№ბს-766(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი ქ.2თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ც. ბ-ა; მესამე პირი - გ. გ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 23 მაისს ც. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის №674 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. გ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის №674 ბრძანება და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ც. ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ განხორციელებულა და ეს ვალდებულება, რომ სახელმწიფოს მათ მიმართ გააჩნია, აღნიშნული სადავო არ არის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის №23 ოქმის თანახმად, კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ ზუგდიდში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. ზუგდიდში და სამეგრელოს რაიონში მდებარე 1 ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ და 5 სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვან ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახთა საკითხი.
ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ც. ბ-ას ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება - არასაკმარისი ქულის გამო (2 ქულა დააკლდა სოციალურში, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის №674 ბრძანების თანახმად, ქალაქ ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში არსებული პროექტების ფარგლებში, ც. ბ-ას პ/ნ ... ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), არასაკმარისი ქულის გამო ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მოსარჩელეს არ ერიცხებოდა იმ ოდენობის სოციალური ქულა, რაც საჭირო იყო დევნილი პირისათვის სოციალური შემწეობის მისაღებად. სწორედ აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით მიიღო სამინისტრომ გადაწყვეტილება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნა, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი 25.09.2017 წელი) 2017 წლის პირველი ივნისიდან ც. ბ-ას სარეიტინგო ქულას წარმოადგენდა - 28380 და 2017 წლის პირველი სექტემბრიდან ოჯახი იღებდა სოციალურ შემწეობას 120 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის №23 ოქმში უარის თქმის საფუძველად მითითებულია განმარტება - არასაკმარისი ქულის გამო (2 ქულა დააკლდა სოციალურში, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში).
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი (არასაკმარისი ქულა) აღარ არსებობდა, ვინაიდან მოსარჩელე კვლავ წარმოადგენდა სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებს სოციალურ შემწეობას.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის №23 ოქმში არ არის ასახული იმ დევნილი პირების სარეიტინგო ქულები, რომლებიც გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას განესაზღვრა ზუსტი სარეიტინგო ქულა, რომელიც მოსარჩელისთვის საკმარისი იქნებოდა გრძელვადიანი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოების პირობებში, სამინისტრო ვალდებული იყო გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ დევნილი პირის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა არასაკამარისი ქულის საფუძვლით, წარმოადგენდა შეფასებით კატეგორიას, რაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნებით. ამასთან, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საქმიანობა განეხორციელებინა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევით.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ც. ბ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის პროცესში არ მომხდარა საქმის ჯეროვნად და ყოველმხრივ გამოკვლევა, რის გამოც სადავო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 20 აპრილის №674 ბრძანებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება არ იყო საკმარისი მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას დევნილი ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების ელექტრონული ბაზის თანახმად, შეადგენდა 60960-ს, რასაც ადასტურებს მათ მიერ საქმეში წარდგენილი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ელექტრონული ბაზიდან. მოსარჩელემ კი სადავო აქტის გამოცემის შემდგომ, სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 25 სექტემბერს მომზადებული ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ელექტრონული ბაზიდან, რომლის თანახმად სარეიტინგო ქულა შემცირებულია და შეადგენს 28380-ს. ამდენად, ც. ბ-ას ოჯახს, კრიტერიუმში - სიღარიბის მაჩვენებელი დააკლდა 2 ქულა.
ამასთან, კასატორის მითითებით, ც. ბ-ას ოჯახს დააკლდა 3 ქულა კრიტერიუმში - მძიმე საცხოვრებელი პირობები. მოსარჩელის ოჯახის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ ყოფილა წარმოდგენილი მძიმე საცხოვრებელი პირობების გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება და არც სამინისტროს მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოვლენილა მათი საცხოვრებელი პირობების რადიკალური სიმძიმე.
კასატორის აღნიშნით ვინაიდან, მოსარჩელის ოჯახს მოაკლდა 2 ქულა კრიტერიუმში - სიღარიბის მაჩვენებელი და 3 ქულა კრიტერიუმში - მძიმე საცხოვრებელი პირობები, საბოლოოდ, მის ოჯახს მინიჭებული აქვს 6 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: შემოსავლის მაჩვენებელი (სოციალური კრიტერიუმი) - 1.5 ქულა; ცხოვრობს ქირით - 1.5 ქულა; ომში დაღუპული ოჯახის წევრი - 3 ქულა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, ამ ეტაპზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას (საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე), კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე - ც. ბ-ა პ/ნ ... არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით ც. ბ-ა რეგისტრირებულია დევნილად სარეგისტრაციო ნომერი №.... დევნილის მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გალი, სოფელი .... დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №....
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ც. ბ-ა 2017 წლის 1 ივნისიდან დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა არის - 28380.
მოსარჩელე ც. ბ-ამ არაერთხელ მიმართა განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისი საცხოვრებელი სახლის მისამართის ცვლილებისა და საცხოვრებელ ფართში არსებული მძიმე პირობების თაობაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის №23 ოქმის თანახმად, კომისიამ შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით, ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ც. ბ-ას პ/ნ ... ოჯახს უთხრა უარი არასაკმარისი ქულის გამო (2 ქულა დააკლდა სოციალურ კრიტერიუმში, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელი პირობების კრიტერიუმში).
მოსარჩელე ც. ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ განხორციელებულა და ეს ვალდებულება სახელმწიფოს მისი ოჯახის მიმართ გააჩნია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2017 წლის 29 სექტემბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, 2017 წლის პირველი ივნისიდან ც. ბ-ას სარეიტინგო ქულა არის - 28380 და 2017 წლის პირველი სექტემბრიდან ოჯახი იღებს სოციალურ შემწეობას - 120 ლარის ოდენობით, რაც ცვლის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს (არასაკმარისი ქულა), ვინაიდან მოსარჩელე კვლავ წარმოადგენს სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებს სოციალურ შემწეობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 17 მარტის №23 ოქმში არ არის ასახული იმ დევნილი პირების სარეიტინგო ქულები რომლებიც გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს ზუსტი სარეიტინგო ქულა, რაც მოსარჩელისთვის საკმარისი იქნებოდა გრძელვადიანი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად.
ამდენად, აღნიშნული გარემოების პირობებში, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა