Facebook Twitter

ბს-463(კ-19) 28 მარტი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჭ. ბ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჭ. ბ-ემ 07.06.2017წ. სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 17.04.1996წ. სოფ. ...ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების №3 ოქმის არარა აქტად ცნობა, მისი თანმდევი შედეგის - მიწის გამოყოფის შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერის გაუქმებით.

ჭ. ბ-ემ 12.09.2017წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ჭ. ბ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში 17.04.1996წ. სოფ. ...ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების №3 ოქმის ბათილად ცნობა, მისი თანმდევი შედეგის - მიწის გამოყოფის შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერის გაუქმებით.

დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ბ-ე და ს. ბ-ე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 12.12.2017წ. განჩინებით მესამე პირების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 15.03.2018წ. გადაწყვეტილებით ჭ. ბ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სოფ. ...ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 17.04.1996წ. №3 ოქმი ჭ. ბ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში, გაუქმდა მისი თანმდევი შედეგი - საკომლო წიგნის ჩანაწერი მიწის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მ. ბ-ეის და ს. ბ-ეის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2018წ. გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მ. ბ-ეის და ს. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 15.03.2018წ. გადაწყვეტილება, ჭ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 12.12.2017წ. განჩინება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა, საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ. ხდებოდა იმ დროისათვის (განსახილველ შემთხვევაში 1988წ.) მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლების საფუძველზე. საქმის მასალებით არ დასტურდება ჭ. ბ-ეის კომლიდან გასვლა თუ გამოყოფა, არ არსებობს განცხადება ჭ. ბ-ეის კომლიდან ამოწერის შესახებ, ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის შესაბამისი გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებისა და ჭ. ბ-ეის კომლიდან ამოწერის შესახებ. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ საკომლო წიგნში ჭ. ბ-ე გადახაზულია და გაკეთებულია ჩანაწერი მისი ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე, არ ადასტურებს ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერისა და ცალკე კომლად გამოყოფის ფაქტს. სოფ. ...ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 17.04.1996წ. №3 ოქმით კრებამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება კომისიის მიერ წარდგენილი შერჩევის აქტის დაკმაყოფილების შესახებ და ჭ. ბ-ეს გამოეყო №3 ბრიგადაში 0.20 ჰა მიწის თავისუფალი ფართობი საკარმიდამოდ სარეზერვო სარეფორმო ფონდიდან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული, კანონიერი დაინტერესება. კანონიერი ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები, მაგ. უფლების დარღვევა ან დარღვევის საშიშროება, რომლებზედაც მოსარჩელემ უნდა მიუთითოს. კანონმდებლობა სავალდებულოდ მიიჩნევს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დადასტურებას. ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მხოლოდ მოსარჩელის განცხადება. მოცემულ შემთხვევაში ჭ. ბ-ეის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სოფ. ...ის რწმუნებულთა კრების 17.04.1996წ. №3 ოქმის ნაწილობრივ (ჭ. ბ-ეისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში) ბათილად ცნობა და მისი თანმდევი შედეგის - საკომლო წიგნის ჩანაწერის გაუქმება. ...ის რწმუნებულთა კრების 17.04.1996წ. №3 ოქმი ეხება ჭ. ბ-ეის სასარგებლოდ №3 ბრიგადაში 0.20 ჰა მიწის თავისუფალი ფართობის საკარმიდამოდ გამოყოფას. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ 17.04.1996წ. №3 ოქმით მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს მიადგა ზიანი. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა იურიდიული ინტერესის არსებობა სადავო ოქმის ბათილობის მიმართ, ამასთან ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში მისი სასარგებლო სამართლებრივი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, არ დასტურდება ჭ. ბ-ეის კანონიერი უფლების ან/და ინტერესის დარღვევის ფაქტი, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

სააპელაციო პალატამ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 12.12.2017წ. განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქმის წარმოების შეწყვეტას მ. ბ-ე და ს. ბ-ე ითხოვდნენ იმ დასაბუთებით, რომ ჭ. ბ-ეს გაშვებული ჰქონდა ...ის რწმუნებულთა კრების 17.04.1996წ. №3 ოქმის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ოქმის ჭ. ბ-ეისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, შესაბამისად არ არსებობდა სარჩელის შეტანის ვადის გაშვების მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ჭ. ბ-ეის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ის არ გამოყოფილა ცალკე კომლად და ფაქტობრივად არ არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოეყო. მოცემულ შემთხვევაში ჭ. ბ-ეის ცალკე კომლად გამოყოფა და შემდგომ მისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა ისე, რომ თავად მოსარჩელისათვის არაფერი იყო ცნობილი და იგი აგრძელებდა ცხოვრებას მამის კომლში. გასაჩივრებული №3 ოქმი ზიანს აყენებს ჭ. ბ-ეს, ვინაიდან ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულ ოქმზე მტკიცებულების სახით მიუთითებენ მესამე პირები სამოქალაქო წესით მიმდინარე დავაში, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს საკასაციო საჩივრის განხილვა მ. ბ-ეის და ს. ბ-ეის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ჭ. ბ-ეის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ სადავო ოქმზე მითითებით მიიღო გადაწყვეტილება ჭ. ბ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც გახდა ადმინისტრაციული წესით სარჩელის აღძვრის საფუძველი. ჭ. ბ-ე არ დასწრებია კრებას, არ შეუტანია განცხადება მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამის აუცილებლობა არ არსებობდა. რწმუნებულთა კრების ოქმი №3 არის უკანონო, რაც ასევე დასტურდება მოწმის კრების მდივნის - ფ. სალვარიძის ჩვენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჭ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებში დაცული 24.10.2016წ. ხელვაჩაურის არქივის საარქივო ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონის, ...ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით სოფ. ...ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ჭ. ბ-ე არის მამის - რ. ბ-ეის კომლის წევრი, მისი სახელის გასწვრივ მიწერილია, რომ გამოიყო ცალკე კომლად (ოქმი №7, 1998წ.) და გადახაზულია. 05.12.2016წ. ხელვაჩაურის არქივის საარქივო ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონის, ...ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით სოფ. ...ის 1996-2000, 2001-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ჭ. ბ-ე არის კომლის უფროსი, კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის ოდენობა შეადგენს 0,20 ჰა-ს. სოფ. ...ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 17.04.1996წ. №3 ოქმის თანახმად, კრებამ მოისმინა საკითხი სოფ. ...ში მცხოვრებ ჭ. ბ-ეზე საკარმიდამო მიწის სარეზერვო ფონდიდან 0,20 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, ...ის კოოპერაციული მეურნეობის მიერ დადგენილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სარეზერვო-სარეფორმო ფონდის განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ შემოსული განცხადების საფუძველზე წარადგინა ჭ. ბ-ეის კუთვნილი შერჩევის აქტი, შერჩევის აქტში აღნიშნულია, რომ ჭ. ბ-ე ...ის საკრებულოს 29.07.1988წ. გადაწყვეტილებით სამი სულის შემადგენლობით გამოყოფილია ცალკე კომლად უმიწოდ, ცხოვრობს მშობლებთან ერთად და განიცდის საცხოვრებელი ფართის სივიწროვეს, ოჯახური პირობების გაუმჯობესების მიზნით მან მოითხოვა სამოსახლო მიწის ფართობის გამოყოფა №3 ბრიგადაში, კომისიამ შეარჩია №3 ბრიგადაში ცენტრალური ფარდულის გვერდით ბრიგადის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს ძლიერი დახრილობის თავისუფალი ფართობი, რომელსაც სამი მხრიდან ესაზღვრება კოოპერაციული მეურნეობის ჩაის ფართობი, ხოლო ერთი მხრიდან - საბრიგადო გზა. ხელვაჩაურის რაიონის აგროსამრეწველო სამმართველოს უფროსის დასკვნის შესაბამისად მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნულ საკითხზე ემსჯელა ...ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრებას, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა კომისიის მიერ წარდგენილი შერჩევის აქტი და ჭ. ბ-ეს გამოეყო №3 ბრიგადაში აღნიშნული 0,20 ჰა მიწის თავისუფალი ფართობი საკარმიდამოდ, სარეზერვო-სარეფორმო ფონდიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის სოფ. ...ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 17.04.1996წ. №3 ოქმს. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მოთხოვნის საფუძვლად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავაში მ. ბ-ე და ს. ბ-ე სწორედ აღნიშნულ ოქმზე მითითებით ითხოვენ ჭ. ბ-ეის ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ საკომლო წიგნში ჩანაწერის ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე მისი თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტისას დადგენას საჭიროებს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ თავისი ინტერესი სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა, ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ამ ოქმზე მითითებით და ჭ. ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე საკომლო წიგნიდან ამონაწერის ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ მიუთითებს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება გასაჩივრებული სოფ. ...ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 17.04.1996წ. №3 ოქმით მოსარჩელისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება მოსარჩელის სამართლებრივად დაცული უფლებისა თუ ინტერესისათვის, მისი უფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჭ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჭ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2018წ. გადაწყვეტილება;

3. ც. მ-ეს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.04.2019წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი