საქმე №ბს-1179(კ-21) 16 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 13 ნოემბერს მ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა - ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 თებერვლის №489 ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს მოსარჩელე მ. ა-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 თებერვლის №489 ბრძანება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მ. ა-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
2022 წლის 31 იანვარს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ 2021 წლის 20 აპრილს სააგენტოსა და მ. ა-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე მ. ა-ეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი, მდებარე: გორი, ...ის ქუჩა №.... მოსარჩელე მ. ა-ეის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე მ. ა-ე, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირი, სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით და აღარ არსებობს მისი ხელმეორედ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, კასატორმა მოითხოვა - განსახილველ საქმეზე, მ. ა-ეის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ა1 ნაწილის გათვალისწინებით, დავის საგნის არარსებობის საფუძვლით, საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მ. ა-ეის მოთხოვნას „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 თებერვლის №489 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კანონით დადგენილი წესით მოსარჩელე მ. ა-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენდა.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2022 წლის 31 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტებით, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (წარმოდგენილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის რეგისტრაციისა და რესტიტუციის სამმართველოს სპეციალისტის ნ. მ-ას სახით) და მ. ა-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებითა (დამოწმების თარიღი: ..., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (მომზადების თარიღი: ...) უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ განხორციელდა მ. ა-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: გორის მუნიციპალიტეტი, ქალაქი გორი, ...ის ქ. №..., სადარბაზო №..., სართ. №..., ბინა №..., ფართი - 44,98 კვ.მ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე აღარ არსებობს დავის საგანი - მ. ა-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე 2022 წლის 4 მარტს წარმოდგენილია მ. ა-ეის განცხადება, რომლითაც იგი, როგორც მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე კასატორის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე დავის საგნის არ არსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან აღარ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ეის სარჩელზე დავის საგნის არ არსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა, დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე