მესაკუთრის ჩანაცვლება თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარების მიზნებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან ვ. ვ-ემ მიწის ნაკვეთი შეიძინა 2010 წელს (ნასყიდობის ხელშეკრულებით) და ითხოვს მის საკუთრებაში არსებული ქონების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, იმთავითვე გამოირიცხება მოთხოვნის საფუძვლიანობა, რადგან, ის არ წარმოადგენს წინა მესაკუთრის უფლებამონაცვლეს. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მართალია რიგ საკითხებთან დაკავშირებით სრულად არ იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს, თუმცა აღნიშნული გავლენას ვერ იქონიებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მისი პერსპექტიულობის თვალსაზრისით, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დავაზე არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №9 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან; კერძოდ, შესაფასებელია ვ. ვ-ე რამდენად წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, მისი მოთხოვნა აკმაყოფილებდა თუ არა თვითნებურად დაკავების მოტივით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის ზემოაღნიშნული კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესრულდა თუ არა მისთვის კანონით დაკისრებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევის ვალდებულება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, კანონის რეგულაცია შეეხება ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან (სარგებლობიდან) და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.

მოსარჩელე ვ. ვ-ეის მოთხოვნა უკავშირდებოდა მიწის ნაკვეთზე თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას; კერძოდ, ვ. ვ-ე აღიარების კომისიაში საჯარო რეეტრიდან 2016 წლის 11 აგვისტოს შესული წერილით ითხოვდა ქ.ბათუმში, ...ის მე-... ჩიხი, №...-ის მიმდებარე 58,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. აღიარების კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №9 საოქმო გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განმცხადებელს არ ჰქონდა განთავსებული შენობა-ნაგებობა, ასევე, უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით არ იყო განმცხადებლის ინდივიდუალურ საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორია და იგი არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს.

პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა - ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული ნორმის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარებას როგორც საცხოვრებელ სახლზე, ასევე არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაზე, მიუხედავად იმისა, დანგრეულია ის, მშენებარეა თუ აშენებული.

პალატა განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, მათ შორის თვითნებურად დაკავების საფუძვლით, სამტკიცებელი გარემოებაა. მითითებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე დაინტერესებული პირი ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ უწყვეტად ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით ანუ უკანონოდაა დაუფლებული და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ნივთის ფლობის უწყვეტობის ვარაუდი დასაშვებია მაშინ, როდესაც პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს (სკ-ის 166-ე მუხლი).

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე... (მე-2 მუხლის ,,ე'' ქვეპუნქტი).

აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძვლიანობას (,,non liquet'') მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მხარის მიერ აღიარების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტები, რომელთა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესი“ (შემდეგში - ,,წესი'').

,,წესის'' მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის აღიარების კომისიაში წარდგენილ წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია, საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები; დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 000-ზე (ასი ათასზე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) სააგენტოში არსებული უახლესი ინფორმაცია მიწის იმ ნაკვეთის თაობაზე, რომელზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხიც განიხილება, კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა მასზე უფლება ან წარდგენილია თუ არა სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზეც მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება ან/და ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, განმცხადებელს უფლება აქვს, განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას.

აღნიშნული „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მართალია მოსარჩელემ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა 2010 წლის 28 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2010 წლის 16 ივნისს საკადასტრო კოდით ...), თუმცა აღიარების კომისიის შეფასების მიღმა დარჩა მოსარჩელის განმარტება სადავო მიწის ნაკვეთის კანონის ამოქმედებამდე დაუფლების და შემდგომში მისი უწყვეტად ფლობის შესახებ; ამასთან, თუ დადგინდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავება ამ პერიოდში არა ვ. ვ-ეის, არამედ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ყოფილი მესაკუთრის, თ. ნ-ეის მიერ, კომისიას უნდა შეეფასებინა, გახდებოდა თუ არა ეს გარემოება საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი 58,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დღევანდელი დამკავებლის და მოსარგებლის, ვ. ვ-ეის საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სავალდებულოა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. საგულისხმოა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიას გასაჩივრებული აქტის სათანადო დასაბუთების შესახებ, რადგან სადავო აქტი შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალურ საფუძველზე მითითებით, ისე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის შესრულებული საქმესთან დაკავშირებული გარემოებების სრულად გამოკვლევისა და სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერი ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე სასამართლოსათვის მინიჭებული შესაძლებლობა - გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, არ ნიშნავს სასამართლოს უფლებას/ვალდებულებას ჩაანაცვლოს ადმინისტრაციული ორგანო და თავად განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოება არის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენების ანუ გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებული პროცესი, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ამოცანებს და აწესრიგებს სამართალურთიერთობის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის ინფორმაციის მოპოვებას, გადაწყვეტილების მომზადებას და გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული ემსახურება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დაკისრებული ძირითადი ფუნქციის შესრულებას.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის აზრით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად მიუთითეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის საფუძველზეც, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა