საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-523(კ-21) 7 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ა-ე
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 14 მაისს ა. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა. ა-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟი) თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის პირველი მარტის №224 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 13 აპრილის №02/113 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა. ა-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟი) თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 1 მარტის №224 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 13 აპრილის №02/113 ბრძანება. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N25-ის მიმდებარედ განხორციელებულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებულ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით ა(ა)იპ "ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 24 ნოემბრის დადგენილებით სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა ა. ა-ის მეუღლე, შ. დ-ე, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურისთვის 2017 წლის 3 ნოემბრიდან ცნობილი იყო ბათუმში, ...ის ქუჩა N25-ის მიმდებარედ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შესახებ. ამდენად, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 1 მარტის №224 დადგენილებით, მოსარჩელე, ა. ა-ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად იმ მშენებლობისთვის, რაც განხორციელდა 2005-2006 წლებში და რის შესახებაც მაკონტროლებელი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ხოლო ა. ა-ემ ვერ წარადგინა სათანადო დოკუმენტაცია, რაც გამორიცხავდა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმარტა, რომ სადავო ტერიტორიაზე ცხოვრობს დიდი ხანია, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე მას გააჩნდა ხის შენობა, რომელიც დაინგრა და მის ნაცვლად ააშენა ქვის კაპიტალური შენობა. კასატორის განმარტებით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მშენებლობის ნებართვა, რომელიც ა. ა-ეს არ გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის დადგენილებით შ. დ-ე (პ/ნ ..., მისამართი: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა №25) ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში. ამავე დადგენილებით ირკვევა, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტის, ჯემალ გოხიძის მიერ გამოვლენილი იქნა, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №25-ის მიმდებარედ, შ. დ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევმა - შ. დ-ემ აღნიშნა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №25-ში. ა. ა-ე და შ. დ-ე მეუღლეები არიან და 1984 წლის 7 მაისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წელს სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა შ. დ-ე, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურისთვის 2017 წლის 3 ნოემბრიდან ცნობილი იყო ბათუმში, ...ის ქუჩა N25-ის მიმდებარედ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შესახებ. ა. ა-ემ მიუთითა, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 1 მარტის №224 დადგენილებით, სამართალდამრღვევად ცნეს იმ მშენებლობისთვის, რაც განხორციელდა 2005-2006 წლებში და რის შესახებაც მაკონტროლებელი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განსახილველ საქმეში სადავოა მხოლოდ ის გარემოება, თუ როდის ააშენა ა. ა-ემ ზემოაღნიშნული სახლი და რამდენად არის სახეზე სამშენებლო სამართალდარღვევის გამო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წანამძღვრები. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქმეში არსებული მასალით ირკვევა, რომ ა. ა-ე 1985 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს დაბა ჩაქვში, ...ის ქუჩა N25-ის მიმდებარედ, სადაც ოჯახი წლების მანძილზე ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. მოსარჩელის მტკიცებით, იქ ადრე განთავსებული იყო ბარაკის ტიპის შენობა, რომლის ადგილასაც ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში, მოსარჩელემ ააშენა ქვის (ბეტონის) კაპიტალური საცხოვრებელი სახლი. მითითებული გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ ყოფილა სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რასაც დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად ამისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის და შემდეგ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტისას ჩაითვალა, რომ მშენებლობა მისი გამოვლენის დროისთვის ხორციელდებოდა, რის გამოც ა. ა-ის მიმართ 2018 წლის 1 მარტს გამოიცა №224 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, იგი დაჯარიმდა 3 000 ლარის ოდენობით. ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 1 მარტის №224 დადგენილებასა და ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2018 წლის 13 აპრილის №02/113 ბრძანებაში არ არის მსჯელობა, რა გარემოებები გამოიკვლია ზედამხედველობის სამსახურმა და რა ფაქტებს დაეყრდნო საკითხის გამოკვლევისას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზედამხედველობის სამსახურმა და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე განიხილეს ა. ა-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი, რომ არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ ის გარემოება, რეალურად როდის, ვის მიერ და რა სახით იქნა განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N25-ის მიმდებარედ. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება არ მისცა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ფაქტებს, რაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფასებისათვის უმნიშვნელოვანეს გარემოებებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები), სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე