Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-56(2კ-21) 7 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე);

2. ა. ა-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. ა-ემ 2020 წლის 1 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის ზიანის - 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ა-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ზიანის სახით, მოსარჩელე ა. ა-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2017 წლის მარტიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით (10 თვე), თვეში - 328 ლარის, ჯამში - 3280 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ა. ა-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ა. ა-ეისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ა. ა-ემ.

კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ ა. ა-ეის განცხადების შემოსვლის შემდგომ, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება წელთა ნამსახურობის დასადგენად. დოკუმენტაციაში არსებული ცდომილების გამო, საჭირო გახდა საკითხი განსახილველად გადაცემოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/ყოფილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი დოკუმენტების მოწესრიგების საკითხთა განმხილველ კომისიას. კასატორის მითითებით, წელთა ნამსახურობის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაიგზავნა სამსახურებრივი დოკუმენტაციის მოწესრიგების შესაბამისი ინფორმაციის მოძიებისა და აღნიშნულის საფუძველზე წელთა ნამსახურობის სათანადო დაანგარიშების შემდგომ.

კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე.

კასატორის - ა. ა-ეის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოთვალა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ვადები და ნაცვლად 12 თვისა, თავდაცვის სამინისტროს ა. ა-ეის სასარგებლოდ 10 თვის სახელმწიფო კომენსაციის ანაზღაურება დაეკისრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლისა და 2021 წლის 11 მარტის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ა-ეისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ეისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის მარტიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი და პირობა, სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადებით, სათანადო წარდგინებითა და სხვა საჭირო დოკუმენტებით მიმართვაა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ა. ა-ე 2016 წლის 22 დეკემბერს დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, რის შემდეგაც ა. ა-ემ მისი კანონიერი უფლების რეალიზაციის - კომპენსაციის მიღების მიზნით, 2017 წლის 4 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა, მოსარჩელე ა. ა-ეის განცხადების საფუძველზე, მისთვის შესაბამისი კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობით მიმართა 2018 წლის 10 იანვარს. ამასთან, გაუგზავნა ა. ა-ეის დათხოვნის ბრძანების ასლი და წელთა ნამსახურობის ანგარიში, ხოლო აღნიშნული მიმართვის (წარდგინების) საფუძველზე, მოსარჩელე ა. ა-ეს 2018 წლის თებერვლიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია თვეში 328 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული წარმოება დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. ხსენებული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ხოლო ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილია, რომ თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, რომლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე ა. ა-ეის 2017 წლის 4 იანვრის განცხადების საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ წარდგინებით მიმართა საკითხის განმხილველ კომპეტენტურ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ა-ეის განცხადების რეგისტრაციიდან 1 წელში - 2018 წლის 10 იანვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კანონით იმპერატიულად განსაზღვრული განცხადების განხილვის ერთთვიანი ვადა. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი კანონიერი უფლების რეალიზაცია.

ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი დადგენილია, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია

კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განცხადების განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დაცვის შემთხვევაში, ა. ა-ეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებოდა 2017 წლის მარტიდან, ვინაიდან მან კომპენსაციის მიღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა 2017 წლის 4 იანვარს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის განცხადებით/წარდგინებით უნდა მიემართა არაუგვიანეს 2017 წლის 4 თებერვლისა, რის შემდგომაც, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ა. ა-ეისათვის სახელმწიფო კომპენსაციის საკითხს განიხილავდა წარდგინებით მიმართვიდან 15 დღეში, ანუ არაუგვიანეს 2017 წლის 19 თებერვლისა. ამდენად, საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის შემთხვევაში, ა. ა-ეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებოდა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2017 წლის 1 მარტიდან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. ა-ეის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის სახით უნდა დაეკისროს 2017 წლის 1 მარტიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში- 328 ლარის ოდენობით (ჯამში - 3280 ლარი).

საკასაციო პალატა, კასატორ ა. ა-ეის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო კომპენსაციის, პენსიის გადახდის დაკისრება. მოსარჩელე სარჩელში უთითებდა, რომ მას კომპენსაცია დაენიშნა 2018 წლის იანვრის თვიდან და მოითხოვდა 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 328 ლარის ანაზღაურებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლითაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. იმ პირობებში როდესაც მოსარჩელე მხარე უთითებს რომ კომპენსაცია დაენიშნა 2018 წლის იანვრის თვიდან და მოითხოვს 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 328 ლარის ანაზღაურებას ბუნებრივია სასამართლო ვერ გასცდებოდა დავის საგანს და ვერ იმსჯელებდა 2018 წლის იანვრის გასაცემელზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ა-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე