საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-849(კ-21) 17 მარტი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - რ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი - ნ. ქ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ქ-იმა 2017 წლის 22 აგვისტოს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ნ. ქ-ის მონაწილეობით და 300 კვ.მ-ის ნაწილში უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ივნისის №... გადადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ, ამავე სარჩელით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით იშუამდგომლა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურს აკრძალვოდა ყაზბეგში, ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...) რეგისტრაციისა და ნებისმიერი ცვლილების განხორციელება, არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში დავის სრულ გადაწყვეტამდე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 აგვისტოს განჩინებით რ. ქ-იის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურს ყაზბეგში, ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...) აეკრძალა რეგისტრაციისა და ნებისმიერი ცვლილების განხორციელება არსებულ სარეგისტრაციო მანაცემებში დავის სრულ გადაწყვეტამდე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამასთანავე, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებული მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 აგვისტოს განჩინება. აღნიშნული გადაწყვეტილება რ. ქ-იმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით რ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ქ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმეზე წარდგენილი დოკუმენტებით უტყუარად დგინდება რ. ქ-ისათვის 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მუდმივ სარგებლობაში გადაცემის ფაქტი. კასატორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილების ფაქტობრივ უზუსტობად მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი ყაზბეგის რაიონის გამგეობის №84 დადგენილება დაცული არ არის კომპეტენტურ ორგანოებში. საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაცული, დასკანერებული დოკუმენტები. სასამრთლომ არ გამოიკვლია და შეფასების გარეშე დატოვა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უტყუარად დგინდება რ. ქ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მარტივი ტიპის ბენზინგასამართი სადგურის არსებობა სქემატური ნახაზის შესაბამისად.
კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არასწორად მიიჩნიეს ნ. ქ-ისთვის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად. სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, საჯარო რეესტრს არა უპირობოდ, არამედ მტკიცებულებათა კვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციისა თუ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საარქივო ცნობა ..., რომლითაც არ დგინდება სადავო მიწის ნაკვეთისა და 70 -იან წლებში საკოლმეურნეო კომლისათვის გადაცმული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მამკვიდრებელ ბ. მ-ეის კომლს ეწერა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაბა ყაზბეგში და მას, როგორც კომლს, არ გადასცემია მცხეთა-თიანეთი-ლარსის სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც მხოლოდ კომერციული მიზნებისათვის არის გამოყენებული და ისიც მიზნობრივად. აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერებით საკუთრების შესახებ. მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრე სახელმწიფოა და რეგისტრირებულია ერთი მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე კერძო პირის საკუთრების უფლება კვების ობიექტზე - სამწვადეზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა, რის გამოც კასატორი ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ქ-ის საკასაციო საჩივრი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე ნ. ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, მოსარჩელის მოსაზრებით, მის კუთვნილ 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ადგილმდებარეობის დაუზუსტებლობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიცუშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამრიგად, საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე უძრავი ნივთის მონაცემების სწორად ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათ შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი, ან/და სხვა დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან მიმართებით, გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ მისმა წარმომადგენელმა 2015 წლის 9 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ყაზბეგში, ...ში მდებარე უძრავ ნივთზე. განცხადებას თან დაერთო შემდეგი დოკუმენტები: ცნობა კოდის მინიჭების შესახებ, გადასახადის გადამხდელის მოწმობა, აქტი მიწის ნაკვეთის შერჩევის შესახებ, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მომართვა 42/10-1542, ნებართვა №18, ნებართვა №188, ცნობა №171, ცნობა №1/120, გამგეობის დადგენილება №N84 ქორწინების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, აზომვითი ნახაზი და ელ-ვერსია, ნებართვა №100, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის წერილი №03-16/486. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რამდენადაც აზომვითი ნახაზით წარდგენილი საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს და წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, სარეგსიტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის კანონიერებას მოსარჩელე ეჭქვეშ აყენებს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, რამდენადაც, მისი მოსაზრებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადების თანდართული დოკუმენტებით დგინდება, რომ ნ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, 300 კვ.მ. არის სწორედ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მას გადაეცა. აღნიშნულ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ 1998 წლის 22 ოქტომბრის ყაზბეგის რაიონის გამგეობის №84 დადგენილებით მოქალაქე რ. ქ-ის (ქორწინებამდელი გვარი ს-ა) სავაჭრო ფარდულის და ავატოგასამართი სადგურის გახსნის მიზნით, გამოეყო 300 კვ.მ. ნაკვეთი მუდმივ სარგებლობაში. გამოყოფილი მიწის ნაკვეთი განთავსებული იყო ყაზბეგის სამხედრო გზის მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე, ხოლო საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №000626516 დასკვნით დგინდება, რომ ნ. ქ-ის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ასოცდამეხუთე კილომეტრზე (... და ... კილომეტრების აღმნიშვნელ ბანერებს შორის). ამასთანავე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 13 აპრილის წერილით დგინდება, რომ შპს „...ის“ 2016 წლის 11 აპრილის წერილით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეცნობა, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზაზე კილომეტრის აღმნიშვნელო საგზაო ნიშნები პიკეტაჟი (კმ-...-ის, კმ-...-ის და კმ -126-ის) არ შეცვლილა 1998 წლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ნ. ქ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2002 წლის 17 აგვისტოს გაცემული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული განცხადების რეგისტრაციის ნომერი (№1782), თარიღი (2002 წლის 7 თებერვალი), საკადასტრო კოდი (№...), მიწის ფართი (2000 კვ.მ.) და მდებარეობა სრულ შესაბამისობაში იყო 2002 წლის 7 თებერვლის სააღრიცხვო ბარათის მონაცემებთან. ამრიგად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, ყაზბეგის რაიონში მდებარე 1323.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ნ. ქ-ის საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი №... (მიწის ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი №...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად კი მიეთითა საგადასახადო სია; სამკვიდრო მოწმობა №140459686, დამოწმების თარიღი: 08/05/2014, ნოტარიუსი ი. ფ-ა; საარქივო ცნობა №AA..., დამოწმების თარიღი: 29/04/2014, საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანო დუშეთის არქივი და მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ნ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 300 კვ.მ. არის სწორედ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მას განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით გადაეცა. ამასთან, განმარტავს, რომ საქმის მასალებში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ივლისის №005144518 და №005139118 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნები არ შეიცავენ ინფორმაციას, რაც განსახილველ საქმეზე წარმოშობდა სხვაგვარ იურიდიულ შედეგს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ივლისის №005144518 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის დამაკავშირებელი გზის ...-...-ე კილომეტრების აღმნიშვნელ ბანერებს შორის ექსპერტიზის დამკვეთის მიერ წარდგენილ სქემატურ ნახაზზე ასახული ორი საცხოვრებელი სახლი, შიდა გზა და ნაკვეთის განთავსება, მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის დამაკავშირებელ გზასთან ვიზუალურად შეესაბამება ექსპერტიზის დამკვეთის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთს არსებულ ორი საცხოვრებელის, შიდა გზის და ნაკვეთის განთავსებას მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზასთან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სქემატური ნახაზი არ იყო შესრულებული კოორდინატთა სისტემაში და აღნიშნულ ნახაზზე არ იყო მითითებული მასზე გამოსახული ობიექტების კოორდინატები ექსპერტიზის დამკვეთის მიერ წარდგენილ სქემატურ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის და მშენებარე ნაგებობის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელი იყო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებებს, რომ სადავო ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობდა 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა სწორად იქნა გადაწყვეტილი და მართებულად არ დაკმაყოფილდა რ. ქ-ის სარჩელი. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. რ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინება;
3. ნ. ქ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს რ. ქ-ის საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 11 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე