Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-758 (კ-21) 17 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ა-მ

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ა-მმა 2019 წლის 12 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და „სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2019 წლის 17 მარტის №1000657741 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-მის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 17 მარტის №1000657741 გადაწყვეტილება და მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელის მიმართ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სასამართლომ დაადგინა, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა-მი არის ...ის ...ის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი. სწავლების ხანგრძლივობა შეადგენს 5 წელს და მისი დამთავრების სავარაუდო თარიღია ... წლის თებერვალი. ამასთან, ცნობილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელზე 2019 წლის 19 აპრილამდე ერთხელ უკვე გაცემული იყო დროებითი ბინადრობის ნებართვა.

2019 წლის 6 მარტს მ. ა-მმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა, თუმცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 17 მარტის №1000657741 გადაწყვეტილებით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მ. ა-მს უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განჩინების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მ. ა-მისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით კი, საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების მიზნით, იკვლევს და გამოითხოვს მტკიცებულებებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წამოადგენს. ამასთანავე, კასატორის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დაეყრდნო კომპეტენტური ორგანოს დასკვნას და უპირატესობა მკიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ შეასრულა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა და შესაბამისი ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევსს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. უცხოელის საქართველოში ხანგრძლივად კანონიერად დარჩენის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ბინადრობის ნებართვის მიღებაა, რომელსაც, დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ვინაიდან ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გამოკვლევა და გადაწყვეტა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.

სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა-მმა 2019 წლის 6 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ნორმებისა და მოთხოვნების დაცვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წერილობით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა მ. ა-მმისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 13 მარტის №SSG 5 19 00047052 წერილობითი მიმართვით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მ. ა-მმისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს 2019 წლის 17 მარტის №1000657741 გადაწყვეტილებით მ. ა-მს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვებუნქტების საფუძველზე, უარი უთხრა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის შემოწმება პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 13 მარტის SSG 5 19 00047052 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ 2022 წლის 13 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო, მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მხულის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოპასუხეს შეეძლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოაღნიშნული დასკვნის გათვალისიწინება და მისი არსებობის პირობებშიც, ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო სხვა გადაწყვეტილება სადავო საკითხთან მიმართებაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არის ...ის მიმდინარე სტუდენტი, სწავლების დასრულების სავარაუდო თარიღია ... წლის თებერვალი და ამასთანავე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ერთხელ უკვე ფლობდა დროებითი ბინადრობის ნებართვას 2019 წლის 19 აპრილამდე. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, ხოლო სააგენტოს არ დაუსაბუთებია სასწავლო ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 29 ივლისის №11584 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე