საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-309(კ-21) 17 მარტი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გორის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
თ. მ-იმა 2020 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და გორის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 8 თებერვლის №194 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში იმავე თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 2019 წლის 8 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად, 1700 ლარის დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მანვე გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით, თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება თ. მ-იმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლს, რომელიც, მართალია, ითვალისწინებს პირის სამსახურიდან გათავისუფლებას პირადი განცხადების საფუძველზე, თუმცა ორგანოს აქვს პირდაპირი ვალდებულება გამოიკვლიოს, რამდენად შეესაბამება პირის განცხადება მის ნამდვილ ნებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოების მიერ არ მომხდარა მხარის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის სწორი/ადეკვატური შეფასება, რამაც საქმეზე, საბოლოოდ, არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
კასატორი მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების კანონისადმი ფორმალური მიდგომა არასწორია, ასეთივე მიდგომა იქნა გატარებული გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. საგულისხმოა, რომ გორის მერიამ არათუ არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ორივე განცხადების დაწერის მამოძრავებელი გარემოებები, არამედ ფორმალურად ელოდებოდა კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის გასვლას. ამრიგად, გასაჩივრებული განჩინება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის არსის, მიზნების, კონკრეტული მუხლების არასწორი და მხოლოდ ფორმალური განმარტების შედეგი. სასამართლოს მიერ გადაწვეტილებაში ისეთი ფაქტები იქნა შეფასებული და განმარტებული, რის თაობაზეც ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული იყო, შესაბამისი ღონისძიება გამოყენებული და უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული და მატერიალური ნორმების დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს პირადი განცხადების საფუძველზე თ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, მოსარჩელის ნების ნამდვილობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას (109.2 მუხ.). ამრიგად, პირის ნების თავისუფლებას განეკუთვნება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესაძლებლობა, თუმცა გამოხატული ნების შედეგის - სამსახურიდან გათავისუფლების გათვალისწინებით, აუცილებელია, დამსაქმებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე შეაფასოს გამოვლენილი ნების ნამდვილობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა კი „ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-663-659(კ-17)). ამრიგად, მხოლოდ ნამდვილი და თავისუფალი ნების გამოხატვამ უნდა გამოიწვიოს პირის სამსახურიდან დათხოვნა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ. მ-ი დასაქმებული იყო გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან პირადი განცხადების საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან განცხადება დაწერა დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა მისი ნება არ იყო ბუნებრივი და განპირობებული იყო იძულებით. გორის მუნიციპალიტეტის მერისათვის ცნობილი იყო რომ მას არ ჰქონდა სამსახურიდან წასვლის სურვილი და მხოლოდ ბრალის წაყენება გახდა ამის მიზეზი. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ პლაკატების გაკვრის, მუქარის შესახებ ცნობილი იყო ხელმძღვანელისათვის, მაგრამ მან არ აწარმოა ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოიკვლია, რას გულისხმობდა განცხადებაში მითითებული „მის წინააღმდეგ მიმართული მოვლენები“.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის პოზიციისა და გამოვლენილი ნების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს თ. მ-იის მიმართ განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ, ადმინისტრციული ორგანოს მიერ დისციპლინური წარმოების ფარგლებში შესწავლილი და გამოკვლეული იქნა 2018 წლის 10 ოქტომბრის ფაქტი - სამოქალაქო მოძრაობის „...ას“ აქტივისტს - გ. მ-ისა და თ. მ-ის შორის მომხდარი ინციდენტი, რამაც შემდეგ განაპირობა თ. მ-ის მიმართ განვითარებული მოვლენები (აღიძრა სისხლის სამართლებრივი დევნა, თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2019 წლის 18 დეკემბერს თ. მ-ი უდანაშაულოდ ცნო ბრალდებაში) და ასევე მისი განცხადებები თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ამის შემდეგ, მოსარჩელემ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა გათავისუფლების მოთხოვნის განცხადებით და მას მიეცა 14-დღიანი ვადა, რომლის გასვლის შემდეგ, შეეძლო მიემართა დამსაქმებლისთვის და განუხილველად დაეტოვებინა ეს განცხადება, თუმცა მან უკვე მეორე განცხადებით დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. მას უარი არ უთქვამს პირველ განცხადებაზე, არ გამოუთქვამს წერილობით ან ზეპირად ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ნება იყო მკაფიო, ცხადი და უკავშირდებოდა 2018 წლის 10 ოქტომბრის შემთხვევას, ასევე ამ ფაქტთან დაკავშირებულ ვითარებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ გარემოებათა გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის მერს არ ევალებოდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რადგან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროებდა დაუყოვნებლივ მოქმედებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და შეზღუდულ დროში გადაწყვეტილებას მიღებას. აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 109-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი ნათლად ადგენს მოხელის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების დაუყოვნებლივი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი დაუყონებლივ ათავისუფლებს მოხელეს, გარდა საგამონაკლისო შემთხვევისა. ხსენებული ნორმის თანახმად, განცხადების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე უარი პირს შეიძლება ეთქვას, თუ მოხელის გათავისუფლებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, ადგილი არ ჰქონია დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ დანაწესს - განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას, ვინაიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოხელეს უფლება აქვს მიმართოს განცხადების განუხილველად დატოვების მოთხოვნით, რაც ასევე მის მიერ არ განხორციელებულა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და მიდგომას, როდესაც ნების გამოვლენის ნამდვილობის საკითხის გამორკვევისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირისათვის შესაძლო იძულებასთან/მუქარასთან დაკავშირებით არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისთვის და გამოძიება არ მოუთხოვია. უფრო მეტიც, გათავისუფლების შესახებ მეორედ მიმართვის შემთხვევაშიც არ მიუთითებია აღნიშნული ფაქტის არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მიერ აღნიშნულ თმენის ვალდებულების საკითხთან დაკავშირებით, ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10-ე მუხლით დაცულია არა მარტო ის ინფორმაცია და იდეები, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელი იდეები და ინფორმაცია. ასეთი პლურალიზმის გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება. (ჰენდისაიდის საქმე). ზოგადად სხვანაირი, საწინააღმდეგო, ან მიუღებელი გამოხატვის ფორმებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/421 საქმეში მიუთითა, რომ ,,დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად“. ეს დამოკიდებულება საერთო ყველას მიმართ და რა თქმა უნდა, საჯარო პირებს, თუნდაც საჯარო მოხელეებს უფრო მეტი თმენის ვალდებულება აქვთ ვიდრე სხვა მოქალაქეებს. ამასთან საჯარო მოხელეები ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ვალდებულნი არიან პატივის სცენ საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახურონ ხალხს და სახელმწიფო ინტერესს.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზისა და შეფასების შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თ. მ-ის პირადი განცხადება ასახავდა სადავო სამართალურთიერთობის ჭეშმარიტ არსს და უნდა ჩაითვლილიყო ნამდვილი ნების გამოვლენად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხის გამოკვლევა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომლის სათანადოდ შესრულებაც სახეზეა. სწორედ ამიტომ, არსებობდა პირად განცხადებაზე მითითებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სადავო აქტი კანონის შესაბამისად გამოცემულად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სადავო ბრძანების კანონიერების პირობებში, სრულად გამოირიცხება დანარჩენი სასარჩელო მთხოვნების - სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკმაყოფილების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. თ. მ-ი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე