Facebook Twitter

№ბს-370(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 24 ივლისს ქ. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) 2006 წლის 14 აპრილს განხორციელებულ რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში (რეგისტრაციის №..., ...) პირველადი ჩანაწერის აღდგენის (ნაცვლად 0,42 ჰა. ფართობისა, მიწის ფართობად - 0,70 ჰა განსაზღვრის) შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ქ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ქ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ 13 თანასოფლელთან ერთად შეიძინა ბოლნისის რაიონის ...ის საკრებულოს მიერ სპეციალურ აუქციონზე გამოტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი №13, ფართობი 18.82 ჰა. 2006 წლის 15 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმებით, №1-2330 კასატორის სახელზე უნდა დარეგისტრირებულიყო მიწის ნაკვეთი ფართობით - 0.70 ჰა. აუქციონის შედეგად გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №-33-ის და შეთანხმების საფუძველზე, კასატორმა დაირეგისტრირა 0.70 ჰა. თუმცა, მას რეალურად დაურეგისტრირეს 0.42 ჰა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა და შეთანხმების აქტი გაყალბებულია. კასატორი მიუთითებს, რომ სხვა, რიგი პირების, კუთვნილი მიწის ფართობები გაზრდილია უსაფუძვლოდ, მისი ნაკვეთის ფართობის ხარჯზე.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო მოსარჩელეს უნდა დამხარებოდა სარჩელის ტრანსფორმირებაში და მესამე პირებად უნდა ჩაება კ. ა-ი, რომლის კუთვნილი მიწის ფართობების სააღრიცხვო ბარათებში ფანქრით არის მონაცემები გადაკეთებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მდებარე ბოლნისის რაიონი სოფელი ...ში, საკადასტრო კოდი №...) რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებად, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გამოცხადდა სპეციალური აუქციონი.

2006 წლის 15 მარტს, ბოლნისის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებმა პირებმა და მათ შორის მოსარჩელე - ქ. ა-იმა მოითხოვეს სპეციალურ აუქციონზე გატანილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 18,82 ჰა მიწის ნაკვეთის ფართობის შესაძენად და მათი ინტერესების წარსადგენად შეთანხმებაზე მათი ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება და მიმართეს ნოტარიუსს.

2006 წლის 15 მარტს ნოტარიუს ნ. ჩ-ის მიერ დამოწმებული შეთანხმებები წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრში 2006 წლის 14 აპრილს. 2006 წლის 15 მარტით დათარიღებული შეთანხმების მიხედვით, ქ. ა-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი განსაზღვრულია 0.42 ჰა. ხოლო თარიღის გარეშე შეთნხმების თანახად, ქ. ა-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი განსაზღვრულია 0.70 ჰა. მხარეების მიერ წარდგენილი ორივე შეთანხმება დამოწმებულია 2006 წლის 15 მარტს ნოტარიუსის ნ. ჩ-ის მიერ სანოტარო აქტი - №1-2330.

2006 წლის 5 აპრილს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გაიცა ქ. ა-ის და სხვათა მიმართ შედგენილი თანდართული შეთანხმებების (დამოწმებული სანოტარო აქტი - №1-2330) საფუძველზე, სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №33. დადგენილია, რომ 2006 წლის 14 აპრილს, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაიცა სააღრიცხვო ბარათი, სადაც მესაკუთრედ მითითებული ქ. ა-ი, ხოლო მიწის ნაკვეთის ფართობად ჯერ მითითებულია 0.70-ჰა, რომელიც გადაშლილია და მის გვერდით მითითებულია 0,42 ჰა მიწის ფართობი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს.

ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად უდევს 15.03.2006 წელს ნოტარიუსი ნ. ჩ-ის მიერ დამოწმებული შეთანხმება (№1-2330 სანოტარო აქტის ნომერი), რომლის საფუძველზეც ქ. ა-იზე შეთანხმებით განაწილებულია 0,42 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ივნისის წერილით დგინდება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ბოლნისის რაიონის ტერიტორიული ორგანოში დაცული მონაცემებით, ქ. ა-ის, აუქციონზე ქონების შეძენის შემდგომ, უნდა გადასცემოდა 0.42 ჰა მიწის ნაკვეთი. ამდენად, საჯარო რეესტრი დაეყრდნო სწორედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ბოლნისის რაიონის ტერიტორიული ორგანოში დაცულ მონაცემებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 0,70 ჰა. ფართობის მიწის ნაკვეთზე კასატორის საკუთრების უფლება განსაზღვრულია - შეთანხმება №1-2330-ით (სანოტარო აქტის ნომერი), დამოწმების თარიღი: 15.03.2006 წ. ნოტარიუსი ნ. ჩ-ის მიერ, ხოლო 0,42 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ასევე ეფუძნება შეთანხმება №1-2330 (სანოტარო აქტის ნომერი), დამოწმების თარიღი: 15.03.2006 წ. დამოწმებული იმავე ნოტარიუსი ნ. ჩ-ის მიერ. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს ორი სანოტარო აქტის წინააღმდეგობრივი ხასიათის შესახებ, თუმცა შესაბამისი სანოტარო აქტების ნამდვილობა მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა. მართალია, კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს დოკუმენტების სიყალბის ფაქტზე, მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა მას ამ აქტების ნამდვილობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სადავოდ არ გაუხდია, ხოლო დოკუმენტების ნამდვილობის შეფასება სცდება მოცემული დავის ფარგლებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ქ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 10.08.2020 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. ქ. ა-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.08.2020 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი